რისთვის იბრძვის მიხეილ სააკაშვილი?
04 ივლისი, 2014
4139
print

ანდრო ბარნოვი

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიაში, ფრიბურგის უნივერსიტეტში მიიწვიეს „უკრაინის კრიზისის“ შესახებ ლექციის წასაკითხად. ფრიბურგში რამდენიმე მეგობარი ჩავედით, რომ მიშა გვენახა და ლექციას დავსწრებოდით. წინა დღე თავისუფალი გვქონდა და მთლიანად ამ თემებზე საუბარს დავუთმეთ, მეორე დღეს კი მიშა ათასამდე ფრიბურგელ სტუდენტს უზიარებდა საკუთარ ხედვებს. ვუსმენდი ლექციას და ვგრძნობდი, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს ესმის ის, რაზეც მიშა ლაპარაკობს. ხალხს უბრალოდ არ აქვს ინფორმაცია და გადავწყვიტე, მცირე სტატიით, გარკვეულწილად, შევავსო ეს სიცარიელე.

***

2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველომ აზროვნება და მოქმედება შეწყვიტა. ჩვენ დავიწყეთ ცურვა დინების მიმართულებით, ისე, რომ სვლის დასაჩქარებლად ნიჩბის მოსმაც კი გვეზარება, საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვაზე კი ფიქრისაც გვეშინია. არადა, დამოუკიდებლობის მცირე პერიოდზე თვალის გადავლება ზუსტად გვიჩვენებს, რა პირობებში ხდებოდა შესაძლებელი განვითარება. ეს პერიოდი რომ გავიაზროთ, უნდა შევხედოთ, რა ხდებოდა ჩვენს ირგვლივ, როდის გვითრევდა დინება და როდის ვახერხებდით მის წინააღმდეგ წასვლას, როგორი იყო ეს დინებები და რას ვაკეთებდით ჩვენ.

90-იანი წლების საქართველო დამოუკიდებელ არსებობას იწყებდა გარემოში, რომელიც, დეტალებში წაუსვლელად, რამდენიმე ზოგადი მოცემულობით შეგვიძლია დავახასიათოთ.

მოცემულობა პირველი: ცივი ომის შემდეგ დასავლეთში ხანგრძლივი მშვიდობის განცდამ დაისადგურა. ერთი მხრივ, რუსეთის იმპერია ჩამოიშალა, მეორე მხრივ კი, ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთ გლობალურ ძალად დარჩა. დასავლეთში ფიქრობდნენ, რომ დადგა გლობალური თანამშრომლობისა და ხანგრძლივი მშვიდობის ხანა. პრობლემების აღქმა იმდენად დაქვეითებული იყო, რომ სერიოზული მეცნიერები ისტორიის დასასრულზეც კი წერდნენ. ამ განწყობებმა ჩაუყარა საფუძველი დასავლეთის სახელმწიფოების მომავალ პოლიტიკას რუსეთისა და სხვა პოსტკომუნისტური და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ. ზოგადად, ეს პოლიტიკა გულისხმობდა თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პოლიტიკას, რომელსაც დასავლეთის ლიდერები სიხარულით უსადაგებდნენ ყველა ამ ქვეყანას, რუსეთის ჩათვლით.

დასავლეთის იმედიანმა დამოკიდებულებამ რუსეთს ფეხზე წამოდგომის საშუალება მისცა. მას მემკვიდრეობით არგუნეს ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში, მისცეს მილიარდობით დოლარი ეკონომიკის წამოსაწევად (რაც, სინამდვილეში, რამდენიმე ოლიგარქის წარმოუდგენელ გამდიდრებას მოემსახურა), რეალურად შეუნარჩუნეს ის სტატუს-ქვო, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა და, ამასთან, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთ ბირთვულ სახელმწიფოდ დატოვეს. ამერიკა და ევროპა ამ პროცესს მშვიდად უყურებდნენ. რუსეთის იმპერიის აღდგენის პრევენციის ნაცვლად, მათ რუსეთს მისცეს ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო და რაც შემდგომში პუტინმა კარგად გამოიყენა იმპერიის აღდგენის მიზნებისთვის. ცხადია, ეს მოხდა უნებლიეთ და არა წინასწარგანზრახვით. დასავლეთი საკუთარ ღირებულებებს უსადაგებდა რუსეთს, რაც დიდი შეცდომა იყო და ამ შეცდომის შედეგებს დღეს ყველა კარგად ვხედავთ.

მოცემულობა მეორე: საერთაშორისო სისტემაში გაჩნდნენ ახალი სუბიექტები. ისინი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სრული სუვერენიტეტით აღიჭურვნენ, მაგრამ მათი მომავალი არც თუ გარკვეული იყო. მიუხედავად დასავლეთის მხარდაჭერისა, საკითხავი რჩებოდა, რომელ ახალ სუბიექტს ეყოფოდა შინაგანი ენერგია, ეყოფოდა ადამიანური და სოციალური კაპიტალი იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა და განევითარებინა საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. როგორი იქნებოდა ცივი ომის შემდგომი მსოფლიო, დიდწილად სწორედ ამ ახალ სუბიექტებზე ხდებოდა დამოკიდებული. ევროპას ღრმად სწამდა, რომ დაპირისპირება აღარ განახლდებოდა და ახალი მსოფლიოს ტრანსფორმაციის გეგმა მშვიდად და აუჩქარებლად შეიძლებოდა განხორციელებულიყო. ამიტომ, დასავლეთს სტრატეგიული მიდგომა არც აქ გამოუჩენია. ფინანსური დახმარებები და ინსტიტუციური კონსულტაციები ამ ქვეყნებთან დასავლეთის კომუნიკაციის ძირითადი შემადგენელი იყო. შედარებით მეტი კეთდებოდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების კუთხით და ამან თავისი შედეგიც გამოიღო, მაგალითად, საქართველოსა და უკრაინაში. თუმცა, სტრატეგიული დაცვების გარეშე, ამ შედეგების შენარჩუნება ძალიან გართულებულია და დღეს ესეც ძალიან კარგად ჩანს, თუნდაც, იმავე საქართველოსა და უკრაინის მაგალითზე.

მოცემულობა მესამე: პუტინის რუსეთი. ვარდების რევოლუციამდე სამი წლით ადრე რუსეთის სათავეში ვლადიმერ პუტინი მოვიდა - კგბ-ს ფუნქციონერი, ადამიანი, რომლისთვისაც თავისუფლება და პროგრესი მტრული ცნებებია და რომელიც საბჭოთა კავშირის აღდგენას დაუფარავად ცდილობს. რუსეთი ამ დროს უკიდურესად დასუსტებული იყო, პუტინი კი გამოსავალს არა მოდერნიზებასა და განვითარებაში, არამედ ძველებური იმპერიის აღდგენაში ხედავდა. პუტინმა კარგად შეინიღბა თავი და დასავლეთი, რომელსაც ღრმად სწამდა, რომ დაპირისპირება ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს, მისკენ სათანამშრომლოდ დაიძრა.

პუტინმა დაიწყო იმის გაყიდვა, რაც ჰქონდა. მდიდარმა ენერგორესურსებმა სწრაფად შეავსო რუსეთის გაპარტახებული ბიუჯეტი, თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ეს რესურსები განათლებასა და განვითარებაში ჩადებულიყო, პუტინმა მთელი ამ უზარმაზარი ფულადი რესურსის პირადი კონტროლი დაიწყო, წარმოუდგენლად გამდიდრდა, ქვეყანა კი ზუსტად ისეთივე განუვითარებელი დარჩა, როგორიც მანამდე იყო.

მოცემულობა მეოთხე: მოუმზადებელი პოსტსაბჭოთა სივრცე. დამოუკიდებლობის გადარჩენა-განვითარება ბევრმა პოსტსაბჭოთა საზოგადოებამ ვერ შეძლო. ბალტიის ქვეყნების გარდა, ამ სივრცის ყველა ქვეყანა სახელმწიფოებრიობის თითქმის ნულოვანი გამოცდილებით შეხვდა ცვლილებებს. არ არსებობდა პოლიტიკური ელიტები, საზოგადოებაში არ იყო დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება, სამოქალაქო საზოგადოება იყო უკიდურესად სუსტი და პრაქტიკულად არ არსებობდა მკაფიო ღირებულებითი ორიენტირები. ყველა ეს ქვეყანა ქაოსსა და ტოტალიტარიზმს შორის რომელიღაც მოდუსში არსებობდა, საქართველო კი დასაღუპად განწირული ქვეყნების სიაში პირველ ადგილს ეცილებოდა სხვა მაჩანჩალებს. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ დანგრეულ გზებსა და უშუქობას. ვგულისხმობ მომავლის ნულოვან ხედვას, სახელმწიფოს სრულ ჩამოშლას, საზოგადოების სრულ უიმედობას და სხვა ისეთ რამეებს, რაც განვითარების არანაირ იმედს არ ტოვებდა. გარდა იმისა, რომ ეს ქვეყნები შიდა პოლიტიკას ვერ აწესრიგებდნენ, ლიდერების პოლიტიკური უმწიფრობა მათ საგარეო პოლიტიკურ წარუმატებლობასაც ცალსახად განაპირობებდა: უკლებლივ ყველა ხდებოდა რუსეთის მხრიდან მანიპულირების მსხვერპლი, რაც შიდა თუ გარე სამხედრო დაპირისპირებებზე აისახა. შეუძლებელი ხდებოდა ამ ქვეყნების შიგნით თუ ქვეყნებს შორის საერთო ენის მოძებნა, ერთიანი ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება, მით უფრო - ამ სტრატეგიის შესაბამისად მოქმედება.

ეს მდგომარეობა გამონაკლისების გარეშე გაგრძელდა 2003 წლამდე. 2003 წლიდან კი ამ სივრცეში გაჩნდა ახალი ფენომენი, რომელსაც ახალი საქართველო დაერქვა.

***

აღწერილ კონტექსტში, ყველასათვის მოულოდნელად, წარმოუდგენელი სისწრაფითა და ენერგიით, საქართველო უკეთესი მომავლისკენ გაექანა. უცბად საქართველოზე ალაპარაკდა მთელი მსოფლიო, ავტორიტეტულ ფინანსურ და ეკონომიკურ რეიტინგებში პირველ ადგილებს ვეცილებოდით მსოფლიოს ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებს და ხშირად ვუსწრებდით კიდეც. თბილისისკენ მომავალი ავიახაზები, მანამდე თუ ნათესავების სანახავად მომავალი ქართველი ემიგრანტებით მესამედზე ვერ ივსებოდა, ახლა თბილისისკენ დაძრულ ხალხს ვეღარ იტევდა. მოდიოდნენ პოლიტიკური ლიდერები, დიდი ჩინოვნიკები, ბიზნესმენები, არასამთავრობო წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოხეტიალე ტურისტები და საქართველოში დასასვენებლად წამოსული ადამიანები. ჩამოვიდა ამერიკის პრეზიდენტიც კი, რომელმაც ახალი მსოფლიოს დემოკრატიის შუქურა გვიწოდა. არა მხოლოდ ჯორჯ ბუში, მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიები სამაგალითო ქვეყანას გვეძახდნენ, მეცნიერები მსჯელობდნენ ქართული ფენომენის შესახებ და ა.შ. და ა.შ. - ყველაფრის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.

ეს ყველაფერი რეალურად დაიწყო 2004 წელს, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის მეორე დღიდან. დაიწყო იმ ფონზე, როდესაც არც ერთი ზემოთ ხსენებული ფაქტორი არ შეცვლილა. თვით საქართველოშიც კი, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა იმის გარდა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ნაციონალურმა მოძრაობამ და ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ამ მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი. სამწუხაროდ, არჩევნებში მას ხალხმა მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ მისი მიზნები გაცნობიერებული ჰქონდა, უბრალოდ, მოსწყინდათ შევარდნაძე და მისი დაჭაობებული რეჟიმი. სრულიად გარკვეული აზრით, მიხეილ სააკაშვილისადმი მოსახლეობის თავდაპირველი მხარდაჭერა იყო ემოციური და არა - რაციონალური. ელექტორატი დღესაც არ არის მკაფიოდ ფორმირებული და, მით უმეტეს - მაშინ. ამიტომ ლიდერის ქარიზმა მისი ხელისუფლების სიმტკიცის ძირითადი წყარო იყო. საბედნიეროდ, მიშას ქარიზმა ნამდვილად არ აკლდა.

ერთი სიტყვით, სააკაშვილი იყო ის ძირითადი მიზეზი, რამაც უცბად განაპირობა, რომ ქვეყანას გაუჩნდა ხედვა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით; პოლიტიკური ელიტა, მისი უკიდურესი ახალგაზრდობის მიუხედავად, უეცრად ცივილიზებული მსოფლიოსათვის გასაგებ ენაზე ამეტყველდა, გასაგები გახდა მათი მიზნები და მისწრაფებები, გასაგები გახდა პრინციპები და ღირებულებები. და გარდა ამ ყველაფრისა, ამ გუნდმა, მისმა ლიდერმა და მთლიანად ქვეყანამ მართლაც წარმოუდგენელი ენერგიითა და სისწრაფით დაიწყო წინსვლა. დასავლელი მეგობრები მუდმივად უნდობლობით უყურებდნენ პროექტებსა და, მით უფრო, ვადებს, რაშიც ამ პროექტების განხორციელებას ვგეგმავდით, შემდეგ კი ვერ მალავდნენ გაოცებას და აღფრთოვანებას, როდესაც ეს ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრაქტიკულად იმავე კონტექსტში, რაც მანამდე განვითარებას შეუძლებელს ხდიდა, ქვეყანამ უცბად განვითარება დაიწყო. მიზეზი ის იყო, რაც დავასახელე, მაგრამ სხვანაირად რომ შევხედოთ, მიზეზი იყო ის, რომ ქმნადობისა და აღმშენებლობისაკენ მიმართულმა ენერგიამ, მომავლის მკაფიო ხედვამ და მკაფიო მიზნებმა ბევრად გადააჭარბა იმ ენერგიას, რომელსაც მთელი პოსტსაბჭოთა ჭაობი, რუსეთის მეთაურობით, ნგრევისა და კორუფციისაკენ მიმართავდა.

რა თქმა უნდა, იყო რუსეთიდან გაფრთხილებები და მუქარები და მათ შესახებ ყველამ ვიცით. მაგრამ რატომღაც არ ვფიქრობთ, რამდენი ლიდერი და გუნდი გაუძლებდა ამ მუქარებს? რა თქმა უნდა, ამას სჭირდებოდა დიდი გამბედაობა, მაგრამ გამბედაობაზე უფრო მეტად, გადამწყვეტ ფაქტორად რჩებოდა ალბათ ის, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა და განვითარება გუნდის ლიდერისა და მთელი გუნდისათვის პოლიტიკური და პირადი იდენტურობის განმსაზღვრელი იყო და მასზე უარის თქმა კი - ყოვლად წარმოუდგენელი. სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, დღეს სააკაშვილს იმას საყვედურობენ, რატომ არ შეუშინდი მუქარებს და რატომ ისევ წარსულში არ დაგვაბრუნეო, მაგრამ ამაზე ახლა არ მინდა საუბარი.

მოცემულობა მეხუთე: ახალი საქართველო. მას შემდეგ, რაც საქართველოში ეს ცვლილებები მოხდა, რეგიონის რუკას ახალი ფაქტორი დაემატა და ამ ფაქტორს, შეგიძლიათ, უწოდოთ, რაც გსურთ: ახალი საქართველო, ახალი პოლიტიკური ელიტა თუ ახალი პოლიტიკური ლიდერი. სრულიად გულწრფელად ვამბობ და ბევრი დამეთანხმება, რომ ამოსავალი ფაქტორი სწორედ ეს ლიდერი იყო, თუმცა იყო ბევრი სხვა ადამიანიც, რომელმაც, მასთან ერთად, დიდი ტვირთი დაიდო მხრებზე და ღირსეულადაც ზიდა. ამიტომ და ამ ლოგიკით ფაქტორი მართლაც მთელი გუნდი და მთელი საქართველო გახდა.

***

და მაინც, საგარეო პოლიტიკურ რუკაზე არც ამის შემდეგ შეცვლილა ბევრი რამ. იყო წარმატების სერიოზული მცდელობა უკრაინაში, იყო მცდელობა ყირგიზეთშიც, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, როგორც დამთავრდა. სხვა ნამდვილად ბევრი არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რუსეთი უფრო ძლიერდებოდა და ყოფილი იმპერიის ნაწილებს სულ უფრო უკლავდა თავისუფლებისათვის ბრძოლის სურვილს. ხოლო ევროპა, რომელმაც ერთ დროს იმედებით აღსავსემ დაიწყო რუსეთთან თანამშრომლობა, ენერგეტიკულად სულ უფრო დამოკიდებული გახდა იმავე რუსეთზე. დამატებითი პრობლემები შეიქმნა ამერიკაშიც, თავისუფლებისთვის დაწყებული ომები გეოპოლიტიკურ დაპირისპირებებში გადაიზარდა, რასაც პუტინმაც დიდად შეუწყო ხელი - ომები გაიწელა, ხალხს მოსწყინდა და საგარეო პოლიტიკაში უმოქმედობას დაუჭირა მხარი.

ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც 2012 წლამდე რუსეთი ვერაფერს გახდა, იყო საქართველო და მისი ლიდერი. რა გასაკვირია, რომ მთელი მისი სიძულვილი და აგრესია სწორედ ჩვენსკენ მოიმართა. არ მგონია, ვინმეს უკვირდეს, რომ ჩვენი ბრძოლის მთავარი ობიექტიც სწორედ ეს ურჩხული იყო - კრემლში გამაგრებული კაცთმოძულე ხელისუფალი, რომელსაც, მორჩილებისა და მონობის გარდა, შემოსათავაზებელი არც არაფერი ჰქონდა და დღემდე არაფერი აქვს.

თუმცა, საქმე მხოლოდ პუტინის მრისხანე სენტიმენტები არ ყოფილა. მართალია, საქართველოში ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ გაუმჯობესებულა და საზოგადოებაც ბევრად უფრო განვითარდა, მაგრამ ყველაზე დიდი სისუსტეებიც ხომ სწორედ საზოგადოებაში დაგვრჩა. რუსეთი ხშირად და ადვილად ახერხებდა საზოგადოების ნაწილით მანიპულირებას ისე, რომ ბევრს აზრადაც არ მოსდიოდა, რომ მანიპულირების მსხვერპლია.

ამ თემას არ ჩავუღრმავდები, მხოლოდ ის ვთქვათ, რომ ახალი საქართველოს გვერდით თანაარსებობდა ძველი საქართველო, რომელიც აქტიურად ვერ უჭერდა მხარს განვითარებას და ქვეყანას უკან ექაჩებოდა. სწორი იქნებოდა იმის თქმაც, რომ ამ ორ საქართველოს შორის კონსენსუსი ვერ მოხერხდა და ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. არც ამის მიზეზებს მინდა ჩავეძიო, მაგრამ მოკლედ შევნიშნოთ, რომ კონსენსუსი შესაძლებელი იყო რეფორმების ტემპის ხარჯზე, ტემპის დაგდება კი საგარეო უსაფრთხოებისთვის დაუშვებელი იყო, რადგან საქართველოს მთელი ძალა ჩვენი იმიჯი იყო, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას გვაძლევდა. რეალურად, ეს იყო ერთგვარი ჩიხი, სადაც რომელიმე უნდა აგერჩია. არჩევანი გაკეთდა გრძელვადიანი უსაფრთხოების, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სასარგებლოდ, თუმცა საერთო ეროვნული კონსენსუსის არარსებობამ მოგვიანებით მაინც დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას.

პუტინმა სწორედ ჩვენს იმიჯზე დარტყმით დაიწყო ჩვენთან მრავალწლიანი ომი და 2012 წელს, ომის, მეხუთე კოლონის, საზოგადოების სხვა უკმაყოფილო და უმწიფარი სეგმენტებისა და დიდი ფულის წყალობით, მაინც მოახერხა სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ის ალბათ ფიქრობდა, რომ ამით სააკაშვილთან საქმე მოათავა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. მალე უკრაინაში დაიწყო მაიდანის მოვლენები და მიშამ უმალვე კიევში გადაინაცვლა. საქართველოს ახალი მთავრობა და მისი ზოგიერთი მხარდამჭერი ცდილობს, აგდებით ილაპარაკოს ამ თემაზე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია, უდიდესი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში და ახალ ხელისუფლებასაც უშურველად ამარაგებს რჩევებითა და გამოცდილი ქართველი ექსპერტებით. ამას გარდა, არ აკლდება არც ერთ საერთაშორისო ფორუმს, უვლის მთელ მსოფლიოს, ხვდება უბრალო ხალხს თუ მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს და ცდილობს, მათი მხოლოდ ყურადღება კი არ მიაპყროს კიევისაკენ, არამედ - გახადოს საკუთარი ხედვის თანაზიარი და თანამონაწილე.

***

აქ მივადექით მთავარ სათქმელს - რამდენად რეალისტურია ეს ხედვა და როგორ ემსახურება ის საქართველოს ინტერესებს? ზემოთ ვახსენეთ, რომ საქართველომ სწრაფი განვითარება დაიწყო ისეთ კონტექსტში, რომელიც მანამდე განვითარების არანაირ იმედს არ ტოვებდა. ცვლილებების შანსი სხვა ქვეყნებშიც არსებობდა, მაგრამ ლიდერებმა ვერ გაუძლეს პუტინის ზეწოლას და მოდერნიზების გეგმაც ჩაფლავდა. სააკაშვილს ადრეც ბევრჯერ უთქვამს და ახლაც ხშირად იმეორებს, რომ პუტინისთვის ძირითადი თავისტკივილი სწორედ იმპერიის ყოფილი ნაწილების მოდერნიზებაა. რუსეთს რეალურად არ ეშინია სამხედრო აგრესიის ან იმის, რომ რომელიმე ქვეყანა ენერგოტრანზიტზე უარს ეტყვის. რისიც მას რეალურად ეშინია, ესაა იმპერიის დაშლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ყოფილი სეგმენტები კულტურულად და პოლიტიკურად დასავლეთის სივრცეში ინტეგრირდებიან. ანუ ყოფილ იმპერიაში გაჩნდება სახელმწიფოს მართვის განსხვავებული, ევროპული მოდელი, სადაც არ იქნება კორუფცია, იქნება ნამდვილი არჩევნები, იქნება თავისუფლება და კონსენსუსზე დამყარებული მმართველობა. ეს ნამდვილად არის ის ფაქტორები, რომელიც რუსეთის იმპერიის აღდგენას შეუძლებელს გახდის.

მიხეილ სააკაშვილი და ახალი საქართველო დღემდე ერთადერთი სიმბოლო იყო იმისა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად შესაძლებელია. პუტინი თავგამოდებული იბრძოდა ამ სიმბოლოს დასანგრევად, ახლა კი გაჩნდა რეალური შესაძლებლობა, რომ უკრაინა, საქართველოზე გაცილებით დიდი, ევროპის ცენტრში მდებარე სახელმწიფო, ამავე გზას დაადგეს. ევროპული უკრაინა, ქვეყანა, რომელიც რუსების იდენტურობის განუყოფელ ნაწილად რჩება, დიდ გადატრიალებას მოახდენს რუსეთის სოციალურ და პოლიტიკურ მენტალიტეტში. უკრაინის დამოუკიდებლობა და წარმატება დღეს ყველაზე რეალური ბერკეტია, რომელმაც რუსეთის იმპერიალიზმს შეიძლება ბოლო მოუღოს. რასაკვირველია, სააკაშვილის ფრონტიც აქაა. აქ უნდა იყოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი საქართველოს ფრონტიც.

მეექვსე ფაქტორი: ახალი უკრაინა. ახალი უკრაინა ჯერ კიდევ არ არის შემდგარი ფაქტი, თუმცა ამ ხალხს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს მოხდეს. მაიდანმა აჩვენა ხალხის მტკიცე სურვილი, რომ დასრულდეს კორუფცია და ჩამოყალიბდეს რეალური დემოკრატია: ქვეყანას ჰყავს ახალარჩეული ხელისუფლება, რომელიც სწორედ პროტესტის ახალი ტალღის შემდეგ მოვიდა; რუსეთის როლის შესახებ უკრაინაში კითხვები აღარ არსებობს; საზოგადოება განვითარებულია და ითხოვს ცვლილებებს. მეტიც, ეს ცვლილებები ევროპასთან დაახლოების ლოზუნგით მოხდა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით პროცესი დაიწყო კიდეც. ამიტომ, თუ ეს ყველაფერი წარმატებით წარიმართა, თუ უკრაინამ შეინარჩუნა აღმოსავლეთი რეგიონები და განუხრელად დაადგა განვითარების გზას, მაშინ კიევი გახდება ახალი ფაქტორი და ახალი ცენტრი, რომელიც უცილობლად დაასრულებს რუსეთის ხელისუფალთა ოცნებას იმპერიის აღდგენაზე და რუსეთის პოლიტიკურ სცენაზე გამოიყვანს ისეთ ლიდერებს, რომლებიც მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის იქნებიან მზად.

განვითარებული უკრაინა რომ რუსეთის დღევანდელ ხელისუფალთათვის რეალური პრობლემა იქნება, ეს პუტინის ქცევიდანაც ჩანს და ლოგიკურადაც შეიძლება ამისი დანახვა. წარმოიდგინეთ რუსი ობივატელი, რომელიც ხედავს, რომ კორუფციის აღმოფხვრა მხოლოდ საქართველოში კი არ გახდა შესაძლებელი, არამედ - უკრაინაშიც; რომ ინფრასტრუქტურა მხოლოდ საქართველოში კი არ განვითარდა, არამედ - უკრაინაშიც; რომ უკრაინაც და საქართველოც მყარად დაადგნენ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზას; რომ პოლიცია და სახელმწიფო ინსტიტუტები ემსახურებიან ხალხს; განვითარდა შეიარაღებული ძალები; ამუშავდა და წინ წავიდა ეკონომიკა და ა.შ. და ა.შ. ეს ყველაფერი მანამდე საქართველოში მოხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, პატარა საქართველოს ტრიბუნაც პატარაა, უკრაინის მაგალითი კი ისეთ ეფექტს მოახდენს რუსეთზე, რომ პუტინს და მისნაირ მმართველებს, რბილად რომ ვთქვათ, დიდი პრობლემები შეექმნებათ. ამას დავამატოთ ის სცენარიც, სადაც უკრაინა ისევე გათავისუფლდა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან, როგორც მანამდე საქართველომ შეძლო. პუტინი ვეღარ აშანტაჟებს კიევს და კიევის კეთილგანწყობის შესაბამისად შეუძლია გაყიდოს ბუნებრივი აირის უდიდესი ნაწილი ევროპაში. ახლა გამოვთვალოთ ისიც, რომ მონდომების შემთხვევაში, ამ ყველაფრის განხორციელებას 2 წელიც შეიძლება ეყოს და მივხვდებით, რამდენად ღირებულია უკრაინის წარმატება ჩვენთვის და მთელი ევროპისათვის.

დღევანდელი უკრაინა პრობლემა კი არა, შესაძლებლობაა არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ-მთელი ევროპისთვის და, ცხადია, საქართველოსთვისაც. უკრაინის განვითარება ნამდვილად და პირდაპირ შედის ევროპისა და საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოების ინტერესებში და ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რისთვისაც უვლის მთელ მსოფლიოს მიხეილ სააკაშვილი და ეუბნება მსოფლიოს ლიდერებს: შეხედეთ უკრაინას, როგორც შესაძლებლობას, ნუ ხედავთ მხოლოდ პრობლემებს და როცა დაინახავთ შესაძლებლობას, გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ ის რეალობად იქცეს. ის არ მოუწოდებს ომისკენ, დიახ, მოუწოდებს სანქციებისკენ რუსეთის მიმართ, მაგრამ, რაზეც ყველაზე მეტს ლაპარაკობს, ესაა შესაძლებლობები, რომელსაც განვითარებული და უსაფრთხო უკრაინა მთელს რეგიონში და მთელს ევროპაში გააჩენს.

ესმის ეს ვინმეს თუ არა, დღეს საქართველოს საქმე უკრაინაში კეთდება და იმის ნაცვლად, რომ დღევანდელი მთავრობა ახალარჩეულ პრეზიდენტს რუსეთთან კორექტულობისაკენ მოუწოდებდეს, იმის ნაცვლად, რომ პარლამენტს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება უჭირდეს, იმის ნაცვლად, რომ დინებას მივყვეთ და საკუთარ თავზე არანაირი პასუხისმგებლობა არ ავიღოთ, სჯობს დავრჩეთ თავისუფლებისათვის მებრძოლ, წარმატებულ ერად, რომელიც პატივისცემას და აღფრთოვანებას იწვევს მსოფლიოში და სწორედ ესაა ჩვენი ძალა; ძალა, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს, პატარა სახელმწიფო ხარ თუ დიდი, რომელიც რეგიონის რეალურ ცენტრად აქცევს საქართველოს და მოიზიდავს დიდ რესურსებს, განავითარებს განათლებას, ბიზნესს, ტექნოლოგიებს, ხელოვნებასა თუ ფილოსოფიას. ეს არის ძალა, რომელიც გზას გვიხსნის მსოფლიოს ცივილიზებულ ერთა შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებისკენ და ამისთვის ნამდვილად ღირს ბრძოლა.

ასეთია მიხეილ სააკაშვილის ხედვა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მიშას ბრძოლა. ეს არის ყველა ღირსეული მოქალაქის ბრძოლა, ვისაც აქვს მომავლის რწმენა და ქვეყნის მომავალზე თუნდაც ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება შეუძლია. ეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალია, ეს არის თვალახელილი ადამიანების მომავალი და ის სივრცე, სადაც უნდა მოხდეს თითოეული ჩვენგანის, როგორც სრულყოფილი ადამიანის, რეალიზება და განვითარება. ჩვენ არ ვართ ნაფოტი, რომ მხოლოდ დინებას მივყვებოდეთ; არ ვართ ნახირი, რომ მხოლოდ ჭამა და გამრავლება გვსურდეს; არ ვართ თაგვები, რომ შიშით მიწაში ვიმალებოდეთ. მომავალი საქართველო არის მომავლის ხედვით აღჭურვილი, ენერგიული, ჯანმრთელი, განათლებული, შემოქმედებითი და მსოფლიო ცივილიზაციაში ინტეგრირებული თვალახელილი ადამიანების ქვეყანა. ყველამ ერთად სწორედ ასეთი ქვეყნისთვის უნდა ვიშრომოთ. ვიდგეთ მართალ მხარეზე, აღვიჭურვოთ გამბედაობით და ყველაფერი გამოგვივა, აუცილებლად გამოგვივა და ჩვენ ვიქნებით იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც ჩვენი ხელით შევქმენით, რომელიც მსოფლიოს არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჩამოუვარდება და რომლის დანახვა ყოველდღე სიამაყით აღგვავსებს. ასეთი საქართველოსთვის ვიბრძოლოთ.

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს