არტ-ტუსოვკა
30 იანვარი, 2015
2092
print

ნოდარ ლადარია

 კარგ სასტუმროში, ნაშუაღამევს, თუ მაინცდამაინც მოახლის გამოძახების სურვილი მოგეძალათ, შეკვეთას ნუ შემოფარგლავთ ბანანით - დღე-ღამის ამ დროს თავისუფლად შეგიძლიათ მოითხოვოთ სანთელიც.

სახელმძღვანელო სახელისა და გვარის მქონე გოგონებისათვის.

 

ჩვენი პრემიერ-მინისტრი დავოსში ბრძანებულა და იქ ღია საზღვრების საკითხზე ულაპარაკია. სხვათა და სხვათა შორის ირაკლი ღარიბაშვილს ესეც უთქვამს: „დღევანდელ მსოფლიოში თავისუფალი და ღია საზღვრების პოლიტიკა, როგორც ასეთი, არის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის წინაპირობა. ღია საზღვრებს შეუძლია არსებითი სარგებლის მოტანა. ევროკავშირში ადამიანები მოგზაურობენ თავისუფლად, ასევე დაუბრკოლებლად ხდება პროდუქციის ტრანსპორტირება და მომსახურების მიწოდება. ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მსოფლიოს წამყვან ბაზრებში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით), საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი წინ. ეს ხელშეკრულება იძლევა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებში სატარიფო და არასატარიფო დაბრკოლებების მოხსნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ის არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრს“.

დავანებოთ თავი იმას, რომ ტექსტში თითოეული წინადადება, ასე ვთქვათ, დანარჩენებისგან მოწყვეტილია და მთელი ფრაგმენტი ისევე გამოიყურება, როგორც „დედა-ენაში“ დაბეჭდილი წინადადებების ჯგუფი. ხომ გახსოვთ: „სოსო სკას დასტრიალებს. სამგორში დიდი არხია“. ჩვენი პირველი ვეზირი აქეთ-იქით არ აცეცებს თვალებს, დანდობილად აყოლებს თითს არჩეული თემის მაგისტრალურ ხაზს და გაგანია საერთაშორისო ტერორიზმის ეპოქაში უსაფრთხოებასა და მულტიკულტურალიზმის თანმდევ ხიფათზე სულაც არ ფიქრობს.

მაგრამ ჩვენ ამ თემას ვერ მოვერევით. როცა პირველი ვეზირი ამაყად უსწორებს თვალს ამომავალი მზის ნათელს, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მდაბლად დავხაროთ მზერა და იქნებ შევნიშნოთ, რა გამოძახილს პოულობს ერთგულ ქვეშევრდომთა გულებში მისი ესოდენი სიბრძნე.

ჰოდა, იმას მოგახსენებდით, რომ დავოსში პირველმა ვეზირმა საზღვრების გახსნაზე ილაპარაკა და დანარჩენებმაც ყური ცქვიტეს. ადმინისტრაციულმა აღფრთოვანებამ მოქმედება დაიწყო. აქ კი ერთგვარი გადახვევა გვმართებს.

გადახვევაში ვგულისხმობ ვენეციის ბიენალეზე გასაგზავნი არტეფაქტის დასადგენად გამართულ კონკურსს... არა, ღმერთმა დამიფაროს — თანამედროვე ხელოვნებაზე წერას არ ვაპირებ, რადგან მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში რაღაც სერიოზულის გაკეთება ჯერ კიდევ შემიძლია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს ყბადაღებული „კონტემპორარი“, თუ, უფრო სვეცკად, „ქონთემფორარი“ ბევრად უფრო მჭიდროდ და მტკიცედ არის დაკავშირებული სოციალურ და ისტორიულ კონტექსტთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა ხელოვნების ისტორიაში. სოციალურ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩაგრულ კლასთა ძნელბედობა არ იგულისხმება და ისტორიული კონტექსტიც არ ნიშნავს სახელოვან წინაპართა ღვაწლის დაფასებას. საქმე ერთდროულად უფრო მარტივად და უფრო რთულადაცაა. რახან ოსტატობა და განზოგადების სიღრმე წარსულს ჩაბარდა, ემოციური ზემოქმედება და წარმოსახვის ასპარეზი ხელოვანისათვის ორ რამეში მდგომარეობს: ის გამჭრიახად უნდა ერკვეოდეს თანამედროვეობის მწვავე პრობლემებსა და მოთხოვნებში და ასევე მწვავედ უნდა გამონახოს მათზე ელვისებური რეაგირების ხერხი. ეს, რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში...

ამ საყოველთაოდ ცნობილი გარემოების გახსენებაც იმისთვის დაგვჭირდა, რომ შევნიშნოთ: „ქონთემფორარი“, რომელიც მისთვის ჩვეული და ზემოთ აღწერილი კანონიერი გზით დაიბადება საქართველოში, ანუ ქვეყანაში, რომელიც უკვე დიდი ხანია სხვისი ნაწარმითა და ნამოქმედარით საზრდოობს და თავისი წარსულით ცხოვრობს, დანარჩენ მსოფლიოში არავისთვის იქნება საინტერესო. აბა, ვის დააინტერესებს, იოანე საბანისძის არ იყოს, ყურესა ამა ქვეყნისასა არსებული პრობლემები და მათზე მწვავე და ელვისებური რეაგირება? ჰოდა, მაღალ მწვერვალებსა და საგრძნობ შემოსავლებს დანატრებული ჩვენი ეროვნული „არტიც“ არა ჩვენივე სულიერი მოთხოვნების, არამედ გუგლის წყალობით ვითარდება, თუმც კი ეს სულ სხვა საკითხია, მით უმეტეს, რომ მაინც ვერაფერს შეასმენ გამოფენების ჩვეულ სტუმარს, შუახნის ბანოვანს, რომელიც ნებისმიერ შენიშვნაზე კარგად დაყენებული ხმით მოგიგებს: რა არის გასაკვირი? — მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ნიჭიერ ადამიანებს მსგავსი იდეები მოსდით თავში!

და მაინც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხსენებულ კონკურსზე წარდგენილთაგან სულ მცირე ერთი პროექტი იყო ასეთი. ისიც იმიტომ, რომ მწვავე, გამჭვირვალე და საჭირო უწყებით იყო დატვირთული. თავისი არსებობის ბეწვის ხიდზე გასული პატარა ქვეყნიდან წარადგინეს თუჯისგან დამზადებული კალაშნიკოვის ავტომატის 22 მოდელი, რომელთაგან თითოეული ჩვილი ბავშვივით არის შეფუთული. ამ კომპოზიციიდან მომდინარე მესიჯები სრულიად აშკარა და ბასრია: სამყარო ელოლიავება და ბავშვივით ენას უჩლიქავს იმას, რასაც უნდა დაუპირისპირდეს; სამყაროს მომავალი აქვს მხოლოდ მაშინ, როცა შეიარაღებული ველურობა დაიძინებს.

რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ამ ინსტალაციას. უბრალოდ, ერთადერთად მეჩვენა, რომელიც, ასე ვთქვათ, „კანონიერად“ დაიბადა, ანუ ისე, როგორც უნდა იბადებოდეს „ქონთემფორარი“ არტეფაქტი: გარშემო რეალობის სიმწვავიდან... და, მიუხედავად ამისა... აქ კი ჩვენ უკვე ტელეარხ GDS-ზე გასული სიუჟეტით ვიხელმძღვანელებთ.

კულტურის სამინისტრომ მოიწვია კომისია (სიუჟეტის მაყურებელი გაჭირვებით იცილებს მოგონებას ფილმიდან „არაჩვეულებრივი გამოფენა“), რომელმაც განიხილა წარდგენილი თორმეტი პროექტი. გაიმარჯვა „დიზაინბიუროს“ წარდგენილმა.

ფირმის სათაურიდანვე ჩანს, რომ მისი დამფუძნებელი სამი გოგონა დიზაინით არის დაკავებული. კერძოდ, ძვირიანი ბინების მოწყობას უზრუნველყოფენ და, როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამტკიცებენ, „მთელ ვაკეში აქვთ ოფისები“ — ღმერთმანი, ამაზე უკეთეს პლაცდარმს სად იპოვი, რომ იქიდან პირდაპირ ვენეციას არ შეუტიო?! არა, ყოველთვის ვამბობდი, რომ თანამედროვე ხელოვნება ფორმითა და შინაარსით სულ უფრო და უფრო უახლოვდება დიზაინს, მაგრამ არ მეგონა, თუ პროცესი უკვე მეოთხე სტადიაში იყო გადასული.

მაშ ასე, ნია მგალობლიშვილის ავტორობით წარდგენილ გამარჯვებულ პროექტს ასეთი სათაური აქვს: „მცოცავი საზღვარი“. სათაურში აშკარად ჩანს ჩვენი მთავრობის მონოლითურობა: კაცს გეგონება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და პაატა ზაქარეიშვილმა ერთობლივად მოიფიქრეს ეს კონცეფცია. კონცეფციაში კი ვკითხულობთ, რომ პროექტი წარმოადგენს „სხვადასხვა საკნებისაგან შემდგარ სისტემურ ჯაჭვს“ — გია გაჩეჩილაძეც ამათი მუზა ყოფილა. და ბოლოს: „საზღვარი, როგორც გეოგრაფიული დანაწევრების სისტემა და ამავდროულად, როგორც ცნობიერების მართვის ინსტრუმენტი, რომელიც განიცდის ევოლუციას საზოგადოების ცნობიერებასთან ერთად - დავამსხვრიოთ საზღვრები ცნობიერებაში და დავინახოთ მსოფლიო საზღვრების გარეშე და პირიქით“. ნეტა სად ამოიკითხეს: „გეოგრაფიული დანაწევრების სისტემა“... საზღვარი დღემდე პოლიტიკური ფენომენი მეგონა, მაგრამ ალბათ იმის ბრალია, რომ ხარისხიანი მეტლახი არასოდეს დამიგია... და, რა საყვარელია ეს „პირიქით“: ესე იგი, საზღვრები დავანგრიოთ მსოფლიოში და ჩვენს ცნობიერებასაც ეშველებაო. ვის მოუწოდებია ეგზომ ელეგანტურად არალეგალური იმიგრაციისკენ?

აქ შევწყვეტ პროექტის კრიტიკას, რადგან არ მინახავს. მხოლოდ ერთი რამ ვიცი: აღწერაში ზემოთ მოყვანილი აბდაუბდა წერია, თვით შემოქმედი კი აპირებს ვენეცია გააკვირვოს ყოფა-ცხოვრების ვაკური სტანდარტისათვის დამაკმაყოფილებელი ხარისხით. ღმერთმა ხელი მოუმართოს! — ჩვენი რა საქმეა.

ბევრად უფრო საინტერესოა კომისიის (უფრო მოუხდებოდა მივიწყებული სიტყვა „ხუდსავეტი“) სამი წევრის გამოსვლა ნახსენებ ტელესიუჟეტში. პირველმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ფარული კენჭისყრით, მაგრამ აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ“. ეს სიტყვები რომელიმე კონცეფტუალურ ინსტალაციაზე მისაწერად თუ გამოადგება შთამომავლობას — სხვა დანიშნულება ვერ მოვუძებნე.

მეორე დიდი ხნის განმავლობაში გვიხსნიდა რომ მეორე ადგილზე გასული პროექტი ალბათ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ პირველსაც არა უშავდა, თუმცა კი ის მეორე მაინც არ იყო ნაკლები, მიუხედავად იმისა, რომ პირველი... და ასე გაუთავებლად, სანამ სამონტაჟოში ვიღაცა აზრზე არ მოვიდა და შუა სიტყვაზე არ დააჭირა თითი შესაბამის ღილაკს.

მესამეც იგივეს ღეჭავდა, მაგრამ აქ მეტად ნიშანდობლივი მომენტი გაეპარა... ვერაფრით გაიხსენა იმ პროექტის სახელი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონდა, მაგრამ სხაპასხუპით (რომელიმეს რომ არ სწყენოდა) ჩამოარაკრაკა პროექტის ავტორთა სია. შთაბეჭდილება ცალსახაა: ამათი არტისა კი არაფერი მესმის, მაგრამ ბიძაშვილის ძმაკაცის ნათლიები არიან და...

ჰოდა, ახლა მეც ვიტყვი: ამ ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნების ერთადერთი წყარო იქნება „გუგლი“ და არა რეალური ცხოვრება მანამ, ვიდრე არ დაინგრევა და არ დასამარდება კოლეგიალობასა და მეგობრობაზე შუასაუკუნეობრივი წარმოდგენა, რომელიც დღეს პირდაპირ ველურად გამოიყურება. ჩვენში პროფესიულ წრეებში კრიტიკა არ ისმის, მეგობრები და კოლეგები „ნამუსს უნახავენ“ ერთმანეთს, „გენიალურ“ და „შედევრალურ“ ეპითეტებს უძღვნიან იმას, რაზეც სიამოვნებით იქილიკებდნენ, სხვა „სასტავში“ რომ ყოფილიყვნენ. მაგრამ ვიდრე საქმე და ნაყოფი კი არა, ნაცნობობა და დამოკიდებულებაა ჩვენში შეფასების საფუძველი, სულ მუდამ ამ დღეში ვიქნებით... კრიტიკა პროფესიულ გარემოში უნდა იბადებოდეს — სხვანაირად მსოფლიოს (საზღვრებიანსაც და უსაზღვრებოსაც) სასაცილოდ არ ვეყოფით.

 

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია