რუსული მუნდიალის ციმბირული სუსხი
05 აგვისტო, 2014
2262
print

გიგა გურასაშვილი

ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანელთა ტრიუმფის შემდეგ კიდევ ოთხი წელი გავა  იქამდე, ვიდრე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე ბურთი გაგორდება. შემდეგი მოქმედება მოსკოვში, 2018 წლის ივნისში დაიწყება. ამ დროისთვის ლიონელ მესი 31 წლის იქნება, უეინ რუნი - 32-ის, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ალბათ, მაყურებლის რანგში მოგვევლინება, თუ, რა თქმა უნდა, ოპოზიციას დავუჯერებთ, რომელთა ვარაუდებითაც 2018 წლისთვის რუსეთს რევოლუცია მოიცავს.

რუსეთისთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება, დიდი ალბათობით, კვლავაც უთანხმოებების ფონზე წარიმართება, რომელიც როგორც წესი, მსგავსი ასპარეზობების თანამდევია. სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან მიღებული გამოცდილებისა და საერთოდ, უმთავრეს ფორუმებთან დაკავშირებული ტენდეციების გათვალისწინებით, რუსული მუნდიალი ყველაზე ძვირადღირებული პირველობისთვისაა განწირული.

არავისთვის უცხო არაა, რომ სტადიონების უმრავლესობა, ფაქტობრივად ტრიალ მინდორზეა ასაგები, პლუს ამას ინფრასტრუქტურის შესაბამისი სტანდარტებით მოწყობა, კომუნიკაციები სატრანსპორტო სისტემის გამართვა დიდძალ თანხებთანაა დაკავშირებული.

მსოფლიო თუ ოლიმპიური თამაშებისთვის ასეულობით მილიონი დოლარის გაღება მისი ერთგვარი თანამდევია, მაგრამ როდესაც საუბარია რუსეთზე, სადაც კორუფცია მთელი თავისი ბრწყინვალებით ჰყვავის, გაცილებით მეტ მასშტაბებს უნდა ველოდოთ.

შეიძლება ითქვას, რუსული მუნდიალი საამისოდ განწირულია, რის თვალსაჩინო მაგალითად იგივე სოჭის თეთრი და ყველაზე ძვირადღირებული ოლიმპიადაც გამოდგება.

დღესდღეობით რუსეთში მხოლოდ სამი სტადიონია, რომელიც 35 ათასზე მეტ ადამიანს იტევს, ხოლო მათი ორი მესამედი თავიდანაა ასაგები.

ბრიტანელთა გათვლებით, საერთო ხარჯები არანაკლებ 12,2 მილიარდ გირვანქა სტერლინგს (!) შეადგენს, რაც ორჯერ მეტია ბრაზილიის მსოფლიო თასზე. ამასთან, ეს ციფრი დიდი ალბათობით კიდევ გაიზრდება.

არიან ისეთებიც, ამ შემთხვევაში კი თავად რუსებს ვგულისხმობთ, რომლებიც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან. ეგაა, მათი ამგვარი დამოკიდებულება ფინანსური კუთხითაა განპირობებული, რომლებიც ამბობენ, რომ არასაკმარისი სახსრების გამო რუსეთისთვის მილიარდების გახარჯვა მიზანშეწონილი არაა.

პროპაგანდა ძვირად ფასობს, პროპაგანდა შავს თეთრად წარმოაჩენს. ვინ ვინ და ეს ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა კარგად იციან. აღარაფერს ვამბობთ, მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებათა მასპინძლობით საკუთარი ძლევამოსილებისთვის ხაზგასმაზე.

საგულისხმოა ისიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მსოფლიოს უდიდესი ტერიტორიის მხოლოდ ნაწილი გაუღებს კარს. აქედანვეა ცნობილი, რომ მატჩებს არ უმასპინძლებს ციმბირი და ჩრდილოეთ კავკასია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდევე ყველაფერი თავიდანვე გათვალეს. გათვალეს ის, რომ ჩრდილოეთ კავკასია დანარჩენი რუსეთისგან რადიკალურად განსხვავებული რეგიონია, სადაც დღევანდელ სტაბილურობას მაინც დენთის სუნი ასდის. აი, ციმბირი კი რომელიც გარესამყაროს წარმოსახვაში ერთგვარ კლასიკურ რუსეთთან ასოცირდება, თითქოსდა საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ბოლო ხანებში ციმბირში ციმბირელთა გააქტიურებებმა ცხადყო, რომ გარკვეული საფრთხეები რუსეთის გულშიც დევს:

სოციალურ ქსელებსა თუ მასმედიაში დაიწყო რუსეთის რეგიონებში საპროტესტო აქციების სინქრონიზაციის პროცესი. ბოლო ხანებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 17 აგვისტოს ნოვოსიბირსკში გაიმართება ”ციმბირის ფედერალიზაციის მომხრეთა მარშირება” ლოზუნგით Хватит кормить Москву (!), რამაც კრემლში პანიკა გამოიწვია. აბა, სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას ის, რომ ”როსკომნადზორმა” აღნიშნულ ინფორმაციასთან წვდომის საშუალებები სრულიად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მასობრივად დახურა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრების მხრიდან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყატარისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ ქრთამის აღების ბრალდებებიც. როგორც ამას თავის დროზე ბრიტანული პრესა წერდა, 2022 წლის მსოფლიო თასის მასპინძლის გამოსავლენად ხელახალი არჩევნების ჩატარება შეუძლებელი იქნება თუ იმავდროულად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის გამოსავლენი არჩევნები თავიდან არ ჩატარდება, რადგან მაშინ რუსეთსა და ყატარს სწორედ ერთდროულად მიაკუთვნეს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.

ჩვენის მხრივ განვმარტოთ, რომ საუბარია 2010 წლის 2 დეკემბრის ციურიხის არჩევნებზე, რომელშიც ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის 22 წევრმა ერთდროულად გამოავლინა 2018 და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნები. პირველის შემთხვევაში რუსეთმა გაიმარჯვა, მეორეში - ყატარმა.

ამასთან დაკავშირებით თავის დროზე ბევრიც ითქვა და დაიწერა, მაგრამ ფაქტია, გამოძიება დღესაც მიმდინარეობს და თუ დადადსტურდა, რომ არჩევნებში კანდიდატი ქვეყნების - რუსეთისგან და ყატარის მხრიდან ხმების მოსყიდვას ჰქონდა ადგილი, ნავთობით მდიდარ ქვეყნებს მუნდიალის მასპინძლობის უფლებას ჩამოართმევენ. ყოველ შემთხვევაში ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მსგავს დანაშაულს, თუ ასეთი მართლაც არსებობდა, ფიფამ ფარდა ახადოს.

ერთი სიტყვით, 2018 წლის მსოფლიო თასი პუტინისთვის იქნება მორიგი შანსი იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე მისი ხელმძღვანელობით დაბრუნდა.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 მარტი 12:33 კახი კახიაშვილი ევროპის ჩემპიონატის წინ
22 მარტი 08:22 ერთი დღე აკადემიაში
22 მარტი 07:45 ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
13 მარტი 21:20 გადაცემა 5/5: მწვრთნელებმა საუკეთესოები დაასახელეს
13 მარტი 09:58 ბოულინგის მედიატურნირი სოციალური მხარდაჭერით
03 მარტი 22:01 ზამთრის უნივერსიადა 2017
21 თებერვალი 20:05 განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა
15 თებერვალი 22:36 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. ბოლო დღე
14 თებერვალი 21:58 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. II დღე
13 თებერვალი 22:50 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. I დღე