ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
15 სექტემბერი, 2014
1655
print

გიგა გურასაშვილი 

ბერძენ-რომაელთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და დასრულდა ჩემპიონატების სეზონიც. რა თქმა უნდა, წლის ბოლომდე სხვადასხვა კატეგორიის ტურნირები იქნება და ალბათ შედეგებიც, მაგრამ დასანანი ისა, რომ წლის უმთავრეს ასპარეზზე, რომელსაც ტაშკენტმა უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა სრული კრახი განიცადა. რვა წონითი კატეგორია და არცერთი მედალი. ასეთია საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრების შედეგი.

ტაშკენტურ ხალიჩაზე ბეგი დარჩიას რჩეული გუნდიდან ყველაზე დიდი შედეგი ზურაბ დათუნაშვილისა (75 კგ.) და რევაზ ლაშხის მეხუთე ადგილებია. სხვა შემთხვევაში კი ქართველი კლასიკოსები ადრეულ ეტაპებზევე გამოეთიშნენ ასპარეზობას. ამ შემთხვევაში არც მეტოქეებში გაუმართლათ, რომლებმაც ქართველთა ძლევის შემდეგ თავად წაიფორხილეს და ფინალში გაუსვლელობით ერთგვარი რეაბილიტაციისთვის საქართველოს ნაკრების წევრებს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მოუსპეს.

აშკარაა, გუნდი სუსტად გამოიყურებოდა, რაღაც აკლდათ და არავინ ჩანდა ისეთი ვისზეც ფსონის ჩასვლა ღირდა. თითქოს თავიდანვე განწირულები იყვნენ წარუმატებლობისთვის.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრები შინ უმედლოდ ბრუნდება. მართალია, ასეთი რამ პირველი შემთხვევა არაა, მაგრამ მსგავსი სტატისტიკა რომ ნუგეშად არ გამოდგება ესეც ცხადია.

მსოფლიო ჩემპიონატებზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ასპარეზობებს თუ გადავხედავთ უმედლო სტატისტიკა, დღევანდელის ჩათვლით, რვა მსოფლიო ჩემპიონატთან მიგვიყვანს. ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველო როგორც მსოფლიო საჭიდაო ოჯახის სრულუფლებიანი წევრი  ასპარეზზე პირველად 1993 წელს სტოკჰოლმში გამოჩნდა, აშკარად ცუდ სურათს მივიღებთ. ფაქტია, სტოკჰოლმიდან მოყოლებული დღევანდელის ჩათვლით, ქართველ ”კლასიკოსებს” 16-ჯერ ჰქონდათ საკუთარი თავის მსოფლიო პირველობებზე წარმოჩენის შესაძლებლობა.  ასე რომ, ამ მხრივ რვაჯერ მედალი იყო და ამდენივეჯერ სიცარიელე.

საქართველოს ნაკრებისთვის ასევე სრული კრახით დასრულდა 2013 ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატიც.

ბუდაპეშტამდე იყო ლონდონის ოლიმპიური თამაშები, სადაც რევაზ ლაშხმა (60 კგ.) ვერცხლის, ხოლო მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ამ შემთხვევაში ლონდონის ოლიმპიური თამაშები იმად ვახსენეთ, რომ იქ ქართველმა ფალავნებმა გაცილებით დიდი კონკურენციის პირობებში ორი მედალი დაისაკუთრეს, რასაც ვერ ვიტყვით, შარშანდელ თუ წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატებზე.

ვიდრე წინა მსოფლიო ჩემპიონატების სტატისიკას გადავავლებდეთ თვალს, ერთიც უნდა აღინიშოს, მომავალი წლიდან  რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიების გათამაშება დაიწყება და თუ ზოგადად ქართულ ჭიდაობაში რაღაც არ შეიცვალა, შესაძლოა, რიოს საგზურების გარეშე დავრჩეთ. ყოველ შემთხვევაში, იქ სრული გუნდით წასვლაზე ფიქრს უნდა მოვეშვათ. იგივე ეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებსაც, რომელიც უმდელოდ დარჩენისგან ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57 კგ.) ვერცხლმა იხსნა.

ახლა ის დაპირებული სტატისტიკაც, რომელიც ადრეული პერიპეტიების გასახსენებლად გამოდგება.

2013 წლის ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე აღვნიშნეთ, რომ მედლებამდე საქმე არ მისულა.

2011 წელს სტამბოლის მსოფლიო პირველობაზე მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ.) ვერცხლი მოიპოვა; ასევე მედლამდე არ მისულა საქმე 2010 მოსკოვში; 2009 წელს ჰერნინგში (დანია) კრახისგან ისევ მანუჩარ ცხადაიამ იხსნა გუნდი; 2007 წელს ბაქოში დავით ბედინაძე (60 კგ.) და რამაზ ნოძაძე (96 კგ.) ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ბადრი ხასაიამ (84 კგ.) ბრინჯაო მოიპოვა; 2006 წელს გუანჩჟოუში (ჩინეთი) დავით ბედინაძემ (60 კგ.) ვერცხლი, მანუჩარ კვირკველიამ კი ბრინჯაო (74 კგ.) მოიპოვეს; 2005 წლის ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს გასწვრივ ასევე სიცარიელე იყო; 2003 წელს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თავისუფლებისა და ბერძენ-რომაელთა მსოფლიო ჩემპიონატები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდებოდა, მანუჩარ კვირკველიამ (66 კგ.) და რამაზ ნოზაძემ (96 კგ.) კრეტიელის (საფრანგეთი) ხალიჩაზე შესაბამისად ოქრო და ბრინჯაო მოიპოვეს. სხვათა შორის, აქვე პირველად იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა ქართველმა ებრაელმა გოჩა ციციაშვილმა (84 კგ.).

2002 წელს მოსკოვის მსოფლიო ჩემპიონატზე ბადრი ხასაიამ (74 კგ.) ვერცხლი, მანუჩარ კვირკველიამ (66 კგ.) კი ბრინჯაო მოიპოვეს.

2001 წელს პატრაში (საბერძნეთი) მუხრან ვახტანგაძემ (85 კგ.) ჩემპიონობით ნავსი გატეხა და საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას პირველი ბერძნულ-რომაული ოქრო მოუტანა. პატრაში მოპოვებული ოქრო ერთადერთი აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებისთვის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ის პირველი ასეთი წარმატება იყო, მას გაცილებით მეტი ფასი ჰქონდა ჩვენთვის.

წარუმატებელი გამოდგა ათენის მსოფლიო ჩემპიონატიც (1999). აი, გოგი კოღუაშვილმა კი რუსეთის სახელით მეხუთედ და ბოლოჯერ იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა.

ათენის მსოფლიო ჩემპიონატს წინ უძღოდა ასეთივე წარუმატებლობები 1998 წელს ჯეივლეში (შვედეთი), 1997 წელს ვროცლავში (პოლონეთი) და 1995 წელს პრაღაში.

1994 ტამპერეში (ფინეთი) ბაკურ გოგიტიძემ (100 კგ.) ვერცხლი, გელა პაპაშვილმა კი ბრინჯაოს (48 კგ.) მედლები მოიპოვეს, ხოლო 1993 წელს სტოკჰოლმში თენგიზ თედორაძემ (90 კგ.) ბრინჯაოს მედლით საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრები პირველად გარია მედალოსანთა მარაქაში.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა
21 დეკემბერი, 2013 წო­ნებ­ში თა­მა­ში სა­ნა­ხა­ო­ბას გაზ­რ­დის