რონალდუს მესიმდე ერთი "ოქროს ბურთი" აშორებს
12 იანვარი, 2015
1506
print

გიგა გურასაშვილი

ვარაუდები გამართლდა. გამართლდა პროგნოზებიც. მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „ოქროს ბურთის“ მფლობელი მესამედ (2008, 2013, 2014) გახდა.

პორტუგალიის ნაკრების 29 წლის კაპიტანს წლის დამაგვირგვინებელი ჯილდოსთვის მეტოქეობას „ბარსელონას“ არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი და მიუნხენის „ბაიერნისა“ და ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გუნდის კარის დარაჯი მანუელ ნოიერი უწევდნენ.

იმავე პროგნოზებით რჩეული სამეულიდან არგენტინელი თავიდანვე აუტსაიდერთა შორის მოიხსენიებოდა, რასაც თავადაც შეგუებული იყო. დაჯილდოვების ცერემონიალამდე აცხადებდა კიდეც, რომ „ოქროს ბურთისთვის“ რონალდუსა და ნოიერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. აქედან გამომდინარე საინტერესო იყო გამოკითხულთა შორის ყველაზე მეტ ხმას ვინ დააგროვებდა რონალდუ თუ ნოიერი?

გერმანული ფეხბურთის მესვეურთა აქტიურობა განსაკუთრებით თვალშისაცემი დეკემბრის დასაწყისიდან გახდა თვალშისაცემი. აცხადებდნენ, რომ საუკეთსო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და „ოქროს ბურთს“ კრიშტიანუ რონალდუს გადასცემდნენ.

ნოიერის მხარდამჭერები საკუთარ პოზიციას იმით ამყარებდნენ, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი“ აუცილებლად უნდა გამხდარიყო იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც ბრაზილიაში ნავსი გატეხა და სამხრეთამერიკულ მიწაზე ბებერი კონტინენტის წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონობამდე მიიყვანა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, 2014 წლის „ოქროს ბურთის“ გამოსავლენ გამოკითხვაში ყველას თავისი ლოგიკა ჰქონდა. რონალდუმ კი ერთად აღებული უშუალო კონკურენტების პროცენტულ მაჩვენებელს გადააჭარბა და ხმათა 37,66 პროცენტი დაიმსახურა. მესის 15,76, ხოლო ნოიერს გამოკითხულთა 15,72 პროცენტი ერგოთ.

აქვე აღვნიშნოთ, რომ გამოკითხვაში 181 ეროვნული ნაკრების მწვრთნელები, ამდენივე კაპიტანი და მედიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ჩემზე გააკეთა არჩევანი. მადლობა ჩემს მწვრთნელს, ჩემს თანაკლუბელებს, კლუბის პრეზიდენტს. ჩვენ ერთად დაუვიწყარი წელი განვვლეთ. ასეთ კონკურსში გამარჯვება უნიკალური მიღწევაა. ამავე სულისკვეთებით გავაგრძელებ მუშაობას. მინდა მომავალშიც მოვიპოვო ინდივიდუალური და გუნდური ჯილდოები. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვიღონებ რათა უფრო ძლიერი გავხდე.

ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ „ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელი გავხდებოდი. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე, მაგრამ ეს ყოველივე ახალ მსხვერპლს მოითხოვს“, - ენად გაიკრიფა პორტუგალიელი.

ისიც აღვნიშნოთ, რომ „ოქროს ბურთი“ შარშანაც რონალდუს ხელში აღმოჩნდა. იქამდე ზედიზედ ოთხჯერ (!) ჯილდო ლიონელ მესის გადაეცა.

ციურიხის დღევანდელ დაჯილდოვების ცერემონიალზე სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.

საუკეთესო მწვრთნელის წოდება მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გუნდის დამრიგებელ იოაჰიმ ლიოვს ერგო. ლიოვს მოცილეებად ჰყავდა „რეალის“ იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი და მადრიდის „ატლეტიკოს“ არგენტინელი დამრიგებელი დიეგო სიმეონე.

წლის საუკეთესო ქალ მწვრთნელად “ვოლფსბურგის” ქალთა გუნდის დამრიგებელი რალფ კალერმანი დასახელდა, რომელმაც გუნდს ჩემპიონთა ლიგა და ბუნდესლიგა მოაგებინა. 
“პუშკაშის სახელობის ჯილდო”, რომელიც წლის საუკეთესო გოლის ავტორს გადაეცემა, ხამეს როდრიგესმა დაისაკუთრა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ურუგვაის ეფექტური გოლი გაუტანა. ხამესს ნომინაციაში ეცილებოდნენ სტეფან როჩე (“პიმუნთ იუნაიტედი” და ირლანდიის ქალთა ნაკრები) და რობინ ვან პერსის (ჰოლანდიის ნაკრები).
2014 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი “ვოლფსბურგისა” და გერმანიის ნაკრების 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ნადინ კესლერი გახდა, რომელიც მარტასა (“როსენგარდი”, ბრაზილია) და ები ვემბეჩს (“ნიუ იორკ ფლეში”, აშშ) ამჯობინეს.
და ბოლოს, 2014 წლის საუკეთესო გუნდიც დასახელდა.

ფიფას ვერსიით 2014 წლის საუკეთესო გუნდი:
მეკარე: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”, გერმანია)
მცველები: ტიაგო სილვა, (პსჟ, ბრაზილია), დავიდ ლუისი (პსჟ/”ჩელსი”, ბრაზილია), სერხიო რამოსი (“რეალი”, ესპანეთი), ფილიპ ლამი (“ბაიერნი”, გერმანია);
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”, ესპანეთი), ანხელ დი მარია (“რეალი”/”მანჩესტერ იუნაიტედი”, არგენტინა), ტონი კროოსი (“ბაიერნი”/”რეალი”, გერმანია);
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია), არიენ რობენი (“ბაიერნი”, ჰოლანდია);
მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი (გერმანია).

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი