უსახლკარო ჰიპ-ჰოპი დიდების დარბაზს ეძებს
05 იანვარი, 2015
1158
print

გიგა გურასაშვილი

ამერიკა არაერთი მუსიკალური ჟანრის თუ მიმდინარეობის იმპორტიორია. ჯაზის, ბლუზის, ქანთრის და რა თქმა უნდა, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზებსაც იტევს. უჩვეულო კი ისაა, რომ დღემდე ოკეანის გაღმა ასეთივე დარბაზთა შორის საკუთარი ჭერი არ აქვს ჰიპ-ჰოპს. ჰოდა, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, მსგავსი დანაკლისის ანაზღაურება გადაწყვიტეს. ეგაა, საამისოდ, რაც ასევე გასაკვირია, სახსრები არ აქვთ და მის მოსაძიებლად ერთგვარი კამპანია წამოიწყეს. უფრო სწორად, Indie Go Go პლატფორმაზე კრაუდფანდინგს (сrowd funding - ადამიანთა ჯგუფის ერთგვარი კოლექტიური თანამშრომლობა, რაც მათი მხრიდან დონორობაში და დონორთა მოძიებაში გამოიხატება)  მიმართეს.

უფრო საკვირველი კი ისაა, რომ ჰიპ-ჰოპის დიდების დარბაზი ამერიკული მუსიკალური ინდუსტრიის მასშტაბების გათვალისწინებით არცთუ ბევრ - ერთ მილიონ დოლარს საჭიროებს. არადა ჰიპ-ჰოპს ასეთი პატივი ალალად ეკუთვნის. გარდა იმისა, რომ მეტად გავრცელებული მიმდინარეობაა, წინაპრები ჰყავს ისეთი, მსოფლიო მუსიკაში გარდატეხა რომ შეუტანია, არაერთი მიმდინარეობის შთაგონების წყაროც გამხდარა და შემდგომ დაუფრთიანებია კიდეც.

მუსიკის გურმანებს არც იმის შეხსენება სჭირდებათ, რომ ჰიპ-ჰოპის ფესვები ფანკიდან მოდის, მერე და მერე კი მას, საკუთარი სიტყვა შეაწიეს რიტმ ენდ ბლუზმა, სოულმა, ჯაზმა თუ რეგეიმ და შედეგად ამ მიმდინარეობათა ერთგვარ კომპილაციად ჩამოყალიბდა.

ერთი სიტყვით, ჰიპ-ჰოპის დიდების დარბაზის გახსნა ნიუ იორკის ჰარლემში იგეგმება, რომლის ინიციატორებსაც იქვე მოზარდთათვის სასწავლო ცენტრის Youth Media Training & Education Academy გახსნაც განუზრახავთ, იქამდე კი სახსრების მოძიებაზე ზრუნავენ.

ირკვევა, რომ დღესდღეობით დაახლოებით 500 ათასი დოლარია მოძიებული და თუ უახლოეს ხანში დანარჩენ თანხასაც მოუყრიან თავს, ჰიპ-ჰოპის მუზეუმი მთელი თავის ბრწყინვალებით აპრილში 125-ე ქუჩაზე დაიდებს ბინას.

ისიც ვთქვათ, რომ ჰიპ-ჰოპის დიდების დარბაზის შექმნაზე მუშაობა 1992 წლიდან მიმდინარეობს. ანუ მას შემდეგ, რაც Hip Hop Hall of Fame Awards-ის პირველი ცერემონია ჩატარდა. დღემდე მისი არარსებობის მიზეზი კი დაფინანსების დეფიციტში იყო.

დღესდღეობით მუზეუმის შექმნის თაოსანთა ხელში ათეულობით თავმოყრილი რარიტეტია, რომლებსაც თავის მხრივ კავშირი აქვთ ჰიპ-ჰოპის ისტორიასთან და მის პიონერებთან: Afrika Bambaataa, ემინემი, სნუპ დოგი, Salt-N-Pepa, Run DMC, Grandmaster Flash, Jay-Z, Dr.Dre, აის ქიუბი, Outkast...

არის საუბარი იმაზეც, რომ Youth Media Training & Education Academy ყოველწლიურად მუსიკის სფეროში, მედიისა და კინოწარმოებაში განსწავლულ 50 სტუდენტს დააფრთიანებს.

და რაკი ჰიპ-ჰოპზე ვსაუბრობთ, ისიც აღვნიშნოთ, რომ 11 იანვარს People's Choice Awards-ის დაჯილდოვების 30-ე ცერემონია გაიმართება, რაც თავის მხრივ ორი მიმდინარეობის: ქანთრისა და  ჰიპ-ჰოპი/რიტმ ენდ ბლუზის ერთგვარი დაპირისპირებით წარიმართება.

ძირითად კატეგორიებში გამარჯვების უმთავრეს პრეტენდენთა შორის არიან ტიმ მაკგროუ, ემინემი, 50 Cent, ბიონსე, ფეით ჰილი და შანია ტვეინი.

ძირითად კატეგორიებში People's Choice Awards-ის ნომინანტები:

წლის შემსრულებელი
Eminem
50 Cent
Tim McGraw

წლის შემსრულებელი ქალი
Faith Hill
Beyonce Knowles
Shania Twain

წლის ჯგუფი

Alabama 
Brooks & Dunn

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
18 აგვისტო, 2015 თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამა და სხვა დეტალები
13 აგვისტო, 2015 საუკეთესო ქალების ოცეული
28 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალი - ფანკის მეფიდან სნუპიმდე
10 ივლისი, 2015 კარგი მუსიკა უფრო კარგი მოხალისეებისთვის
07 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალის ვარსკვლავები ფესტივალის მოლოდინში
10 ივნისი, 2015 Kazantip-ის ალტერნატივა Befooz და Befooz-ის ალტერნატივა GEM Fest
04 ივნისი, 2015 კავკასიური ჯაზი
29 მაისი, 2015 რატომ ვიქეცით შვედებად
15 მაისი, 2015 ბიბი კინგი გარდაიცვალა
11 მაისი, 2015 „მანჰეტენ ტრანსფერი“ მაისის ფესტივალს გახსნის