თუ ვერ შეძლებს მთავრობა, შეძლებს „მოქალაქე“
16 სექტემბერი, 2014
2185
print

თიკა ნიკოლაძე

 

„არ დავმალავ - უკეთესს ველოდი. პრეზიდენტთან პირველი ორი თვე საკმაოდ ბევრი პოლემიკა მქონდა. ჩვენს შორის გაუგებრობა მრავლად იყო. მას პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა და არჩევნების შემდეგ, მან სხვა ხასიათი გამოავლინა. 60 წლის ვხდები და მსგავსი მაგალითიც არ მახსოვს. ჩვენ არაფორმალურ ურთიერთობებს აღარ ვაგრძელებთ და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ორივე მხრიდან გადავწყვიტეთ, რომ ეს საჭირო აღარაა და საჯაროდ შეგვიძლია ვისაუბრით, თუკი მის ირგვლივ რაიმე ხდება,“ - ეს ბიძინა ივანიშვილმა 2014 წლის მარტში განაცხადა.

ყოფილი პრემიერის მიერ, მის მიერ წარდგენილი პრეზიდენტის საჯაროდ კრიტიკის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილის მისამართით უკმაყოფილების გამოხატვისგან აღარც მისმა თანაგუნდელებმა შეიკავეს თავი.

„გიორგი მარგველაშვილი ამბობდა, რომ პრეზიდენტის სასახლეში არ შევიდოდა, მაგრამ შევიდა, რაც არასწორია. გიორგი მარგველაშვილს თავდაპირველად რომ ეთქვა, პრეზიდენტის სასახლეში უნდა შევიდეო, მას მხარს დავუჭერდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ბატონ ბიძინას ვეთანხმები. რაც შეეხება ვანო მაჭავარიანს, როგორც ჩანს, ბატონმა გიორგიმ ის პოსტზე მეგობრობის ნიშნით შეარჩია, მაგრამ ეს საკითხი პრემიერს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის უნდა ყოფილიყო შეთანხმებული,“ - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მალევე განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

„საჭიროა, რომ გარკვეული საკითხები გუნდთან იყოს გავლილი და შეთანხმებული. იმიტომ, რომ რადგან ერთხელ ითქვა გადაჭრით, რომ პრეზიდენტი არ შევა სასახლეში, შემდეგ უკვე განსხვავებული მიდგომები იწვევს გარკვეულ კითხვებს, ამიტომ მე ვიზიარებ ბატონი ბიძინას პოზიციას, რომ ამ ყოველივესთან მიმართებაში საჭიროა უფრო მეტი სიცხადე, რეალურად იქნება თუ არა ეს პრეზიდენტის რეზიდენცია, თუ არ იქნება," - არ დააყოვნა მანანა კობახიძემ.

ეკა ბესელიამ კი, საერთოდ პრეზიდენტის ადგილი ვერ გამონახა საქართველოს პარლამენტში.

"ამ დარბაზში იქნება თუ არა დღეს სრულად წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლება, მე ვგულისხმობ მის შტოს, ეს არ განაპირობებს იმას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ერთსულოვნება. დღეს ეს დარბაზი ყველას ვერ დაიტევს ფიზიკურად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღეს არა მარტო სახელისუფლებო გუნდი არის ერთსულოვანი, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის. მხარდაჭერას იმის მიხედვით ნუ განვსაზღვრავთ, ვინ შემოვა პარლამენის დარბაზში,"-განაცხადა ეკა ბესელიამ, რის შემდეგაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისას გიორგი მარგველაშვილმა ბესელიას ასე მიმართა: "ხომ ყველა დავეტიეთ" ...

მოკლედ რომ ვთქვათ, ბზარი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილს აღარ მოეწონა. მოგვიანებით, აზრთა სხვადასხვაობის საგანი გახდა ის, თუ ვინ მოაწერდა ხელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ექპერტებისა და პოლიტოლოგების აზრით, დოკუმენტზე ხელი სახელმწიფოს მეთაურს ანუ პრეზიდენტს უნდა მოეწერა. თუმცა, ასე არ მოხდა და ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილი გაემგზავრა, რომლის ხელმოწერამაც არამხოლოდ დოკუმენტი, არამედ მოვლენის აღსანიშნავად გამომცხვარი ტორტიც კი დაამშვენა.

იმის მიუხედავად, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებაზე საზოგადოებაში უკვე რამდენიმე თვეა ღიად საუბრობდნენ, თავად მხარეები ჯერ კიდევ ერთი თვის წინაც კი აღნიშნულ ფაქტს უარყოფდნენ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა შანსი არ გაუშვია, ყველაფერი ჟურნალისტების დაებრალებინა და აცხადებდა: "ეს თქვენი ინტერპრეტაციაა, თქვენ აბუქებთ ახლა, ყველაზე მეტად სკანდალი გაინტერესებთ. არაფერი არ ხდება,“ ირაკლი ღარიბაშვილს ალექსი პეტრიაშვილიც დაეთანხმა: „პრეზიდენტსა და პრემიერს, რაც არ უნდა ეცადოთ თქვენ, აქვთ ძალიან კარგი, სამუშაო ურთიერთობები და ყოველგვარი ფორმატების გარეშე ისინი ახდენენ კომუნიკაციას ნატო-სთან დაკავშირებულ, შიდა პოლიტიკურ თუ საგარეო პოლიტიკურ საკითებთან დაკავშირებით," - მიმართა პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს.

მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მას და პრეზიდენტს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ „სპეკულაციები“ “ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალა და განაცხადა, რომ მას და გიორგი მარგველაშვილს ჯანსაღი ურთიერთობა აქვთ.

"ამ თემაზე მინდა დავასრულო სპეკულაცია, არავითარი დაძაბულობა და მით უმეტეს, პიროვნული დაძაბულობა არ არსებობს. ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს, რომელიც უნდა გვქონდეს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ პრეზიდენტს და პრემიერს. ეს საუბრები და სპეკულაციები მიმდინარეობს მიზანმიმართულად ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომელსაც ხელს უწყობენ სხვადასხვა მედიასაშუალებები და ახდენენ ამის ტირაჟირებას. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა - მოახდინონ მოსახლეობის დაძაბვა, რომ რაღაც ხდება. არაფერი არ ხდება," - აცხადებდა ირაკლი ღარიბაშვილი. თუმცა, ფაქტები მაშინაც და ახლა მით უფრო საწინააღმდეგოს ამბობენ.

მიუხედავად მინისტრთა კაბინეტის და საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებებისა, იმის შესახებ რომ გაეროს სამიტზე ორი დელეგაციის წასვლა სამარცხვინო იქნება და რომ, ამერიკაში მხოლოდ პრემიერის დელეგაცია უნდა გაემგზავროს, პრეზიდენტი პოზიციას არ თმობდა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუხმარებლად ამერიკაში ვიზიტს ამზადებდა.

"მე რაც მტკივა, ეგ არის, რომ ჩვენი კოალიციის მიერ, ბატონი ბიძინას წარდგინებით ერთსულოვნად შეთანხმებული პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილმა ასევე ძალიან კარგად იცის, რომ მისი წასვლა ქვეყნის იმიჯსაც დააზიანებს და პრეზიდენტის ინსტიტუტსაც, აგრეთვე კარგად იცის, რომ ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას, ჯინიანი ბავშვივით იჩემებს წასვლას და ჩემი აზრით, ეს წასვლა მხოლოდ ნიუ იორკში წასვლა არაა. რა პრობლემაა. სადაც უნდა იქ წავიდეს. ოღონდ გავერკვეთ. და დროზე გავერკვეთ. გამოვიდეს პრეზიდენტი და თქვას ხმამაღლა, მთავრობა თავისთვისაა, მე ჩემთვის და თვითონაც ამოისუნთქავს, გულზე მოეშვება. მე პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხალხის არჩევანს და ასეც გავაგრძელებ, ვიდრე სახელმწიფო მოხელე ვიქნები,“ – სოციალურ ქსელში დაწერა ალექსი პეტრიაშვილმა, რომელიც ცოტა ხნით ადრე კატეგორიულად უარყოფდა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირებას და ამის მცდელობაში ჟურნალისტებს ადანაშაულებდა.

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ჯერ უელსში ერთობლივი ვიზიტისას გეგმავდა პრეზიდენტის გადარწმუნებას, შემდეგ კი თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში მივიდა მარგველაშვილთან მოსალაპარაკებლად, უარი ეთქვა პრეზიდენტს ბან კი მუნის მოწვევაზე, მაგრამ ვერაფერი გააწყო - შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ვიზიტისთვის მზადება გრძელდებოდა, ...მაგრამ ის რაც ვერ შეძლო ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, შეძლო ქვეყნის „პირველმა მოქალაქემ“.

საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრის მეორე დღეს, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ფრაგმენტი გამოქვეყნდა, სადაც ყოფილმა პრემიერმა საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ პრეზიდენტს „ეს კაცი“ უწოდა, განმარტა, რომ გაეროში ორი დელეგაციის წასვლა ლამაზი არ იქნება და ამერიკაში ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გაემგზავროს.

„განა ლამაზი იქნება ორი ცალ-ცალკე დელეგაციის წასვლა პატარა, ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში, მაგრამ ეს კაცი ამას არ დაგიდევს არაფრად და ისევ კონკურენციას აგრძელებს. მას ჰგონია, რომ ეს არის ჯანსაღი კონკურენცია," - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს ამ ფრაგმენტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ამერიკაში ჩაშლილია.

"ეს დაპირისპირება რაც იყო, გადავიდა პრობლემურ დაპირისპირებაში. მოხდა ორგანიზებული მუშაობა პრეზიდენტის ვიზიტის საწინააღდმეგოდ. ამ მუშაობის შედეგად პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში არის ჩაშლილი. ეს არის არასწორი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პრეზიდენტის ინსტიტუტის საპირისპიროდ, ეს არის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ გამომდინარე უწყებრივი დაპირისპირებებიდან. თუ ჩვენ შევეცდებით, რომ მონოპოლიზაცია მოვახდინოთ რომელიმე ინსტიტუტში, ჩემი აზრით, მივიღებთ იმას, რაც ასე ძალიან მოგვწონდა სააკაშვილის რეჟიმში," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტის ჩაშლის შესახებ ყველასთვის ცნობილი გახდა, გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს სრული ჩანაწერი, სადაც, ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ პრეზიდენტი 16 ათას კვადრატულ მეტრიან სასახლეში ცხოვრობს მაშინ, როდესაც 3 ათასი კვადრატული მეტრიც ეყოფა. „ცდილობენ, როგორმე დაიახლოვონ. ორი-სამი ადამიანი, თავს ექსპერტს რომ უწოდებს და რეალურად ელემენტარული ანალიზის უნარი არ აქვთ, მიეტმასნენ მარგველაშვილს (ადრე მთავრობაში იყვნენ და იქ თავიანთი ადგილი ვერ იპოვეს). თითქოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გამაგრებას ცდილობენ, რეალურად კი ერთი სამსახურს ეძებს, მეორეს თავისი ადგილი ვერ უპოვია, მესამეს კიდევ რაღაც უნდა... ისინი დათვურ სამსახურს უწევენ მარგველაშვილს, ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება ქვეყანა და თვითონაც. პირველ რიგში ეს პრეზიდენტ მარგველაშვილის იმიჯს აზიანებს. ცალკე საკითხია სასახლის თემა. მე სპეციალურად არ ვაღვივებ ამას, ველოდები, რას იზამს საზოგადოება, მასმედია. ეკონომიკური ხასიათის კითხვებია. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისაა სასახლე, მას (მარგველაშვილს) რეალურად სჭირდება 3 ათასი. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე უკავია - გადაამრავლეთ, იმ უბანში ერთი კვადრატული მეტრის გირაობა რა ღირს და ნახავთ, რომ 2-3 მილიონი დოლარი ზედმეტი იხარჯება. მე არ მინდა ამის გაღვივება, თუმცა ეს ყველაფერი მიწყნარებულია იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ასე აწყობს,"- განმარტა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან პრეზიდენტის დაუფარვი კრიტიკის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილის მიმართ არაკეთილგაწობილა არ დამალეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ალექსი პეტრიაშვილმა ჯერ კიდევ ივანიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნებამდე შეადარა ქვეყნის პრეზიდენტი „ჯინიან ბავშვს“. აი, კახი კალაძემ კი მხოლოდ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ შენიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს, რომელშიც, სხვათა შორის, თვითონაც აქტიურად იყო ჩართული, ბიძინა ივანიშვილი მისივე პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს „ბავშვივით დაატარებდა“.

„როდესაც მოვედით ხელისუფლებაში გიორგი მარგველაშვილი ჩვენი გუნდის წევრი იყოს. პრეზიდენტობის კანდიდატად ჩვენი, კოალიციის მხრიდან იქნა წარდგენილი. გვახსოვს მთელი საარჩევნო კამპანია. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბავშვივით დაატარებდა ყველგან, რომ ამომრჩეველს მისთვის ხმა მიეცა. ეს იყო რეალობა, ჩვენ ამას ვერ გავექცევით,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა კი აღნიშნა, რომ არ ფიქრობს პრეზიდენტ მარგველაშვილზე და არავის აღიქვამს კონკურენტად.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეფასება, მისი თითოეული სიტყვა. ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთი მარტივი საკითხი, როგორიც არის გაეროში გამგზავრება და ქვეყნის წარმოჩინება, გახდა ამდენი საუბრისა და სპეკულაციების საგანი. მე მინდა გითხრათ, რომ მე მხოლოდ ვფიქრობ საქმეებზე, იმ გაჭირვებაზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც წლების მანძილზე გადაუჭრელია. ჩვენი მოსახლეობა დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ჩვენი მთავარი გამოწვევა და ჩემი მთავარი კონკურენტი ქვეყნის ეკონომიკაა. მე ამაზე ვფიქრობ, მე არ ვფიქრობ პრეზიდენტ მარგველაშვილზე, მე არ აღვიქვამ არავის კონკურენტად. ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმე კონკურენტად აღმიქვამს, თუმცა ეს ნორმალურია, მათი უფლებაა,” - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს