12/12 - საფორტეპიანო მუსიკის სანოტო გამოცემა
14 ნოემბერი, 2014
1673
print

 მათი რაოდენობა 24-ია. ყველა ქალბატონია - სხვა და სხვა ასაკისა და ეროვნების ქალბატონები, თუმცა ერთი საერთო საქმით - 24-ვე პროფესიულ მუსიკას ქმნის, ყველა მოქმედი კომპოზიტორია და ახლა უკვე ერთი გამოცემის ”პერსონაჟებსაც” წარმოადგენენ. ეს ქართველ და გერმანელ ქალ კომპოზიტორთა საფორტეპიანო მუსიკის სანოტო ჩანაწერების კრებულია, რომელიც ასოციაცია ”არტ სფერომ” კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა, 3 დეკემბერს კი კონსერვატორიის მცირე დარბაზში მისი პრეზენტაცია და საფორტეპიანო კონცერტი გაიმართება.

წერას პრობლემით დავიწყებთ: სანოტო გამოცემების კულტურა ჩვენთან დიდი ხნის წინ მოკვდა. უიშვიათესი გამონაკლისების გარდა არა თუ თანამედროვე, კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოებების სანოტო ჩანაწერებიც აღარ იბეჭდება, ბეთხოვენის ნოტებიც კი ბუკინისტებში უნდა მოიკითხოთ. და სწორედ ასეთ ფონზე გამოდის არა მხოლოდ ახალი, არამედ თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებების კრებული, რომელიც სრულიად უფასოა, პროფესიული განათლებისთვისაა განკუთვნილი და კონსერვატორიის დიდი დაბაზის სტუდიაში გაკეთებული აუდიო ჩანაწერებიც მოჰყვება.

იდეის ავტორი თავადაც მუსიკოსი ეკატერინე ახობაძე გახლავთ, იდეა კი შტუდგარტში მეგობარ ნესტან ბაგრატიონ-დავითაშვილთან სტუმრობისას დაებადა. ”მინდოდა, რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც ამ ორ ქვეყანას შემოქმდებითად კიდევ უფრო დააკავშირებდა. მუსიკოსი ვარ, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ეს მუსიკის საშუალებით გამეკეთებინა. საკუთარი თავიდან გამომდინარე ვიცი, რომ ქალი კომპოზიტორები სრულიად განსაკუთრებულ მუსიკას ვქმნით, ამიტომ არჩევანი მათზე შევაჩერე და პროექტზე მუშაობას შევუდექი. მადლობას ვუხდი გერმანელ კომპოზიტორებს, რომლებიც უპრობლემოდ დამთანხმდენენ თანამშრომლობაზე და საკუთარი ნაწარმოებები უსასყიდლოდ დამითმეს. ცხადია, ეს მადლობა ეკუთვნით ქართველ კომპოზიტორებსაც”, - ამბობს ეკატერინე ახობაძე.

ქართველ კომპოზიტორთა შორისაა ნათელა სვანიძე, ქალბატონი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ქმნიდა ავანგარდულ მუსიკას. გამოცემაში ასევე მოხვდა მარინა ადამიას, ეკა ჭაბაშვილის, რუსუდან მეიფარიანის, მაკა ვირსალაძის, ნესტან ბაგრატიონ-დავითაშვილის, თამარ სალუქვაძის, ნანა კობალაძის, თამარ ფუტკარაძის, ლალი საბანაძის, ნინო ჯანჯღავასა და თავად ეკა ახობაძის ნაწარმოებები. მათ და გერმანელ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს პიანისტები ნინო ჟვანია, ნინო კასრაძე, თამარ ჟვანია, ნინო მაისურაძე და ეთერ ბუხრაშვილი ასრულებენ - 3 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტზეც ისინი დაუკრავენ.

ეკატერინე ახობაძე: ”კრებულში შესული ყველა ნაწარმოების შესრულება და საკუთარ რეპერტუარში შეტანა ნებისმიერ პიანისტს შეუძლია. პრეზენტაციის პარალელურად გამოცემა ჩვენი ქვეყნის ყველა სამუსიკო სასწავლებელში გავრცელდება, გარდა ამისა, იგეგმება მისი პრეზენტაცია გერმანიაშიც და იქაური მუსიკალური სასწავლებლებისთვის გადაცემაც.”

ეკატერინე ახობაძესთან ერთად გამოცემაზე ეკა ჭაბაშვილი და ნინო ჟვანიაც მუშაობდნენ, ”არტ სფერო” კი სამომავლოდ კიდევ გეგმავს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას.

 

ია ვეკუა

 

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...