დიდი „ფეშენი“
03 ნოემბერი, 2014
1899
print

თაკო სალთხუციშვილი

მოდის დიდი კრიტიკოსი არ გახლავართ, თუმცა თბილისის მოდის კვირეულის მუდმივი სტუმარი ნამდვილად ვარ.

თბილისი მოდის კვირეული 2014 დასრულდა და მის გარშემო პრესამაც საკმარისზე მეტი იტრიალა. თუმცა. უნდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის, როდესაც Tbilisi fashion week-ზე გაკეთებულ სიუჟეტებს ან მასზე დაწერილ სტატიებს ვნახულობ, ერთსა და იმავე ამოცანას ვაწყდები და ერთი და იგივე კითხვა მიჩნდება – რატომ აშუქებთ მოდის კვირეულს ისეთ სიტყვათა წყობით, რომელთა ცოდნის აუცილებლობაც, ალბათ, მხოლოდ მოდის კრიტიკოსებს თუ აქვთ. რა უნდა ქნან ჩვეულებრივმა „მოკვდავმა“ ადამიანებმა, რომლებსაც ასევე აინტერესებთ, რას, როგორ და რატომ აკეთებენ ქართველი დიზაინერები, რა არის მათი შთაგონების წყარო, რა არის მოდური და არა „ტრენდული“?

დიდად არავის გაკრიტიკებას არ ვაპირებ ამ სტატიით, უბრალოდ მინდა დაინტერესებულებს, რომლებისთვისაც „ერთი ლუქი“ „ერთი ხელი ტანსაცმელია“, მათივე ენაზე თბილისის მოდის კვირეული 2014–ის შესახებ რამდენიმე ფაქტი მოვუყვე.

პირველ რიგში, ორგანიზატორებს მინდა მივულოცო და ვუთხრა, რომ ადგილმდებარეობებს, სადაც ჩვენებების უმრავლესობა იმართება, ყოველ ჯერზე ახალს და ძალიან კარგს გვთავაზობენ. თუმცა, ორგანიზაციულ მხარეში, რა თქმა უნდა, ბევრი ისეთი წვრილმანია, რომლებიც ადასტურებს, რომ, თუ ცოტა მაინც გაზრდა გვინდა, უნდა მოვაგვაროთ.

მაგალითად, წელს პირადად მყავდა სტუმარი ბელარუსიიდან, რომლისთვისაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ფაქტი – „ბარში სასმელი მაღალი მოდის კვირეულზე პლასტმასის ჭიქებში იყიდება“... სტუმრების უმრავლესობაზე ერთი თვალის გადავლებით შეამჩნევდით გარდერობიდან, მათი აზრით, საუკეთესო ტანსაცმელი რომ შეერჩიათ მოდის კვირეულზე ჩასაცმელად და ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდნენ ამ ერთჯერადი ჭიქებით ხელში. საინტერესოა, ორგანიზატორებს იმის შიში ჰქონდათ, რომ ვინმეს არ ეჩხუბა ნასვამზე და ჭიქა არ გადაემტვრია ვიღაცის თავზე, თუ უბრალოდ ჭიქები ვერ იშოვეს.

ეს კიდევ არაფერი, დიდი მოდის კვირეულზე შესვენების დროს მაღალ ქუსლებზე პლასტმასის ჭიქებით ხელში „პუფიკებზე“ წამომსხდარი ხალხი რემბოს დაკრულ 2000 წლის პაპსას რომ უსმენდა (უნდოდათ ეს თუ არა), აი, მაგის ნახვა კი ნამდვილად ღირდა. მათ შორის ვიყავი მეც...

ყველა ხარვეზის მიუხედავად, აუცილებლად უნდა დავუფასოთ ორგანიზატორებს ის შრომა, რასაც ისინი თბილისის მოდის კვირეულის არსებობისთვის სჩადიან. დიდი დაფინანსებით და ბევრი სპონსორით განებივრებული არ არიან და მაინც საკმაოდ დასამახსოვრებელ შოუებს გვჩუქნიან.

შოუზე გამახსენდა და უდიდესი პატივისცემით მინდა გავიხსენო დიზაინერი გიორგი შაღაშვილი, რომლის ჩვენებასაც ყველა ყოველთვის განსაკუთრებულად ელის და რომელმაც მართლაც ძალიან ლამაზი, განსხვავებული, მხიარული და დახვეწილი კოლექცია შემოგვთავაზა. უფრო მეტი დეტალებისთვის შეგიძლიათ სიუჟეტებს გადახედოთ, საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს მას ჟურნალისტებმა და სრულიად დამსახურებულად.

ასევე მინდა მადლობით გამოვეხმაურო დიზაინერ გიორგი ქებურიას, რომელმაც თავისი კოლექციით ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტა - მოდელები ჩვენებაზე თვალახვეულები გამოიყვანა... დასაფასებელია! მის კოლექციებს კი ყოველთვის ყველა დადებითად აფასებდა და არც ამჯერად მოაკლდა მის შემოქმედებას ქება. ქებურიაზე გამახსენდა დათუნა სულიკაშილიც, რომელიც წლევანდელ Tbilisi fashion week–ს მხოლოდ სტუმრის სტატუსით ესწრებოდა. ქებურიას ჩვენებაზე დათუნა გვერდით მეჯდა და მესმოდა, როგორ აქებდა კოლექციას. ამას კი იმიტომ აღვნიშნავ, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დიზაინერები ერთმანეთს მხოლოდ ინტერვიუებში აქებდნენ, ამის იქით კი მიწასთან ასწორებდნენ.

დათუნა სულიკაშვილმა წელს მოდის კვირეულზე კოლექცია არ გამოიტანა. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი კაცმა არ იცის, რაც მოწმობს იმას, რომ დათუნას და „ფეშენ ვიკს“ კონფლიქტი მოუვიდათ. წინასწარ ბევრის წერას რა აზრი აქვს მაშინ, როდესაც სულ მალე დათუნას ჩვენებას სხვაგან ვნახავთ და ამ კონფლიქტზე ლაქლაქსაც მალე დაიწყებენ.

კინაღამ დამავიწყდა – მოდის კვირეული Anouki-ს ჩვენებით გაიხსნა და რა კომენტარებიც მის კოლექციაზე დამამახსოვრდა, იყო – „რა კარგი ვენიუა“ ანუ რა კარგ ადგილას გააკეთა ანუკიმ ჩვენება. რაც შეეხება კოლექციას, დაწუნებული არც ის გახლდათ - დარბაზში კამერების გარეშე მოსაუბრეებს თუ ყურს დაუგდებდით, მიხვდებოდით, რომ ფეშენის მაზერებს მართლაც მოეწონათ ეს უკანასკნელი.

ჰო, რაც შეეხება დახურვის ჩვენებას... თბილისის რიგით მეათე მოდის კვირეული ავთო ცქვიტინიძის ჩვენებით დასრულდა, რომელზეც მხოლოდ მოწვეული სტუმრები იყვნენ-თქო რომ გითხრათ, ცოტა სასაცილოც იქნება, რადგან ძალიანაც რომ გდომოდათ, განსაკუთრებული მოწვევის გარეშე იმ მანძილზე არ წახვიდოდით, სადაც ჩვენება იმართებოდა. “შატო მუხრანი” ის ლოკაცია აღმოჩნდა, სადაც დიზაინერს თავისი კოლექციის წარმოდგენა უნდოდა. ადგილი ნამდვილად არაჩვეულებრივად გაფორმებული იყო. სტუმრები კიდევ უფრო გაფორმებულები მოვიდნენ და ჩვენებაც ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენების დაწყებამდე ბევრჯერ შემომესმა ავთოს ნერვიული ყვირილი ბექსთეიჯიდან, ანუ იქიდან, საიდანაც მოდელები გამოდიოდნენ. შატოში არსებული გამყინვარებისა და ალბათ ბევრი ლოდინის გამო, როგორც გავიგ,ე ორი უცხოელი ბაიერი (ადამიანი, რომელიც კოლექციის პოტენციური მყიდველია), ანუ, დამეთანხმებით, ფულის და წარმატების ორი მოსიარულე შანსი, წასულა. მიუხედავად ავთანდილის ნერვიულობისა, მოდის კვირეული მაინც დაიხურა და შეფასებებსაც ადგილზე მოვკარი ყური. ზოგი ამბობდა რომ „ის როგორც ყოველთვის პირველია საქართველოში“, მათზე მაგარი ტიპები ამბობდნენ რომ „მეტს ელოდნენ ავთოსგან“, სხვები კი „იმაზე დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე უნდა ჰქონდეს“.

მოკლედ მეგობრებო, თბილისის მოდის კვირეული ყოველთვის ის ადგილია, სადაც უნდა ჩანდე (გინდა ეს თუ არა), სადაც ყველას უნდა გაუღიმო (გინდა ეს თუ არა), ყველა აქო–ადიდო (გინდა ეს თუ არა) და სადაც ასი ყური უნდა გქონდეს, რომ კარგად ნასიამოვნები წამოხვიდე. შოუბიზნესის ბევრ ჭორს გაიგებთ, ერთმენეთის ლანძღვის ახალ ფორმებზეც გაიცინებთ და ამ ყველაფრის პარალელურად ქართველი დიზაინერების მართლაც ძალიან ლამაზ კოლექციებსაც ნახავთ.

საამაყოა ის ფაქტი, რომ ამ პატარა ქვეყანაში ამდენი ნიჭიერი დიზაინერია და საწყენია ის, რომ, მათი ფასების გამო, თავისივე ქვეყანაში არც ისე ბევრი მომხმარებელი ჰყავთ. არ იქნება ცუდ,ი ცოტა უფრო ფართო და დაბალფასიან ხაზებსაც თუ შესთავაზებენ მოქალაქეებს. მეტის ტანზე იქნება ქართული ბრენდის წარწერა...

და ბოლოს, ერთადერთი, რაც შეიძლება მხოლოდ მე, მაგრამ მაინც, არ მესმის, რატომ გამოჰყავთ ეს გოგონები „პოკემონის“ სახეებით. შეიძლება რომელიმე კონკრეტული დიზაინერის კონკრეტულ კოლექციას სჭირდება ეს უკმაყოფილო, უბედური, იდეაში მკაცრი გამომეტყველება, მაგრამ ყველას?... მაგალითად, დიზაინერი ლადო ბოკუჩავა, რომელიც ამბობს, რომ მისი კოლექციის კონცეფცია არის „ბუნება, როგორც ფუფუნების საგანი“, ვერ დავიჯერებ ფიქრობდეს, რომ მის სამოსს უბედური სახეებით გამოსული მოდელები უკეთ წარმოადგენენ, ვიდრე ბუნებრივი სახეებით გამოსული ლამაზი გოგონები. ახლა ალბათ მოდის კრიტიკოსები, დიდი მცოდნეები და ფეშენის მშობლები იტყვიან, „ამ გოგოს რა ესმის მოდის, რეებს წერსო“, მაგრამ თავიდანვე ხომ გაგაფრთხილეთ, ამას თქვენთვის, მცოდნეებისთვის არ ვწერთქო. აი, ემოციის და სილამაზის აღქმა კი ნამდვილად შემიძლია და მერწმუნეთ, არც ისე კარგად გამოიყურებიან ქართველი მოდელი გოგონები პოდიუმზე. „ვიქტორიას ანგელოზები“ გააკეთეთქო არ ვამბობ, მაგრამ ზოგიერთ კოლექციას ჩვენებისას მეტი სილაღე არ აწყენდა.

ყველა დიზაინერზე ცალ-ცალკე მოყოლას აღარ ვაპირებ. ამაზე, ბოლო კვირის მანძილზე ჟურნალისტთა მთელი არმია წერდა და სიუჟეტებს აკეთEბდა და, სურვილის შემთხვევაში, დეტალურ ინფოებს „ტრენდების და ლუქების“ შესახებ მათგან მოისმენთ.

ბედნიერ დღეს გისურვებთ...

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი