კლასიკური მარცხი
12 სექტემბერი, 2014
1750
print

გიგა გურასაშვილი

ტაშკენტში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ორდღიანი პაუზის შემდეგ საქმეში ბერძენ-რომალებეი ჩაერთვნენ. ”კლასიკოსთა” ასპარეზობის პირველ დღეს მედლები ორ - 75 და 85 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. საქმეში იყვნენ მედლების მოპოვების რეალური კანდიდატები ქართველი ფალავნები ზურაბ დათუნაშვილი და ვლადიმერ გეგეშიძეც, მაგრამ რეალურ წარმატებას მათმა მეტოქეებმა მიაღწიეს, რომლებმაც ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი დათუნაშვილსა და გეგეშიძეს შესაბამისად ნახევარფინალსა და მეოთხედფინალში გადაუკვეთეს. აქედან დათუნაშვილს ავტომატურად მიეცა სარეაბილიტაციოდ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობა, გეგეშიძეს კი ამავე შანსისთვის მოცდა მოუწია, რაც იმით დასრულდა, რომ მისმა მომგებმა ფინალამდე გაიკვალა გზა და ქართველს კი მესამე ადგილისთვის გაეხსნა გზა.

ევროპის ვიცე-ჩემპიონ დათუნაშვილს წილიყრაში აშკარად გაუმართლა. თუ თავად არ დაუშვებდა შეცდომას წესით და რიგით, ფინალში გასვლა არ უნდა გასჭირვებოდა, რადგან ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალ გზაზე უმთავრეს კონკურენტებთან გზა არ ეკვეთებოდა.  
ერთი სიტყვით, დათუნაშვილი უკეთეს ბადეს ვერ ინატრებდა.

დათუნაშვილმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა. თავდაპირველად უტიტულო პოლონელი არკადიუშ მარჩინ კულინიჩი (8:0) და ბელარუსი ვალერი პალენსკი (4:2) დაამარცხა. მერვედფინალში გასულმა ასევე დაამარცხა ვეტერანი ბულგარელი მსოფლიოს ჩემპიონი, პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსანი იავორ დიმიტროვ იანაკიევიც (2:2). ტიტულოვანი ბულგარელის ძლევის შემდეგ ინდოელი გურპრიტ სინხიც (7:5) ჩამოიშორა გზიდან, მაგრამ, ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ სომეხ არსენ ჯულფალაკიანთან ვერას გახდა (0:1) და რეპეშაჟის ფინალში წლეულს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მომპოვებელ აზერბაიჯანელ ელვინ მურსალიევთან ორთაბრძოლით დაკმაყოფილება მოუწია.

არადა უქულო პირველი პერიოდის შემდეგ დათუნაშვილმა მეტოქეს ქულა აართვა და მედალთანაც ახლოს იყო, რომ აზერბაიჯანელმა შეხვედრის დასრულებამდე წუთით ადრე ქართველის ქულას ქულით უპასუხა. ანგარიში აღარ შეცვლილა, მაგრამ ქართველის ერთით  მეტი გაფრთხილების გამო გამარჯვება და ბრინჯაოს მედალი მურსალიევს დარჩა.

მედლის მოპოვების კიდევ ერთ კანდიდატს ევროპის ვიცე-ჩემპიონ ვლადიმერ გეგეშიძეს დათუნაშვილისგან განსხვავებით კენჭისყრაში არ გამართლებია. პირველივე წრეში ბულგარელთა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ხრისტო დიანოვ მარინოვი ერგო. აქ სანიმუშო ისაა, რომ ქართველმა ტიტულოვანი ბულგარელი 4:3 დაამარცხა. გაგულისებულმა გეგეშიძემ შემდეგ წრეში ტაჯიკ ისფანდიორ ლატიფოვს გასაქანი არ მისცა და 10:1 მოუგო. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბულგარელის ძლევამ გეგეშიძეს დათვური სამსახური გაუწია, რადგან მეოთხედფინალში გასული აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ ირანელ სამან ტაჰმასებისთან 0:4 დამარცხდა. ქართველისთვის ერთი შერავათი ის იყო, რომ აზერბაიჯანელმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რამაც გეგეშიძეს რეპეშაჟის ნახევარფინალისკენ გაუხსნა გზა. ეგაა, ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ეს შანსიც ვერ გამოიყენა - გერმანიის წარმომადგენელ რამსინ აზიზსირთან 0:2 დამარცხდა. 

ხვალ სამ - 66, 80 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება მედლები. სამივე წონაში მედლის მოპოვების შანსი არსებობს და ამის რევაზ ლაშხი, გიორგი ცირეკიძე და იაკობ ქაჯაია იძლევიან.

ლაშხი ევროპის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია. ცირეკიძე კი ერთადერთია ვინც წლეულს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლით პრიზიორთა შორის გაერია, ხოლო ახალგაზრდბეში ყველაფრის მომგები ქაჯაია ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. 

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა
21 დეკემბერი, 2013 წო­ნებ­ში თა­მა­ში სა­ნა­ხა­ო­ბას გაზ­რ­დის