„შარლი ებდოზე“ თავდასხმამ საფრანგეთი შეძრა
08 იანვარი, 2015
3875
print

ივა შილაკაძე

 

ფრანგული სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ რედაქციაზე ტერორისტულმა თავდასხმამ პარიზის ცენტრში საფრანგეთი და მთელი თავისუფალი სამყარო ლამის შოკში ჩააგდო. საზარელ ტერაქტს შეეწირა სულ ცოტა 12 ადამიანი, მათ შორის ჟურნალის რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი, ასევე ორი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 10 ადამიანი.

 

რედაქციაში, როდესაც იქ ჩვეულებრივი თათბირი მიმდინარეობდა, შევარდა კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებული სამი პირი. მათ ჯიჰადისტებისთვის ჩვეული ტანსაცმელი ეცვათ – ხაკისფერი მოსასხამი და შავი ნიღბები. ისინი ყვიროდნენ „ალაჰ აკბარ“ და „ჩვენ წინასწარმეტყველისთვის სამაგიერო გადავიხადეთ“. მათ დაახლოებით 50 ტყვია გაისროლეს, შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჩაებნენ ორმხრივ სროლაში პოლიციასთან და მიიმალნენ შავი ავტომობილით, რომელიც მოგვიანებით მიგდებული იპოვეს პარიზის გარეუბანში.

 

ჟურნალი „შარლი ებდო“ მათ შორის ცნობილია წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებთან დაკავშირებული სკანდალებით 2006 და 2011 წლებში. ეს არ არის რედაქციაზე პირველი თავდასხმა. მისი, აწ უკვე დაღუპული რედაქტორი სტეფან შარბონიე მუქარის წერილებს იღებდა და პოლიციის მუდმივი დაცვა ჰქონდა მიჩენილი. ინციდენტამდე ერთი საათით ადრე ჟურნალის ოფიციალურ გვერდზე „@Charlie_Hebdo“ გაჩნდა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ალ–ბაღდადის კარიკატურა, თუმცა მიმომხილველების უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ თავდასხმა ამ კარიკატურასთან არის დაკავშირებული. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი და მომზადებული ტერორისტული აქტი, რომელიც გაწვრთნილმა და სერიოზული იარაღით აღჭურვილმა პირებმა ჩაიდინეს. მათ ჰქონდათ იარაღი, რომელსაც სამხედროები იყენებენ და კარგად ფლობდნენ მას. თავდამსხმელებს სავარაუდოდ ეცვათ ჯავშანჟილეტები. ეს ალბათ არის ყველაზე სერიოზული ტერორისტული თავდასხმა, რომელიც საფრანგეთში განხორციელდა ბოლო 30 წლის განმავლობაში.

 

თავდასხმას შეეწირა ჟურნალის რედაქტორი, თვითონ ცნობილი კარიკატურისტი 47 წლის სტეფან შარბონიე. მას კოლეგები მოიხსენიებდნენ ფსევდონიმით „შარბი“. ჟურნალში რედაქტორს ჰქონდა რუბრიკა „შარბს არ უყვარს ადამიანები“ და ყველაზე ხშირად გროკესკულ კარიკატურებს აქვეყნებდა ბოროტმოქმედებზე. ის „შარლი ებდოს“ ხელმძღვანელობდა 2009 წლის შემდეგ.

 

მის გარდა დაიღუპა კიდევ სამი ცნობილი კარიკატურისტი : 80 წლის ჟორჟ ვოლინსკი, 57 წლის ბერნარ ვერლაკი –ფსევდონიმით ტინიუ და წლის ჟან კაბიუ, რომელსაც რამდენიმე დღეში 76 წელი უსრულდებოდა. ვოლინსკი და კაბიუ 1968 წლის „პარიზის გაზაფხულის“ აქტიური მონაწილეები იყვნენ და ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობდნენ „შარლი ებდოსა“ და სხვა მემარცხენე მიმართულების სატირულ ჟურნალებთან.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამ ოთხი პიროვნების გარდა დაღუპლია კიდევ ორი პოლიციელი და 6 სხვა ადამიანი, დაჭრილია 10 კაცი.

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მივიდა ტერაქტის ადგილას, შემდეგ მან ჰოსპიტალში მოინახულა დაჭრილები. მოგვიანებით პრეზიდენტმა ტელევიზიით მიმართა მოსახლეობას. მან პირობა დადო, რომ გააკეთებენ ყველაფერს დამნაშავეების საპოვნელად და დასასჯელად. ოლანდის სიტყვებით ტერორისტები „თავს დაესხნენ საფრანგეთის რესპუბლიკის პრინციპებს“ და ეს არის ტერაქტი ქვეყნის წინააღმდეგ. მან ამას გარდა აღნიშნა, რომ ბოლო კვირებში სამართალდამცავებმა რამდენიმე სხვა ტერაქტის აღკვეთა მოახერხეს. ოლანდმა ტელემიმართვაში განაცხადა, რომ „ჩვენი საუკეთესო იარაღი – ერთიანობაა. თავისუფლება ყოველთვის იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ბარბაროსობა.“ გაიმართა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა. ქვეყანაში გამოცხადებულია სამდღიანი გლოვა. გაძლიერებულია ხალხმრავალი ადგილების, მათ შორის სარკინიგზო სადგურების, ასევე რელიგიური ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოფისების დაცვა. პოლიციის დასახმარებლად არმიის ნაწილებიც გადაისროლეს.

 

ჟურნალისტების ხსოვნისადმი სოლიდარობის, ასევე ტერაქტის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად საფრანგეთის ბევრ ქალაქში მოეწყო ხალხმრავალი აქციები. პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე 10 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მრავალათასიანი აქციები მოეწყო აგრეთვე ბორდოში, ნანტში, ლიონში, მარსელში, სტრასბურგში, ტულუზასა და ლილში. „შარლი ებდოს“ დაღუპულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგებმა ფაქტობრივად ქვეყნის ყველა გამოცემიდან. მრავალათასიანი სოლიდარობის აქცია გაიმართა აგრეთვე ლონდონის ცენტრში.

 

ტერაქტი დაგმო და საფრანგეთს სამძიმარი გამოუცხადა მსოფლიოს ძალიან ბევრი სახლმწიფოს მეთაურმა, აგრთვე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა. კერძოდ ბარაკ ობამამ, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა და მისმა მეუღლემ, გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და სხვა. ერთობლივი ვრცელი განცხადება გამოაქვეყნეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა დევიდ კამერონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომლებსაც გუშინ ლონდონში ჰქონდათ ოფიციალური შეხვედრა – ძირითადად უკრაინის კრიზისის განსახილველად.

 

ბარაკ ობამამ ნებისმიერი საჭირო დახმარება აღუთქვა საფრანგეთს ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი სიტყვებით ჟურნალისტებზე და თავისუფალ პრესაზე თავდასხმა ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად ეშინიათ ამ ტერორისტებს სიტყვის თავისუფლების და მედიის.

 

„შარლი ებდოს“ ხშირად ემუქრებოდნენ და ეს არ იყო მასზე პირველი თავდასხმა. 2006 წელს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში მცხოვრები მუსლიმების დიდი ნაწილის რისხვა გამოიწვია ამ ჟურნალის მიერ დანიური გაზეთიდან „Jyllands-Posten“–იდან წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გადმობეჭდვამ. 2011 წლის ნოემბერში ყოველკვირეულმა „შარლი ებდომ“ ისევ გამოაქვეყნა მუჰამედის კარიკატურები. წინასწარმეტყველი იყო წარმოდგენილი ჟურნალის რედაქტორად, ხოლო თვით ჟურნალის სახელი პერიფრაზირებული იყო„Sharia Hebdo“–დ (შარიათული ყოველკვირეული). სწორედ ამ ნომრის გამოსვლის მეორე დღეს შეყარეს რედაქციაში ბოთლები ცეცხლგამჩენი ნივთიერებებით.

 

ჟურნალ „შარლი ებდოს“ სატირა ფრანგული ჟურნალისტიკის წმინდა ტრადიციის ნაწილია, რომლის ფესვებიც მეთვრამეტე საუკუნემდე და მარია ანტუანეტას პერიოდამდე მიდის. ამ ტრადიციაში უცნაურად თავსდება მემარცხენე რადიკალიზმი და პროვოკაციული სატირა, რაც ხშირად უხამსობის ზღვარზეა. ადრე თავდასხმის ობიექტი იყო სამეფო ოჯახი, რომელზეც ხშირად ჭორებზე დაყრდნობილ გამოგონილ ისტორიებს აქვეყნებდნენ. დღეს სატირიკოსები ნადირობენ პოლიტიკოსებზე, პოლიციის მაღალჩინოსნებზე, ბანკირებზე და რელიგიურ მოღვაწეებზე. დაცინვის ობიექტი უკვე აღარ არის გამოგონილი ამბები, არამედ რეალური პირები და მოვლენები. სატირაში შენარჩუნებულია მხიარული თავხედობის სული, რაც საუკუნეების წინ მეფეების წინააღმდეგ გამოიყენებოდა.

 

„შარლი ებდო“ 1970 წლიდან არსებობს და ის გახდა დახურული სატირული გამოცემის „Hara-Kiri“–ს რეინკარნაცია. თუმცა უსახსრობის გამო 1981 წლიდან ჰქონდა ათწლიანი პაუზა. ამ წლებში ყოველკვირეულ ჟურნალში გამოქვეყნებულა ისეთი სურათები, რომლებთან შედარებითაც წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები საბავშვო წიგნების ილუსტრაციებია. მაგალიათად პოლიციელები, რომლებსაც ხელში უკავიათ იმიგრანტების გასისხლიანებული თავები; მონაზვნები, რომლებიც მასტურბაციას ეწევიან; რომის პაპები პრეზერვატივებით და სხვა. ერთ– ერთი რედაქტორი, რომელიც მრავალი წელი ხელმძღვანელობდა ჟურნალს, იძულებული გახდა გადამდგარიყო ანტისემიტიზმის ბრალდებების გამო. თანამშრომლების უმრავლესობა კარიკატურებს და სტატიებს ფსევდონიმებით აქვეყნებს, თუმცა მკითხველთა უმრავლესობისთვის მათი ნამდვილი ვინაობაც ცნობილია.

 

დამნაშავეთა ძებნის მასშტაბური ღონისძიების პირველი შედეგები უკვე არსებობს. გამოაქვეყნდა ორი ეჭვმიტანილის – ძმების – 34 წლის საიდ კუაშის და 32 წლის შერიფ კუაშის ფოტოები. პოლიციას უკვე აქვს მათი დაპატიმრების ორდერი. სამართალდამცავებმა ხალხი გააფრთხილეს, რომ ეს პირები შეიარაღებულები და ძალიან საშიშები არიან. მედიის ინფორმაციით მესამე ეჭვმიტანილი – 18 წლის ამიდ მურადი თვითონ ჩაბარდა პოლიციას და ამტკიცებს, რომ თავდასხმაში ბრალი არ მიუძღვის. მისმა მეგობრებმა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნეს, რომ ამიდ მურადი სკოლაში იყო თავდასხმის დროს. ეს დაპატიმრება ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

iva shilakadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს