ან ახლა იზეიმონ, ან ზაფხულში მათი ხმა არ გავიგონო!
06 დეკემბერი, 2014
1995
print

ლარის გაუფასურება ეკონომიკაში მიმდინარე უარყოფითი მოვლენების ბრალია

 რომან გოცირიძე

 ლარი შეირყა. რომ არა შარშან დათესილი შიში, ამ რყევისათვის ზედმეტი ყურადღება შეიძლება არც კი მიგვექცია. როცა მოქმედებს ვალუტის გაცვლის თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმი (უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ჩვენთან რეგულირებადი მცურავი კურსის რეჟიმია), ამ დიაპაზონში რყევა ბუნებრივია და მასში ჩარევა არცაა სასურველი. იგი ადექვატურად ასახავს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს და მისი დამახინჯება საბოლო ჯამში უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. მხოლოდ მკვეთრი რყევების დროს თუ იქნება მიზანშეწონილი ეროვნული ბანკის ჩარევა. როგორც წესი, ეს სეზონურობით ან საგარეო ფაქტორებით შეიძლება იყოს გამოწვეული. დასადგენია, ამჟამად რაიმე განსაკუთრებული ხდება თუ არა. თუ ფუნდამენტურ ფაქტორებთან არა გვაქვს საქმე, იგი ჩვეულ დიაპაზონში იმოძრავებს. სამწუხაროდ, რაც ახლა ხდება, ეს ნაკლებად ჰგავს სეზონური ან ტექნიკური ხასიათის რყევას. მიზეზი უფრო ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ ახალ რეალიებში უნდა ვეძებოთ.

ლარის მოძრაობის დიაგნოსტირება არაა ძნელი, თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ ადვილია. პირველ რიგში დასადგენია, გვაქვს თუ არა საკმარისი ინფორმაცია უტყუარი სურათის დასადგენად.

როცა შეუძლოდ ვართ, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვიტარებთ ანალიზებს. ამით მეტნაკლები წარმოდგენა გვექმნება იმაზე, გვჭირდება თუ არა უფრო „ჩაღრმავებული" გამოკვლევა. ზოგჯერ პასუხი თავიდანვე ნათელია. რა სახის „ლაბორატორიული გამოკვლევები" უნდა ჩავატაროთ, რომ გავარკვიოთ, რა სჭირს ლარს? თავდაპირველად, სულ მცირე, სამი სახის მაინც: ქვეყნის ფულადი აგრეგატების მდგომარეობის, საგადამხდელო ბალანსის და ბიუჯეტის.

თუ ლარის „ანალიზის" პასუხებს წავიკითხავთ, ძნელი დასანახი არ არის, რომ პირველში ასე თუ ისე კარგად გვაქვს საქმე, მეორეში - ცუდად, მესამეში - კიდევ უფრო ცუდად.

ეროვნულმა ბანკმა თითქმის ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დაკისრებული. არ ვგულისხმობ მხოლოდ ამ დღეებში მის მოქმედებას. მთელი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი ფულის მასას სრულად აკონტროლებდა. მას ყველა პარამეტრი დაცული აქვს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ფულის მასა ძალზე ზომიერად იზრდება. არ შეიმჩნევა რაიმე მკვეთრი მატება მიმოქცევაში არც ნაღდი ფულის, არც ე.წ. „სარეზერვო ფულის" (გაიზარდა მხოლოდ 5,6 პროცენტით), რომელსაც ეროვნული ბანკი საკმაოდ კარგად აკონტროლებს, არც ფულის ისეთი აგრეგატის, როგორიც M2-ია, ფართო ფული, უცხოური დეპოზიტების გარეშე, რომელიც უმნიშვნელოდ გაიზარდა. პირიქით, ეს უფრო მეტადაც უნდა გადიდებულიყო. თუ დავაკვირდებით ამავე მონეტარული აგრეგატების მდგომარეობას  ადვილად მიხვდებით, თუ რა მოხდა შარშან. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს იგი M2 4,069 მილიარდი ლარის ტოლი იყო, 2013 წლის ბოლოს კი 5,418 მილიარდს მიაღწია, ანუ 1,349 მილიარდი ლარით, მთელი 33 პროცენტით გაიზარდა. თანაც, ძირითადად, დეკემბრის თვეში. ამჟამად კი, შარშანდელ ოქტომბრის თვესთან შედარებით, მხოლოდ  138 მილიონი ლარით, ან 2,6 პროცენტითაა გაზრდილი. ასეთივე მდგომარეობაა უკლებლივ სხვა აგრეგატებთან მიმართებაში. 

ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე რეფინანსირებით გაცემული ერთკვირიანი სესხებიც შეამცირა 500 მილიონიდან 330 მილიონამდე. თუმცა, ეს უფრო ნაკლები შეიძლება ყოფილიყო, რომ არა მთავრობის მიერ დაახლოებით 1.3 მილიარდი ლარის ამოქაჩვა კომერციული ბანკებიდან სახაზინო ვალდებულებების განთავსების გზით, ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად. მომავალი წლის ბიუჯეტშიც 400 მილიონი ლარის კრედიტის აღება აქვს მთავრობას დაგეგმილი და მხოლოდ ბანკებიდან აღებული შიგა ვალი 1,7 მილიარდ ლარს მიაღწევს. მხოლოდ პროცენტების სახით 68 მილიონი ლარი უნდა გადაუხადოს ბანკებს. თუ ლარი არ დასტაბილურდა, საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო აიწევს. შესაბამისად, ბიუჯეტიც მეტს დაკარგავს. ამ თანხების გასესხების გამო კომერციულ ბანკებს წარმოექმნებათ მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემა და თავის მხრივ მიმართავენ ეროვნულ ბანკს ერთკვირიანი კრედიტისათვის. არ უნდა დაუკმაყოფილოს ეროვნულმა ბანკმა ყველა მოითხოვნა. უნდა შეამციროს რეფინანსირების გზით დაკრედიტება და აქედან გამომდინარე, კომერციულმა ბანკებმა მთავრობაზე ასე გულუხვად სესხის გაცემასაც უნდა მოუკლონ. ეს ფული ბიზნესს უნდა მოხმარდეს და არა სახელმწიფო ხვნა-თესვას.  ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთიც 3.5 პროცენტიდან 4 პროცენტამდე ასწია. ყველა ბერკეტი გამოიყენა, რაც ჰქონდა. ერთი კახელის თქმისა არ იყოს, მამა ღმერთი კი არა ვარ, სამჭკუაშვილი ვარო, მეტი რა უნდა ქნას. დანარჩენს მთავრობამ უნდა მიხედოს. ლავუაზიეს კანონია!

სხვათა შორის, კანონით, ეროვნული ბანკის სამიზნე არის ფასები და არა კურსი. მას არ უნდა აინტერესებდეს, ეს იმპორტიორებს აძლევს ხელს, ექსპორტიორებს თუ კიდევ ვინმე სხვას. მისი მიზანი ფასების სტაბილურობაა, რაც მთელი ეკონომიკის და თითოეული ადამიანის ინტერესებშია.

ხშირად გავიგონებთ, რომ ეშინიათ არ განმეორდეს შარშანდელი დეკემბერი. რა იყო მაშინ ლარის გაუფასურების მიზეზები და იგივე ფაქტორები მოქმედებს თუ არა ახლა?

წლევანდელი ვითარება თავისი მასშტაბით ჯერჯერობით, არ ჰგავს შარშანდელს, თუმცა გარკვეული მსგავსება მაინც შეიმჩნევა. ნაკლები ზომით, მაგრამ მაინც არსებობს მისი გამეორების რისკები. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მთავრობა არ გაიმეორებს წარსულ შეცდომებს ბიუჯეტიდან დეკემბრის თვეში თანხების ხარჯვის პროცესში. 

შარშან ხარჯვა ხდებოდა არარიტმულდ, საბიუჯეტო წლის განმავლობაში არათანაბარზომიერად. ძირითადი დატვირთვა მოდიოდა ბოლო, მეოთხე კვარტალზე, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ფულის მასის ერთბაშად ზრდა და ლარის   დევალვაცია.  

შარშან, მას შემდეგ, რაც ლარის გაუფასურება დაიწყო, მისი მკვეთრი დაცემის თავიდან ასაცილებლად, ეროვნულ ბანკს მხოლოდ დეკემბერ-იანვარში 470 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია ფულის ზედმეტი მასის სტერილიზაციისათვის. თუ ეროვნული ბანკის რეზერვები 2013 წლის ზაფხულში იყო 3,1 მილიარდი დოლარის ოდენობით, მის მოცულობა იანვარში 2,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ეს განაპირობა ნოემბერ-ბიუჯეტის შემოსავლების 632 მილიონი ლარის დანაკლისით  შესრულებამ, რომელიც წინა პერიოდში დაგროვილი თანხებით გადაიფარა. ნაშთიდან, რომელიც 2012 წლის დასაწყისისათვის ბიუჯეტში იყო დარჩენილი წინა მთავრობის დროიდან - თითქმის 900 მილიონი ლარის ოდენობით, ეროვნული ბანკში არსებულ მთავრობის ანგარიშზე წლის ბოლოს დარჩა მხოლოდ 287 მილიონ ლარი. ანუ, თუ მთავრობამ წინა წლის ბიუჯეტი დაგროვილი ნაშთებით დააბალანსა, მიმდინარე წელს ამას იგი შიდა ვალის მკვეთრი ზრდის ხარჯზე ახერხებს.

შარშანდელის გამეორების საფრთხე ბოლომდე მოხსნილი არ არის. 11 თვე ამოიწურა. ბიუჯეტი სავალალო მდგომარეობაშია. ზუსტად ერთი თვის ჩამორჩენაა როგორც შემოსავლებში, ასევე ხარჯებში. თითქმის ყველა საშემოსავლო პარამეტრის 11 თვის გეგმა ჩავარდა. თავად დარწმუნდით ამაში:

 შემოსავლების გეგმა - 9,105 მილიარდი ლარი. შესრულება 11 თვეში - 7,760. წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 1.35 მილიარდი ლარი, ანუ თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე საშუალოდ თვეში წინა პერიოდში.
 გადასახადების გეგმა - 6,820 მილიარდი ლარი.შემოსულია 6,110. წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 6.820 მილიარდი ლარი, ანუ 155 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე საშუალოდ თვეში შემოდიოდა.
 ყველაზე მძიმე მდგომარეობა ხარჯებშია. გეგმა არის 9.080 მილიარდი ლარი, დღემდე დახარჯულია 7,657 მილიარდი. დასახარჯია 1,42 მილიარდი ლარი, ანუ ზუსტად ორჯერ მეტი, ვიდრე იხარჯებოდა საშუალოდ თვეში.
დახარჯავენ? პასუხისგება მოუწევთ ლარზე! არ დახარჯავენ? - ჩავარდნილ ბიუჯეტზე. მოკლედ, მარცხნივ წახვალ, მგელი შეგჭამს, მარჯვნივ - მგლისფერი ძაღლი!

ასე იცის მთელი წლის განმავლობაში თვალებში ნაცრის შეყრამ. თუმცა, ბიუჯეტის დაბალ ნიშნულზე დაგეგმვა და მერე მისი „შესრულება" ყოველთვიურად თუ ყოველკვარტალურად, თავისებური ფანდია. ურჩევნიათ ერთხელ გაულაწუნონ მაგრად და წლის ბოლოს, ვიდრე ზომიერად, მაგრამ ყოველთვიურად.

როგორც ჩანს, ლარმა კორექცია განიცადა წონასწორობის ახალ ნიშნულზე, ანუ გახდა ეკონომიკური ვითარების ადექვატური. პრობლემა უფრო სიღრმისეულია, ვიდრე „ტექნიკური".

„ლაბორატორიული ანალიზის" მესამე ნაწილი ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი და მისი ცალკეული კომპონენტია.

წელს კიდევ უფრო გაუარესდა სავაჭრო ბალანსის მდგომარეობა. 10 თვეში, მართალია ექსპორტი გაიზარდა 5 პროცენტით, მაგრამ იმპორტმა კიდევ უფრო მეტად, 11 პროცენტით მოიმატა. დეფიციტის ზრდამ წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 600 მილიონი დოლარი შეადგინა. დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ზედიზედ სამი თვეა - აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ექსპორტის მოცულობა კლებულობს წინა წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით (შესაბამისად 12,8,-7,0. -5,1 პროცენტით). ერთ-ერთი მიზეზი აზერბაიჯანში და სომხეთში  მანქანების რეექსპორტის შემცირებაც გახდა. ეს დაეტყო სავალუტო ბაზარსაც.

დეფიციტი ვერ დააბალანსა ჩვენმა „კოზირებმა": ტურიზმიდან შემოსავალი უმნიშვნელოდ გაიზარდა. ტურისტების რაოდენობამ მხოლოდ 2 პროცენტით იმატა, ისიც ზაფხულის ხარჯზე. გაუაზრებელმა სავიზო პოლიტიკამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო. აქაც, ბოლო თვეების განმავლობაში, ტურისტების შემოსვლა შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, განსაკუთრებით, ირანიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან. ასევე შემცირდა ტვირთების გადაზიდვები, განსაკუთრებით რკინიგზის მიერ. ტრანსფერტები იგივე დარჩა, თუმცა ოქტომბერში აღინიშნა გადმორიცხვების კლება რუსეთიდან 8,6 მილიონი დოლარის ოდენობით. წლის დასაწყისიდან ჯერჯერობით ტრანსფერტების მთლიანი მოცულობა არ შემცირებულა  ამერიკიდან, იტალიიდან და ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან გადმორიცხვების მატების გამო. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ნოემბერ-დეკემბერში რუსეთიდან კვლავ იკლოს, ამ ქვეყნის ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შედეგად. სეზონურობასაც თავისი წვლილი შეაქვს – მეტი სავალუტო გადარიცხვები გაზის, ელექტროენერგიის და სხვა საქონლის შესაძენად...

არ არის სახარბიელო მდგომარეობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც. არასრული ოდენობით შემოვიდა აგრეთვე ბიუჯეტში საგარეო კრედიტები ინფრასტრუქტურული მშენებლობების შეფერხების გამო. ზოგადად, უუნარობა უკვე დამტკიცებული პროექტების განხორციელბაში, მთავრობის სერიოზული პრობლემაა. ამის მაგალითად ამერიკული ე.წ. მილენიუმის პროგრამის, ათასწლეულის გამოწვევის გრანტის ათვისების საკითხიც შეიძლება მოვიყვანოთ: ნაცვლად იმისა, რომ 140 მილიონი დოლარიდან დღეისთვის შესრულებულიყო საკმაო სამუშაო, საქმე ჯერაც არ დაწყებულა. მოკლედ, მიზეზები უკვე არა დროებით, არამედ ფუნდამენტურ ხასიათს იღებს. ეს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის კორექციის შედეგია, რომელიც მეტ რეგულირებაზე და ბიუჯეტის დეფიციტის ზრდაზეა ორიენტირებული. მეტი სუბსიდიები, ნაკლებად ეფექტური საბიუჯეტო მხარდაჭერა ბიზნესისადმი და არადაბალანსებული სოციალური პოლიტიკა-საბოლო ჯამში ფასების ზრდაში, ლარის დევალვაციასა და ეკონომიკური ზრდის შეფერხებაში იჩენს თავს. ლარმაც გაგვაფრთხილა. შარშანდელი შემოლაწუნება გაატარა მთავრობამ. ახლა მაინც უნდა მიხვდეს ნიშანს!

ეროვნულ ბანკს აქვს იმის რესურსები, რომ კურსი არ გაექცეს. სამწუხარო იქნება, თუ ეს ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვების შემცირების ხარჯზე მოხდება.

დაბოლოს, ხშირად გავიგონებთ, განსაკუთრებით, როცა ლარი მყარდება, რომ ეს ხელს უშლის ქვეყნის ექსპორტს და მოუწოდებენ ხელისუფლებას მისი გაუფასურებისაკენ. ბოლოს და ბოლოს, რა სჯობია - კურსის გამყარება თუ დასუსტება და რატომ? ან ვისთვის? ლარი როცა მყარდება ერთ ვაი-უშველებელს ატეხავენ – რას სჩადიან, ლარი მყარდებაო, ჩვენი ექსპორტი იღუპებაო, ანაბრები უცხოურ ვალუტაში გვიუფასურდებაო!

როცა ლარი ეცემა, უკვე სხვა სახის განგაში ისმის: სესხები დოლარებში გვაქვს აღებული და გვიძვირდებაო, იმპორტირებული საქონლის ფასები მატულობსო და ასე შემდეგ. მოკლედ, უნდათ, რომ ჭრელი პეპელასავით იყოს, რომელიც არც მოფრინდება და არც გაფრინდება. ასე მხოლოდ სიმღერაშია (იქაც კი არ მესმის, რისი თქმა უნდათ ამით).

 

წელი 

მონეტარული

აგრეგატი

M3

მონეტარული აგრეგატი

M2

მონეტარული

აგრეგატი

M1

ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფული   M0 

2009

4 763,6

2 330,5

2 019,4

1229,4

2010

6 199,0

2 960,3

2 510,0

1 373,0

2011

7 097,8

3 783,2

3 137,9

1 439,0

2012

7 903,7

4 069,2

3 336,9

1 550,0

2013

9 836,6

5 418,4

4 307,5

1899.6

2014 წ. ოქტომბერი

10 497,4

5 556,4

4155,0

1837,0

 

წყარო: ეროვნული ბანკი

ფულის მასა აგრეგატების მიხედვით (მილიონი ლარი).

 

საინტერესოა, რატომ არ გამოდის თუნდაც ერთი ადამიანი (ვთქვათ, ექსპორტიორი), განსაკუთრებით რომ უყვართ „სამამულო წარმოების" და პროტექციონისტული ლოზუნგებით აპელირება და გახარებული არ მიესალმება ლარის გაუფასურებას? ან გაუფასურებას მონატრებული დეპუტატები რატომ დუმან? ხომ დაუდგათ ოქროს ხანა? თუ მთლად მასე არ არის? იქით კი შოულობ მეტს, მაგრამ აქ რომ ცუდად გექმნება საქმე? ამას როგორც ჩანს, ხვდებიან. ამიტომ გაიტრუნენ.

ჩემი თავსატკივარი გამახსენდა! როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი, გაიძახოდნენ, გადადგეს გოცირიძე, ლარს ამყარებსო. არადა, მე კი არ ვამყარებდი, ინვესტიციებმა წაგვლეკა. 2 მილიარდი დოლარი შემოვიდა 2007 წელს. ახლა 700-800 მილიონიც სანატრელია.

ვალუტის ის კურსი კი არ არის კარგი, რომელიც ვიღაც ერთისთვის არის ხელსაყრელი, არამედ ის, რომელიც რეალურად ასახავს ეკონომიკის მდგომარეობას. რა თქმა უნდა, სტაბილური ვალუტა ჯობია, თუ ეს ბუნებრივია. ზოგადად, მყარი სჯობს სუსტს. პირიქით რომ იყოს, ყველა დასუსტებას შეეცდებოდა. ამის გაკეთება ძალიან მარტივია.

ასე რომ, ან ახლა იზეიმონ, ან ზაფხულში მათი ხმა არ გავიგონო!

 

რომან გოცირიძე
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია