მერიის მოწოდება: ”ნუ შექმნით ქაოსს!”
13 აგვისტო, 2014
1779
print

თბილისის მერიამ, უწყებაში მისულ მოქალაქეებს მოუწოდა ”არ შექმნან ქაოსი”...

აღნიშნული მოწოდება კი მას შემდეგ გაკეთდა, რაც დღეს დედაქალაქის მერთან შესახვედრად მერიაში ასობით ადამიანი მივიდა.

 

მერიაში თავიანთ პრობლემებზე სასაუბროდ მისული მოქალაქეების ნაწილი რიგითობის პროცესს არ იცავდა, ნაწილი უწყების მიერ რიგითობის პროცესის ცუდ ორგანიზებას აპროტესტებდა, ნაწილი კი უშუალოდ დავით ნარმანიასთან ითხოვდა შეხვედრას და მერის მოადგილეებთან საუბარი არ აკმაყოფილებდა. მოკლედ, მერიაში გასაჭირზე მისული მოქალაქეები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და ორჯერ სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.

 

მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყებაში ამ დროისათვის მოქალაქეთა ორი ათასზე მეტი განცხადებაა შესული.

 

"დაახლოებით ორი ათასზე მეტი განაცხადია ამ მომენტისთვის მიღებული. ეს მოქალაქეები აღელვებულები არიან, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი აქვთ პრობლემები. პროცედურა ასეთია: მოქალაქეები, რომლებმაც ჩააბარეს განაცხადი, შემოდიან, იღებენ რიგის ნომერს, ოპერატორი უხსნის მათ ყველაფერს, როგორ უნდა მოიქცეს, შემდეგ ოპერატორები ამოუბეჭდავენ წერილს, რომ ის უკვე დარეგისტრირებულია. თუ წერილი არ არის შესული, ამ შემთხვევაში, აწერინებენ განცხადებას, შემდგომ მოქალაქეები ადიან მეორე სართულზე და თემატურად ხვდებიან სამსახურის უფროსებს. იმ შემთხვევაში, თუ პირს პასუხი არ დააკმაყოფილებს, ამის შემდეგ ხდება შეხვედრები ვიცე-მერთან და მერთან. ასეთია პროცედურები", - განაცხადა მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მარიამ შელეგიამ.

 

2 000-ზე მეტი განმცხადებლიდან, დღეს თბილისის მერთან შესახვედრად, დარეგისტრირების პროცედურის გავლა 400-მდე ადამიანმა მოახერხა. დავით ნარმანიასთან, მის მოადგილეებთან და სამსახურების უფროსებთან გასაუბრება კი ამ ოთხასიდან მხოლოდ 250 მოქალაქემ შეძლო.

 

მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით იმ ადამაინებს, ვისთან გასაუბრებაც დღეს ვერ მოხერხდა მერიაში მისვლა შემდეგ ორშაბათს, 14.00 დან 18 საათამდე შეეძლებათ.

 

”მოქალაქეებს მოვუწოდებთ წესრიგისაკენ. მესმის, რომ ძალიან რთულია ამ სიცხეში გარეთ დგომა, ამიტომ ჩვენ გავხსენით ყველა კარი, შენობაში შემოვიყვანეთ მოქალაქეები და, რიგის გავლის შემდეგ, პირდაპირ ავუშვით მეორე სართულზე. 400-მდე ადამიანმა გაიარა დღეს რეგისტრაცია და 250 მათგანი შეხვდა მერს, ვიცე მერს, მერის მოადგილეებს და სამსახურების უფროსებს,”- განაცხადა მარიამ შელეგიამ.

 

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მოქალაქე, რომელიც იმ 250 იღბლიანს შორის აღმოჩნდა, ვისაც მერთან და მის მოადგილეებთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცა, შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა.

 

”დევნილები ვართ, კორპუსებია დასაკანონებელი და ამ საკითხთან დაკავშირებით ვართ მოსულები. ბატონი დავითი საქმის კურსში იყო. მიღებაზე ვიყავით, მაგრამ მერი არ შეგვხვედრია. არ ვიცი რატომ. მერს შეეძლო, ვის მიღებასაც მოასწრებდა, ის მიეღო, მაგრამ საუბედუროდ ასე არ მოხდა. მოადგილესთან ვიყავით, მაგრამ პასუხმა არ დაგვაკმაყოფილა,” - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

 

...იყვნენ ისეთებიც, ვინც მერის მოადგილეებთან და სამსახურების უფროსებთან საუბრით კმაყოფილები დარჩნენ.

 

”30 წელი ვიმუშავე საბავშვო ბაღში. გამომიშვეს და შემოსავლის გარეშე დამტოვეს. ბატონ დავითთან მინდოდა შეხვედრა, მაგრამ მისმა მოადგილემ გადაწყვიტა პრობლემა და ბატონი დავითი აღარ დაგვჭირდა. ძალიან კმაყოფილი ვარ ყურადღბით და სითბოთი,” - განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა.

 

დღის ბოლოს, თბილისის მერიამ მიღების დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სადაც აღნიშნულია, რომ მერის მოადგილეები და ყველა საქალაქო სამსახური მოწოდებულია გადაწყვიტონ მოქალაქეების პრობლემები. აქედან გამომდინარე, მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ საკითხს როგორც მერი, ასევე მისი მოადგილეებო ერთნაირი ყურადღებით მოეკიდებიან.

 

"გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მოქალაქეთა მიღების პირველი დღე და ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი თანაქალაქელებისთვის, პრაქტიკულად, დახურული იყო მერიის კარი, უპრეცედენტოდ მაღალია შეხვედრის მსურველთა რაოდენობა.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს წინასწარ ჰქონდათ განმარტებული მიღების წესები, გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, თუ რა წესით შეუძლიათ მათ შესაბამის სამსახურის უფროსთან, მერის მოადგილესთან თუ მერთან შეხვედრა.

 

იმისათვის, რომ მოქალაქე მოხვდეს მიღებაზე, ის იღებს რიგის ნომერს და ამ ნომრის შესაბამისად ხვდება საქალაქო სამსახურის უფროსს. იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სამსახურის კომპეტენციას სცილდება ამა თუ იმ მოქალაქის საკითხის გადაწყვეტა, მას აქვს შესაძლებლობა, შეხვდეს მერის მოადგილეს ან მერს.

 

გარდა ამისა, მერის სახელზე შემოსული წერილების განხილვის შემდეგ შედგა შეხვედრის მსურველთა ვრცელი სია და მერთან შეხვედრა მიმდინარეობს ამ სიის შესაბამისად.

 

ჩვენ გვესმის, რომ მოქალაქეთა დიდ ნაწილს სურს უშუალოდ მერთან შეხვედრა და ფიქრობს, რომ მის პრობლემას სხვა ვერ მოაგვარებს. მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ყველა საქალაქო სამსახური და მერის მოადგილეები მოწოდებულნი არიან, რომ შეხვდნენ და გადაწყვიტონ საკუთარი თანაქალაქელების პრობლემები. ამიტომ მივმართავთ თბილისის მერიაში მოსულ ადამიანებს, იმოქმედონ დადგენილი წესების შესაბამისად, ნუ შექმნიან ქაოსს და დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ საკითხს მერი, მისი მოადგილეები და საქალაქო სამსახურის უფროსები ერთნაირი ყურადღებით მოეკიდებიან.

ამასთან, მერიის თანამშრომელთა და მოქალაქეთა მოწესრიგებული მოქმედება დაგვეხმარება, რომ მიღების საათებში შევხდეთ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს და დავეხმაროთ პრობლემების გადაწყვეტაში.

აქვე განვმარტავთ, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც დღეს ვერ შეძლებენ მიღებაზე შესვლას, მიღების მომდევნო დღეებისთვის აუცილებლად დარეგისტრირდნენ მოქმედი წესის შესაბამისად", - ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

 

iva shilakadze
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს