ფიროსმანის „ნადირობა ინდოეთში“ პრეზენტაციისთვის მზადაა
13 იანვარი, 2015
2049
print

1930 წელს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და მწერალ სერგო კლდიაშვილს შორის გარიგება შედგა. ამ უკანასკნელმა საკუთარ კოლექციაში არსებული ნიკო ფიროსმანის ტილო სახელწოდებით „ნადირობა ინდოეთში“ 40 მანეთად დათმო. ტილო იმ დროს უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, აკლდა ერთი ფრაგმენტი, გამოსახულება კი ფაქტობროვად არ იკითხებოდა. წლების განმავლობაში „ნადირობა ინდოეთში“ მუზუმის საცავში ინახებოდა, მისი რესტავრიტება კი სათანადო ლაბორატორიის არ არსებობის გამო შეუძლებელი იყო. ახლა კი, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, „ნადირობა ინდოეთში“ დამთვალიერებელთან შესახვედრად მზადაა - 15 იანვარს ხელოვნების მუზუმი მის პრეზენტაციას უმასპინძლებს.

„ნადირობა ინდოეთში“ რესტავრატორ ნანა მანაგაძისა და ეველინა კარსელის დამსახურებით მეორე სიცოცხლეს იწყებს. ამისთვის ტილო 2004 წლიდან ემზადება. მისმა რესტავრირებამ ათ წელზე მეტი დრო ორი მიზეზით წაიღო: როგორც გითხარით, ნახატი ფაქტობრივად განადგურებული იყო, გარდა ამისა, მისი ზომა საკმაოდ დიდია - 2,50X1,25 მეტრი, რაც ფიროსმანის შემოქმედებისთვის დამახასიატებელია. ნახატი წლების განმავლობაში დაკეცილ მდგომარეობაში ინახებოდა. ამის გამო ნაკეცებში საღებავი მთლიანად წაშლილი, დახეთქილი, ჩამოცვენილი და გაუფრულებული იყო. საქმეს ისიც ართულებდა, რომ „ნადირობა ინდოეთში“ ძალიან თხელ მუშამბაზეა შესრულებული. გარდა ამისა, ნახატიდან ამოჭრილი იყო მთელი ფრაგმენტი, რომელიც წლების განმავლობაში დამოუკიდებლად ფენდნენ, 1938 წლის შემდეგ კი დამთვალიერებელს არ უნახავს (ეს ფრაგმენტიც მუზეუმმა შეიძინა, თუმცა მისი ადრინდელი მფლობელი მუზეუმის საინვენტარო წიგნში ნახსენები არ გახლავთ). ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ „ნადირობას ინდოეთში“ ამგვარი სრულყოფილი სახით პირველად გამოფენენ.

ნახატს რამდენიმე პერსონაჟი ჰყავს: შვიდი ჩალმიანი მამაკაცი (მონადირეები) და ხუთი ცხოველი: ტახი, ორი ვეფხვი, დათვი და სპილო. როგორც ფიროსმანის მკვლევარები ვარაუდობენ, ეს ნამუშევარიც მხატვარმა მონათხრობის, ცხოველებისა და ინდოელი ადამიანების აღწერის მიხედვით დახატა, ზუსტად ისე, როგორც თავისი ცნობილი „ჟირაფი“.

ცნობილია ისიც, თუ სად იყო გამოფენილი ნახატი, ვიდრე სერგო კლდიაშვილის კერძო კოლექციაში მოხვდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ილია ზდანევიჩის 1913 წლით დათარიღებულ დღიურში ვკითხულობთ. ეს ის პერიოდია, როდესაც ფიროსმანი ზდანევიჩის პორტრეტს ხატავდა. დღიურიდან ირკვევა, რომ პორტრეტზე მუშაობა დუქან „კარდანახში“ მინდინერეობდა, ზდანევიჩი კი აქვე გამოფენილ ფიროსმანის ათამდე ნახატს აღწერს, მათ შორის ტილოს, რომელზეც ზემოთ ნახსენები „პერსონაჟებია“ შეკრებილი.

ცნობილია ისიც, რომ ამოჭრილი ფრაგმენტი (მარცხნიდან მარჯვენა მხარეს მიმავალი მამაკაცი, რომელსაც ხელში სანადირო იარაღი უჭირავს) პირველად 1930 წელს, მოსკოვის ნატიფ ხელოვნებათა მუზეუმში გამართულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ის უკანასკნელად 1938 წელს თბილისში, მეტეხის მუზეუმში მოწყობილ გამოფენაზე გამოიტანეს, ამის შემდეგ კი მუზეუმის ფონდში ინახებოდა. 70-იან წლებში მისი რესტავრირების მცდელობაც ყოფილა, თუმცა რთული დაზიანებების გამო, სამუშაოს დაწყება ვერ მოხერხდა.

ia vekua
სხვა სიახლეები
26 სექტემბერი, 2015 ომის გზები თბილისის ფოტო ფესტივალზე
26 ივნისი, 2015 ArtVilnius-ზე ”კონტეინერი” ჩადგეს
24 ივნისი, 2015 მეორე მსოფლიო ომი ეროვნულ მუზეუმში
27 მაისი, 2015 ქართული ფოტოგრაფიის დღე
24 აპრილი, 2015 განდევნილი ჰიუგოს ფოტომატიანე
24 მარტი, 2015 ჰიტლერის აკვარელს აშშ-ის აუქციონზე გამოფენენ
26 იანვარი, 2015 მხატვრის წიგნი - პირველი გამოცემა
08 დეკემბერი, 2014 მზადება ვენეციის ბიენალესთვის
04 ნოემბერი, 2014 „არტისტერიუმი“ მეშვიდედ ბრუნდება
09 სექტემბერი, 2014 მხატვრები აფხაზეთიდან ლეიდენის გალერეაში