წინასააახალწლო მუსიკალური ქველმოქმედება
16 დეკემბერი, 2014
1174
print

კვირაზე მეტია, რაც თბილისი საახალწლოდ მორთეს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ ქალაქში მერის გარდა ახალი არაფერია: ქუჩებს წლების წინანდელი გირლიანდები ანათებს, წმინდა გიორგის ქანდაკება ისევ მედგრად ასრულებს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის როლს, რუსთაველის გამზირი კი კვლავაც ინარჩუნებს ვადაგასული ჭაღების საწყობის სტატუსს. ჯერ ისიც არ ვიცით, რა გველის საახალწლო ღამეს, რას გვიმზადებს პროკურატურით შევიწროვებული მერია, თუმცა მის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ პარლამენტის შენობის წინ 25 მეტრიანი ნაძვის ხეს აუცილებლად აღმართავენ. ფაქტია, რომ ქალაქში, ისევე, როგორც ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, ახალი წელი აუცილებლად დადგება, რისი მომასწავებელი ხვალიდნელი კონცერტიცაა - თბილისის საკონცერტო დარბაზში ცნობილი ამერიკული კვარტეტის, New York Voices-ის საღამო გაიმართება.

როგორც გვპირდებიან, ეს იქნება ყველაზე განსხვავებული და ორიგინალური საახალწლო ღონისძიება, რომლის მსგავსიც ჩვენთან არასდროს გამართულა. ნიუ იორკელი სტუმრები ახალ წელსა და შობაზე გვიმღერებენ - New York Voices-ის მთელი პროგრამა სწორედ ამ თემატიკის სიმღერებითაა შევსებული. მთავარი კი ის გახლავთ, რომ კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონცერტი საქველმოქმედოა - ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე ასაკის პაციენტების მკურნალობას მოხმარდება.

New York Voices-ის წევრებს აკომპანიმენტს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრის ორკესტრი (დირიჟორი ვახტანგ კახიძე) გაუწევს, ეს კი საღამოს უფრო მსუყესა და ცოტათი მშობლიურსაც გახდის.

როგორც წესი, ჩვენთან გამართული საახალწლო კონცერტები ისეთი ფორმატისაა, რომ მხოლოდ ანტურაჟით თუ მიხვდები, რომ საქმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულთან გაქვს. ამრიგად, New York Voices-ის კონცერტი ერთგვარი გამოლოცვასავითაც იქნება.

„გრემის“ მფლობელი, 27 წლიანი ისტორიის მქონე კვარტეტი, რომლის წევრებმაც დღეს ვოკალის მასტერკლასიც ჩაატარეს, ცნობილი საახალწლო-საშობაო სიმღერების არანჟირებულ ვერსიებს შეგვისრულებს. ეს კომპოზიციები ჯგუფის 2013 წლის ალბომ Let It Snow-შია თავმოყრილი. მათ შორისაა Let It Snow, Christmas Time is Here, O Come, O Come Emmanuel, We Wish You a Merry Christmas, I Wonder As I Wander, We Three Kings, Silent Night და სხვა.

რაც შეეხება უშუალოდ ახალი წლის ღამეს, კონცერტს ამჯერად ივენთ ჰოლი უმასპინძლებს. აქ მსმენელის წინაშე ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Matt Bianco წარსდგება. ჯაზი, პოპი, სოული, ლათინური რიტმები, ბოსა ნოვა და სხვა - სწორედ ასეთია ”მეტ ბიანკოს” საახალწლო მენიუ. კონცერტის მეორე ნაწილი კი ”ჯემიროქუაის” ბენდის წევრების ჯგუფის, Groovesonix-ისაა, რომელიც მსმენელის მუსიკალურ სიგიჟემდე მიყვანას ”იმუქრება”.

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...