გზა
12 ოქტომბერი, 2014
1497
print

საუბარი რომან გოცირიძესთან

თქვენი ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონებები...

ძნელია გამოყო მოგონებები სიმძაფრის ხარისხის მიხედვით. ალბათ ის, რაც სკოლის ასაკში ეწვევა ხოლმე ყველას - პირველი სიყვარული. სამი მეგობარი ვიყავით, მეზობლები. პირველ სექტემბერს როცა სკოლაში მივედით, გადავწყვიტეთ, ვინმე შეგვეყვარებინა. გაგონილი გვქონდა უფროსი ბიჭებისაგან, რომ ასეა საჭირო. პირველმა მე ავირჩიე ერთი გოგონა. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ბაბთა ეკეთა. შემდეგ მეორემ, მერე - მესამემ. 8 წლის შემდეგ გავიგე, რომ თურმე მთელი ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთ მეგობარს ჰყვარებია ჩემი არჩეული. რადგან დასწრებაზე იყო, რა უნდა ექნა. გვეგონა, ვინც აირჩია, ის უყვარდა, არადა, იტანჯებოდა თურმე კაცი. ასე, რომ თავდაპირველი „ერთი ნახვით შეყვარება“ მერე ნამდვილში გადაიზარდა თანმდევი განცდებითურთ. როგორც ხდება ხოლმე, არც ერთი „ჰეფი ენდით“ არ დამთავრებულა.

რამ მოახდინა გავლენა თქვენს შეხედულებებზე ბავშვობის პერიოდში?

რაც თავი მახსოვს. მუდამ ლიბერალური შეხედულებების ვიყავი, ოღონდ ამ სიტყვის მნიშვნელობა გვიან გავიგე.

რატომაა, რომ ერთი ადამიანი რასისტია, მეორე - არა, ერთი ნაციონალისტია, მეორე - კოსმოპოლიტი? ერთი მორწმუნეა, მეორე - ათეისტი, ერთი სოციალისტია, მეორე - კონსერვატორი და ასე შემდეგ.უამრავი კონტრასტული მაგალითის მოტანა შეიძლება. ეს ფილოსოფიის საკითხია (ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას - თუ პირიქით). ამის ამოხსნას შეალიეს თავიანთი ცხოვრება მსოფლიო აზრის გიგანტებმა. მე უფრო მარტივ და ნაკლებად მეცნიერულ რამდენიმე "ფაქტორზე" მინდა გითხრათ, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. ესენია: როკ-მუსიკა, რადიოსადგურები "ამერკის ხმა", „თავისუფალი ევროპა“ და "თავისუფლება", ფეხბურთი, წიგნები ( ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, ანუ იმ ეპოქაში);ნახევრად იატაკქვეშა ფილმებმა და ნათელი გონების ადამიანების ლექციებმა უნივერსიტეტში ( თაზო ბუაჩიძე, ზურაბ კაკაბაძე, ნიკო ჭავჭავაძე, ზურაბ კიკნაძე და სხვა) - სტუდენტობის პერიოდში. აკაკი ბაქრაძე და მერაბ მამარდაშვილი უფრო გვიან გამოჩნდნენ, როცა უკვე "ფორმირებული" ვიყავი. თუმცა, ბევრი ალბათ მათაც შეიტანდა თავის სიაში.

განსაკუთრებულია მძიმე როკის როლი. ამ ტიპის მელომანთა წრე ძალიან განსხვავდებოდა სხვა მეგობრებისგან. ჩემი უმცროსი ძმა ე. წ. „რადიოხულიგანი“ იყო. გადასცემდა მუსიკას რადიომიმღებზე მიმაგრებული კუსტარული აპარატურით 15-20 კილომეტრის რადიუსში (აფხაზეთში, გალის რაიონში ვცხოვრობდით და ზუგდიდში და ოჩამჩირეში საუბრობდა „კოლეგებთან“ ღია ეთერში). მერვე კლასში იყო, რომ დაგვადგა თავზე პოლიცია და ჩამოგვართვა მოწყობილობა და რადიოც. თურმე, თვითმფრინავების მოძრაობას უშლიდა ხელს. გახარებული ვიყავით, რომ „დაგვინდეს“. ასეთი ლეგენდა დადიოდა, თუ გამოგიჭირეს, ყველაფერს ჩამოგართმევენ ოჯახში, რაშიც დენი გადისო: ტელევიზორს, მაცივარს, უთოს...

მთელი ბავშვობა 25 კილოგრამიანი ბაბინებიანი საბჭოთა „იაუზას“ მაგნიტოფონთან ერთად გავატარე. ღამეებს ვათენებდი „გულაგის არქიპელაგის“ მოსასმენად! მოკლედ, ბურჟუაზიული მავნე პროპაგანდის მსხვერპლი ვარ და ეტყობა ამანაც განაპირობა ჩემი მომავალი.

სტუდენტობა...

ოოო! ეს მძიმე ისტორიაა! სკოლის დამთავრების შემდეგ მინდოდა ფილოსოფიურზე ჩამებარებინა. იმ დროს ამ ფაკულტეტზე რომ მოხვედრილიყავი, თითქმის ყველა საგანში უმაღლესი შეფასება უნდა მიგეღო. ვინაიდან რაიონში ძნელი იყო უცხო ენის ხარისხიანად შესწავლა, გადავწყვიტე არ გამერისკა და სხვაგან ჩამებარებინა. ამით „ჯავშანს“ მივიღებდი და ჯარიდან გავთავისუფლდებოდი, შემდეგ კი მშვიდად მოვემზადებოდი მომავალი წლისათვის. ასეც მოვიქეცი.

ჩავაბარე ეკონომიკურზე, სამიოდე თვე ვიარე ლექციებზე, შემდეგ გამოვიტანე საბუთები და შევედი ფასიან მოსამზადებელ საღამოს კურსებზე. სოლოლაკში იყო ერთ-ერთი სკოლის შენობაში. სხვათა შორის, იქ დამიმეგობრდა ერთი უსაყვარლესი ბიჭი, პოეტობდა. ხომ გაგიგონიათ, გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველიდან - „ანა-მარია ქალი იყო, მაგრამ შველს ჰგავდაო“, ასე იტყოდით ამ ბიჭზე -„ ლაშა ბიჭი კი იყო, მაგრამ ხბოს ჰგავდაო“. ჩემი მეგობარი გოგოგონა შეუყვარდა, პოეტესა და მიკითხავდა მისთვის მიძღვნილ ლექსებს ცრემლიანი თვალებით. მასწავლე, როგორ შემიყვაროსო. გავიდა მრავალი წელი და ეს ხბოსთვალება ბიჭი გადაიქცა „მონსტრად“. რა ვიცი, ზოგს ასეთად მიაჩნია „ასავალ-დასავლის“ რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი. ისე, მის მუზას ანა-მარია ერქვა! ფეისბუკაქტივისტია ახლა. რომ წაიკითხავს, მოკვდება სიცილით.

მოკლედ, მაისში სამხედრო კომისარიატიდან შეტყობინება მივიღე. საბჭოთა ჯარში მიწვევდნენ, რადგან ჯავშანი გამიუქმეს. არ გამოვცხადდი, რადგან მისაღები გამოცდები კარს იყო მომდგარი. კვლავ დილემის წინაშე აღმოვჩნდი. არ იყო საკმარისი ჩემი ინგლისური. ავდექი და ისევ ეკონომიკურზე ჩავაბარე ჯარში გაწვევის შიშით.

პირველ სექტემბერს ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი ნათელა მესხი ჩვენს ჯგუფში რომ შემოვიდა, მიცნო და სტუდენტებს უთხრა: ეს ბიჭი მთლად ნორმალური არ გეგონოთ, აი, ნახავთ, ორიოდე თვეში თუ არ მიგატოვათო. ახდა ქალბატონი ნათელას სიტყვები, მაგრამ სულ სხვა მიზეზით.

რადგან მაისში თავი ავარიდე გაწვევას, როგორც „დეზერტირს“ არ მომცეს ახალი ჯავშანი და უკვე როგორც ორგზის ნასტუდენტარს თავი მიკრეს შორეულ აღმოსავლეთში, ვლადივოსტოკის სიახლოვეს.

მანამდე მე და მამაჩემმა, რომელიც ომის მონაწილე იყო, თხოვნით მივმართეთ საქართველოს სამხედრო კომისარს, რომ ჩემთვის სწავლის გაგრძელების საშუალება მოეცა. მან საკმაოდ უკმეხად გვითხრა, რომ მადლობელი უნდა ვიყოთ, ჯარში კი არა, ციხეში რომ არ გაგზავნიო.

დაახლოებით ოცი წლის შემდეგ, როდესაც ვიცე-პრემიერი გავხდი, მთავრობის სხომაზე ხშირად მიხდებოდა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალ შარაშენიძესთან. არც მისთვის და არც სხვებისთვის არ მითქვამს, რომ ეს კაცი სწორედ ის კომისარი იყო, რომელმაც საბრალო სტუდენტს ჩინეთის საზღვარზე მიკრა თავი.

ერთ რამეში კი ნამდვილად „ვემადლიერები“ გენერალ შარაშენიძეს. ჯარიდან დაბრუნებულს არავითარი სურვილი აღარ მქონდა გავმხდარიყავი ფილოსოფოსი და პატიოსნად შევუდექი ეკონომიკის შესწავლას. ჯარიდან დაბრუნებული უკვე მესამედ აღმოვჩნდი ეკონომიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე.

და როგორი იყო „ეკონომისტური“სტუდენტობა?

წარმატებული. გავხდი ლენინური სტიპენდიანტი, ანუ თითქმის იმდენი შემოსავალი მქონდა, რამდენიც საბჭოთა ინჟინერს, მერე ასპირანტურა, შემდეგ დოცენტი ვიყავი და ლექციებს ვკითხულობდი უნივერსიტეტში, მერე ეროვნულმა მოძრაობამ გაიღვიძა და დაიწყო პოლიტიკური კარიერა, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდა.

რატომ გადაწყვიტეთ მეცნიერმა ადამიანმა, რომელიც უნივერსიტეტში ლექტორიც იყო, პოლიტიკაში წასვლა...

პერესტროიკის პერიოდი იყო. მას შემდეგ, რაც ცოტა თავისუფლება მიეცა პრესას, დავიწყე ეკონომიკური სტატიების გამოქვეყნება. უფრო პუბლიცისტური ხასიათის, ადვილად გასაგები ენით. ორჯერ ხსნიდნენ არჩილ გოგელიას გაზეთის რედაქტორობიდან ამ სტატიების გამო.

მაშინ საბაზრო ეკონომიკის ცნება სალანძღავ ( სახიფათო) სიტყვად აღიქმებოდა და ე.წ. არაფორმალების ლექსიკაში თუ გამოიყენებოდა. მერე გაჩნდა არასახელმწიფო ჟურნალ-გაზეთებიც. ნელ-ნელა ოფიციალურმა პერიოდიკამ და ტელევიზიამაც იწყო კარების გაღება განსხვავებული აზრისადმი. ეს ადვილად არ მომხდარა. ეროვნული მოძრაობის ზეწოლამ და საბჭოთა იმპერიის დასუსტებამ გაუხსნა გზა ახალ ტალღას. ბევრი რამ შემძინა იმ პერიოდში მედიასთან ურთიერთობამ ( წლის საუკეთესო პუბლიცისტიც კი გავხდი და დღესაც ვინახავ ჟურნალისტთა კავშირის იმ სიგელს).

მერე ტელევიზიაში და რადიოშიც გაიხსნა სარკმელი. “პერესტროიკა“ ახალი გამოცხადებული იყო. ტელევიზიაში, ჩემს ერთ-ერთ პირველ გადაცემაში, უნდა მესაუბრა კოოპერატივების შესახებ. რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავდი. მაშინ პირდაპირი ეთერი არ არსებობდა, ყველაფერი წინასწარ იწერებოდა (“საღამო მშვიდობისა“ და „ალიონი“ ცოტა გვიან გაჩნდა). ჩაწერის შემდეგ პირველი არხის საზღვარგარეთის ქვეყნების დეპარტამენტის რედაქტორს, შამილ ჭიაბერაშვილს დაურეკა ტელევიზიის მაშინდელმა თავმჯდომარემ არჩილ გოგელიამ და ჰკითხა:“ რა ხდება ,” მიქავობააო“ (გვარი მკვეთრად შეცვლილია გასაგები მიზეზების გამო). კი, მაგრამ, მთლად “ მიქავობა“ არ არისო, უპასუხა შამილმა. ვერაფერი გავიგე. მეგონა, რაღაც სპეციფიკური სატელევიზიო ტერმინებით საუბრობდნენ. როცა დავმეგობრდით, გამომიტყდნენ, ეს ჩვენი დაშიფრული სიტყვაა, რაც ნიშნავს ეკონომისტის მიერ ტერმინებით გადატვირთულ საუბარს, რომელსაც მაყურებლის 99 პროცენტი და თვით ეკონომისტების ნახევარიც კი ვერ გაიგებსო.

შამილმა მითხრა: სცადე, რასაც ლაპარაკობ ან წერ, გადმოსცე ყოველგვარი ტერმინის გარეშე ან სადაც შეგიძლია, მაქსიმალურად შეზღუდო იგიო. აი, ამბობ ინფლაციაო. ამას ხომ ორ კაცზე მეტი ვერ გაიგებსო (ალბათ გაგეცინათ, ასეთი ცნება მაშინდელ ცხოვრებაში არ არსებობდა). თქვი, ფასების მატება, რითია უარესიო. “ტერმინებით უცოდინარობის შენიღბვა ხდებაო,“ - უყვარდა ხოლმე თქმა. მთელი ცხოვრება გამყვა ცხონებული შამილის რჩევები და დიდი მადლიერი ვარ მისი. ხან ვახერხებ ამას, ხან ვერა.

მერე ჩავები ე. წ. არაფორმალურ მოძრაობაში. ჩამოყალიბდა კავკასიური კლუბი, რუსთაველის საზოგადოება, სახალხო ფრონტი. ყველგან ვიყავი ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე. პარალელურად იქმნებოდა ეროვნული მოძრაობის რადიკალური ფრთა. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა დაპირისპირებები იყო იმ პერიოდში სხვადასხვა ჯგუფებს შორის... რადიკალური ნაწილი არ აღიარებდა ბრძოლის საპარლამენტო გზას და მონაწილეობას და ე.წ. საჭოთა ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში.

ჩემმა ერთმა საქციელმა ალბათ მომიჭრა ყველა უკანდასახევი გზა. როგორც თითქმის ყველა, ვისაც სამეცნიერო კარიერა უნდოდა, კომუნისტური პარტიის წევრი უნდა გამხდარიყავი. არც მე ვიყავი გამონაკლისი. მაშინ კაკო ბაქრაძემ გადადგა იმ პერიოდისათვის გაუგონარი ნაბიჯი: ჩააბარა პარტბილეთი და გავიდა პარტიიდან. საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ძლიერი იყო და იმ პერიოდში თვით ბატონი აკაკის პროგნოზით, მისი დაშლა 15-20 წლის შემდეგ თუ იყო მოსალოდნელი (მაშინ იგი საკაშირო უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო). ძალიან დიდი ზემოქმედების მქონე იყო ეს საქციელი. ჰო და, ავდექით და მე და პარმენ მარგველაშვილმა ერთდროულად (ერთმანეთთან შეუთანხმებლად) ჩავაბარეთ პარტბილეთები უნივერსიტეტში. ეს იყო შოკი მათთვის. ეს იყო 9 აპრილამდე კარგა ხნით ადრე. ფაქტობრივად, ეს ნიშნავდა სამუდამო თუ არა, მრავალწლიანი რეპრესიისთვის შეგუებას. 9 აპრილის მერე, ამან მასობრივი ხასიათი მიიღო და არც გამოიყურებოდა უკვე სარისკოდ. მოკლედ, ეროვნულმა მოძრაობამ განსაზღვრა ჩემი შემდგომი ბედი.

როგორ დაიწყო თქვენი კარიერული წინსვლა. ჯერ უზენაეს საბჭოში იყავით, ამის შემდეგ, თუ არ ვცდები, სამი მოწვევის დეპუტატი იყავით პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოადგილეც და შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც, 2007 წლამდე... ამის შემდეგ თქვენზე არ მსმენია...

დიახ, ასე იყო. შევარდნაძის ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო, მრავალი წელი ვიყავი ოპოზიციაში. ვარდების რევოლუციამდე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ვიყავი. ძალიან ძლიერი ანალიტიკური სამსახური შევქმენით მაშინ. პარალელურად,თბილისის საკრებულოშიც ვიყავი, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა ადგილობრივ არჩევნებში და შეიქმნა პლაცდარმი ქვეყნის მასშტაბით გასამარჯვებლად. მერე თითქმის მთელი საკრებულო გადავიდა პარლამენტში და უკვე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ვხელმძღვანელობდი. მერე ეროვნული ბანკი. იქ სერიოზული ინტერესთა ბრძოლის ეპიცენტრში მოვექეცი, ერთის მხრივ, და ცხვირს არ ვაყოფინენდი ჩემს საქმეებში - მეორე მხრივ. არასდროს ყოფილა ეროვნული ბანკი ისე დამოუკიდებელი, როგორ იმ პერიოდში. რეიტინგში მაჩანჩალა ორგანიზაცია მეოთხე გახდა საერთაშორისო გამოკითხვებით ეკლესიის, პატრულის და ჯარის შემდეგ და ნომერ პირველი ერთ წელიწადში რეიტინგის ზრდის მაჩვენებლით. უამრავი რეფორმა ჩატარდა. რას იზამ, არ იყო ჩემი სურვილი იქიდან წამოსვლა, მაგრამ არც მუდმივ კონფრონტაციაში ყოფნა იქნებოდა სწორი, პირველ რიგში ნოღაიდელის მთავრობასთან. როცა ნოღაიდელს ვუთხარი, ნუ აყეფებ შენს ლეკვებს პარლამენტში, თორემ ცუდად დაამთავრებ-მეთქი, ასე მიპასუხა, მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი ვარ და მანამ ვიქნები ამ პოსტზე, სანამ ხოში მექნებაო. ზუსტად ერთ თვეში მოხსნეს. უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მასპინძლობდა. რეგიონში იყვნენ ერთად. ის კაცი აეროპორტში იყო, როცა ისე მოხსნეს მასპინძელი, რომ გაფრენაც არ აცალეს. აქ მარტო ნოღაიდელში არ იყო საქმე. ერთმა ძალიან გავლენიანმა პირმა მითხრა ჩემი სხვა სამსახურში გადაყვანამდე ერთი კვირით ადრე: „ გვირჩევნია უშენოდ ეროვნული ბანკი დასუსტდეს, ვიდრე ზედმეტად დამოუკიდებელი იყოო. გუნდურ თამაშში არ მონაწილეობო“. არა უშავს, ნათქვამია, ყველაფერი გაძლიერებს, რაც არ გკლავსო. როგორც ხედავთ, ვცოცხლობ. არაფერია სჯობია თავისუფლების მაღალ ხარისხს!

ეროვნული ბანკიდან წამოსვლის შემდეგ საჯარო სფეროდან გაქრით. რატომ?

ვიყავი პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, ანუ ჩვეულებრივი ჩინოვნიკი, რომელსაც ძალზე შეზღუდული აქვს ავტონომიურობა. ძნელია ერთმანეთისგან გამიჯნო მრჩევლის საკუთარი შეხედულება და პრეზიდენტის ოფიციალური პოზიცია. ბევრი რამ არ მომწონდა. მელაპარაკა მხოლოდ იმაზე, რაც კარგია (არადა, უამრავი რამ კარგი იყო) და არაფერი მეთქვა ცუდზე, ვერ გავაკეთებდი. ცუდის საჯაროდ თქმა პრეზიდენტის მრჩევლის მიერ, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, თუ პოლიტიკურ დემარშს არ აპირებ.

საინტერესოა, როგორ ცხოვრობთ, რას საქმიანობთ...

დავუბრუნდი სამეცნიერო-ანალიტიკურ საქმიანობას. თანამოაზრეებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, „ეკონომიკური განვითარების ცენტრი“, რომლის ხელმძღვანელიც ვარ. ვკითხულობ ლექციებს შავი ზღვის უნივერსიტეტში. დავუბრუნდი ისეთ მნიშვნელოვან საქმეს, როგორიცაა მედიასთან ურთიერთობა. არასდროს დავიზარებ, ჟურნალისტს დავუთმო დრო, ვასწავლო თუნდაც. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დიდი სკოლა იყო მათთვის, რადგან უამრავ მასალას ვაძლევდთ და ყოველდღიურ კონტაქტში ვიყავით.

მიუხედავად უამრავი ხარვეზისა და ხშირ შემთხვევაში, ადამიანებისადმი დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და შეურაცხყოფებისა, ქართული მედია არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სფერო დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველოში. რომ არა თქვენ, ჩინოვნიკების თავგასულობას არ ექნებოდა საზღვარი. როგორც ყველას, მეც მწყინს ტენდენციური კრიტიკა, თუმცა ეს არასდროს ყოფილა ჟურნალისტზე გაბუტვის ან განაწყენების საბაბი.

ვინ არიან თქვენი მეგობრები?

ასეთი გამოთქმაა, არ მახსოვს, მგონო მარქსს ეკუთვნის: „ მუშას არა აქვს სამშობლო“! საქართველოში პოლიტიკოსებს არა ჰყავთ მეგობრები. მათი მეგობრობა იწყება ერთი პარტიის ფარგლებში და მთავრდება მაშინ, როცა ბარიკადის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან. ესაა რაღაცნაირი „ სამეგობრო მობილობის სისტემა“. რამდენი ადამიანი ვიცი, განსაკუთრებით, წინა ხელისუფლებაში, როცა ლამის ყოველი მეორე ნათელ-მირონობით იყო ერთმანეთთან დაკავშირებული და მერე ერთმანეთის დაჭერებში გაატარეს მრავალი წელი. ამით იმის თქმა კი არ მინდა, შვილის დამნაშავე ნათლულს აპატიო, არამედ არ არის სწორი სამეგობრო და სანათესაო ურთიერთობის აგება ერთი პოლიტიკური გუნდის წევრობის ნიშნიდან გამომდინარე. ცხოვრებამ აჩვენა, რომ ეს ყველაზე არასტაბილური კავშირია.

რაც შეეხება ჩემს მეგობრებს, თანაკურსელები იქნებიან ისინი თუ ცხოვრების სხვა ეტაპზე შეძენილები, მათზე ცხოვრების კატაკლიზმები გავლენას ვერ ახდენს. პოლიტიკური ნიშნით ზოგი დამიკარგავს კიდეც. ამჟამად ბევრი მეგობარი მყავს როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს, სამწუხაროდ, უმეტესობა „გაყინულ“ მდგომარეობაში. მე მათ დღემდე მეგობრებად ვთვლი და მიხარია მათი წარმატებები და განვიცდი წარუმატებლობას.

ერთი პრინციპი მქონდა ყოველთვის: არ ვყოფილიყავი დაკავშირებული ნათელ-მირონობით პოლიტიკურ მეგობრებთან. უხერხულობაშიც ჩავვარდნილვარ. არ ვნანობ.

რა შეცდომა გაქვთ დაშვებული ცხოვრებაში, რომელსაც არ გაიმეორებდით?

ძნელია ამაზე პასუხის გაცემა. ალბათ, უამრავი არაარსებითი მნიშვნელობის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ბევრი ვიფიქრე და ვერ გამოვუტყდი ჩემს თავს, რომ ვაღიარო რაიმე სტრატეგიული ხასიათის შეცდომის დაშვების შესახებ..

აღტაცებაში რას მოჰყავხართ?

ყოველდღიურ წვრილმანებს - ცხოველებს, კარგ ფილმს, კარგ ფეხბურთს. პატარა ბავშვებს, განსაკუთრებით სკოლამდელებს.

თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობის შესახებ - როგორ გაიცანით, როგორ დაითანხმეთ, რომ ცოლად გამოგყოლოდათ (ან იქნებ, მან დაგითანხმათ). საინტერესო მოგონენები. ერთი სიტყვით, სიყვარულის ამბავი.

მაშინ გავიცანი, როცა საჯარო ლექციები იყო მოდაში. მამარდაშვილის ლექციაზე. სულ ჩემს სასიდედროსთან ერთად დადიოდნენ თურმე. კინოს სახლიდან გამოვიდნენ. ზამთარი იყო. პოპულარული ვიყავი პრესით, ტელევიზიითა და ეროვნული მოძრაობიდან. უბრალოდ, შევეცოდეთ, გარეთ რომ ვიყინებოდი. მანანას მანქანა ჰყავდა, ნივა. პირველი არხის ჟურნალისტიც იდგა იქვე, ერთი ბიჭი. მოვიდა და მითხრა, გთხოვენ რომ იმ მანქანასთან მიხვიდეთო. მივედი, რას ვხედავ, ლამაზი და ასე შემდეგ... წაგიყვანთ სახლშიო. როგორ გეკადრებათ, არ შეგაწუხებთ, მელოდებიან-მეთქი. არ ვიცოდი სად ცხოვრობდნენ. გზას ხომ არ გავუმრუდებდი. თურმე იმათ სცოდნიათ, რომ ერთი გზა გვქონდა, საბურთალოსკენ.

რამდენიმე დღეში ჯერ მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდი, მერე კიდევ სადღაც. მოკლედ გადაება. ხომ გახსოვთ, ზემოთ რომ მოგიყევით, ფილოსოფოსობა მინდოდა მეთქი. ასე ვუთხარი, ძალიან ხშირად ვხვდებით და ეს მგონი არაა შემთხვევითობა. ეს კანონზომიერებაა-მეთქი ( არადა, ბედი და მისთანები რა მოსატანი იყო თუნდაც არშემდგარი ფილოსოფოსისაგან). არა, შემთხვევითობააო. „ ბევჯერ განმეორებადი შემთხვევითობას, კანონზომიერება ეწოდება-მეთქი“. აქ კი გაახსენდა, ალბათ, მამარდაშვილის ლექციები... აბა?!

როცა ვიქორწინეთ, ასეთივე კითხვა დაუსვეს მანანას: რითი მოგხიბლა რომანმაო. ზუსტად ასე უპასუხა:“კომპლიმენტებით. ასე მეუბნებოდა, ჩემს გემოვნებას არ შეესაბამები, ქალი უნდა იყოს ლამაზი და სულელი, შენ კი, სამწუხაროდ, ლამაზი და ჭკვიანი ხარო.. .მეტი რა უნდა ქალს!“

არის თუ არა ეკონომისტის მეუღლე ეკონომიური?

რომ მცოდნოდა რომ?... თუმცა უკვე გვიანაა. აი სულ ბოლო მგალითი მისი ეკონომიკური განსწავლულობიდან: სახლში ერთი არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი კატა გვყავს. გიჟდება მეუღლე მასზე. ზაფხულში კომფორტული კუთხე მოუწყო აივანზე გასასეირნებლად. ჰოდა,დასდევს შემოპარულ ბუზებს, კალიებს, ჩიტებს. შემოჯდება ვიწრო მოაჯირზე და გადადის ყირაზე. მეუღლე შიშისგან განცდებშია, რომ არ გადმოვარდეს მეხუთე სართულიდან.

გამოგვიცხადა,ზაფხულის პერიოდში ფრჩხილებს არ დავაჭრი, კარგად რომ ჩამოეკიდოს მოაჯირზეო. მოკლედ,ჯერ ფარდები დაგლიჯა, მერე სკამები, ახლა სავარძლებზე ილესავს ფრჩხილებს. ლამისაა,ზამთარი ვინატრო! ვითვლი ეკონომიკურ ზარალს. „ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფიაო“. “აბა, ხომ გსიამოვნებს როცა გეფერებაო“, „ჩვენ ვალდებულები ვართ მათ წინაშე, ვისაც მოვიშინაურებთო“, „მე კი არა, ეკზიუპერმა თქვაო“. მიდი და ეკამათე. იმ წუთას გაიხსენებს, ფილოსოფოსებს რომ უსმენდა.. ისე,ჩემზე რომ იყოს, მაგ კატას ხვალვე მივაბრძანებდი!

თქვენს სახელს უკავშირდება კუპონის შემოღება,ლარიც თქვენი დამზადებული ყოფილა. რატომ არასდროს გითქვამთ ეს?

კუპონის შემოღებას უკავშირებენო თქვით, მაგრამ რატომ არ ამბობენ, ვინ შექმნა ლარი? იმიტომ, რომ ამაზე სხვა ლეგენდები შექმნეს. ლარს ათი მამა გამოუჩნდა. სინამდვილეში სახელი ეკუთვნის ლევან ღვინჯილიას, ხოლო გამზადებული ლარი, რომლის შექმნასაც მე ვკურირებდი, დავუტოვე ჩემს შემდგომებს. მხოლოდ ღილაკზე ხელის დაჭერა იყო საჭირო დასაბეჭდად. ჩაიხედეთ საფულეში და დააკვირდით, რა აწერია ხურდა ფულს? 1993 წელი, ანუ დამზადდა ლარისა და შესაბამისად, თეთრების ბრუნვაში გაშვებამდე ერთი წლით ადრე. ლარი ცოტა მოგვიანებით დაიბეჭდა, ისე რომ წერტილ-მძიმეც არ შეცლილა, ფინანსთა მინისტრისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერების გარდა. რა თქმა უნდა, ეს ტექნიკური მხარეა, ხოლო ფულის რეფორმა და ბრუნვაში მისი გაშვება სულ სხვაა, მაგრამ საქართველოში უყვართ სხვისი საქმეების და იდეების მითვისება. იგივე ლევან ღვინჯილიას არავინ ახსენებს და სხვას მიაწერენ ლარის სახელის ავტორობას.

რაც შეეხება კუპონის შემოღებას, ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა; რუსეთმა სამანეთო ზონიდან გამოგვაგდო და ჩვენი კუთვნილი თანხებიც (მიმდინარე თანხები, რაც ანგარიშზე ჰქონდა საქართველოს, იგივე რუსეთის ცენტრალურ ბანკებში, იგივე საპენსიო თანხა, მოსახლეობის ანაბრების თანხა, იგივე დაზღვევის თანხა და ა.შ.), რომელიც რამდენიმე მილიარდს შეადგენდა, უბრალოდ, არ მოგვცა და ქვეყანა ყოველგვარი ფულის გარეშე, მათ შორის ნაღდი ფულის ნიშნის გარეშე დარჩა.

შევარდნაძემ დამიბარა და მითხრა: წადი მოსკოვში, იქ შენი კოლეგაა, შოხინი, რომელიც ამ საკითხებს კურირებს. მე რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩემს სისტემაში უმუშავნია რაღაც რიგით თანამდებობაზე და საიდან მემახსოვრებოდაო, მაგრამ სპეციალურად გაიყვანე ცალკე ოთახში და უთხარი, შევარდნაძემ დიდი მოკითხვა შემოგითვალა და თქვა, ჯერ კიდევ მაშინ ეტყობოდა, თუ რა დიდ სიმაღლეებს მიაღწევდაო. მერე თხოვე, ელცინს დაურეკოს და ჩვენი გასაჭირი მოუყვესო. მეც ასე მოვიქეცი. გაგიჟდა კაცი. ჩემს თვალწინ დაურეკა ელცინს. მერე მითხრა, სამწუხაროდ, ფულს ვერ გაგატანთ. როგორც კი ჩახვალთ, ამბროსოვიჩმა თვითონ დაურეკოსო. საღამოს, ტრადიციულ ვახშამზე, ხმალ-ხანჯლიან-ყანწებიანი სუვენირების ჩამორიგებისა და შეზარხოშების შემდეგ, წამოცდა თუ გამომიტყდა -სანამ სოხუმში, გუმისთაზე, თავაცვის მინისტრი გრაჩოვი ჯარებს არ ჩააყენებს თქვენსა და აფხაზებს შორის, ფულზე არც იოცნებოთო. როცა დავბრუნდი და ყველაფერი მოვუყევი, შევარდნაძემ თქვა - არა, მე ელცინს არ დავურეკავ, დავბეჭდოთ ჩვენი ფულიო. მერე იყო რაც იყო, მათ შორის აფხაზეთის დაკარგვა.

ეროვნულმა ბანკმა როცა კუპონი შემოიღო, რადგან იმ პერიოდში მე ვიყავი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური რეფორმების დარგში, ეს ჩემს სახელს დაუკავშირდა. რა თქმა უნდა, სავალუტო სფეროს ეროვნული ბანკი განაგებდა და არა მთავრობა, მაგრამ ბუნებრივია, ამ პერიოდში ბანკისა და მთავრობის პასუხისმგებლობა არ იყო გამიჯნული.

კუპონი იყო პირველი ქართული ფული, ფარატინა ქაღალდი, რომლის უკანაც არ იდგა არც ერთი თეთრი სავალუტო რეზერვი, რომელმაც თავის მხრებზე გადაიტანა ომი და და რომელიც გაანადგურა მაშინდელმა დრომ და ქართულმა ელიტარულმა საზოგადოებამ.

იმ პერიოდში საქართველო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წევრი უნდა გამხდარიყო, ხოლო გაწევრიანების პროცედურების დასაწყებად საჭირო იყო თითო-თითო მილიონი დოლარის შეტანა. საქართველოს ეს 2 მლნ დოლარი არ გააჩნდა, ის ჰოლანდიის მთავრობამ გვასესხა და რამდენიმე წლის მერე ჩამოგვაწერა, ანუ გვაჩუქა. ლარის შემოღებამდე სავალუტო ფონდმა 27 მლნ დოლარის სესხი მოგვცა და ასეთი მცირე მოცულობის თანხა (100-ჯერ ნაკლები, ვიდრე ჩვენი დღევანდელი რეზერვებია) საკმარისი არ აღმოჩნდა კუპონის სტაბილიზაციისთვის. მთელი ერთი წლის განმავლობაში 1 დოლარი 1,3 მლნ-ის ფარგლებში იყო. ამის მერე ახალი ფული, ლარი შემოვიდა.

ვიცე-პრემიერობიდან თქვენი გადადგომაც ამ ისტორიას უკავშირდება, არა?

ფაქტობრივად, მთავრობაში, შევარდნაძის გუნდში, ძირითადი ბერკეტები შევარდნაძის დროინდელ კომუნისტებს ჰქონდათ და უარი ვთქვი შევარდნაძის გუნდში ყოფნაზე იმის გამო, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელსაც მაშინდელი ეროვნული ბანკი აწარმოებდა, საქართველოსთვის დამღუპველი იყო. მთავრობის გადადგომამდე კუპონი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, ჩემი იქიდან წამოსვლის შემდეგ კი, სამ თვეში დაიწყო კატასტროფული ვარდნა და ერთმა დოლარმა მილიონ კუპონს მიაღწია.შევარდნაძე დიდი დიპლომატი იყო და იდეალურად ამყარებდა ურთიერთობებს ადამიანებთან. ხვალ რომ დასაღუპად ჰყოლოდი განწირული, წინა დღეს ისე მოგექცეოდა, თითქოს შენზე ძვირფასი ადამიანი მეორე არ ყოფილიყო დედამიწაზე. ცდილობდა არავინ გაენაწყენებინა. მას შემდეგ, რაც მოხდა ახალი მთავრობის ფორმირება, რომელშიაც მე არ აღმოვჩნდი და არც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი (უკვე მანამდე ვიყავით დაპირისპირებული შევარდნაძესთან, ვინაიდან მისი ხელშეწყობით ხდებოდა ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა), დამიბარა და ჩვეული იუმორით მითხრა: ჭორი მომიტანეს, თურმე ცოლი მოგყავსო. რა გინდათ ამ გაყინულ თბილისში, წადი ელჩად თურქეთშიო. სხვათა შორის, თანსუ ჩილერმა იცის უკვე ამის შესახებ. ამით ვაგრძნობინე, რეფორმატორ ვიცე-პრემიერს გიგზავნითო. იქვე მოადგილეც დამინიშნა, რომელიც მერე ელჩი გახდა. მოვიფიქრებ-მეთქი. რამდენიმე დღეში დავურეკე მდივანს და უარი შევუთვალე. თორმეტი წლის შემდეგ, ამერიკის საელჩოში მიღებაზე, როცა უკვე გადამდგარი იყო და ორიოდე კაცი თუ იდგა მის სიახლოვეს, გამეხუმრა - არ გერჩია, დიპლომატიურ კარიერას გაჰყოლოდი მაშინო. თურქეთი არ უხსენებია.

სხვა სიახლეები
22 ოქტომბერი, 2016 ნიკა რურუა: ამ ბრძოლით ხელისუფლებას საკუთარი სიბრიყვისგან და მომავალი შეცდომებისგან ვიცავთ
01 მარტი, 2016 აკადემიური წერის კულტურა, ნაფიცი მსაჯულები და გენდერული კვოტირება
18 თებერვალი, 2016 ევროპა იბრუნებს ვაჟა ფშაველას
26 იანვარი, 2016 რომან გოცირიძე: გაზპრომი პოლიტიკური იარაღია რუსეთის ხელში
11 ნოემბერი, 2015 გიგი თევზაძე: ჩვენ ახლა არა უუნარო, არამედ ანტიუნარების მქონე საზოგადოება ვართ
01 ივლისი, 2015 მთავრობა არის უუნარო, წარუმატებელი, არაეფექტური და უკვე ძალზე არაპოპულარულიც
15 მაისი, 2015 დღეს სახელმწიფო ღარიბი ხალხის სურვილებზე დგას
28 აპრილი, 2015 ”შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე დამძიმდეს მდგომარეობა”
24 აპრილი, 2015 ”თუ ტარიფი არ გაიზარდა, მომავალი ზამთარი იქნება ბნელი და ცივი”
17 აპრილი, 2015 პროკურატურის უგუნურება, რომლითაც სახელმწიფო ზარალდება