ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
02 ოქტომბერი, 2014
1751
print

გიგა გურასაშვილი

კოალიცია ”ქართული ოცნების” ხელისუფლების სათავეში მოსვლის ორი წლის თავზე წინააღმდეგობებით სავსე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ მის მიერვე უთავკაცებოდ დარჩენილ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებს ახალი მწვრთნელები დაუნიშნა.

“თავისუფალებს” ნუგზარ სხირელი წარუძღვება, ”კალისკოსებს” კი მიხეილ სალაძე.

გამოვლინდა მათი სამწვრთნელო შტაბებიც. სხირელის გადაწყვეტილებით, თავისუფალთა” სამწვრთნელო შტაბში და შესაბამისად მის გუნდში იქნებიან სოსო ბზარაშვილი, ვლადიმერ რეხვიაშვილი და ოთარ თუშიშვილი, ხოლო ბერძენ-რომაელებს სალაძის მეთვალყურებოთ საკუთარ წილ გამოცდილებას მოახმარენ თეიმურაზ აფხაზავა, სოსო ბერიშვილი და ოთარ ტატიშვილი.

ისიც ვთქვათ, რომ სამწვრთნელო შტაბები თავად მთავარმა მწვრთნელებმა დააკომპლექტეს, კურტანიძე ამაში არ ჩარეულა. ეგაა, ოფიციალურად არც სხირელისა და სალაძის კანდიდატურები წარუდგენია განსახილველად პრეზიდიუმის ან მრჩეველთა საბჭოსადმი.

სხვათა შორის, დაახლოებით ათი დღის წინ, როდესაც საჭიდაო სამყაროს ერთი ნაწილი ლუკა კურტანიძეს გადადგომას მისთვის კვერცხების სროლითა და კარის აჭედვით გამოხატავდა, ჭიდაობის სამეთვალყურეო საბჭოს ფორსმაჟორულ ვითარებაში შეკრება აიძულა. საბჭოსვე თავმჯდომარე რომან რურუამ მაშინ განაცხადა, რომ ყველა მოვლენას გააკონტროლებდნენ და ანგარიშს წარმოდგენდნენ: ”ფედერაციის საქმიანობის შესწავლა გადავწყვიტეთ. კერძოდ ის თუ რა ხდებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. შემდეგ გამოვაქვეყნებთ დასკვნას. მე არ ვემორჩილები ლუკა კურტანიძეს, მას დაავალეს, რომ არაფერი მოიმოქმედოს სამეთვალყურეო საბჭოს გარეშე”.

ფაქტი სახეზეა, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მწვრთნელები სხვათა დაუკითხავად წარადგინა და დანიშნა კიდეც.

მაგრამ არის ერთიც: ირკვევა, რომ დებულებით, ფედერაციის პრეზიდენტს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს, რასაც ედავება კიდეც საჭიდაო სამყარო. 

როგორც არ უნდა იყოს, ერთპიროვნულად თუ სხვათა დაუკითხავად გადაწყვეტილება მიღებულია, რაც დიდი ალბათობით ფედერაციის პრეზიდენტისადმი უკმაყოფილების ტალღას უფრო ააგორებს, სამეთვალყურეო საბჭოსა და კურტანიძეს შორის კი უფსკრულს გაზრდის, რადგან აზრი ეკარგება საბჭოს მიერ შექმნილი კრიზისული ვითარების განხილვას და იმავე საბჭოს მიერ 24 ნოემბრისთვის დაანონსებულ სხდომას, რომელსაც სწორედ მწვრთნელთა შეცვლაზე უნდა ემსჯელა.

როგორც არ უნდა იყოს, ლუკა კურტანიძემ სააგენტო "პირველის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, რომლის შესახებაც რატომღაც სპორტული მედიისთვის არავის არაფერი არ უცნობებია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან მიღებული წერილი გაახმოვანა, რომელშიც პირდაპირაა მოთხოვნილი შეჩერებული საწვრთნელი პროცესის სასწრაფოდ განახლების მიზნით ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებში ცვლილებების განხორციელება.

"სპორტის სამინისტრო ყველა პირობას გვიქმნის, რომ ჭიდაობის გარდა არაფერზე ვიფიქროთ. როდესაც საწვრთნელი პროცესი შეჩერდა, სრულიად სამართლიანი დავალება მივიღეთ. ჭიდაობის ფედერაცია სამინისტროს პოზიციას სრულიად იზიარებს და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მივიღეთ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთანაც გავიარეთ კონსულტაციები და მწვრთნელების ის კანდიდატურები, რომლებიც შევარჩიეთ, მათაც მოიწონეს.

უკვე მზადაა კონტრაქტები, რომელთა მიხედვითაც, ახალი მწვრთნელები ნაკრებებში 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე იმუშავებენ”, – განაცხადა კურტანიძემ.

ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან  კონსულტაციები გაიარეს, მაგრამ საპირისპიროს აცხადებს სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი რომან რურუა. ყოველ შემთხვევაში, მისი განცხადებიდან უნდა ვივარაუდოთ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა, რადგან კურტანიძის გადაწვეტილება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. რომან რურუა ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში სამეთვალყურეო საბჭოს მონაწილეობა არ მიუღია და მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება მისთვისაც მოულოდნელი იყო.

აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ საგანგებოდ ამ საკითხის განსახილველად ფედერაციის არც ერთი სტრუქტურა (პრეზიდიუმი, სამეთვალყურეო საბჭო) არ შეკრებილა. ასე რომ, თუ კონსულტაციები მართლაც შედგა, მას აქედანვე შეგვიძლია არაოფიციალური სტატუსი მივანიჭოთ.

რაც შეეხებათ უშუალოდ ახლადდანიშნულ მწვრთნელებს, ისინი სამოქმედო გეგმას უახლოეს პერიოდში გაახმოვანებენ. ერთი რამ კი აქედანვეა ცნობილი - ნუგზარ სხირელის სურვილია, რომ ის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებამდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნოს, რადგან რიო-2016-ის შემდეგ თანამდებობიდან წასვლა ისედაც განუზრახავს - მისი სამომავლო გეგმები გორში მშენებარე საჭიდაო დარბაზს უკავშირდება.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა
21 დეკემბერი, 2013 წო­ნებ­ში თა­მა­ში სა­ნა­ხა­ო­ბას გაზ­რ­დის