TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
12 ივნისი, 2014
2223
print

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების პირველადი შეთავაზება (IPO - Initial Public Offering) განხორციელდა. როგორც თიბისი ბანკში აცხადებენ, ამ ნაბიჯით, ბანკი შეუერთდა მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტების მქონე კომპანიებს, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილი.

 

თიბისი ბანკის აქციები Bank of New York Mellon-ის დახმარებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების (GDRs) სახით განთავსდა. თიბისი ბანკში განმარტავენ, რომ ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის ტრანზაქცია - თიბისი ბანკის მიერ განთავსებული აქციების ღირებულებამ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა.

 

განთავსებული აქციების ღირებულების მიხედვით, თიბისი ბანკის IPO არის ყველაზე დიდი ინდექს-გარეშე საერთაშორისო შეთავაზება ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. ეს არის ქართული კომპანიის მიერ აქციების ყველაზე მასშტაბური განთავსება საფონდო ბირჟაზე.

 

თიბისი ბანკის აქციები უკვე შეიძინა 100-მდე მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუციონალურმა ინვესტორმა დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, სკანდინავიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

 

თიბისი ბანკის ინფორმაციით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების შემდეგ, ბანკის ინვესტორთა ბაზა გაფართოვდება, რაც მას გრძელვადიან განვითარებასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

ამასთან,აღსანიშნავია, რომ თიბისი ბანკის მრავალი აქციონერი, ინსტიტუციონალური აქციონერების და დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ჩათვლით, რჩებიან ბანკის აქციონერებად.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების განთავსება არის აღიარება იმისა, რომ თიბისი ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, აკმაყოფილებს მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებს.

"ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჩვენი აქციების განთავსება არის აღიარება იმისა, რომ თიბისი ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, აკმაყოფილებს მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებს. ამასთან, აქციების განთავსება გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ბიზნესპროცესები საერთაშორისო კომპანიების დონის შესაბამისად და დავნერგოთ კორპორაციული მართვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი. რაც მთავარია, ეს არის უზარმაზარი ინვესტიცია, რომლის მოზიდვაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, გაზრდის ინვესტორთა ნდობას საქართველოში მოქმედი კომპანიების მიმართ, რაც, საბოლოო ჯამში, წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების წინაპირობას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს ამ წარმატებაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის," - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის წარმატება საქართველოს ეკონომიკის წარმატებაა.

"ეს არ არის მარტო თიბისი ბანკის გამარჯვება, ეს არის ქართული საბანკო სექტორის გამარჯვება და ასევე ქართული ეკონომიკის გამარჯვება. მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა, ერთნახევარჯერ მეტი იყო მოთხოვნა ჩვენ აქციებზე, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ბანკის მაღალ პროფესიონალურ დონეზე და ასევე ქვეყნისადმი ნდობას გამოხატავს. ასამდე ინვესტორი და დიდი საერთაშორისო ფონდი დაინტერესდა, აქტიურები იყვნენ სკანდინავიური ქვეყნები, ევროპის და ამერიკის შტატების ინვესტორები, ეს ასახავს ახალ რეალობას ქართული ეკონომიკის გასაჯანსაღებლად," - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ლონდონის ბირჟაზე აქციების გატანის შემდეგ, ბევრი კომპანია დაფინანსდება და საკრედიტო პროცენტი შემცირდება.

"ჩვენ საკმაოდ დიდი სიახლეები გვაქვს, რომელსაც ჩვენ ქართულ ბაზარს და ეკონომიკას შევთავაზებთ, ეს საშუალებას გვაძლევს, რომ მილიონახევრამდე გავზარდოთ უახლოეს პერიოდში პორტფელი. ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ ბევრი კომპანია დაფინანსდება, გაჩნდა უფრო მეტი გრძელი ფული, ეს გამოიწვევს აუცილებლად საკრედიტო პროცენტის შემცირებას. რომლის ტენდენციაც უკვე წლებია მიდის კლებისკენ, გავაგრძელებთ ფოკუსირებას, რომ ისევ დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს და ახალი საწარმოების გაძლიერებას.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ინვესტორები, რომლებიც შემოვიდნენ თიბისი ბანკში, ასევე პოტენციური ინვესტორები არიან ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, ორმაგი დატვირთვა აქვს ჩვენს დღევანდელ ნაბიჯს.

ამ ნაბიჯით, რაც დღეს მოხდა, საშუალება მოგვეცა დამატებით მილიარდი ლარის სახსარი შევუშვათ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში, გავზარდოთ დაფინანსებები, გავზარდოთ ვადიანობა დაფინანსებების და, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი პირობები შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს. უფრო მეტიც, ჩვენ კაპიტალურ ბაზარზე გავედით და პრობლემა ქვეყანაში იაფი რესურსების მოზიდვის ბანკს არ ექნება, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ კაპიტალური ბაზიდან მოვიძიოთ იმდენი თანხა, რამდენიც საჭირო იქნება ქვეყნის განვითარებისთვის და ბიზნესების დასაფინანსებლად. ეს გლობალურად საკმაოდ მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი კლიენტებისთვის, არამედ ეკონომიკისთვის," - აღნიშნა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

 

...ლონდონის ბირჟაზე, თიბისი ბანკის ოფიციალურ წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ტრანზაქციის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინვესტორებს ეჭვი არ ეპარებათ საქართველოს სტაბილურობასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის პოტენციალში.

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა
10 ნოემბერი, 2012 „ვი­თი­ბი ბან­კის" სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო სეს­ხი 15 პრო­ცენ­ტად