მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
29 დეკემბერი, 2014
1532
print

გიგა გურასაშვილი

ქართულ საჭიდაო სამყაროში ლუკა კურტანიძის მმართველობა დასრულებულია. ”ფალავანთა კლუბში” საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 26 დეკემბრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ფედერაციის სადავეები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას ჩააბარეს.

“ჩემი პრეზიდნტად არჩევის შემთხვევაში ფედერაცია შედეგებზე იქნება ორიენტირებული. უნდა გაიხსნას რაც შეიძლება მეტი დარბაზი. მოჭიდავეებს დამსახურების მიხედვით უნდა დავუნიშნოთ ხელფასი. უყურადღებოდ არ დარჩებიან ვეტერანები. რამდენიმე ბიზნესმენი თანახმაა პერსპექტიულ მოჭიდავეებს დახმარება გაუწიონ”, - არჩევნებამდე აცხადებდა მანუჩარ კვირკველია.

ერთი სიტყვით, ჭიდაობის სამყარომ პრეზიდენტობის კანდიდატებს პარლამენტარ ვალერი გელაშვილსა და მანუჩარ კვირკველიას შორის არჩევანი ოლიმპიური ჩემპიონის სასარგებლოდ გააკეთა - 59 ხმა 43-ის წინააღმდეგ. კვირკველიამ პრეზიდენტობა 16 ხმის უპირატესობით მოიგო.

”ფალავანთა კლუბში” დღესაც სტუმრიანობა იყო. უფრო სწორად, ჭიდაობის ფედერაციის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვედნენ. კურტანიძემ კვირკველიას უმასპინძლა, კვირკველიამ კურტანიძე გააცილა, იქამდე კი ფედერაციის ბეჭდები და დოკუმენტაცია გადაიბარა.

“ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა. ფედერაციის ახალ პრეზიდენტს ვუსურვებ, რომ უფრო მეტისთვის მიეღწიოს. მის ხელში მეტი ყოფილიყოს გამარჯვებები”, - აცხადებდა აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი.

თავის მხრივ, ლუკა კურტანიძეს, დელეგატებს, პრეზიდიუმს და საერთოდ, საჭიდაო სამყაროს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა მანუჩარ კვირკველიამ.

მოგვიანებით ფედერაციის ახლადდანიშნულ პერეზიდენტს რამდენიმე კითხვით ჩვენც მივმართეთ. პირველ რიგში იმან დაგვაინტერესა თუ რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტობა.

”ჭიდაობის სამყარომ წამოაყენა ჩემი კანდიდატურა. უფრო სწორად, ერთ-ერთ კანდიდატად დამასახელეს. თავიდან ცოტა არ იყოს, თავს ვიკავებდი, მაგრამ ბოლოს მაინც დავთანხმდი. თანაც ჭიდაობა ეს ისაა, რამაც ბევრი რამ მომცა ცხოვრებაში. არ მინდოდა აქტიურ სპორტს ჩამოშორებულს დღეს ჭიდაობაში განვითარებული მოვლენებისთვის გვერდიდან მედევნებინა თვალყური. მინდოდა ახლა უკვე როგორც პრეზიდენტს საერთო საქმე მეკეთებინა.

გეგმები ბევრი მაქვს, მაგრამ კონკრეტულს ჯერ ვერაფერს ვიტყვი. თუმცაღა პირობას ვდებ, ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ საჭიდაო ტრადიციები ახალ სიმაღლეზე ავიდეს, გაუმჯობესდეს შედეგები.

პრობლემები ბევრია და შესაბამისად გასაკეთებელიც. ამ ეტაპზე მუშაობის პროცესში ვართ.

- ლუკა კურტანიძეს ფედერაციის პრეზიდენტობიდან გათავისუფლების მიზეზი მის ერთპიროვნულ მმართველობაში იყო. ყველაფერი კი მწვრთნელების რევაზ მინდორაშვილისა და ბეგი დარჩიას გათავისუფლების შემდეგ დაიწყო. აქედან გამომდინარე, საინტერესო უნდა იყოს ვინ იქნება ნაკრების სათავეში?

- ამ შემთხვევაშიც ჩამოყალიბების პროცესში ვარ. კონსულტაციებს გავდივარ. პრეზიდიუმთან, სამეთვალყურეო საბჭოსთან საუბრისა და მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართულ საჭიდაო სამყაროს წაადგება.

ერთი რამ ცხადია, შედეგები უნდა გაუმჯობესდეს.

- ვიცე-პრეზიდენტებად ვის ვიხილავთ?

- არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. იურიდიული მხარეა გასავლელი. უახლოეს ხანში ყველაფერზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ. 

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა
21 დეკემბერი, 2013 წო­ნებ­ში თა­მა­ში სა­ნა­ხა­ო­ბას გაზ­რ­დის