მაისის შემოდგომა-ზამთარი
23 აპრილი, 2014
2454
print

თბილისში მოდა ბრუნდება - თბილისის მოდის კვირეული ადგილობრივი ღონისძიებების კალენდარში 6-10 მაისსაა ჩანიშნული. ჩვენებებს წელს ვარდების ბაღი უმასპინძლებს, თუმცა რამდენიმე კოლექციას დიზაინერები თბილისის სხვა ადგილებში წარმოგვიდგენენ. პროგრამაში სულ 20 დიზაინერის ჩვენებაა მითითებული, თუმცა TFW დამატებით ღონისძიებსაც მოიცავს, მათ შორის, საგანმანათლებლოს.

თბილისის მოდის კვირეულს უკვე გააჩნია ისტორია, მეტიც, მსოფლიო მოდის კვირეულების კალენდარში საკუთარი ადგილი აქვს მინიჭებული. ამ სფეროში გაცნობიერებულთათვის ეს უკვე ნიშნავს მნიშვნელოვან ნაბიჯს, ერთგვარ ნიშას, რომლის დაკავება პირველი ნაბიჯია, ადგილის დამკვიდრება და ანგარიშგასაწევ ძალად ქცევა კი მომავლის საქმე. მოდა არ გახლავთ იაფი სფერო, მსოფლიო მოდის ბიზნესი მრავალნულიანი ციფრებით იზომება, ხოლო არა ერთი ქვეყნისთვის ის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული სეგმენტია. ჯერ ჩვენთან ასე არაა - მოდის კვირეულები უმეტესობისთვის კვლავ გართობის ხუთ დღეს ნიშნავს, თუმცა აქ რეალურად საქმეც კეთდება, სწორედ ის საქმე, რომელიც შარშან ვერც სახელმწიფომ დააფინანსა და ვერც კერძო სექტორმა, შედეგად კი 2013 წლის TFW არ გაიმართა.

როგორც კვირეულის მთავარი ორგანიზატორი, სამოდელო სააგენტო ”ჯეომოდელსის” ხელმძღვანელი თაკო ჩხეიძე ამბობს, რამდენიმე TFW-ის ჩატარების შემდეგ მოდის ინდუსტრიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება საგრძნობლად გაიზარდა, ადგილობრივი მომხმარებელი ქართველი დიზაინერების პროდუქციით დაინტერესდა, ამ უკანასკნელთათვის გაიხსნა საერთაშორისო ბაზრისკენ მიმავალი გზა და ა.შ. კვირეულის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად კი თაკო ჩხეიძე ახალბედა დიზაინერების აღმოჩენას მიიჩნევს: ლაშა დევდარიანი, ლექსო ახალკაციშვილი, ლადო ბოკუჩავა და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი თუ უცხოური მოდის სახლებში მუშაობენ, ქმნიან საკუთარ კოლექციებს. ”როდესაც თბილისის მოდის კვირეული პირველად ჩავატარეთ, დიზაინერები ძირითადად მიმდინარე სეზონის კოლექციებს წარმოადგენდნენ, რათა უფრო ადვილად გაეყიდათ. ახლა კი საერთაშორისო სტანდარტებს ითვალისწინებენ და მომდევნო სეზონის კოლექციას წარმოადგენენ. ზოგადად კვირეულის დონის ამაღლებაზე უცხოელი სპეციალისტების გამოხმაურების მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ისინი ქართველ დიზაინერებში დიდ პოტენციალს ხედავენ, რადგან ჩვენ მსოფლიოსთვის ერთგვარი ახალი სისხლი, ახალი ხედვა ვართ. ამ ფონზე კი მიაჩნიათ, რომ საქართველოში მოდის ბიზნესის განვითარების შანსი რეალურია”, - ამბობს თაკო ჩხეიძე.

როგორც გითხარით, თბილისის მოდის კვირეული საერთაშორისო კალენდარშიცაა აღნიშნული. საიტ modemonline.com-ზე მოცემულ გრაფიკში ვკითხულობთ, რომ მაისი მხოლოდ TFW-ს თვეა, რაც საკმოდ ხელსაყრელია იმ მხრივ, რომ მეტი ბაიერი, კრიტიკოსი და ბლოგერი შეძლებს სტუმრობას. ამჯერად თბილისში L’officiel-ის, Style Du Monde-ს, Buro 24/7-ის, Vogie Russia-ს, Fashion Collection-ის, Nargis Magazine-სა და Esquire-ის წარმომადგენლები ჩამოვლენ. გაშუქების მხრივ სიახლეა ის, რომ კვირეულს პირველად ექნება პირადი ბლოგი დღიურების სახით, რომელზეც საიტი Kate's Cool Attitude იმუშავებს.

კვირეულს საპატიო სტუმრებიც ეყოლება. მათ შორის მოდის იტალიელი სპეციალისტები ჯანი ფონტანა და სერენა ტოფეტი, რომლებიც არა მხოლოდ ახალბედების კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას, არამედ მასტერკლასებსაც ჩაატარებენ. ვარდების ბაღში იგეგმება შარშან ავტოავარიაში დაღუპული ფოტოგრაფის, ირაკლი ღუღუნიშვილის ფოტოგამოფენაც, რომელიც თბილისის მოდის კვირეულთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა.

რაც შეეხება მთავარ ჩვენებებს, ამჯერად პოდიუმზე ავთანდილის, ატელიე მატერიას, დათუნა სულიკაშვილის (კვირეულის დახურვა), გიორგი შაღაშვილის, გოლა დამიანის (დალოოდ ჯგუფი), ატელიე კიკალას (კვირეულის გახსნა), ქეთი ჩხიკვაძის, აკა ნანიტაშვილის, თეონა გარდაფხაძისა და სალომე ამანათიშვილის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს ვიხილავთ. მათ გვერდით იქნება წარმოდგენილი წინა კვირეულის საუკეთესო დამწყები დიზაინერების - მარიამ მახარაძის, მარიამ გვასალიას, დიანა ქვარიანისა და MACH&MACH-ის ნამუშევრებიც.

 

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
06 ივლისი, 2015 ალექსანდრე მაქუინის ველური სილამაზე
30 მარტი, 2015 გაზაფხულის პოდიუმი 16-19 აპრილს გაიშლება