ფრთხილად, მავნებლები!
04 თებერვალი, 2015
1202
print

სოფიკო ჩხაიძე

სისულელეს რომ საზღვარი არ აქვს, ეს დიდი ხანია ვიცით. მავნებლობაც ასე ყოფილა - სისულელის არ იყოს, ისიც უსაზღვრო აღმოჩნდა და ამაში საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დაგვარწმუნა.

წინასწარვე განვსაზღვროთ: მავნებლობა არის რაიმე ნივთის ან საქმის არა უნებლიეთ, შემთხვევით, გაუფრთხილებლობით, არამედ განგებ, მიზანმიმართულად გაფუჭება.

მაგალითად, მავნე ბავშვს უმეტეს შემთხვევაში წვრილმანები არ აინტერესებს – არ ხევს ძველ გაზეთებს და ძველ, გადასაყრელ ტანსაცმელს, სამაგიეროდ, ამტვრევს ძვირფას ჭურჭელს, ჩორკნის ბებიის ნაქონ ძველებურ კარადას, ცეცხლს უკიდებს კედელზე ჩამოკიდებულ ნახატს და შემდეგ, დანაშაულზე წასწრებული უტიფარი სახით ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ ჩადენილში დამნაშავე სხვაა. ამას ოჯახი ხშირად პატარის ასაკს და სიცელქეს აბრალებს. მაგრამ მავნებლობა სიცელქისგან განსხვავებული ცნებაა და ასაკთან კავშირი არ აქვს. მოკლედ, მავნე ბავშვი საფრთხეს უქმნის ოჯახის მიერ წლობით რუდუნებით ნაგროვებს, ნალოლიავებს, შრომითა და წვალებით შექმნილს.

მავნე ხელისუფლებაც იმავე საფრთხის მატარებელია, ოღონდ ქვეყნისთვის. ის ზიანს აყენებს ყველაფერ კარგს, რაც კი სათავეში მის მოსვლამდე შექმნილა და გაკეთებულა და აქ არაფერ შუაშია ქვეყნის მართვაში გამოუცდელობა – მავნებლობა მიზანმიმართული ქმედებაა, მავნებლისთვის დამახასიათებელი უტიფრობის თანხლებით – მავნებლობაში გამოჭერილი ხელს სხვისკენ იშვერს.

სულ მოკლე ხანში ეკონომიკური წინსვლის გზაზე მდგარი ქვეყნის კრიზისამდე მიყვანა; დამნაშავეობასთან ბრძოლის ფაქტობრივად შეწყვეტა და შესაბამისად, გაზრდილი კრიმინალი; ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მოხსნა საერთაშორისო ტრიბუნებიდან; საქართველოს დასავლური ორიენტაციის ეჭვქვეშ დაყენება – ეს ის არასრული, ზოგადი ჩამონათვალია, რაც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე მიზანმიმართულად, მავნებლურად “მოახერხა” და არა გამოუცდელობით და უცოდინრობით. ასე რომ არ იყოს, კომპეტენტური მრჩევლების ყოლისა და სწავლის სურვილი გაუჩნდებოდა, სოლოლაკის მინის სასახლეში მითითებებისთვის სირბილის ნაცვლად.

მაგრამ მავნებლობა გრძელდება. დღეს ყველაზე აქტიურად სამართლებრივ სივრცესა და სამართალდამცველ ორგანოებს ერჩიან – ერთის დაკნინება და მეორეს დემორალიზება აქამდე დაწყებული და ამჟამად ბოლომდე მისაყვანი მავნებლური მიზანია.

ვისაც საბჭოთა მილიცია და შევარდნაძისდროინდელი პოლიცია ჯერ კიდევ ახსოვს, ქვეყანაში იმგვარის არსებობა აღარ უნდა სურდეს. არადა, მავნებლებს ყველაფერი იქითკენ მიყავთ.

როცა საპატრულო პოლიციას ტუჩებდაბერილი გოგო შეურაცხყოფს, მათ ხელმძღვანელის რისხვით ისე ემუქრება, რომ, აშკარაა, ამ ხელმძღვანელის მხარდაჭერით არაერთხელ უსარგებლია და შს გენერალური ინპექცია მხოლოდ იმას იძიებს, ჩანაწერი როგორ გასაჯაროვდა; როცა კრიმინალთან მებრძოლ პოლიციელებს განზრახ მკვლელების იარლიყებს უცერემონიოდ, ჯერ გამოძიების დასრულებამდე აკრავენ, ორწელიწადნახევრიანი გამოძიების შემდეგ კი ასევე განზრახ მკვლელებად ნათლავენ სპეცრაზმელებს, რომლებიც ხელმძღვანელობის ბრძანებას ასრულებდნენ - მავნებლობა სახეზეა.

საპატრულო პოლიცია, რომელიც იძულებული ხდება, გაზულუქებულ გოგო-ბიჭებს თავი დაუხაროს, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვეულებრივი გაიშნიკივით დაიწყებს ფულის აღებას. პოლიციელი, რომელსაც ეცოდინება, რომ შეიძლება კრიმინალებთან ბრძოლისთვის დაისაჯოს, იმავე კრიმინალებთან ახლო ურთიერთობას ამჯობინებს – “ხელი ხელს ბანს” პრინციპით; სპეცრაზმელი ხელმძღვანელის ბრძანებას საკუთარი შეხედულებისამებრ ან დაემორჩილება, ან არა … …

ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როცა სამშობლოს ღალატში დადანაშაულებული ემზარ კვიციანი, რომლის დროსაც სვანეთში ყაჩაღობა და მკვლელობა ჩვეულებრივ საქმიანობად ითვლებოდა, ზარ-ზეიმით გაათავისუფლეს პატიმრობიდან; სვანეთისა და იქ ჩამსვლელთა დამწიოკებელი ძმების წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაციის (აფრასიძეების მკვლელობას რომ უწოდებენ) გამოძიების უახლოეს მომავალში დასრულებასაც გვიანონსებენ – შედეგები უკვე ცხადია…

დამნაშავეთა წამებულებად ქცევა და დამნაშავეობასთან მებრძოლთა დადანაშაულება პოლიტიკური შეკვეთააო, ოპონენტები ამბობენ. მგონი, უფრო პოლიტიკური შეკვეთის ნაწილია, შეკვეთა კი სწორედ მავნებლობაა, რისი შედეგიც ქაოსი იქნება, ქაოსია, რომლის მოწმენი კი არა, მსხვერპლნი გავხდებით.

შემკვეთი ვინ არის, თავად განსაჯეთ.

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი