თბილისის მე-17 დასრულდა
28 ოქტომბერი, 2014
1371
print

რიგით მე-17 თბილისის საერთაშორისო ჯაზფესტივალი უკვე ისტორიაა - არა მხოლოდ ჩვენი ჯაზფესტივალების, არამედ ქვეყნისაც, რადგან საქართველოს სტუმრების სიას რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავის სახელი მიემატა. მათ შორის იყვნენ ქართველი მუსიკოსებიც, მაგალითად ბექა გოჩიაშვილი, რომელმაც უკვე მერამდენედ შეძლო მრავლისმნახველი ქართველი მსმენელის გაოცება, აღფრთოვანება და ყველაზე ზარმაცების ფეხზე წამოყენებაც კი.

ეს ჯაზფესტივალის ბოლო კონცერტზე მოხდა, 27 ოქტომბერს, როდესაც ფესტივალის აფიშაში ლეგენდარული სტენლი კლარკის ბენდის კონცერტი იყო დაანონსებული. ყველამ იცოდა, რომ ამ დღეს ფესტივალის საუკეთესო კონცერტი ელოდა, მაგრამ მოსმენილმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა - უბრალოდ, გაიხსენეთ ყველა აღმატებული სიტყვა და სტენლი კლარკს გაურითმეთ.

ბასისტმა თბილისში კიდევ სამი მუსიკოსი ჩამოიყვანა: უკვე ნახსენები ბექა გოჩიაშვილი, პიანისტი კამერონ გრეივზი და დრამერი მაიკლ მიტჩელი. ეს უკანასკნელი ბენდის კიდევ ერთი „არანორმალური“ წევრი აღმოჩნდა, რომელსაც კონცერტის მსვლელობისას არა ერთხელ ჰქონდა კლარკი-გოჩიაშვილის დუეტის ჩრდილში მოქცევის მცდელობა. მისი სოლოები სწორედ ის ფონი აღმოჩნდა, რომელიც კლარკისა და გოჩიაშვილის მიერ მოწოდებულ მუსიკალურ ნიაღვარს დროებით ანეიტრალებდა, თუმცა მხოლოდ დროებით - კონცერტის მთავარი გმირები სწორედ ისინი იყვნენ.

სტენლი კლარკმა არა ერთხელ აღნიშნა, რომ ბექა მსოფლიოში საქართველოს საუკეთესო ელჩია და ასეცაა, 17 წლისაა, თუმცა უკვე გააჩნია ბევრი მუსიკოსისთვის შესაშური ბიოგრაფია, რასაც საუკეთესო ჯაზშემსრულებლებთან მუშაობისას დაგროვილი გამოცდილებაც ემატება. სხვანაირად ალბათ ვერც ლეგენდების გვერდით დგომას მოახერხებდა და ვერც გია ყანჩელი „ჰერიო ბიჭებოს!“ სრულიად გამაოგნებლი ინტერპრეტაციის შესრულებას შეძლებდა.

მანამდე კი ფესტივალმა 7 კონცერტს უმასპინძლა. მათ შორის იყო ისრაელის საელჩოს ორგანიზებით ჩამოსული შესანიშნავი ანატ კოენი და მისი ბენდი. უკანასკნელი წლების საუკეთესო კლარნეტისტად აღიარებული ქალბატონის მუსიკა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა, თუმცა მის შემდეგ სცენაზე გამოსმულმა ჯორჯ მელიმ (იგივე გიორგი მელიქიშვილმა) ყველაფერი თავდაყირა დააყენა და დრამის სოლოების მთელი ბუკეტი შემოგვთავაზა.

საოცარი ოყო გიორგი მიქაძესთან შეწყვილებული დევიდ ფუზინსკის საღამოც. ჯაზის, ფანკისა და სხვა მონათესავე ჟანრების მიქსმა სცენიდან უეცრად გადმოხეთქა, გადმოიღვარა და მთელ დარბაზში გაიფანტა. თუმცა ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა - მალე მუსიკოსებს ანსამბლი „ბასიანი“ შეუერთდა და ფუზინსკი და კომპანია სულ სხვა ნოტებზე გადაერთო.

შესანიშნავი აღმოჩნდა ენდი შეპარდის ბრისტოლური ბენდის საღამო - წყნარი, კლასიკური, ჯენტლმენური, როგორიც მხოლოდ ბრიტანელბის ჯაზი შეიძლება იყოს, რასაც ვერ ვიტყვით ვიბროფონისტ როი ეიერსისა და ბენდის კონცერტზე - აქ ან უნდა გეცეკვა და ბოლომდე გაგიჟებულიყავი, ან სასწრაფოდ დაგეტოვებინა ტერიტორია! არავინ წასულა...

თბილისის მე-17 ჯაზფესტივალი დასრულდა, თუმცა თავად ჯაზი არ გვემშვიდობება. „ისტერნ პრომოუშენი“ და თიბისი ბანკი მომავალი წლის თებერვლიდან ტრადიციულ ჯაზსერიებს წარმოგიდგენთ: 15 თებერვალს კენი გარეტის ბენდი, 27 მარტს უოლას რუნის ჯგუფი, 18 აპრილს ჯეფ ლორბერი, ხოლო 21 მაისს კრისტიან მაკბრაიდის ტრიო.

ია ვეკუა

გიგა გურასაშვილის ფოტოები 

ia vekua
სხვა სიახლეები
18 აგვისტო, 2015 თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამა და სხვა დეტალები
13 აგვისტო, 2015 საუკეთესო ქალების ოცეული
28 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალი - ფანკის მეფიდან სნუპიმდე
10 ივლისი, 2015 კარგი მუსიკა უფრო კარგი მოხალისეებისთვის
07 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალის ვარსკვლავები ფესტივალის მოლოდინში
10 ივნისი, 2015 Kazantip-ის ალტერნატივა Befooz და Befooz-ის ალტერნატივა GEM Fest
04 ივნისი, 2015 კავკასიური ჯაზი
29 მაისი, 2015 რატომ ვიქეცით შვედებად
15 მაისი, 2015 ბიბი კინგი გარდაიცვალა
11 მაისი, 2015 „მანჰეტენ ტრანსფერი“ მაისის ფესტივალს გახსნის