ბრმა მკვლელებისა და ჩეიზებისა
21 ოქტომბერი, 2014
1636
print

867 გვერდი, ათობით გმირი, რამდენიმე ისტორია და ერთი ფინალი - ასეთია მარგარეტ ეტვუდის „ბრმა მკვლელის“ არითმეტიკა. კიდევ ერთი ციფრი - „ბრმა მკვლელი“ „დიოგენეს“ ბიბლიოთეკის“ სერიის 22-ე წიგნია, მაგრამ არა უკანასკნელი, რადგან გამომცემლობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერია ნელ-ნელა ახალი თარგმანებით ივსება. „ბრმა მკვლელის“ ავტორი, ბუკერის პრემიის ლაურეატი მარგარეტ ეტვუდი კანადელია ანუ წარმოადგენს იმ ქვეყნის ლიტერატურას, რომელსაც ჩვენთან ნაკლებად იცნობენ, ამრიგად „დიოგენეს“ მიერ გამოცემული წიგნი ამ თეთრი ლაქის შევსების კარგი საშუალებაცაა.

„ბრმა მკვლელი“ დაუზარელი, ერთგული, უბრალოდ კარგი მკითხველის წიგნია. ამავდროულად, ეს არის წიგნი დეტექტივის, ფანტასტიკის, ისტორიული ტექსტებისა და კომიქსების მოყვარულთათვისაც. როგორც თავიდან გითხარით, რომანი რამდენიმე ისტორიას აერთიანებს, ყველა განსხვავებულ ჟანრშია გაშლილი და ლიტერატურული ენებიც განსხვავებულია, რაც კითხვის პროცესს უფრო კომფორტულს ხდის: თუ ზიკრონელების ამბავი ოპიუმვით გათრობს, ჩეიზების ისტორია უფრო მყარ ზედაპირზე გატარებს.

ნაწარმოების ერთ-ერთი საუკეთესო მხარე უდავოდ მარგარეტ ეტვუდის თხრობის სტილია, რომელიც მაშინაც კი არ გაწუხებს, როდესაც ავტორი ერთი ლოკაციის აღწერას სამ გვერდს უთმობს. ზოგადად აღწერები „ბრმა მკვლელის“ ერთ-ერთი მახასიათებელია. ეტვუდი დეტალურად ხატავს ოთახებს, მთელ შენობებს, ქუჩებს, აქ მყოფ ადამიანებს, მათ ხასიათს, სუნებს, შეგრძნებებს, რაც, საბოლოოდ, მკითხველის გონებაში კინემატოგრაფულ გამოსახულებად იქცევა.

წაკითხულის ვიზუალიზაცია განსაკუთრებით მაშინაა საინტერესო, როდესაც „ბრმა მკვლელში“ ბრმა მკვლელების ამბავს ვისმენთ. ეს რომანის ფანტასტიკური ნაწილია, გამოგონილ სამყაროში გამოგონილი ამბავი, იძულებითი ასასინების უსინათლო ისტორია, რომელსაც ერთი უსახელო მამაკაცი ასევე უსახელო ქალს უყვება - სწორედ ეს გახლავთ ქალთან ურთიერთობისთვის მის მიერ გადახდილი საფასური.

ეს ზიკრონის ისტორიაა, ხრიოკი პლანეტისა რამდენიმე მზითა და მთვარით. აქ ხუთი სხვა და სხვა ტომი ცხოვრობს, მათ შორის ისინიც, ვინც დაბადებიდან დაბრმავებისთვის, შემდეგ კი მკვლელებად ქცევისთვის არიან განწირული, მაგრამ ზოგს გაცილებით დიდი მისია ელის.

თუმცა „ბრმა მკვლელი“ მაინც უფრო ჩეიზების ოჯახის საგაა, თითქმის მთელ საუკუნეზე გადაჭიმული ისტორიაა, რომელშიც რამდენიმე თაობა და ეპოქაა მოქცეული. ნაწარმოები სიკვდილით იწყება და სიკვდილია მისი მთავარი გმირიც, რომლის სიაშიც პირველ ნომრად ახლა უკვე ნაწარმოების მთავარი გმირის, აირის ჩეიზის სახელი წერია. თუმცა აირისმა ჯერ საკუთარი ოჯახის შესახებ უნდა გვიამბოს, ხოლო მთავარი გმირის ადგილი ზოგჯერ უმცროს დას დაუთმოს.

თამარ ჯაფარიძე, მთარგმნელი: „ბრმა მკვლელი“ რამდენიმე ჟანრს და ლიტერატურულ სტილს აერთიანებს, აქვს სახასიათო თხრობის მანერა, ამრიგად ჩემთვის, როგორც მთარგმნელისთვის, ძალიან საინტერესო სამუშაო აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, ასევე მომხიბლავი იქნება მკითხველისთვისაც. რომანი პოსტმოდერნულ ლიტერატურას განეკუთვნება და მე მას უფრო დეტექტივად განვიხილავდი, რადგან მთელი ტექსტის განმავლობაში ვერ ახერხებ საბოლოო დასკვნის გაკეთებას, საიდუმლოს ამოხსნას, ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევას. ცხადია, დეტექტივის ყველაზე გემრიელი ლუკმა ფინალია და ასეა აქაც - ფინალში ყველაფერს ფარდა ეხდება და მკითხველი საკმოად მოულოდნელი დასასრულის მოწმე ხდება“.

როგორც გითხარით, მარგარეტ ეტვუდი კანადელია. 1939 წელს ოტავაში დაიბადა, თუმცა მამის პროფესიის გამო ოჯახი წლების განმავლობაში კანადის მიყრუებულ ადგილებში ცხოვრობდა, რაც, მოგვიანებით, მის შემოქმედებაშიც აისახა. პირველი წიგნი, პოეტური კრებული, 60-იანების დასაწყისში გამოსცა, დეკადის ბოლოს კი კრიტიკის მიერ დადებითად მიღებული რომანი „იოლი ქალი“ გამოვიდა. 1985 წელს მარგარეტ ეტვუდმა თავისი ყველაზე ცნობილი რომანი, „მოსამსახურის დღიური“ გამოსცა, რომელიც მალე იქცა მსოფლიო ბესტსელერად, 1999 წელს კი ამავე მსოფლიომ „ბრმა მკვლელი“ მიიღო, რისთვისაც ავტორი ბუკერის პრემიითაც დააჯილდოეს.

აქვე შეგახსენებთ „დიოგენეს“ ბიბლიოთეკის სერიით გამოცემულ სხვა წიგნებსაც: ბოჰუმილ ჰრაბალის „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“, სემუელ ბეკეტის „მოლოი“, რადიარდ კიპლინგის „კიმი“, ჯონ ბენვილის „ზღვა“, გ. კ. ჩესტერტონის „მოთხრობები მამა ბრაუნზე“, რომენ გარის „თეთრი ძაღლი“, ჯულიან ბარნსის „ფლობერის თუთიყუში“, პიტერ კერის „ძარცვა“, ჯონ ფაულზის „კოლექციონერი“, პოლ ოსტერის „მისნის ღამე“, პოლ ოსტერისა და ჯ. მ. კუტზეეს „აქ და ახლა“, ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბი“, ედით უორტონის „უმანკოების ხანა“, უილიამ ფოლკნერის „დროშები მტვერში“, პ. გ. ვუდჰაუსის „დაიკიდე, ჯივზ!“, ორჰან ფამუქის „სტამბოლი“, უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის „რა სწამს მას, ვისაც არ სწამს“, ჯონ მაქსველ კუტზეეს „სირცხვილი“, ჯეკ კერუაკის „გზაზე“, მილან კუნდერას „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ და ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკი“.

 

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული