სტატია ბესტსელერზე
01 ოქტომბერი, 2014
1896
print

ბექა ადამაშვილმა ჯერ არ იცის, რომ ხვალიდან ზუსტად იმ სამყაროში მოუწევს ცხოვრება, რომელსაც თავის ბესტსელერში აღწერს [ყველგან, სადაც ბესტსელერს წაიკითხავთ, ბრჭყალებიც იგულისხმეთ - ავტ. შენ.]. ხვალიდან ანუ წიგნის პრეზენტაციის შემდეგ მას საკუთარი ლიტერატურული ჯოჯოხეთი ელის, სადაც ცხრავე წრის გავლა მოუწევს, ყველა მათგანში კი განსხვავებული გემოვნების მკითხველის, კრიტიკოსებისა და სხვა და სხვა ლიტერატურული პრემიების ჟიურის წევრები დახვდებიან. მათთვის არ ექნება მნიშვნელობა, რომ ბექა უკვე ბესტსელერის ავტორია, რადგან, სინამდვილეში, ავტორს ჯერ ერთი წიგნიც არ გაუყიდია - ბესტსელერი უბრალოდ წიგნს ჰქვია და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.

ბესტსელერი მიძღვნით იხსნება: „ეძღვნება ხეებს იმ მცირე ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც მათ მიძღვნისთვის განკუთვნილმა ფურცელმა მიაყენა“. მიძღვნა, უფრო კი ფრაზა ძალიან გეცნობა, სადღაც გაქვს მოსმენილი ან, სულაც, წაკითხული. ვერაფრით იხსენებ და ეს იმდენად გაწუხებს, რომ გვერდზე, რომელზეც მხოლოდ ეს 12 სიტყვა და ორი სასვენი ნიშანი წერია, იმაზე დიდხანს ჩერდები, ვიდრე ავტორს მათ მოსაფიქრებლად დასჭირდა.

როგორც იქნა, იხსენებ ან ვერ იხსენებ და უბრალოდ ივიწყებ და კითხვას იწყებ. და ძალიან მალე ხვდები, რომ იმ 12 სიტყვიან ფრაზაზე ამდენი დროის დაკარგვა სისულელე იყო, რადგან მთელი წიგნი სწორედ ასეთი გასახსენებელი ფრაზებისგან, სიტყვების თამაშებისგან, მინიშნებებისგან და ციტატებისგან შედგება.

ალბათ არსებობს წიგნის დასაწერი რეცეპტი, ყველა ავტორს საკუთარი აქვს. რეცეპტი ბექა ადამაშვილსაც აღმოაჩნდა - ბესტსელერის დასაწერად მან ბევრი წიგნი წაიკითხა [აქ სტატიის ავტორი ფიქრობს, რომ შეიძლება სულაც არ წაუკითხავს და უბრალოდ დაგუგლა], შემდეგ მათ ავტორებს გაეცნო და თავისთან გადმოიპატიჟა. ამ დროს ბექა შეიძლება უბრალოდ თავაზიანი მასპინძლის როლში იყო, მაგრამ ფაქტია - საკუთარი ბესტსელერისთვის პერსონაჟები შორს აღარ უძებნია: გამომძიებელი გინდა? აგერ, არტურ კონან დოლილი, სერ; ბავშვურად გულუბრყვილო ზრდასრული მამაკაცი? ანტუან დე სენტ ეგზიუპერზე უკეთესს ვის ინატრებ; მუდამ პირქუში გმირი დაგჭირდა? მორგის ქუჩაზე ბატონი ედგარ ალან პო იკითხე, ხოლო ჯოჯოხეთში მეგზურობას ვინ გაგიწევს თუ არა დანტე ალიგიერი?!

ბესტსელერის სიუჟეტის ნახევარზე მეტი სწორედ ჯოჯოხეთში ვითარდება, უფრო კი ლიტერატურულ ჯოჯოხეთში. სწორედ აქ ბინადრობენ ბუნებრივი, ნაადრევი თუ ხელოვნურად გამოწვეული სიკვდილით გარდაცვლილი მწერლები [აქ სტატიის ავტორს სურდა ყველა მათგანი ჩამოეთვალა, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ თუ უბრალოდ დაწერს „ყველა კაი ტიპი“ მკითხველისთვის გასაგები იქნება, რომ ჰიუგოდან დაწყებული ორუელით დამთავრებული ყველა აქაა]. რატომღაც არსად ჩანან ქართველი მწერლები (წიგნში მოხვედრის პატივი მხოლოდ ორ მათგანს ერგო: ავტორი გაკვრით ახსენებს ო. ჭილაძეს, ხოლო რუსთაველის გამზირი ჯოჯოხეთის მთავარი ქუჩაა), რაც მხოლოდ ორი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს: ა) ავტორს ისინი დიდად არ ეხატება, ბ) აბა, ქართველ მწერალს ჯოჯოხეთში რა უნდა...

ზემოთ სიტყვების თამაში ვახსენე. თუ ამგვარი თავსატეხები გიზიდავთ, მაშინ აღარ იკითხავთ, რატომ ხდება მოქმედება საფრანგეთში, სადაც პიერ სონაჟი ცხოვრობს და, სავარაუდოდ, დაიბადა კიდეც.

დაბადებით კი დაიბადა, მაგრამ სიკვდილი სულ სხვაგან გადაწყვიტა - ეიფელის 300 მეტრი ეცოტავა, ამიტომ დუბაის ბურჯ ხალიფას კენწეროდან გადმოხტა და მოკვდა.

ეს სწორედ იმ ტიპის სპოილერია, რომლის გამოც არანაირ სინდისის ქენჯნას არ ვგრძნობ, რადგან თავად განსაჯეთ - როგორ მოხვდები ჯოჯოხეთში თუ არ მოკვდი. ასე რომ, ნუ იბუტებით.

ბესტსელერში ბევრი სარკაზმია [სტატიის ავტორი ფიქრობს, რომ ირონია ზედმეტად რბილი სიტყვაა, ამიტომ "სარკაზმს" იყენებს]. ავტორის სარკაზმის სამიზნეში ხვდება ყველა - შტერი ჰიპსტერებიდან დაწყებული, საკუთარი თავით დამთავრებული. ყველაზე მეტად მაინც ამ უკანასკნელს დასცინის, უფრო იმ ადგილებში, სადაც მსოფლიო ლიტერატურის ბუმბერაზების შემოქმედების ცოდნის დემონსტირების მცდელობები აქვს ან განსაკუთრებით მომხიბლავ ფრაზას ან შედარებას მოიგონებს; ხოლო როდესაც ზედმეტად ბანძ რამეს დაწერს, იქვე ოთხკუთხედ ფრჩხილებში (აი, ასეთებში -> []) გვიხსნის, კი, ვიცი, რომ დებილობაა, მაგრამ ნუ რა ვქნა, მთავარია, რომ ამას თავადვე ვხვდებიო.

სქოლიოებს არ იკითხავთ? პოლ ოსტერის „მისნის ღამე“ ხომ გახსოვთ? რაღაც მსგავსი აქაც შეგხვდებათ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ სქოლიოები სიუჟეტს კი არ აგრძელებს, არამედ ავტორის მიერ ძირითად ტექსტში დაწერილს ხსნის [სტატიის ავტორს უეცრად გაახსენდა, რომ სქოლიოების დანიშნულება სწორედ ეს გახლავთ. ოჰ, ეს ოსტერი!]. ასახსნელი კი აქ ბევრია - ხომ გითხარით, წიგნის ავტორი საკუთარი განსწავლულობის დემონსტირებით ისე ერთობა, ზოგჯერ თვითსარკაზმიც კი ვერ აფხიზლებს. თან ასახსნელი იცით რამდენია? ბესტსელერის მკითხველმა მარტო კლასიკური ლიტერატურა კი არ უნდა იცოდეს, ბრუს უილისის შესახებაც უნდა ჰქონდეს გაგონილი და არც იმან უნდა გააკვირვოს, რატომ ახატია ედგარ ალან პოს ლოყებზე წითელი სპირალები.

ალბათ გაინტერესებთ რაზეა ბესტსელერი. მგონი, დეტექტივია, იმიტომ, რომ წიგნის გმირები სულ რაღაც გამოძიებაზე დადიან და, თანაც, პიერ სონაჟი ყველაზე ხშირად არტურ კონან დოილთან ერთად მოძრაობს. ან იქნებ სათავგადასავლოა, რადგან ერთი-ორგან მაინ რიდიც ჩანს, მარა ჰერბერტ უელსი რომ ფანტასტიკაა, ანაც ჯონ მილტონს რა ვუყო?..

მოკლედ, არჩევანი დიდია, თან არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგჯერ თხრობა მიწიერ სამყაროშიც ხდება, სიყვარულები და მთელი ამბებია. ილუსტრაციებიცაა, რუკაც. მოკლედ, კარგად გაერთობით.

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული