პალატა ნომერი 6-41
06 თებერვალი, 2015
2177
print

ქეთევან იგნატოვა

 მეთორმეტე წელია ვწერ და მეთორმეტე წელია, გაზეთის რედაქტორს ვუხსნი და ვერა და ვერ დავაჯერე, რომ ხანგრძლივი პაუზები არაფრისთვის სასიკეთო არ არის, არც ჩემი, ისედაც საკამათო წერის უნარისთვის და არც თემების გახსენება-შერჩევისთვის. რა არ მოხდა ამ დღესასწაულებით, უქმეებით, პოლიტპაექრობებით, სიკვდილებითა და დაჭერებით, აბდაუბდობებით გადატვირთული, “არწერის” ერთი თვის განმავლობაში?! ახლა ვცდილობ გავიხსენო, აღვიდგინო და მეხსიერებაში ერთი დიდი, მთლიანი და საკმაოდ ბუნდოვანი, ქაოტური სურათი მიდგება თვალწინ, რომელიც, ასე, საერთო ხედვაში, საგიჟეთის რომელიმე პალატას, მაგალითად პალატა ნომერ ექვსს, ჩვენებურად კი ნომერ 41-ს თუ მაგონებს…

 ექვსიანით, თუ ორმოცდაერთით დანომრილ ამ დიდ, ნათელ, ერთ დროს გარემონტებულ, მოვლილ, სუფთა და ახლა კი კედლებჩამოფხეკილ, იატაკაყრილ, ნაგვითა და მტვრით სავსე პალატაში ვის არ შეხვდებით?! მესიაც აქ არის, შოთაც, ილიაც და აკაკიც, ჟანა დ’არკიც და პაზოლინიც, ემანუელაც და კანტიც, ბისმარკიც (Бисмарк на отдыхе) და ჩებურაშკაც, გველეშაპიც და ჰაკიმ ფაშაც… ერთადერთი, ვისაც ამ პალატაში ვერ იპოვით, ნიცშეა. მას აქ არ ეთანხმებიან და ამიტომ, მისი როლი თავისუფალია… ნიცშეობა აქ არავის სურს. თუმცა, ყველაფერი, ალბათ, დროის ამბავია და ადრე თუ გვიან, პალატა 6-41-ში ნიცშესაც შეითავსებენ.

 ჯერჯერობით კი, დიდი, მზიანი პალატის ერთ კუთხეში, დამტვრეული სკამებისგან, მაგიდებისგან მოწყობილ ამაღლებაზე, მინის ქილებისგან, კოლბებისგან, შუშის სასახლე აქვთ აშენებული, რომელშიც ყველასგან განმარტოებულად, ყველაზე ამაღლებულად და ხელმიუწვდომლად, პალატის მესია, ან თუ გნებავთ, ბრძენკაცი, ან ზეავტორიტეტი ცხოვრობს და პალატის მკვიდრნი კი, დრო და დრო, გააჩნია ბრძენკაცი- მესია რა გუნებაზეა, ერთადერთი სწორი რჩევის, წახალისების, შემჩნევის, ან თუნდაც დამსახურებული სასჯელის მისაღებად, მოკრძალებულად, შიშითა და რიდით თუ მიუახლოვდებიან. თავს ჩაქინდრავენ, თვალებში შეხედვას ვერ შეკადრებენ, საყვედურს ან შექებას მადლიერებით მოისმენენ და თავის კუთვნილ, მესიის მიერ მათთვის მიჩენილ ადგილს დაუბრუნდებიან და ფიქრობენ. მესიის ნათქვამ, ოქროს ფასად ღირებულ ორ, მაგრამ ყოვლისმთქმელ, ყოვლისმომცველ, გზის გამნათებელ სიტყვაზე ფიქრობენ, ჩაწვდომას, ბოლომდე გაგებას ლამობენ. 6-41 პალატაში თავისი კანონები, თავისი იერარქია, თავისი ელიტა, თავისი ფავორიტები და მაამებლები, ჯამბაზები და მსახიობები, კურტიზანები და გენერლები ჰყავთ. ფულიც თავისი აქვთ. სრულიად გაუფასურებულ-მოგონილ-სათამაშო, მაგრამ, სამაგიეროდ, თავისი! თვითონ დახატეს, თვითონ დაბეჭდეს და ერთმანეთშივე იყენებენ. ხან ფანჯარასთან, მზესთან, უმეტესად კი, შუშის სასახლესთან მიახლოებულ ადგილს ერთმანეთისგან ყიდულობენ. ვაჭრობენ, დაობენ, ერთმანეთს ატყუებენ, ჩხუბობენ, აშანტაჟებენ, მაგრამ პალატის ტერიტორიაზე მოქმედი გაუფასურებული ფულის ფასი, რომელსაც დამჯერ, წარჩინებულ, მორჩილ და იოლად გამგებ პაციენტებს ბრძენკაცი დროდადრო ურიგებს, არასდროს ავიწყდებათ.

პალატა ნომერი 6-41 იშვიათად მრავალფეროვანი და უკიდურესად გადავსებული, ხმაურიანი და კოლორიტულია. ვინ რას გაჰყვირის, ვინ რას მოუწოდებს, ვინ რას საქმიანობს, ვინ რას იჩემებს?!... ორ ყოფილ, საეჭვო გონებრივი შესაძლებლობების მქონე სპორტსმენს თავი კანონმდებელი, ლორდთა პალატის წევრი ჰგონია და დილიდან დაღამებამდე ახალ კანონებს წერენ და თავად კითხულობენ. ერთმანეთს უკითხავენ.

 ცოტა ვაჟკაცური აღნაგობისა და გარეგნობის პაციენტ ქალს, თავი ჟანა დ’არკი გონია და მთელი დღეები სკამზე დგას, დანარჩენ, თავის უნებო-უუნარო მეგობრებს, როგორც ბრმა ბრბოს, საკუთარ ღვთიურ ხილვებს უზიარებს და მტრის სისხლის დაღვრისკენ, მტრის საბოლოო განადგურებისკენ მოუწოდებს.

 პალატაში, ძვირადღირებულ ტვიდის კოსტუმში, მარგალიტის ერთი ძაფით და დედის ნაჩუქარი ალმასებიანი ბროშით შემკობილი, თმა მოწესრიგებული, ზომიერი მაკიაჟით შეძლებისდაგვარად გალამაზებული, ჭეშმარიტი ინგლისელი ლედიც მოიძებნება, რომელსაც იმპერიული ამბიციები არ ასვენებს და ყველა დანარჩენს ყოფილი იმპერიის აღდგენას აიძულებს. თუმცა, დიდგვაროვნული სნობიზმისა და შესაშური მარგალიტების გამო, ლედი, პალატაში არ უყვართ, არ ენდობიან.

სამაგიეროდ, მსუქანი, უბოროტო და სრულიად უჭკუო რობინ ბობინ ბარაბეკი კი თანაპალატელებს უყვართ და ხშირად, ასე, მეგობრულად, ერთად უმღერიან კიდეც - Робин Бобин Барабек скушал сорок человек и корову и быка и кривого мясника... რობინს მართლაც სულ შია, ფულს არ იშურებს, მარიფათიანად ყიდულობს და ერთ დაჯდომაზე 41 მწვადს, 41 წიწილას, 41 ცოცხალს, 41 ასეტრინა ნა ვერტელეს...სანსლავს, წითლდება, დუნდება და კიდევ უფრო შტერდება.

 ერთი პაციენტი სადღესასწაულო შარვალ-კოსტუმს არ ელევა, მონაკოს პრინცთან შესახვედრად ემზადება და რომ კითხო, ხშირად, ხვდება კიდეც.

 პალატაში თავისი სექსსიმბოლოც, ემანუელაც ჰყავთ. თავისი მომაჯადოვებელი ხიბლისა და სილამაზის ფასის მცოდნე, მარად თეთრებსა და ხელოვნურ ბეწვში გამოწყობილი, ზანტად, დარბაისლურად მოსაუბრე, ცოტა ირონიულ-მედიდურად მომღიმარი, სახებადრი, წითელლოყება, შავ თვალ-წარბიანი ემანუელა, პალატის დანარჩენ წევრებთან დისტანცირებული, მესიასა და მის შუშის სასახლესთან მიახლოვებულია და სხვას, თითქმის არავის ელაპარაკება... დიდი დიდი, ინგლისურად ვინმეს თუ გადაულაპარაკებს. თავად იწვალონ და გაიგონ, არადა, საკუთარ თავს დააბრალონ. პალატის ჩებურაშკა კი ისმენს მეგობრის ინგლისურს და აღფრთოვანებისა და ცოტა არ იყოს და შურისგან, უნებურად, ყურებს კიდევ უფრო აპარტყუნებს.

 ერთი პატარა, ყრუ სოფლიდან, პალატა ნომერ 6-ში საგანგებოდ ჩამოყვანილი ბიჭი, ვახტანგ გორგასლობას, ხოხობზე ნადირობას, ქალაქის დაარსებასა და მის თავკაცობას იჩემებს. მშობლიურ, ნაცნობ გარემოს მოწყვეტილი, თანაპალატელებს თან ეცოდებათ, მაგრამ თან დასცინიან კიდეც და დროდადრო, მის მიერ დაარსებული ქალაქის სახელს ეკითხებიან. ბიჭს კი ავიწყდება, ნერვიულობს და სასოწარკვეთილი, მესიის გასაგონად, დაზეპირებული გაკვეთილივით, მშობლიური სოფლის სახელს გაჰყვირის.

 ჰაკიმ ფაშას ფაშობა არ მოსწონს და რომის იმპერატორობაზე ოცნებობს. ამიტომ, მთელი დღეები იმითია დაკავებული, რომ თავი და კისერი, როგორც მინიმუმ, ნერონივით დაიკავოს და სადღაც ზემოთ ისე იყუროს, რომ მზე და შუშის სასახლე ერთდროულად დაინახოს. მთელი რომის იმპერიის დროინდელი ბიუსტები, თითქოს და ნახა, გაითავისა და მაინც რაღაც არ გამოსდის, კომიკურობა მაინც ვერ დაძლია.

 პალატაში თავისი მარადონაც ყავთ და ლოურენს ოლივიეც; ვინი პუხიც და სარა ბერნარიც; მითოლოგიური მედეაც და ახალგაზრდა და მესიაზე შეყვარებული შექსპირიც; ალტერნატიული ჯაზისა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მოყვარულიც და მგოსანი-ჩოხოსანი წმინდანიც; პალატის გარშემო წითელი დროშითა და ხის მაუზერით ხელში მორბენალი სერგო ორჯონიკიძეც და გენერალ ჟუკოვიც; მშვენიერ, წითელ ტიტაში გაჩენილი, მაგრამ შემდეგ, მეუღლე თხუნელას შხამიანი ნაკბენით მოწამლული და ამისგან გაავებულ-გაბოროტებული დუიმოვოჩკაც და უინსტონ ჩერჩილიც კი...

 პალატა ნომერ 6-41-ში არასდროს იწყენენ. ამაზე, დიდსულოვნად ზრუნავს მესია და ხან დაჭერობანას თამაშობენ, ხან დამალობანას, ხან ექიმობანას, ხან სახლობანას. ამ ბოლო დღეებში კი, მესიამ, კიდევ უფრო საინტერესო, შემოქმედებითი, თითოეული პაციენტისთვის საინტერესო, თავისი მაქსიმალური უნარის, ნიჭის, ტალანტის დამამტკიცებელ-გამომავლინებელი, მხიარული თამაში - კინოობანა მოუგონა და თამაშის თავკაცობა პიერო პაბლო პაზოლინის სახელით მოხსენიებულ სტაჟიან, ყველა დროგამოვლილ, ცხრა მთავრობაგამოცვლილ პაციენტს დაავალა. პალატა ღელავს, ნერვიულობს, მესიის დავალების საუკეთესოდ შესრულებას ლამობს. სცენარს წერენ, ერთმანეთს ეკამათებიან, იგონებენ, ახსენებენ. ცდილობენ, მესიის მოსაწონი არაფერი გამორჩეთ და ის, რაც სინამდვილეში არ გამოსდით, კინოსცენარში მაინც განახორციელონ, რეალური და რაც მთავარია ბრძენკაცის დამაჯერებელი სახე მისცენ. ეგებადა, მხატვრული ხრიკებით მაინც მოტყუვდეს? პალატაში კიდევ უფრო მეტი დახატული ფული დარიგდეს?! მისი მოტყუება კი, ძნელია! ეს სათაურიც - ცხრა პლუს ერთი - რა მოიგონა?! ცხრა პლუს სამი მაინც ეთქვა! მაშინ უფრო იოლი იქნებოდა. ეს ბოლო ორი-სამი წელია რაც იმარჯვეს და იოლად, ზედმეტი დატვირთვისა და ძიების გარეშე, ჩანგრეულ ქუჩებსაც გადაიღებდნენ; ჩახერგილ გზებსაც; უშუქოდ და უწყლოდ დარჩენილ სოფლებსაც; გაუფასურებულ ლარსაც; ღირსებაშერყეულ, ნაგინებ, ნაფურთხებ პოლიციასაც; გაძარცვულ ბანკებსაც, სუპერმარკეტებსაც; დაბრუნებული კანონიერი ქურდების ქეიფებსაც და “რაზბორკებსაც”; ციხეში ნაცემ-ნაწამებებსაც; კრედიტებში ჩამხჩვარ-ჩაფლულებსაც; ნარკოტიკისგან გაპარულებსაც; ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულებსაც; მექრთამეებსაც, პრემიებით გამდიდრებულებსაც; ქალაქის თავზე გადაჭიმულ საბაგიროებსაც; ნაგვით გადავსებულ ურნებსაც; აფეთქებულ-განადგურებულ ძეგლებსაც; მიშვებულ, მოუვლელ, მიტოვებულ ბაღებსაც, პარკებსაც; დანგრეულ, გაპარტახებულ სპორტულ, საბავშვო მოედნებსაც; რომ იტყვიან, без суда, без следствия დაჭერილებსაც; შვილის საფლავზე აფეთქებულსაც და საკუთარ ფარეხშიც კილერის მიერ მოკლულსაც; უკრაინაში დაღუპულ და პალატის ბინადრების მიერ სრულიად იგნორირებულ გმირებსაც; ათასობით მშიერ, უპატრონო, უსახლკარო ბავშვებს, მოხუცებს; გადმოტანილ საზღვრებს; დაწიოკებულ, მიწაწართმეულ სოფლებს; თვალცრემლიან ქალებს, გამწარებულ კაცებს… გადაიღებდნენ, გაახმოვანებდნენ, ჩოხოსანი მგოსნის ერთი-ორ ლექსს დაადებდნენ, მითოლოგიურ მედეას და ლოურენს ოლივიეს ათამაშებდნენ… და მოეწონებოდა! კმაყოფილი დარჩებოდა!

 ასე კი რა გადაიღონ, რა მოიგონონ? 200 სერიის შეთხზვა არ გინდა? თუმცა პაზოლინი რამეს მოიფიქრებს. ეგეთები მოუგონია-შეუთხზავს და ათწლეულიდან-ათწლეულამდე, მთავრობიდან-მთავრობამდე, მესიიდან-მესიამდე, მისას ყოველთვის იჯერებდნენ, “ჭამდნენ”. ახლაც აჭმევს… მერე, ემანუელა ინგლისურადაც გადათარგმნის და საერთაშორისო ფესტივალზეც სიამაყით წაიღებენ. იქაც, იმათაც დააჯერებენ, “აჭმევენ”, სანუკვარ მიზანსაც მიაღწევენ და კმაყოფილ მესიასაც დასვენების, ფიქრის და ერთადერთ საყვარელ ზვიგენებთან ურთიერთობის საშუალება, როგორც იქნა, მიეცემა.

 ნუთუ, ჩვენც, ასეთ გამოცდილებს, ასე მრავლის მნახველებსაც “გვაჭმევენ”? მით უმეტეს, რომ ეს პალატა ნომერი 6-41, ხომ ჩვენი და მხოლოდ ჩვენი მოყვანილ-გათამამებულ-გაგულიანებულ-გამარჯვებულია? კინოობანა-ომობანა-მთავრობანა როდემდე ვათამაშოთ?

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია