”ჩელსიმ” და ”სიტიმ” მესისთვის 250 მილიონი გირვანქა გადადეს
09 იანვარი, 2015
1529
print

გიგა გურასაშვილი

ერთნი ”ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ ლიონელ მესის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ, მეორენი კი ერთ-ერთ საუკეთესოდ ”რეალის” პორტუგალიელი თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ. როგორც არ უნდა იყოს, მათი სახით დღევანდელი ფეხბურთი ორ ბანაკადაა გაყოფილი და ხშირ შემთხვევებში მათზე გავრცელებული თითოეული ინფორმაცია მეტად ფასობს.

ამ შემთხვევაში მესიზე ვთქვათ, რომლის ირგვლივაც მითქმა-მოთქმა არ ცხრება. მესიზე საუბრისას ”ბარსაც” აქტუალურია. კატალონიელებმა, გუშინ ”კოპა დელ რეიზე” ”ელჩესთვის” ხუთი უპასუხო გოლის გატანის მიუხედავად, შესაძლოა კლუბის თავკაცი ლუის ენრიკე დაითხოვონ და მისი სავარძელი ”მანჩესტერ სიტის” ჩილიელ დამრიგებელ მანუელ პელეგრინის გადააბარონ. ყოველ შემთხვევაში ამას ღაღადებს ბრიტანული The Mirror.

და საერთოდ, ბრიტანულ მედიაში ლიონელ მესიც აქტუალური თემაა. ერთნი მის მომავალს იმავე ”სიტის” უკავშირებენ, მეორენი კი ”ჩელსის”. ბრიტანელებს ფეხს უბამენ ესპანეთშიც.

Sport.es-ის ცნობით, ვიტყობთ, რომ ”ჩელსის” წარმომადგენლებს არგენტინელი თავდამსხმელის მამასთან ლონდონურ კლუბში ლიონელის გადასვლა განუხილავთ.

ამასთან ”არისტოკრატები” მზად არიან 27 წლის არგენტინელში 250 მილიონი ევრო გადაიხადონ (ადრე გავრცელებული ინფორმაციით ”პარი სენ ჟერმენიც” მზადაა არგენტინელში 250 მილიონი გადაიხადოს).

ამასობაში Telegraph- იმასაც წერს, რომ მესი თანახმაა ზაფხულში ”მანჩესტერ სიტიში” ან ”ჩელსიში” 500 მილიონ გირვანქა სტერლინგად (!) გადავიდეს.

ცოტა ხნით ადრე ესპანური მედია მესის უკმაყოფილებაზე ამახვილებდა ყურადღებას, აქაოდა პრიმერას 17-ე ტურში ”რეალ სოსიედადთან” (0:1) სათადარიგოთა სკამზე გამწესებამ არგენტინელი განარისხაო.

და საერთოდ, ბოლო ხანებში ”ბარსელონას” პოლიტიკის და მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს მიმართ ლიონელ მესის უკმაყოფილებაზე ხშირად იწერება. არგენტინელი ხან იმითაა გაწბილებული, რომ ”ბარსელონა” სამომავლოდ აქცენტს ნეიმარზე აკეთებს, ხან ის არ მოსწონს, რომ კატალონიელებმა მისი თხოვნა ყურად არ იღეს და მისი საუკეთესო მეგობრის სერხიო აგუეროს ნაცვლად ლუის სუარესი შეიძინეს.

ბოლოს ისიც ითქვა, რომ საგადასახადო სკანდალების, სასამართლოებში რბენისა და მრავალ მილიონიანი ჯარიმების გამო მესის ყელში ამოუვიდა ესპანეთი.

ახლა იმასაც ამბობენ, რომ მესისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა ლუის ენრიკეს მიერ შემადგენლობაში გაწეული სერიოზული როტაცია (17 ტურში ამდენივეჯერ სხვადასხვა სასტარტო შემადგენლობა შეარჩია).

ერთი სიტყვით, ამ მითქმა-მოთქმაში რთულია ჭეშმარიტების მარცვლის პოვნა, რადგან მესის ვარსკვლავური მხარე იმავე მითქმა-მოთქმისთვის საკმარისი საბაბია. თუმცაღა გარკველიწილად ამას თავადაც უწყობს ხელს. შორს წასვლა რომ არ დაგვჭირდეს, საამისოდ კარგ მაგალითად ”ჩელსის” ოფიციალურ ინსტაგრამზე მის გამოჩენას დავკმაყოფილდეთ, რომლის გამომწერთა (ფოლოვერ) შორის არგენტინელის გამოჩენა უნებლიედ კატალონიური კლუბის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.

აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ არგენტინელს ”ბარსას” გარდა არცერთი სხვა კლუბის ოფიციალური გვერდისთვის არ მიუმართავს.

უფრო ადრე მესის ყოფილმა თანაგუნდელმა, დღეს კი ”ჩელსის” მოთამაშე სესკ ფაბრეგასმა არგენტინელს ლონდონში გადასვლისკენ საქვეყნოდ მოუწოდა.

აქვე ყოველი შემთხვევისთვის აღვნიშნოთ, რომ მესიმ მთელი თავისი კარიერა ”ბარსელონაში” განვლო და იქვე კლუბის ისტორიის საუკეთესო ბომბარდირის სახელიც მოიხვეჭა. კატალონიურ კლუბში არგენტინელის დებიუტი კი 2003 წელს შედგა. მას შემდეგ ლიონელმა ესპანეთის ჩემპიონობა ექვსჯერ იზეიმა, სამჯერ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გარდა ამისა, მის ჯილდოებს შორისაა ოთხი ”ოქროს ბურთი” (დღეს მეხუთეს მოპოვების პრეტენდენთა შორისაა, კრიშტიანუ რონალდუსთან და ”ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯ მანუელ ნოიერთან ერთად).

”სჭირდება თუ არა ”რეალს” მესი? არა. - ”ბარსას” შიდა ატმოსფეროს შორიდან აფასებს ”სამეფო კლუბის” მეკარე იკერ კასილიასი. - ჩვენ ამ შემადგენლობითაც კარგად ვასპარეზობთ და შედეგებსაც ვაღწევთ.

არა მგონია, რომ ”ბარსელონაში” კრიზის იყოს.

ადამიანები ფეხბურთის მიღმა თემებზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე უშუალოდ კატალონიელთა თამაშზე.

პრიმერაში, ესპანეთის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე მათ თამაშზე თუ ვიმსჯელებთ, ვერ ვიტყოდი, რომ კატალონიელები კრიზისში არიან. ჩემპიონატში მხოლოდ ერთი ქულით ჩამოგვრჩებიან და ესპანეთის თასზე (Copa del Rey) და ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლას კვლავინდებურად აგრძელებენ”.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი