პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს გაფართოების ინიციატივით გამოდის
19 აგვისტო, 2014
1933
print

თიკა ნიკოლაძე

 

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ პრეზიდენტის ხედვა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ, გიორგი მარგველაშვილის აზრით, ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე "პოლიტიკური შეთანხმებების" მიღების ორგანოდ უშიშროების საბჭო მოიაზრება.

ამასთან, დღესვე, მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრთა შემადგენლობის გაფართოების ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ საბჭოს მუდმივმოქმედ წევრთა შემადგენლობას პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელები უნდა დაემატოს.

"საქართველოს პრეზიდენტი არის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. კონსტიტუციურად საქართველოს პრეზიდენტი სხვა უფლებამოსილებებთან ერთად: საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს; ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხის, ეკოლოგიური კატასროფის და ეპიდემიის დროს, ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში; საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს; უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა, ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით, საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას; გამოსცემს ბრძანებას, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი; ამტკიცებს სამხედრო ძალების სტრუქტურას, მათ რაოდენობას კი ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი; იღებს გადაწყვეტილებას სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ; იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოსა და თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ," - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ ამ უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, სასურველი და აუცილებელიცაა პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა.

"ვფიქრობთ, გონივრული იქნება, უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში მუდმივ წევრებად დაემატონ პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები, გენერალური შტაბის უფროსი. ამგვარად, სამი სახელისუფლო ინსტიტუტის - პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის - წარმომადგენლობა ამ კონსტიტუციურ ორგანოში, მიგვაჩნია, რომ ოპტიმალური იქნება და უშიშროების საბჭოს შემადგენლობა ასე ჩამოყალიბდება: პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვისა და უშიშროებისა, საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გენერალური შტაბის უფროსი. საჭიროების შემთხვევაში მოწვეული იქნებიან სხვა პირებიც," - მიიჩნევს მარგველაშვილი.

პრეზიდენტის შეფასებით, ამ შემთხვევაში ეროვნული უშიშროების საბჭო ინსტიტუციურად უზრუნველყოფს პრეზიდენტის სამუშაო ურთიერთობას როგორც მთავრობასთან, ისე პარლამენტთან. მარგველაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს კონცეფციასთან დაკავშირებით გაიმართა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიღრმისეული აზრთა გაცვლა, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს არსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე უშიშროების საბჭომ.

"ეს ორგანო არის საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოებრივი მოწყობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამ ორგანოს ეფექტური ფუნქციონირება უზრუნველყოფს იმას, რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ქვეყნის მშვიდობას, ომს, ზავს, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარის გაგზავნას, სხვა ქვეყნის სამხედრო ძალების ან შემოსვლას, ან გატარებას ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც ეხება უმნიშვნელოვანესი სამხედრო დოკუმენტების შემუშავებას, რომელიც ეხება თვითმმართველობის რომელიმე ერთეულის უფლებამოსილების შეზღუდვას, ან ქვეყნის ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ეხება ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებების ან შეზღუდვას ან ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, ასეთ გადაწყვეტილებებს სჭირდება სიღმისეული გააზრება, რომელიც მოხდება ორგანოში, რომლის მანდატიც გაწერილია, კონსტიტუციისა და ორგანული კანონების საფუძველზე - ასეთი ორგანო არის უშიშროების საბჭო," - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ქვეყნის ეფექტური ფუნქციონირებისათვის, უსაფრთხოების ხარისხის გაზრდისთვის, ქვეყნის თავდაცვისუნარიაონობის გაუმჯობესებისთვის კონსტიტუციური ორგანო - ეროვნული უშიშროების საბჭო უნდა მუშაობდეს.

"ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც ერთმანეთს ეთათბირებიან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და აქ დგება კონსენსუსი, რა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ჩვენი მუშაობა, თანამშრომლობა გაგრძლდება, დეტალურად გავივლით კიდევ საკითხებს რაც იქნა წამოჭრილი ამ შეხვედრაზე. ეს არის მომავალი ფორმატი, რაზეც ჩვენ შევთანხდით და რაზეც საქართველოს პრეზიდენტი, უშიშროების საბჭო და ჩვენი ადმინისტრაცია გააგრძელებს მუშაობას," - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ,კომენატრები გააკეთეს როგორც დეპუტატებმა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება უნდა გაგრძელდეს. მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ აღნიშნული ორგანოს ფუნქციონირებას აღმასრულებელი ხელისუფლება გარკვეულწილად ხელს უშლის. "მე ვფიქრობ, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება უნდა გაგრძელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანოს ფუნქციონირება, თუმცა მისი ფუნქციონირების მთავარ პრობლემას და ეს შეხვედრაზეც აღინიშნა, დღეს წარმოადგენს ის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას მუდმივად აქვს სურვილი მიიტაცოს რომელიმე სხვა სტრუქტურის უფლებამოსილებები. ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლების შიგნით პოლიტიკური ნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული არაა და ამიტომაც განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ მთავრობას, პრეზიდენტს და პარლამენტს. მე ვისურვებდი, რომ უშიშროების საბჭომ შეიძინოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციები," - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა. დეპუტატის შეფასებით, უშიშროების საბჭოს ფუნქციონირების ეფექტურობას დღეს მეტწილად ხელს უშლის აღმასრულებელი ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობის განსხვავებული დამოკიდებულება.

"ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მთავრობაში სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ჩნდება ინიციატივები, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტის კონკრეტულ უფლებამოსილებების გადატანას პრემიერის, მთავრობიდან რომელიმე მინისტრის კომპეტენციაში. ინსტიტუციურ ბრძოლასთან გვაქვს საქმე, ამიტომ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებაა საჭირო," - აღნიშნა უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა კი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ კრიზისი საქართველოში თეორიის საგანი არ არის და ნებისმიერ კონტექსტში შეიძლება მოხდეს. მისივე განმარტებით, გიორგი მარგველაშვილთან გამართულ შეხვედრაზე მისთვის საინტერესო დისკუსიის მომსწრე გახდა.

"არანაირ კონფრონტაციულ და დაპირისპირების თემაზე საუბარი არ ყოფილა. ბრიტანეთის, ნატო-ს და აშშ-ის წარმომადგენლები დავესწარით ძალზე საინტერესო დისკუსიას, რომელიც გაიმართა ისეთ თემაზე, როგორიც არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში კრიზისებზე რეაგირება და ის, თუ როგორ შეიძლება მექანიზმების უკეთ დამუშავება. აშშ-ის საელჩოს ამ დისკუსიაში თავისი წვლილი შეაქვს, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხრიდან. როგორც ცნობილია, დაფინანსდა საქართველოს ატლანტიკური საბჭო, რომელმაც წარმოადგინა საინტერესო ანგარიში, როგორი სისტემა უნდა იყოს საქართველოში, რომელიც იმუშავებს სავარაუდო კრიზისების დროს. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ თეორიის საგანი, კრიზისი საქართველოში შეიძლება მოხდეს ნებისმიერ მომენტში. თუ არ იქნება კარგად განსაზღვრული სისტემა და მექანიზმი, ამან შეიძლება გარკვეულწილად დამოკიდებულებებში აღრევაც გამოიწვიოს," - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ "მთავრობის ყველა ნაწილმა იცოდეს თავიანთი ფუნქციები პასუხისმგებლობის და რეაგირების საჭიროების შესახებ".

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს