თბილისის ჯაზფესტივალი გაიხსნა
24 ოქტომბერი, 2014
1260
print

 შორეულ 1978 წელს დაარსებული თბილისის საერთაშორისო ჯაზფესტივალი გუშინ კიდევ ერთხელ გაიხსნა - უკვე მე-17-ედ. „ისტერნ პრომოუშენის“ მიერ ორგანიზებული ფესტივალი, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების სტატუსს, ტრადიცულად ვრცელ და მრავალფეროვან პროგრამას გვთავაზობს. წლევანდელი ფესტივალი იმითაც გამორჩეულია, რომ მუსიკალური ნაწილის გარდა ორი გამოფენაც ახლავს.

მხატვარ დავით მჭედლიშვილის გამოფენას სახელწოდებით All That Jazz თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიე მასპინძლობს, მისი დათვალიერება კი კონცერტის დაწყებამდე ან კონცერტებს შორის შესვენებაზე შეგიძლიათ, ეროვნულ გალერეაში კი ფრანგი ფოტოგრაფის, კრისტიან როზეს უნიკალური ნამუშევრები გელით. კრისტიან როზე ჯაზმუსიკოსებს 60-იანი წლებიდან უღებს, მის ობიექტივში კი მხოლოდ ვარსკვლავები ხვდებიან. საინტერესოა, რომ კრისტიან როზე ამჟამად აქ იმყოფება, ჯაზფესტივალის კონცერტებს ესწრება და საკუთარ კოლექციას თბილისის სტუმარი მუსიკოსების პორტრეტებსაც ამატებს.

ჯაზფესტივალი ამერიკელმა გიტარისტმა ალ დი მეოლამ და მისმა ბენდმა გახსნა. მუსიკოსმა თბილისში თავისი ერთ-ერთი ბოლო პროექტი Beatles & more ჩამოიტანა. More ადრეც მოგვისმენია, მაგრამ Beatles-მა მართლაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

ამ ჯგუფის კომპოზიციები ზეპირად ვიცით, ყველაზე უსმენოსაც შეუძლია უშეცდომოდ წაიღიღინოს, „ბიტლზის“ სიმღერების უამრავი ქოვერი არსებობს, მაგრამ ალ დი მეოლამ ამ სამყაროს სულ სხვა კარი გაგვიხსნა. ექსპერიმენტი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, მით უფრო, რომ კონცერტის მეორე ნაწილში გიტარისტის, პერკუსიონისტისა და პიანისტის ტრიოს სიმებიანი კვარტეტიც შეუერთდა და სცენიდან ნამდვილი სასწაული გადმოიღვარა.

ეს ჯაზფესტივალის პირველი დღის მხოლოდ დასაწყისი იყო. მცირე შესვენების შემდეგ სცენაზე მიშელ კამილოს ტრიო გამოვიდა და ყველაფერი, რაც აქამდე თბილისის ან ბათუმის ჯაზფესტივალების ფარგლებში მოგვისმენია, თავდაყირა დააყენა. დომინიკის რესპუბლიკელი მიშელ კამილო ჩვენს მსმენელს, პირველ რიგში, ფორტეპიანოზე დაკვრის საოცარი ტექნიკით დაამახსოვრდება, მისი თითების სისწრაფე კი აშკარად სცილდება ადამიანის შესაძლებლობებზე აქამდე არსებულ წარმოდგენას.

თბილისის საერთაშორისო ჯაზფესტივალი დღეს გრძელდება. ამჯერად მსმენელი ანატ კოენისა და ჯორჯ მელის (იგივე გიორგი მელიქიშვილი) კვარტეტებს მოუსმენს, ხვალ კი დევიდ ფიუზინსკის ბენდთან გვიწევს შეხვედრა.

ჯაზფესტივალს ტრადიციულად საქართველოს კულტურის სამინისტრო და თიბისი სტატუსი წარმოადგენს, ეს უკანასკნელი კი მომხმარებელს კვლავ სთავაზობს საჩუქარს: TBC Platinum-ის, TBC PrimeCard-ისა და TBC Status-ის მფლობელებისთვის ექსკლუზიური ფასი მოქმედებს (15-20%-იანი ფასდაკლება), თუმცა შეღავათი მხოლოდ სალაროში შეძენილ ბილეთებზე ვრცელდება. ბილეთების ფასები და სხვა დეტალები იხილეთ ვებგვერდზე tbilisijazz.com.

ია ვეკუა

გიგა გურასაშვილის ფოტოები 

ia vekua
სხვა სიახლეები
18 აგვისტო, 2015 თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამა და სხვა დეტალები
13 აგვისტო, 2015 საუკეთესო ქალების ოცეული
28 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალი - ფანკის მეფიდან სნუპიმდე
10 ივლისი, 2015 კარგი მუსიკა უფრო კარგი მოხალისეებისთვის
07 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალის ვარსკვლავები ფესტივალის მოლოდინში
10 ივნისი, 2015 Kazantip-ის ალტერნატივა Befooz და Befooz-ის ალტერნატივა GEM Fest
04 ივნისი, 2015 კავკასიური ჯაზი
29 მაისი, 2015 რატომ ვიქეცით შვედებად
15 მაისი, 2015 ბიბი კინგი გარდაიცვალა
11 მაისი, 2015 „მანჰეტენ ტრანსფერი“ მაისის ფესტივალს გახსნის