დემაგოგია პარლამენტში
25 ივლისი, 2014
2180
print

თიკა გურული

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საპარლამენტო უმცირესობის წინაშე, მინისტრობის ახალი კანდიდატების გარდა, ის ძველებიც აქო და ადიდა, რომელთა შესახებ ორი დღის წინ თქვა: "მე დაკვირვების რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას ყველა მინისტრის და მათ შორის იმ მინისტრების მიმართ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ კიდევ მაქვს გარკვეული შენიშვნები. მორიგ ცვლილებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მინდა მათ კიდევ ერთი შანსი მივცე, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ და გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. ჯერ არაფერს ვგეგმავ. შეიძლება ცვლილება საერთოდაც არ მოხდეს. ეს მათზეა დამოკიდებული."

ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი, ძველებითა და ახლებით, ასე გამოიყურება: სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ოთარ დანელია, კულტურის მინისტრად მიხეილ გიორგაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრად დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად გელა დუმბაძე, საქართველოს ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.

ამათგან ერთმა გუშინ თავისი რეალური სახე და გაქანება სრულად გამოავლინა: “2014 წლის 14 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფინანსთა სამინისტროს გამშვები პუნქტის თანამშრომლებთან ერთად, ამოღებულ იქნა 2 ტონა და 790 კგ თხევადი ნარკოტიკული საშუალება, გერაინი, რომელიც ევროპის... დავინტერესდი, მოვიკვლიე, ევროპაში არ ამოღებულა იქით... ეს არის ავღანური წარმოშობის ნარკოტიკი, რომელიც მიეკუთვნებოდა თალიბანს, ამის გადატანა ხდებოდა ევროპის მიმართულებით და ამ თანხებით კიდევ ხდებოდა ამ თალიბანის, ამ პიროვნების დაფინანსება…ახლა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია მოგახსენოთ, რომ კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია,” – ეს შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის სიტყვებია, რომლებიც მან საკუთარი თანაგუნდელების დამცინავი ღიმილის ფონზე წარმოთქვა. ღარიბაშვილს პარლამენტის წინაშე კიდევ ერთხელ მისი წარდგენა არ ერიდება, რადგან მას, სხვა ყველაფერთან ერთად, ჭიკაიძის “რემენასთან” დაკავშირებული პასუხიც აკმაყოფილებს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო და უკრაინაში საქართველოს კონსული ადასტურებენ, რომ დეპორტირებული კანონიერი ქურდი თბილისისკენ მომავალ თვითმფრინავში ჩასვეს, თბილისში მის გაუჩინარებაზე კი შინაგან საქმეთა მინისტრმა არაფერი იცის. სამაგიეროდ იცის, რომ ქურდულ სამყაროს ებრძვის.

მინისტრებისადმი შენიშვნების არსებობა პრემიერ-მინისტრს უმცირესობასთან შეხვედრაზე არ უხსენებია. სამაგიეროდ, პოლიტიკური გამოუცდელობა და სამეტყველო ლექსიკონში ქართულ სიტყვათა სიმცირე დაადასტურა. “დემაგოგია” – პრემიერ მინისტრის ორატორულ არსენალში არსებული სიტყვებიდან ეს ერთი განსაკუთრებული და, ამასთან ერთად, ირონიულ ღიმილი იქცა გუშინ ღარიბაშვილისთვის ოპოზიციასთან ბრძოლის მთავარ იარაღად.

საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან კითხვის სახით წაყენებული ფაქტები და ციფრები სწორად დემაგოგიის და წარსული 9 წლის გამო ბრალდებებს აწყდებოდა. შესაბამისად, გოგა ხაჩიძემ პრემიერს შესთავაზა , რომ, თუ ზურაბ ჯაფარიძის მიერ დასახელებული ციფრები არ დასტურდება, პარლამენტარის მანდატი დატოვოს.

„ბატონო ირაკლი, თქვენგან ველოდები პასუხს. ზურაბ ჯაფარიძემ დაასახელა კონკრეტული ციფრები. აქ არის თქვენი ეკონომიკური და ფინანსური გუნდი. თუ ეს ციფრები არის შეცდომით დასახელებული, რასაც თქვენ დემაგოგია უწოდეთ პირდაპირ და თქვით, რომ ვდემაგოგობთ , თუ ეს რიცხევბი არის შეცდომით ,მე საჯაროდ ვაცხადებ - მზად ვარ დავტოვო დეპუტატის მანდატი და წავიდე პოლიტიკიდან! მაგრამ თუ დადასტურდება, ნოდარ ხადური გყავდეთ ფინანსთა მინისტრად, სანამ თქვენ იქნებით პრემიერი,“ - მიმართა პრემიერს გოგა ხაჩიძემ, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატს გაეხუმრა: „ჩვენ ამას არ დავუშვებთ“. პრემიერსა და გოგა ხაჩიძეს შორის ამ დიალოგის მიზეზი მანამდე ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც უმცირესობის დეპუტატმა ბიუჯეტის შემცირებაზე ისაუბრა.

„გავარკვიოთ ერთხელ და სამუდამოდ, ვინ არის დემაგოგი - ჩვენ თუ თქვენ, როდემდე ვითამაშოთ ასე პინგპონგი. გავარკვიოთ,“ -აღნიშნა კიდევ ერთხელ გოგა ხაჩიძემ.

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, მისი თქმით, ბიუჯეტი საშემოსავლო ნაწილში გაირღვა 600 მილიონით.

„ჩვენ გვაქვს 2014 წლის ბიუჯეტი და მისი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა წელს შეიძლება გახდეს მაქსიმუმ 29 მილიარდი ლარი. ანუ, იმის გამო, რომ 2013 წელი იყო სერიოზულად ჩავარდნილი, ჩვენმა ეკონომიკამ ამ ორ წელიწადში დაკარგა 3 მილიარდი ლარი. გარდა ამისა, 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი საშემოსავლო ნაწილში გაირღვა 600 მილიონი ლარზე ცოტა მეტით, სახარჯო ნაწილში გაირღვა 700 მილიონ ლარზე მეტით, ბიუჯეტის დეფიციტი გაიზარდა 4%-მდე, ქვეყანამ დაკარგა დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი, სავალუტო რეზერვების მხრივ ჩვენ გვქონდა კლება და 2013 წლის შედეგად ქვეყანას წელს უწევს მილიარდ 636 მილიონი ლარის ვალის აღება. იმის გამო, რომ ბოლო კვარტალში 2013 წელს ხაზინიდან გამოვიდა ძალიან ბევრი ფულის მასა, ამან გამოიწვია ეროვნული ვალუტის კურსის დისბალანსი, გაუფასურება და გამოიწვია იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა, აგრეთვე - პირველადი მნიშვნელობის პროდექტებზე. ამის გამო, საარსებო მინიმუმი გაიზარდა და პენსიას ასცდა," - განაცხადა ჯაფარიძემ.

პრემიერ-მინისტრი და მისი მინისტრები უმცირესობის კრიტიკულ შეკითხვებს აგრესიული ტონითა და მათთვის შეცდომებით სავსე პოლიტიკური ბეგრაუნდის შეხსენებით პასუხობდნენ. პოლიტიკური ცხოვრება შეცდომებს თავისთავად გულისხმობს, ძველი ხელისუფლების დამგმობი ახალი ხელისუფლება თავს ძველი შეცდომების გამოსწორებით უნდა იჩენდეს და არა მათი შეცდომებით საკუთარი თავის გამართლებით. ძველის დაგმობას ახალი წინსვლით უნდა პასუხობდეს. დღევანდელი ხელისუფლება, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ძველს გმობს. პოლიტიკური ბეგრაუნდის არმქონე, საკუთარ იუმორში თავდაჯერებულ პრემიერ-მინისტრს უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა კონცეპტუალური პასუხი გასცა.

"თქვენ გჯერათ, რომ ნამდვილად იყავით კონტროლის პალატის თავმჯდომარე წლების განმავლობაში, მაშინ, როცა ხდებოდა ყველა სექტორში არამიზნობრივი ხარჯვა და უამრავი დარღვევა იყო?! უპასუხეთ ნოდარ ხადურს, როდის შეგიმოწმებიათ ესა თუ ის უწყება და ვინ მიგიციათ პასუხისგებაში?!" - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან ბეჟაშვილს.

"თქვენ მართლა გგონიათ, რომ პრემიერ-მინისტრი ხართ?" - კითხვაზე კითხვით უპასუხა ბეჟაშვილმა პრემიერს.

 

P.S. დღესვე პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა მომავალი კაბინეტი საპარლამენტო უმრავლესობას წარუდგინა. შეხვედრამ მშვიდ და ურთიერთგაგების ვითარებაში ჩაიარა.

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს