თბილისური ნოემბრის წიგნის დღეები
18 ნოემბერი, 2014
1849
print

ზუსტად 4 წლის შემდეგ, 2018 წლის შემოდგომაზე საქართველოს მნიშვნელოვანი დღეები ელის - ჩვენ ფრანკურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრები ვიქნებით, რაც უზარმაზარი შესაძლებლობების გარდა, დიდ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. იქამდე თითქოს დიდი დრო რჩება, თუმცა მოვლენის მასშტაბურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასზე მუშაობა უკვე დაწყებულია. პარალელურად კი საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობები მატულობს, მათ შორისაა წიგნის ახალი ფესტივალი და ბაზრობა „თბილისის წიგნის დღეები“, რომელიც 27-30 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიას“ რამდენიმე პავილიონში გაიმართება.

ეს ღონისძიება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და ბელორუსისთვის დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის გამოყოფილი გრანტის დამსახურებაა. საქართველოს გოეთეს ინსიტუტის მიერ წარდგენილი რამდენიმე პროექტიდან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწორედ „თბილისის წიგნის დღეები“ შეარჩია და 100 ათას ევროიანი დაფინანსებაც გამოყო. ამრიგად პროექტი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და საქართველოს წიგნის ხელოვნების ცენტრის ერთობლივი პროექტი გახლავთ.

„თბილისის წიგნის დღეები“ ჩვენთვის კარგად ნაცნობი თბილისის წიგნის ბაზრობისგან განსხვავებით უფრო თეორიული შინაარსისაა. მის პროგრამაში დიდი ადგილი ეთმობა მსჯელობას საგამომცემლო საქმიანობის პრობლემებზე, ვორქშოპებს, საგანმანათლებლო გამოფენებსა და სხვა აქტივობებს, ლექციებსა და დისკუსიებს ქართულ საგამომცემლო საქმიანობის მომავალზე, პერსპექტივებზე, სტრატეგიასა და მსოფლიო ბაზარზე ინტეგრაციის პროცესში მოსალოდნელ გამოწვევებზე. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული სხვა და სხვა ქვეყნებიდან მოწვეული სპეციალისტები: მსოფლიოს ყველაზე ცნობილი წიგნის ფესტივალების ხელმძღვანელები, კურატორები, გამომცემლები და ილუსტრატორები.

დისკუსიების ინიციატორია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომლის დირექტორი მედეა მეტრეველი ამბობს: „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას საგამომცემლო სექტორის განვითარების მიმართულებით პროფესიული სემინარების, კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზება წარმოადგენს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე სადისკუსიო პანელი, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტები ქართველ კოლეგებს საგამომცემლო საქმის განვითარებაში საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას გაუზიარებენ, მათთან ერთად განიხილავენ საკითხებს საქართველოს 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის თაობაზე და ახალ სტატეგიებსაც დასახავენ. მსგავსი პროექტები, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში წიგნის სექტორისადმი საზოგადოებრივი ინტერესის ზრდას, ზოგადად წიგნის პოპულარიზაციასა და წიგნის სფეროში მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოელ გამომცემლებსა და მკითხველს საშუალებას მისცემს მეტი ინფორმაცია მიიღონ ქართული წიგნის გამოცემისა და ამ სფეროში მიმდინარე ცოცხალი პროცესების შესახებ.“

„თბილისის წიგნის დღეების“ ფარგლებში რამდენიმე გამოფენაც იგეგმება. მათ შორის: მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლებისა და თანამედროვე ქართული, ირანული და უკრაინული საბავშვო ილუსტრაციების, ილუსტრირებული წიგნის საერთაშორისო, უკრაინული წიგნების, ალტერნატიული და ექსპერიმენტული წიგნების საერთაშორისო, სერიგრაფიისა და ფოტო-წიგნების გამოფენები.

პროექტის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „წიგნის ხელოვნების ცენტრის“ დამფუძნებელი ოთარ ყარალაშვილი: „თბილისის წიგნის დღეების“ საგამოფენო სეგმენტის პროგრამაში ჩასმა საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. ჩვენი ორგანიზაცია სწორედ ამ საგამომცემლო მიმართულებებზე მუშაობს: წიგნის დიზაინისა და ილუსტრაციის განვითარებაზე, წიგნის ახალგაზრდა დიზაინერებისა და ილუსტრატორების პროფესიული დონის ამაღლებასა და მათ დაკავშირებაზე ქართველ და უცხოელ გამომცემლებთან, გამომცემელთა მოტივირებაზე დიზაინისა და პოლიგრაფიის ხარისხის ასამაღლებლად, წიგნის დიზაინის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის გაღვივებასა და ქვეყანაში წიგნის ხელოვნების კრიტიკული განხილვის ტრადიციის განვითარებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე და სხვა.“

მოკლედ, თვის ბოლოს თბილისში დიდი და, პროგრამით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან საინტერესო ღონისძება იგეგმება. მიადევნეთ თვალი „24 საათს“ - პერიოდულად განახლებულ ინფორმაციასაც შემოთავაზებთ.

 

 ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...