ალენ დელონი და ყველა დანარჩენი
11 თებერვალი, 2015
1327
print

მამაკაცი, რომელზეც მთელი მსოფლიოს ქალები, ზოგჯერ კი კაცებიც, 1960 წლიდან ოცნებობდნენ, წარმოიდგენდნენ მასთან გატარებულ ღამეებს, მისგან დატოვებულ სურნელსა და შეგრძნებებს, თბილისშია, ორ ღამეს აქ გაატარებს, მერე კი ისევ იქ დაბრუნდება, საიდანაც ჩამოვიდა. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენად შთამბეჭდავი იქნება მისთვის თბილისში გატარებული ორი დღე, მაგრამ როგორც თავად ამბობს, სერიოზული მისიითა და დიდი სიხარულით გვესტუმრა, რადგან აქვს პატივი პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტის ერთ-ერთი წამყვანი იყოს.

ალენ დელონის პრესკონფერენციამ დიდი ზარ-ზეიმითა და შინაურული კისკისის ფონზე ჩაიარა. ზოგჯერ მსახიობი იმდენად უშუალო და შინაურული იყო, გეგონებოდა ვაჟა ფშაველაზე იყო გაზრდილი... ამ გახსენებაზე - საბოლოოდ დადასტურდა, რომ ფაქტი იმის შესახებ, თითქოს დეპრესიისას მსახიობი ვაჟა ფშაველას ნაწარმოებებს კითხულობდა და, მეტიც, ქართული სიტყვებიც აქედან ისწავლა, მოგონილი ყოფილა. სავარაუდოდ, ჭორია ისიც, რომ მისი საყვარელი კერძი ამოლესილი ლობიოა, ბოლო ჰელუინზე ჩოხით მივიდა, ხოლო რძლად გურულ ქალს არასდროს მიიღებს.

ახლა კი სრული სიმართლე: 12 თებერვალს ალენ დელონი მეორე პლანზე გადაიწევს, რადგან ამ დღის მთავარი გმირი პაატა ბურჭულაძე იქნება. მომღერალი 60 წლის იუბილეს აღნიშნავს, კონცერტის ორგანიზატორი კი სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასი“ გახლავთ. სწორედ ეს უკანასკნელი ირწმუნება, რომ კონცერტი სიურპრიზებით იქნება სავსე და რომ მსმენელი წარმოუდგენელი მასშტაბის საოპერო კონცერტის მომსწრე გახდება.

ოდნავ უხერხულობას იწვევს ის ფაქტი, რომ კონცერტი სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენად შეეფერება ეს სივრცე საოპერო კონცერტს, თუმცა რახან არჩევანი მასზე გაკეთდა, ალბათ ამ მხრივ შემოწმებულიცაა და გადამოწმებულიც. გარდა ამისა, სპორტის სასახლე თბილისის საკონცერტო დარბაზზე გაცილებით მეტ ადამიანს იტევს და მასშტაბური სცენის მოწყობის საშუალებასაც იძლევა. როგორც ცნობილია, პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტისთვის 600 კვადრატული მეტრის მოცულობის ვიოლინოს გასაღების ფორმის სცენა დაამონტაჟეს, რომლიდანაც იუბილარს ქართველი და უცხოელი ოპერის მომღერლები მიულოცავენ. მათ შორის ნინო მაჩაიძე, მაყვალა ქასრაშვილი, იანო მარი (ალიბეგაშვილი), ანიტა რაჭველიშვილი, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, მარიკა გულორდავა, თეონა დვალი, ნანა მირიანი (ქავთარაშვილი), ოლგა ბოროდინა და ირინა მაკაროვა. მათ აკომპანიმენტს ორი ორკესტრი გაუწევს - ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრისა და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრები (დირიჟორები ჯანლუკა მარჩანო და ნიკოლოზ რაჭველი). ასევე კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ლიანა ისაკაძე.

 

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...