ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
01 დეკემბერი, 2014
1510
print

გიგა გურასაშვილი

ქართულ საჭიდაო სამყაროში დროებით ზავი დიდ ხანს რომ არ გასტანდა, ცხადზე ცხადი იყო. ფაქტია, ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის გადადგომის მოთხოვნა უკან არავის წაუღია.

მოლოდინის რეჟიმზე გადართულებმა მიზნის მისაღწევად 26 დეკემბრის საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა დათქვეს. ეგაა, დათქმულ თარიღს თავად კურტანიძე აღარ დაელოდა და დღესვე მის მიერვე მოწვეულ ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომამდე ნახევარი საათით ადრე სპორტული მედიის წარმომადგენლებს გადადგომის შესახებ წინასწარ აუწყა: ”ქართულ ჭიდაობაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწრაფოდ მოვიწვიე პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც გამოვაცხადებ, რომ ჭიდაობის ინტერესებიდან გამომდინარე პრეზიდენტის უფლებამოსილებას ვიჩერებ და დამსწრეთ რიგგარეშე ყრილობის 26 თებერვალს ჩატარებას შევთავაზებ. იქამდე პრეზიდენტის მოვალეობას ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ედიშერ მაჩაიძე შეასრულებს. სწორედ ის მიიღებს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას”.

აშკარა იყო, რომ მის გადადგომას ისედაც ამის მოსურნე პრეზიდიუმი დააკმაყოფილებდა. ასეც მოხდა.პრეზიდიუმმა ლუკა კურტანიძეს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუჩერა. 33 დელეგატიდან კურტანიძის პოსტზე დარჩენას მხარი ოთხმა დელეგატმა დაუჭირა.

გარდა ამისა, პრეზიდიუმმა ყურად არ იღო კურტანიძის შეთავაზებებები, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის უფლებამოსილება ფედერაცის ვიცე-პრეზიდენტ ედიშერ მაჩაიძეს უნდა გადასცემოდა. პრეზიდიუმმა ასევე უარი თქვა 26 თებერვალს საანგარიშო სხდომის დანიშვნაზეც.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ედიშერ მაჩაიძისთვის უფლებამოსილების გადაბარება კანონსაწინააღმდეგო ქმედება იქნებოდა, რადგან წესდება ამგვარ ფორმულირებას არ ითვალისწინებს.

რაც შეეხება საანგარიშო ყრილობის, საამისოდ პრეზიდიუმმა 26 დეკემბერი დათქვა, ხოლო მანამდე ფედერაციას სამკაციანი ჯგუფი უხელმძღვანელებს, რომელშიც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ დიმიტრი გელაშვილი, გენერალური მდივანი გიორგი ლომიძე და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელ რომან რურუა შევიდნენ.

ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენის სავარაუდო ვადა 5-20 დეკემბერი იქნება, ყრილობის ჩატარების დრო და ადგილი კი უახლოეს ხანში გაირკვევა. 

ამასობაში პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებს ისევ ის სამწვრთნელ შტაბი ჩაიბარებს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ლუკა კურტანიძემ გადააყენა. შესაბამისად თავისუფლებს სათავეში რევაზ მინდორაშვილი ჩაუდგება, ბერძენ-რომაელებს კი ბეგი დარჩია.

და კიდევ, ლუკა კურტანიძის თანამდებობიდან გადადგომა გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო. ყოველ შემთხვევაში, ჭიდაობის ფედერაციის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ერთი დღით ადრე საკუტარი ”ფეისბუქის” გვერდზე დაწერილი სტატუსით მასზე მიანიშნა, რასაც ჩვენც უცვლელად გთავაზობთ:

"დამღალა, მაგრამ ვერ გამტეხა!!! რადგან არიან მართალნი... რაოდენობით ცოტანი, მაგრამ არიან!.. და მათთვის სიცოცხლის გაწირვაც ალალია, რადგან სამშობლოს რჩეულნი არიან! ქართველთა გაუნათლებლობამ, ცილისწამებამ და უმადურობამ! 
დათასი არ იყოს, ვისაც ვაჭამე, ჩავაცვი, დავახურე, თანამდებობაზე დავნიშნე და ამ შესაძლებლობებით, პირდაპირი გაგებით, ათიათასობით პრემიებს იღებენ უამრავნი... რაც ძალიან მიხარია, რადგან შრომა, როგორც არასდროს, დაუფასდათ და ეს ჩემი წარმატებაა... 
მიხაროდა და ეს სიხარული დამცირების ტალღად მოიძიეს! 
უანგაროდ ეს ორი წელი ვემსახურე, როცა მათი პირობების სიკეთეზე ვმოგზაურობდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გზად დაღლილს მანქანაში უამრავჯერ ჩამძინებია... და ასევე ამ ხალხს, როგორც ღმერთს, ისე მივმართავდი... 
და რა? დამცირება, შეურაცხყოფა, გაუგონარი ლანძღვა... ისევ ამ ხალხისგან... 
რატომ? რისთვის? მე ხომ სიცოცხლის ფასად ვიბრძოდი თქვენი ღირსებისთვის? ნუთუ დამივიწყეს? მე ხომ არაფერს ვითხოვდი თქვენგან? და თუ ვითხოვდი და მოვითხოვდი დაუნდობელი ბრძოლით, ეს იყო მართალი საქართველო თქვენთვის... ეს არ არის ის საქართველო!
მაპატიეთ ეს ჩემი ბოდვა... მაგრამ ალბათ ღირს დაფიქრება... ყველაზე დიდი თანამდებობა მართალ კაცობაა! ეს საზომი კი ყველას თავისი აქვს!"

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა
21 დეკემბერი, 2013 წო­ნებ­ში თა­მა­ში სა­ნა­ხა­ო­ბას გაზ­რ­დის