უეფას მაშველი რგოლი საქართველოს
08 დეკემბერი, 2014
2023
print

გიგა გურასაშვილი

ევროპის ფეხბურთის მმართველ ორგანოში ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს, საქართველოს დარი ნაკრებების წასახალისებლად ისეთი ტურნირისთვის ჩაეყარათ საფუძველი, რომელიც მათში ასე ვთქვათ, საბრძოლო განწყობას აამაღლებდა და საერთოდ, რაღაცისთვის ბრძოლის შანსს მისცემდა.

საერთაშორისო ასპარეზზე ქართულ ფეხბურთს რომ არ ულხინს, ეს ფეხბურთში ნაკლებად გათვითცნობიერებულმაც იცის. იციან ჩვენს საზღვრებს გარეთაც, რაზეც მეტყველებს ევრო თუ მსოფლიო შესარჩევებში საქართველოს შედეგები.

ნაკრები ყველაზე მტკივნეული თემაა და უფრო მტკივნეულია, როდესაც მსოფლიო რეიტინგს უყურებ, სადაც ქვეყნის უმთავრესი გუნდი მისთვის ყველაზე ცუდ 126-ე საფეხურზეა. გულშემატკივართა განსაზღვრებით საქართველოზე წინ არიან ისეთი არასაფეხბურთო ქვეყნებიც კი, როგორიცაა ფარერის კუნძულები, ბაჰრეინი, ბურუნდი, ლესოტო, სენტ კიტსი, ნიგერი, სუდანი, პალესტინა, ბოტსვანა...

საკლუბო თუ სანაკრებო თამაშების შემხედვარეს უკვე საკუთარ თავშიც უნდა გვეპარებოდეს ეჭვი თუ რამდენად ვართ ან საერთოდ ვართ კი საფეხბურთო ქვეყანა?

ბურთი მრგვალია, მაგრამ გამოდის, რომ მისი გეომეტრიული მოყვანილობა სხვებმა უკეთ გაითავისეს და იმავე ბურთის გორებაც ჩვენზე უკეთ ისწავლეს.

ერთი სიტყვით, რაღაცაა გასაკეთებელი, მაგრამ ეს რაღაც მხოლოდ ლაპარაკის დონეზე რჩება.

ამასობაში საქართველოს დარი ქვეყნებისთვის ერთგვარი მაშველი რგოლის იდეით, უფრო სწორად ინიციატივით, გამოდის უეფა, რომლის მიხედვითაც 2018 წლიდან ევროპაში ახალი სანაკრებო ტურნირი ”უეფას ერთა ლიგის” (UEFA Nations League) სახელწოდებით ამოქმედდება და სანაკრებო ამხანაგურ მატჩებს ჩანაცვლებას.

მაშ ასე, უეფას 54 ქვეყანა ერთა ლიგის ოთხ - A, B, C და D დივიზიონებში უეფას ქვეყნის კოეფიციენტების შესაბამისად გადანაწილდება, აქედან A დივიზიონს მოწინავე ნაკრებები შეავსებენ, D დივიზიონს კი დაბალი რეიტინგის მქონე გუნდები.

A და B დივიზიონი შედგება სამი გუნდისგან შემდგარი ოთხი ჯგუფისგან.

C დივიზიონი შედგება ორი სამგუნდიანი და ორი ოთხგუნდიანი ჯგუფებისგან, ხოლო D დივიზიონი ოთხი კვარტეტისგან შედგება.

ჯგუფების გამარჯვებულები ერთი დივიზიონით დაწინაურდებიან, ბოლოადგილოსნები კი ქვედა დივიზიონში, გნებავთ ლიგაში დაქვეითდებიან.

თითოეულ ლიგაში ჯგუფების ოთხი გამარჯვებული ფლეი ოფში ითამაშებს, ხოლო ერთგვარი მინი ტურნირის გამარჯვებული ევრო-2020-ზე.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საფლეიოფო მატჩები 2020 წლის მარტში შედგება.
შეცვლილი ფორმატით გაიმართება თავად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი. ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან ის გუნდები, რომლებიც ათ შესარჩევ ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებს დაიკავებენ. მათ დაემატება ერთა ლიგის ფლეი ოფის ოთხი გამარჯვებული. აქედან გამომდინარე ევროპის ჩემპიონატი 24-გუნდიანი იქნება.
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი 2019 წლის მარტში აიღებს სტარტს. მარტში, ივნისში, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში შედგება ორ-ორი შეხვედრა. მთლიანობაში შეიქმნება ათი ჯგუფი.
ერთა ლიგის დივიზიონებში გამარჯვებული 16 გუნდი რეიტინგის მიხედვით ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფების გამარჯვებულები ევროპის პირველობაზე იასპარეზებენ.

იმ შემთხვევაში, თუ ერთა ლიგის ოთხთა ტურნირში აღმოჩნდება კონტინენტის პირველობაზე გასული გუნდი, მის ადგილს რეიტინგის მოწინავე ნაკრები დაიკავებს.

ამასთან, ტურნირი ჩატარდება ევროშესარჩევის პარალელურად და ჩაანაცვლებს ამხანაგურ თამაშებს.

საბოლოო განთესვა 2017 წლის 15 ნოემბრის მონაცემების, უფრო სწორად კი 2018 წლის მსოფლიოს შესარჩევის შესაბამისად მოხდება. დღევანდელი რეიტინგებით კი ასეთი მდგომარეობაა:

A დივიზიონი: გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია, ინგლისი, რუმინეთი, ჩეხეთი, ხორვატია

B დივიზიონი: სლოვაკეთი, ავსტრია, საბერძნეთი, უკრაინა, ბოსნია, დანია, რუსეთი, ისრაელი, ისლანდია, უელსი, შოტლანდია, პოლონეთი

C დივიზიონი: შვედეთი, უნგრეთი, სლოვენია, სერბეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, თურქეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, ირლანდია, ბულგარეთი, ნორვეგია, ფინეთი, სომხეთი, ესტონეთი

D დივიზიონი: კვიპროსი, ლიტვა, ლატვია, ბელარუსი, მაკედონია, ფარერები, მოლდოვა, საქართველო, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მალტა, სან მარინო, ანდორა, გიბრალტარი.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად D დივიზიონის გამარჯვება სჭირდება.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი