ხავსის გაწურვა
29 იანვარი, 2015
1482
print

2018 წელს, როდესაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება, ჩვენი პავილიონის სტუმრები სხვა თარგმანებთან ერთად უჩა ზაქაშვილის „ხავსის მეხსიერებასაც“ იხილავენ. თუმცა ქართველი ავტორის სადებიუტო რომანს უცხოენოვანი, უფრო კი გერმანულენოვანი მკითხველი გაცილებით ადრე ეყოლება, რადგან „ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის“ ხელმძღვანელი მანანა თანდაშვილი გერმანულ გამომცემლობებთან უკვე მუშაობს. ამ საქმის „ქართული ნაწილი“ კი დასრულებულია - დეკემბრის ბოლოს „ხავსის მეხსიერება“ გამომცემლობა „საუნჯემ“ დასტამბა და მკითხველს საახალწლო სუფრაზე მიართვა.

„კერძი“ საკმაოდ უგემური გამოვიდა, თუმცა მხოლოდ მათთვის, ვისაც თვალები, ყურები და პირი საკუთარი ხელებით აქვს ამოქოლილი და ფიქრობს ან უბრალოდ იჯერებს, რომ ჭაობის ნაცვლად სუფთა ასფალტზე ცხოვრობს, ჰგონიათ, რომ ვერ მისწვდებიან, ვერ დააჩმორებენ, ვერ გაჟიმავენ და რომ მართლაც არსებობს სფანგუმი - ხავსი, თითქოს ყველანაირ ინფექციას რომ აქრობს, არადა, სინამდვილეში, ეს სწორედ ის ხავსია, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს, იწოვს, ისრუტავს და საკუთარ წიაღში დასალპობად იგროვებს.

უჩა ზაქაშვილმა სწორედ ასეთი ხავსი გაწურა, წვენი გამოადენინა, მაგრამ არა ბოლომდე. იმდენი მახსოვრობა ჩატოვა, რამდენიც მომავალში კიდევ დასჭირდება, ამ წიგნის ფურცლებზე კი მხოლოდ ერთ, ცოტათი გაბრაზებულ უჩა ზაქაშვილს გაეცნობით, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვილს ხან დემეს, ხან გეგეს, ხანაც აფრიკელი ვითომ პოეტის ენით გვიყვება.

თითქმის 10 წლის განმავლობაში საახელმწიფო სამსახურში მუშაობამ ავტორის მეხსიერება არც თუ სასიამოვნო მოგონებებით შეავსო. ამბობს, რომ ეს ნაწარმოები ისევე დაეხმარა ამ ემოციებისგან ნაწილობრივ დაცლაში, როგორც თავის დროზე ის სამსახური დაეხმარა შემგომში ლიტერატურაში გადმოსატანი ამბების, ადამიანებისა და განცდების დაგროვებაში. ”ასეთი ენა სპეციალურად ავარჩიე, ამას ამბავიც მოითხოვდა და პერსონაჟებიც. მინდოდა, ნაწარმოებს სწორედ ასეთი ტონი ჰქონოდა. შეიძლებოდა, ეპატაჟისთვისაც მიმემართა, მაგრამ ეპატაჟი თავად არ მომწონს, ამიტომ ხასიათის შექმნას მხოლოდ გაბრაზებული ინტონაციით შევეცადე”, - ამბობს ავტორი.

ავტორის ტონი ერთია, მაგრამ როგორ მიიღებს ამას მკითხველი, საზოგადოება, რომლის მიმართულებითაც ის ე.წ. წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს, ეს უკვე მეორე საკითხია - საკმაოდ უხერხულიც, ავტორისთვის კი ორმაგად სარისკო. ამისთვის უჩა ზაქაშვილი მზადაა. მზად იყო მაშინაც, როდესაც ნაწარმოებში ნელ-ნელა ყოვლად უარყოფითი, სიმპატიის ფარგლებს მიღმა მყოფი პერსონაჟები შემოჰყავდა. ”მართლაც, არც ერთი პერსონაჟი არ არის დადებითი და არავინ იწვევს სიმპათიას, თუმცა მათი მონოლოგები და დიალოგები შემაგონებელი და გამაქილიკებელი ფრაზებითაა სავსე. ამით მსურდა, ერთგვარი სარკისებური ეფექტი შემექმნა, მინდოდა, მკითხველს თითოეულ მათგანში საკუთარი თავი, ჩვენი საზოგადოება დაენახა და ამოეკითხა. ცხადია, წინასწარვე ვიცი, რომ მათი რეაქცია არა ერთგვაროვანი იქნება, შეიძლება ადეკვატური აზრიც ვერ მოვისმინო, მაგრამ მე ასე გადავწყვიტე და, ცხადია, მკითხველის პირისპის აღმოსაჩენადაც მზად ვარ”, - ამბობს უჩა ზაქაშვილი.

უკვე გითხარით, რომ წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში იყო. ამ დეტალის ცოდნა მითხველს ნამდვილად აძლევს დამატებით ინფორმაციას და წაკითხულის მიღებასაც უადვილებს. შეიძლება გაჩნდეს აზრიც, რომ ავტორი ამ ტექსტით გარკვეულ სინანულსაც გამოხატავს იმის გამო, რომ გარკვეული ბერკეტების ქონის პირობებშიც ვერაფრის შეცვლა ვერ შეძლო. აქ მკითხველი მარტო ნამდვილად არ დარჩება, რადგან ამგვარ დასკვნას ავტორიც უერთდება: ”რომანის წერა მაშინ დავიწყე, როდესაც ჩინოვნიკობა სისხლში გამჯდარი და ყელში ამოსული მქონდა. ძალიან საღად ვაცნობიერებდი, რომ ამ დიდი და დასაბამიდან ძალიან მოშლილი მანქანის ნაწილი მეც ვიყავი და სწორედ ამიტომაც ვწერ პირველ პირში, საკუთარი თავის იმ სამყაროსთან იდენტიფიცირებას ვახდენ, რომელზეც ვწერ - ამით გარკვეულ პასუხისმგებლობას ჩემს თავზეც ვიღებ.”

ამბობს იმასაც, რომ ნაწარმოებში აღწერილი მოვლენებისა და მათი მონაწილე პერსონაჟების მოფიქრება დიდად არ დასჭირვებია, რადგან ჩვენს გარშემო ყველანაირი ადმიანები არიან, უბრალოდ ზოგი მათგანი ერთმანეთს არ იცნობს და ერთ სივრცეში არ ცხოვრობს. მას, როგორც მწერალ, მხოლოდ ამ ადამიანების შეკრება, როლების გადანაწილება, სახელების დარქმევა, მათთვის ბუნებრივ გარემოში დასახლება და ამბის ლიტერატურულ ტექსტად ქცევა ევალებოდა.

”ხავსის მეხსიერებას” რამდენიმე პერონაჟი ჰყავს, პრაქტიკულად ყველა მთავარია, ყველა მათგანისთვის ავტორმა თითქმის თანაბარი დრო და სივრცე გამოჰყო, თუმცა ყველა მკითხველს მაინც თავისი ”გმირი” ეყოლება. ბევრისთვის ეს გეგე იქნება, პირველ პირში მოლაპარაკე დემეს მეგობარი, ზუსტად ისეთი, როგორიც გეგეს პროტოტიპი უჩას მეგობარია. უჩა ამბობს: ”როდესაც საჯარო სამსახურის რუტინაში ხარ ჩაფლული, უფრო გაძლიერებული სუნთქვით ცხოვრობ, გამუდმებით ეძებ ადამიანებს, რომლებიც რეალობას უკეთ დაგანახებენ, გეუბნებიან, თუ როგორი ხარ სინამდვილეში. გეგე სწორედ ასეთი ადამიანია - სხვა პერსონაჟების სინდისის კართან მდგომი ბიჭია”.

მაგრამ ბოლომდე ვერც გეგეს ენდობი. გეგე სწორედ ის კაცია, რომელიც ხშირად გარბის, გარბის შორის, ყველასგან მივიწყებულ ადგილებში, ისეთებში, ზოგჯერ რუკაზეც რომ არაა აღნიშნული. უჩა ამხელს, რომ ასეთი გაქცევები თავადაც ახასიათებს: ”მივდივარ სრულ სიმშვიდეში, სადაც არანაირი მანკიერება არ არსებობს, სადაც დიჯეი არ გართობს, არც სპეცეფექტებია და სრული რელაქსაციის საშუალება გაქვს. ამის გარეშე შეუძლებელია, თუ საკუთარი თავის გადახარშვის საშუალება არ გაქვს, ვერასდროს განთავისუფლდები. ეს კი მე ძალიან მჭირდება, რადგან ვხვდები, რომ ნელ-ნელა სოციალურ მწერლად ვყალიბდები, ხალხთან პირისპირ დასარჩენად კი აუცილებლად გჭირდება სუფთა გონება. ასეთი ლიტერატურა საზოგადოებასაც სჭირდება, უფრო ხშირად უნდა ვწეროთ ნამდვილი, ხელშესახები ამბები, რეალური ისტორიები რეალური პერსონაჟებით, რაც სარკის ეფექტს უფრო გააძლიერებს, საზოგადოებას საკუთარ თავს უკეთ დაანახებს და გააცნობს.”

როგორც გითხარით, რომანი უკვე თარგმნილია გერმანულ ენაზე და მას მკითხველი მალე მიიღებს, მანამდე კი ნაწარმოების ორიგინალს გაეცანით და ნახეთ, რა მოგონებებს ინახავს უჩა ზაქაშვილის მიერ გამოწურული ხავსი.

 

 ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული