დიოგენეს ახალი კინგები
04 აგვისტო, 2014
1828
print

 

1975 წლის 15 აპრილის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. მთელი 39 წელიწადი. ამ დროის განმავლობაში მსოფლიოში უამრავი მოვლენა მოხდა: მეცნიერებმა დნმ გამოიკვლიეს, ამერიკელებმა პრეზიდენტად ყოფილი მსახიობი აირჩიეს, ადამიანებმა პირველი მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნეს, ფურცლებისგან აკინძული წიგნი ნელ-ნელა ელექტრონულმა მოწყობილობამ ჩაანაცვლა, დედამიწელებისთვის კოსმოსი მარსამდე გაიზარდა და კიდევ - ამ დროის განმავლობაში სტივენ კინგი დამწყები მწერლიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, ყველაზე მეტი ბესტსელერის ავტორად იქცა. 1975 წლის 15 აპრილს მან პირველი რომანი „ქერი“ გამოსცა, მიმდინარე წლის 3 ივნისს კი ჯერჯერობით უკანასკნელი „მისტერ მერსედესი“. ნაწარმოების გამოცემიდან ორიოდე თვის შემდეგ კი მისი წაკითხვა უკვე ქართველ მკითხველსაც შეუძლია - „დიოგენემ“ სტრივენ კინგის სერიას ორი ახალი წიგნი შემატა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სტივენ კინგის ახალ წიგნს მაშინვე მოჰყვა გამოხმაურება და კრიტიკა. კრიტიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ „მისტერ მერსედესი“ კინგის ხელწერისგან განსხვავებული რომანია და უფრო მისტიკით გაჯერებული კრიმინალური დრამის კატეგორიაში გადის, რასაც მის მთავარ ღირსებად მიიჩნევენ. პორტალი Goodreads-ი ნაწარმოებს 5-დან 4 ვარსკვლავს უწერს, ხოლო „გარდიანის“ ლიტერატურული მიმომხილველი მაიკლ მარშალ სმიტი ამბობს: „მისტერ მერსედესი“ კატა თაგვობანას თამაშის საუკეთესო ილუსტრაციაა, რომლის ერთ მხარესაც ფსიქოპატი მკვლელი დგას, მეორე მხარეს კი მისი დაჭერით შეპყრობილი პოლიციელი. ამას ემატება თხრობის საუკეთესო მანერა, რომლითაც კინგი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ირეალური სამყარო, ზებუნებრივი გარემო და სასპენსი მისი სტიქიაა“. USA Today-ის მიმოხილველი ბრაიან ტრუტი კი წერს: „მისტერ მერსედესი“ კლასიკური დეტექტივის გათანამედროვებული ვარიანტია, რაც ნაწარმოებს ერთგვარ არომატს სძენს. ეს ნამდვილი კინგია - საშიში, ჩამთრევი, დამაინტრიგებელი“.

ნაწარმოების პროტაგონისტი ყოფილი პოლიციელი ბილ ჰოჯიზია, რომელიც ერთ დღეს სერიული მკვლელისგან იღებს წერილს. ეს დღე მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდება და მთელი არსებით იწყებს მის ძებნას. მკვლელის შესახებ კი ჰოჯიზმა მხოლოდ ერთი დეტალი იცის - ის მოპარულ მერსედესს ატარებს. ნაწარმოების დასაწყისში ვიგებთ, რომ მკვლელობის იარაღი სწორედ ეს ავტომანქანა გახლავთ, ამრიგად მკითხველმა თავად უნდა აირჩიოს მისტერ მერსედესი ეს ავტომანქანაა თუ მისი მძღოლი...

აღსანიშნავია, რომ წიგნში მოქმედება 2009 წელს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პარალელურად იწყება: სამუშაოს მიღების მოლოდინში რიგში მდგომი ადამიანების ჯგუფში მოულოდნელად მდიდრულ მანქანად მიჩნეული „მერსედესი“ შევარდება და უმუშევარ, სოციალური კიბის ქვედა საფეხურზე მდგომ რვა ადამიანს კლავს. სწორედ ეს გახლავთ სტივენ კინგის სოციალური გზავნილი, რომელიც კრიტიკოსებს განსაკუთრებით მოსწონთ.

„დიოგენემ“ „მისტერ მერსედესი“ „ჯოილენდთან“ ერთად გამოსცა, თუმცა ეს უკანასკნელი ინგლისურენოვანმა მკითხველმა, ჯერ კიდევ, შარშან მიიღო. ამჯერად კინგი 40 წლი წინ ინაცვლებს და ჩრდილო კაროლონის შტატის გასართობ პარკ „ჯოილენდში“ მომხდარ მკვლელობებს აღწერს. წიგნის მთავარი გმირი 21 წლის დევინ ჯონსია, რომელიც პარკში იწყებს მუშაობას, სეზონის დასრულების შემდეგ კი წასვლას არ ჩქარობს - მას წინ წარსულში მომხდარი იდუმალი მკვლელობების გამოძიება ელის.

სტივენ კინგი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მწერალია, ცნობილია ისიც, რომ ის ძალიან სწრაფად წერს. ეს „ჯოილენდის“ მაგალითზეც ჩანს. პირველად ამ რომანის მონახაზის შესახებ მან 2012 წელს „სანდი თაიმსში“ ნილ გეიმანისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და ახსენა, რომ ჯერ წერაც არ ჰქონდა დაწყებული. სწორედ ამ ინტერვიუში ამბობს, რომ რომანის ინსპირაცია პლაჟზე სეირნობისას მიიღო, როდესაც დაინახა, როგორ იჯდა სავარძელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბიჭუნა, ზღვას უყურებდა, ხოლო ხელში ქრისტეს გამოსახულებიანი ფრანის თოკი ეჭირა. რაც შეეხება „ჯოილენდში“ ნახსენებ გასართობ პარკს, მისი აღწერა ძალიან ემთხვევა ნიუ ჰემპშირის ქალაქ სალემში მდებარე პარკისას.

ამ დროისთვის „დიოგენეს“ სტივენ კინგის რამდენიმე ცნობილი ნაწარმოები აქვს გამოცემული. მათ შორისაა „მიზერი“, „მწვანე გზა“, „წელიწადის დრონი“, „უძილობა“ და „ბნელი კოშკი: მსროლელი“. სერიის გამოცემა გრძელდება.

 

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული