ქეცბაია ორმოცით წავიდა
14 ნოემბერი, 2014
1627
print

გიგა გურასაშვილი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პოლონეთთან თამაშამდე, თამაშის შემდეგ ნაკრებიდან წასვლა დაანონსა. საქართველოს ნაკრები პოლონეთთან ევროშესარჩევში საკუთარ სახლში დამარცხდა. დამარცხდა 0:4.

ასეთი ანგარიშით ჩვენი უმთავრესი გუნდი აქამდე არასდროს დამარცხებულა. ქეცბაიამ მისთვის მეორმოცე სანაკრებო შეხვედრაში ესეც შეძლო.

სხვა დროს და სხვა შემთხვევაში, საქართველოსა და პოლონეთის დაპირისპირება, ალბათ, ისეთ ინტერესს არ გამოიწვევდა, როგორც ეს დღევანდელ შეხვედრამდე იყო.

ჯერ ერთი, გიბრალტარის გარდა, დღევანდლამდე D ჯგუფის თითოეულ ბინადარს, მათ შორის საქართველოს ფაქტობრივად, ევრო-2016-ის ფინალურ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი ჰქონდა. მეორე ის, რომ  თემურ ქეცბაიამ შედეგის მიუხედავად თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

პოლონეთის ჯგუფის ლიდერის რანგში გვეწვია. ნაკრების ლიდერმა რობერტ  ლევანდოვსკი საწყის წუთებში გოლით დაგვემუქრა, პოლონელთა დამრიგებელი ადამ ნავალკა კი იოლი სამი ქულის მოპოვებით.

ამის ფონზე ჩვენ თუ რამეს ვგეგმავდით რთული სათქმელი იყო, რადგან ისედაც არაჯანსაღმა სანაკრებო მდგომარეობამ და შემდგომ ქეცბაიას წასვლის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.  

მაგრამ იყო იოტის ოდენა მოლოდინიც იმისა, რომ ქეცბაია კარის გაჯახუნებას შეძლებდა, გუნდი კი დაცვიდან შემტევ ფეხბურთზე გადაერთვებოდა და მეორე ნომრიდან პირველ ნომრად წარსდგებოდა.

საქართელოს ნაკრებმა საწყისი 50 წუთი ითამაშა, იმოძრავა და რამდენიმეჯერ კარსიკენაც დაარტყა. 50 წუთი სანერვიულო საკმარისად გვქონდა. მივიღეთ გოლი და უმალ მიწაზე დავეშვით, საქართველოს ნაკრები ჩვეულ განწირულ მდგომარეობას დაუბრუნდა. ნაკრები სრულიად მოიშალა და ამის დასტურად ოთხი გოლი მიიღო. საქართველოს ნაკრები პირველ გოლამდე რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, გუნდს ჰგავდა.

ასეთი ანგარიშით ჩვენი უმთავრესი გუნდი აქამდე არასდროს დამარცხებულა. ქეცბაიასთვის მეორმოცე და ბოლო სანაკრებო შეხვედრა ამ მხრივაც გამორჩეული გამოდგა.

არადა ასეც ყოფილა: 1997 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 1998 წლის შესარჩევში პოლონეთის ნაკრებს თბილისში 3:0 მოუგო.

დღეს თემურ ქეცბაიას სურვილი იყო, ბოლო მატჩში პოლონეთის დამარცხებით ფეხბურთელებს მისთვის საჩუქარი გაეკეთებინათ. საჩუქარი არ გამოვიდა. თუმცაღა ამის მცდელობა იყო.

რეალურად ქართულ ფეხბურთში ასეთი ვითარებაა შექმნილი, ფეხბურთელებს გერმანიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და ირლანდიის დამარცხება არ უნდა მოვთხოვოთ.

თემურ ქეცბაია ნაკრებიდან უსახელოდ წავიდა.

"სამწუხაროა, რომ ასე დამთავრდა ჩემი მუშაობა საქართველოს ნაკრებში. მე, როგორც რიგითი ქართველი, საქართველოს გულშემატკივრად დავრჩები", - განაცხადა აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა.

წინ გერმანიასთან საშიანო შეხვედრაა, მერე პოლონეთთან გასვლა...

ერთი სიტყვით, ევრო-2016, ისევე როგორც სხვა ადრეული უმთავრესი ჩემპიონატები, კვლავაც საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაივლის. იქამდე კი ველოდებით ახალ მწვრთნელს. კანდიდატი ორია: ალექსანდრე ჩივაძე და ბაქოს „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე.

საქართველოპოლონეთი 0:4 (0:0)

საქართველო: გიორგი ლორია, უჩა ლობჟანიძე, სოლომონ კვირკველია, გურამ კაშია, გია გრიგალავა, აკაკი ხუბუტია, ჯაბა კანკავა (კ), ბუბა დაუშვილი, ჯანო ანანიძე (თორნიკე ოქრიაშვილი, 59), სანდრო კობახიძე (ნიკა ძალამიძე, 88), ლევან მჭედლიძე (გიორგი ჭანტურია, 68).

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

პოლონეთი: შჩესნი, იედრჟეიჩიკი, შუკალა, მილიკი, კრუშოვიაკი, ლევანდოვსკი (კ), გროსიცკი (რიბუსი, 69), გლიკი, მაჩინსკი (იედლოვიეცი, 65), მილა (ლინეტი, 87), პიშჩეკი.

მთავარი მწვრთნელი: ადამ ნავალკა.

გოლები: 0:1 გლიკი (51), 0:2 კრუშოვიაკი (71), 0:3 მილა (73), 0:4 მილიკი (90+2)

გაფრთხილება ლობჟანიძე (56), იედრჟეიჩიკი (79), იედლოვიეცი (83), ლინეტი (90+1)

მთავარი მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი