ასეთ რეაქციას არ ველოდით
07 ნოემბერი, 2014
2506
print

 ინტერვიუ ვიცე-პრემიერთან და ენერგეტიკის მინისტრთან კახი კალაძესთან

- როგორ ართმევს თავს მთავრობა თავდაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის გადადგომით შექმნილ კრიზისს?

- რა თქმა უნდა, რაც მოხდა, ძალიან ცუდია. გულდასაწყვეტია, როდესაც კოალიციიდან გასვლის გადაწყვეტილებას იღებენ ადამიანები, რომლებიც ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იბრძოდნენ იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩამოგვეშორებინა ხელისუფლებიდან. ყველას გვახსოვს, რამდენად რთული იყო ეს ბრძოლა, რა პირობებში გამოვიარეთ წინასაარჩევნო პროცესი, როგორი პრობლემები ექმნებოდათ ჩვენს მხარდამჭერებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც კოალიციაში იყვნენ. რა თქმა უნდა საწყენია მათი წასვლა, მაგრამ ტრაგედია არ არის, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრებაა.

- კოალიციაში ელოდნენ მოვლენების მსგავს განვითარებას? ამის რაიმე ნიშნები იყო მანამდე?

- არანაირი ნიშნები არ ყოფილა. ალასანიას გუნდი ამ გადაწყვეტილებამდე ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მიიყვანა, რომელიც გამოწვეული იყო პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაეკავებინათ თავდაცვის სამინისტროს მაღლჩინოსნები.

- ელოდით თავდაცვის ახლა უკვე ყოფილი მინისტრის ასეთ მძაფრ რეაქციას?

- ასეთ რეაქციას არ ველოდით. როდესაც ირაკლი მივლინებიდან ჩამოვიდა, მაშინ მას პოლიტსაბჭოზე შევხვდით და იყო საუბარი ამ თემებზე. პრემიერმა დასვა კითხვები კონკრეტულ გამოძიებასთან დაკავშირებით. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რაც ყველასთვის მთავარი და მნიშვნელოვანი იყო - გამოძიება წარიმართებოდა გამჭვირვალედ. შევთანხმდით, რომ ყველას ინტერესებში შედიოდა იმისთვის, რომ რაიმე კითხვები არ გაჩენილიყო.

იმ შეხვედრაზე აგრეთვე საუბარი შეეხო გრიფით საიდუმლოს მოხსნას. ეს მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროს უნდა გაეკეთებინა. ამის შემდეგ იყო პრემიერის შეხვედრა ფრაქციის წევრებთან, რომელსაც მე არ დავსწრებივარ. აი, ასეთი ქრონოლოგიით ვითარდებოდა მოვლენები. ამის მერე ჩვენ ვიხილეთ დამატებითი საქმეები, რომელიც პროკურატურამ წამოწია. პროკურატურა დიდი ხანია შესულია თავდაცვის სამინისტროში და აწარმოებს გამოძიებას სხვადასხვა კონკრეტულ საქმეებზე. ამას მოჰყვა ალასანიას და მისი გუნდის პოლიტიკური განცხადებები.

- თავდაპირველ განცხადებაში პარლამენტის თავჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პროკურატურას მიანიშნა და განაცხადა: "...თუ დადასტურდება, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, მაშინ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც აღნიშნული საქმე წამოიწყო... აღნიშნული საქმის შემდეგ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, შეიარაღებულ ძალებს და სამხედრო სფეროს სერიოზული ზიანი მიადგა." ეთანხმებით, რომ ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრის მნიშვნელოვანი მივლინების დროს დააკავეს მაღალჩინოსნები, არ იყო კარგი?

- პრემიერიც საუბრობდა იმაზე, რომ შეიძლება არ იყო ლამაზი, როდესაც მინისტრის ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტის დროს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, მაგრამ პროკურატურა თავის საქმეს აკეთებს და არავის აქვს უფლება, რაიმე მიუთითოს. ფორმის თვალსაზრისით, კარგი იქნებოდა მაშინ მომხდარიყო დაკავება, როდესაც მინისტრი ადგილზე იყო. ამაზე ყველა შევთანხმდით.

- თქვენც გგონიათ, რომ მთავრობიდან გავიდა "ერთი ავანტიურისტი, უჭკუო, ამბიციური მინისტრი"? ეთანხმებით პრემიერის ასეთ შეფასებას?

- შეიძლება პრემიერი გაცხარებული იყო და ამის გამო გააკეთა ასეთი მკვეთრი შეფასებები, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის გაუგებარი იყო ის ფორმა, რომლითაც, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა გადადგა თანამდებობებიდან. თუმცა, მერე გარკვეული ნაწილი ისევ დაუბრუნდა თავის საქმიანობას.

კიდევ ერთელ აღვნიშნავ - რა თქმა უნდა, ყველასთვის მტკივნეული და გულდასაწყვეტია ეს ფაქტი.

- პრემიერის დღევანდელ მკვეთრ განცხადებებს თუ გავიხსენებთ, ეს დაპირისპირება გადაიზრდება ყოფილ თანაგუნდელებს შორის პიროვნულ კონფლიქტში?

- მე ვფიქრობ, პიროვნულს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეხოთ. ცნობილია, რომ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ უნდა დაველოდოთ მის დამთავრებას, უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი და თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს.

- საქმის კურსში ხართ, რა სიურპრიზებს დაპირდა ალასანიას თანაგუნდელებს პრემიერი?

- არ ვიცი. ალბათ აჯობებს, პრემიერს კითხოთ.

- გასაგებია, რომ კოალიციაში დიდი ავტორიტეტი და გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ კითხვები გამოიწვია მისმა დასწრებამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მაშინ, როდესაც მას არ აქვს რაიმე ოფიციალური სტატუსი და მონაწილეობამ ქვეყნის მმართველი გუნდის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს მუშაობაში. აკავშირებთ ერთმანეთს ამ მოვლენას და პრეზიდენტ მარგველაშვილის ნათქვამს -

"ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან"?

- დამალული აქ არაფერია, ჩვენ ღიად ვთქვით, რომ ჩვენი მოწვევით მოვიდა...

- ყოფილ პრემიერ-მინისტრს გულისხმობთ, ალბათ...

- დიახ, ბატონ ბიძინას. ის მოვიდა შეკრებაზე ჩვენი მოწვევით, რადგან ბატონი ბიძინა გახლავთ ის, ვინც დააფუძნა კოალიცია, მის ირგვლივ შემოიკრიბა კოალიციაში შემომავალი პარტიები და დავიწყეთ ბრძოლა წინა ხელისუფლების, ნაცმოძრაობის წინააღმდეგ. მხოლოდ ამიტომ იყო მოწვეული ბატონი ბიძინა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე.

- თქვენ ესწრებოდით ამ შეხვედრას. იყო იქ კონფრონტაციული ტონალობა?

- შეხვედრა დიდი ხანი არ გაგრძელებულა, ძალიან მალე დასრულდა. არ მინდა დეტალებს შევეხო.

- შეხვედრა ასე მალე ალასანიას ინიციატივით დასრულდა, თუ ბატონი ბიძინას სურვილით?

- ეს პოლიტსაბჭოს შიდა თემებია და დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

- რა არგუმენტმა შეაცვლევინა გადაწყვეტილება 1 დღით გადამდგარ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს ჯალაღონიას და ბერუჩაშვილს პრემიერთან მოლაპარაკებების დროს?

- არ ვთლი, რომ რამე მოლაპარაკება იყო.

- შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ დავიწყებას მისცა ე.წ. შეთანხმება არაღიარებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის. გარდა ამისა, სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სომხურ პრესაში აცხადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რომ ძალიან მალე მნიშვნელოვან განცხადებებს გააკეთებენ. რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ?

- კონკრეტულად ვერ გეტყვით. თუმცა აფხაზეთის და ოსეთის საკითხი ჩვენთვის ძალიან სენსიტიურია, ეს არ არის ადვილად გადასაჭრელი პობლემა. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ რკინიგზასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ კიდევ მაშინ იყო, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და როდესაც ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდით სომხეთში. მაშინ იქნა გაჟღერებული, განიხილავდა თუ არა საქართველო სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხს. თუმცა, ამას ჭირდებოდა სერიოზული კვლევა, დამუშავება. ამ მიმართულებით ნაბიჯები წინ არ გადადგმულა. იმის მერე არანაირი საუბარი არ ყოფილა და არც არანაირი კონკრეტული შეთანხმება.

- იღებთ თუ არა მონაწილეობას ახალი მინისტრების შესარჩევ კონსულტაციებში?

- გუშინ იყო რამდენიმე კანდიდატის განხილვა, თუმცა ვერ შევჯერდით. უახლოეს დღებში ახალი მინისტრების ვინაობა გახდება ცნობილი.

- მთავრობისთვის იყო რყევა ამ საკვანძო მინისტრების მოულოდნელი გადადგომა?

- ჩვეულებრივად განვაგრძობთ მუშაობას, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და არ ვფიქრობ, რომ ეს რყევა იყო ხელისუფლებისთვის. მთავრობა, ინსტიტუციები ძლიერია, ეს ასეც უნდა იყოს და კონკრეტულ პიროვნებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტული სამინისტროები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გულდასაწყვეტია თავისუფალი დემოკრატების კოალიციიდან გასვლა.

- მმართველი გუნდი აპირებს მათთან შემდგომ თანამშრომლობას?

- ვფიქრობ, თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება იგივე საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც, რადგან ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს, ასევე ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ვმუშაობდით ერთად ამ წლების განმავლობაში. მუშაობა, რა თქმა უნდა, არ შეჩერდება, რადგან სწორედ ესაა ქართველი ხალხის არჩევანი და ჩემი დიდი თხოვნა იქნება, ამას ნუ მიითვისებს რომელიმე კონკრეტული პიროვნება ან პარტია.

maia chalaganidze
სხვა სიახლეები
22 ოქტომბერი, 2016 ნიკა რურუა: ამ ბრძოლით ხელისუფლებას საკუთარი სიბრიყვისგან და მომავალი შეცდომებისგან ვიცავთ
01 მარტი, 2016 აკადემიური წერის კულტურა, ნაფიცი მსაჯულები და გენდერული კვოტირება
18 თებერვალი, 2016 ევროპა იბრუნებს ვაჟა ფშაველას
26 იანვარი, 2016 რომან გოცირიძე: გაზპრომი პოლიტიკური იარაღია რუსეთის ხელში
11 ნოემბერი, 2015 გიგი თევზაძე: ჩვენ ახლა არა უუნარო, არამედ ანტიუნარების მქონე საზოგადოება ვართ
01 ივლისი, 2015 მთავრობა არის უუნარო, წარუმატებელი, არაეფექტური და უკვე ძალზე არაპოპულარულიც
15 მაისი, 2015 დღეს სახელმწიფო ღარიბი ხალხის სურვილებზე დგას
28 აპრილი, 2015 ”შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე დამძიმდეს მდგომარეობა”
24 აპრილი, 2015 ”თუ ტარიფი არ გაიზარდა, მომავალი ზამთარი იქნება ბნელი და ცივი”
17 აპრილი, 2015 პროკურატურის უგუნურება, რომლითაც სახელმწიფო ზარალდება