ნიჰილიზმის მიზეზი
16 ივნისი, 2014
2084
print

ჩერჩილი ძალიან პოპულარული ფიგურაა, ოდესღაც სტალინს სერიოზულ ოპონირებას უწევდა. ისეთი ფრაზების გამოთქმაც სჩვეოდა, ჩვენამდე რომ ფრთიანად მოაღწია. ხოდა, მან თქვა: “ცუდ ხელისუფლებას კარგი ადამიანები ირჩევენ, ისინი, ვინც არჩევნებზე არ მიდიანო”. საქართველოს ელექტორატის დიდმა ნაწილმა ასეთი მთავრობის არჩევას დაუდო საფუძველი.

 

თავად ბიძინა ივანიშვილმა ხმა არ მისცა მის მიერ თბილისის მერად წამოყენებულ დავით ნარმანიას – ურეკში მცხოვრებმა და რეგისტრაციაგავლილმა პირველმა მოქალაქემ ხმა ნატანების საკრებულოს წევრს მისცა და მის მიერ თბილისელებისთვის თავსმოხვეულ კანდიდატზე პირადი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდა.

 

მისცეს თუ არა ქართული ოცნების წევრების ახლობელ-ნათესავებმა ხმა ივანიშვილის მიერ წარგენილ კანდიდატს, ეს ცალკე საკითხია, ფაქტია, რომ საქმე მეორე ტურამდე მივიდა და ივანიშვილის მიერვე დატოვებული პრემიერ-მინისტრის სიტყვები ამ არჩევნებზე მისი წინამორბედი ”ნაციონალური მოძრაობის” ერთმნიშვნელოვნად განადგურების შესახებ, ხმად მღაღადებლისად დარჩა.

 

ივანიშვილის მიერ დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა წინასაწარი შედეგების გამოქვეყნებამდე მიულოცა ივანიშვილისვე წარდგენილ დავით ნარმანიას თბილისის მერობა და მერე ინანა.

 

"ნაციონალები" სადღა არიან? საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ აძლევენ ხმას,” - თქვა ღარიბაშვილმა და თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურისთვის დასახარჯ ფინანსებზე დარდი უძვირესი ფრანგული შამპანურის გახსნით აღნიშნა.

 

ოპონენტებმა ახლობელ-ნათესავების ხმებზე მეტი მიიღეს, პრემიერ-მინისტრს კი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მის ოპონენტებს ნაცნობ-მეგობრებიც კი არ მიცემდნენ ხმას, ძვირადღირებული ფრანგული შამპანურის გახსნის მიზეზი, საეჭვოა, ჰქონდეს.

 

საეჭვოა, იმ ხელისუფლებასაც ჰქონდეს 200-ზე მეტ დოლარიანი სასმელების საქართველოში სმის უფლება, რომელმაც ქართველ ამომრჩეველში ის ნიჰილიზმი გააღვივა, რომელმაც ხალხი არჩევნებზე არ მიიყვანა. წელიწადნახევარზე ოდნავ მეტ დროში ”ქართულმა ოცნებამ” მოახერხა რომ ქართველ ამომრჩეველს არჩევნების შედეგად არჩეულის იმედი დაეკარგა.

 

... 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველეთა პასიურობის და არჩევნების შედეგების შესახებ ”24 საათის” კითხვებს, ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ უპასუხა.

 

 

- არჩევნების შედეგების მიხედვით, რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ საქართველოს ელექტორატის პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით?

 

- რამდენიმე დასკვნა შეიძლება გამოვიტონოთ. პირველი არის ის, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში, ”ქართულმა ოცნებამ” დაკარგა ის მხარდამჭერები, რომელიც მას ჰყავდა 2012 წელს. ალბათ, ეს ხდება იმის გამო, რომ ძალიან ბევრი პირობა, რომელიც მაშინ ”ქართული ოცნების” მიერ იქნა მიცემული, არ შესრულდა.

 

”ქართული ოცნების” მხარდამჭერების დაკარგვა აისახება რამდენიმე კომპონენტში: ერთი იმაში, რომ მათი ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე. მეორე გამოიხატა იმაში, რომ წარსულში ოცნების მხარდამჭერმა, ყველაზე ულტრაშოვინისტურმა და ყველაზე ნაკლებად პროგრესულმა ნაწილმა უკვე ორ სხვა პარტიას- ნინო ბურჯანაძის და ირმა ინაშვილის პარტიებს დაუჭირა მხარი. ის ხმები, რომელიც ახლა ამ ორმა პარტიამ მიიღო არის სავარაუდოდ ის ხმები, რომლებიც 2012 წელს ჰქონდა ”ქართულ ოცნებას”.

 

მესამე დასკვნა რაც არჩევნების შედეგებიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ არის ის, რომ უკვე ცალსახაა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” არის მეორე პოლიტიკური პარტია, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც დაღმასვლის შემდეგ უკვე შეუდგა აღმართს. ამის დასტურია, რომ 8 ქალაქში იქნება მეორე ტური, მათ შორის თბილისში - ჩემი აზრით, ეს არის ძირითადი დასკვნები ამ არჩევნების შესახებ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ელექტორატის რაღაც ნაწილი მაინც ახდენს კრისტალიზაციას არაჯანსაღი ძალების ირგვლივ- არაჯანსაღ ძალებში, პირველ რიგში გამოვყოფ, ბურჯანაძის და ინაშვილის პარტიებს.

 

- თქვენი აზრით, რისი შედეგი შეიძლება იყოს, ამომრჩევლის დაბალი აქტივობა?

 

- აქ რამდენიმე ფაქტორია. პირველი არის აპათია, მთავრობის მიერ იმედგაცრუება და ალბათ, ის ხალხი ვისაც ”ქართულმა ოცნებამ” იმედი გაუცრუა ვერ ხედავს სხვა ძალას რომელსაც მისცემენ ხმას და მათი ბუნებრივი არჩევანი იყო არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება. მეორე ფაქტორი არის ის, რომ რაღაც ნაწილმა ჩათვალა, რომ შეთავაზებული კანდიდატებიდან არც ერთი იყო მათთვის მოსაწონი და შესაძლოა პარტიას მხარს უჭერენ, მაგრამ უშუალოდ კანდიდატის მიმართ ანტიპათიის გამო, არ მივიდნენ არჩევნებზე. ეს არის ჩემი აზრით, ორი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მივიდა ამომრჩევლის დიდი ნაწილი არჩევნებზე. თუმცა, შესაძლოა იყოს მესამე მიზეზიც - შედეგი ასე თუ ისე ცნობილი იყო როგორც გამარჯვებულისთვის, ისე დამარცხებულისთვის და ამომრჩევლის ნაწილმა იფიქრა, რომ მაინც ვერაფერს შეცვლიდა.

 

საბოლოო ჯამში, ყველაფერი რაც მოხდა, ძალიან ნიშნადობლივია და ვფიქრობ მთავრობისთვის უნდა იყოს საკმაოდ დამაფიქრებელი ის, რომ მართლია გაიმარჯვეს, მაგრამ საკმაოდ მკვეთრი გზავნილი მიიღეს ელექტორატისგან.

 

- საქართველოში პირველად ტარდება არჩევნების მეორე ტური, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოვლენა ქვეყნისთვის?

 

- ბუნებრივია ეს არის ძალიან ჯანსაღი დემოკრატიზაციის პროცესი, რომელიც ჩვენთან ბოლო წლებში მიმდინარეობს. როგორ დამთავრდება ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ ის ფაქტი რომ მეორე ტური ტარდება და ის ფაქტი, რომ საკმაოდ ბევრი კანდიდატი ახალ ამპლუაში გააგრძელებს ბრძოლას უკვე ერთი ერთზე, უკვე ძალიან სერიოზული მიღწევაა.

 

თიკა გურული

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს