სამხატვროს სტუდენტების ბიოშოკი
15 აპრილი, 2014
15373
print

თავიდან იყო „ძირს ხუნტა!“, მერე „გვახსოვდეს აფხაზეთი“, „თავისუფლება ცოტნე გამსახურდიას“ და „სისტემა უნდა დაინგრეს“; ურბანული კლასიკაა „ნაგვის დაყრა აკრძალულია. ღმერთი დაგსჯით“, „მიყვარძარ“, „აქ ნუ მოფსამთ“, ბოლოდროინდელი ჰიტი კი ო. ჭილაძის გამონათქვამებია.

ჩვენთან შენობებზე წერენ. ეს უფრო ადვილია, ზარმაცებისთვის ზედგამოჭრილი - დიდ დროსა და დანახარჯს არ მოითხოვს, თან სიტყვით აზრის გადმოცემა უფრო ადვილია, ვიდრე ნახატით. ამიტომ ჩვენთან, როგორც წესი, შენობებზე წერენ.

ამჯერად დახატეს.

ამ ნახატის ავტორები თითქმის პროფესიონალი მხატვრები არიან - სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, რომლებიც ბიონარკოტიკის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამას შეუერთდნენ და საკუთარი დამოკიდებულება იმით გამოხატეს, რაც საუკეთესოდ იციან (ნუ, წესით, უნდა იცოდნენ): რამდენიმე დღის წინ ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელის კედელი მოხატეს, თუმცა სიტყვა „მოხატვა“ აქ ისევე უადგილოდ ჟღერს, როგორც საურონი გაგრის პლაჟზე.

ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ აშენების საწინააღმდეგო აქცია რამდენიმე თვეა გრძელდება. პარტიზანები ამ ტერიტორიას ზამთარში, თოვლში, სუსხშიც იცავდნენ, იცავენ დღესაც. მათი საქციელი თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებისთვის სამაგალითოა, მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი აღმოჩდნენ იმისთვის, რომ ამ პატარა პარკის ყველა კუთხე გაეკონტროლებინათ და დაახლოებით იმ მასშტაბის ვანდალური აქტი შეეჩერებინათ, როგორიც ხეების მოჭრა ან ზღვაში ნავთობის ჩასხმაა. თუმცა ვაჭარბებ - სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ გაფუჭებულ საქმეს, საბედნიეროდ, უბრალო ცარცის საღებავიც ეყოფა...

ნებისმიერ საქმეს, თან ასეთ მასშტაბურსა და სახალხოდ გამოსამზეურებელს, მით უფრო, კონკრეტული, აქტუალური და პრობლემური თემის გასაპროტესტებლად მიმართულს, აუცილელად სჭირდება დაგეგმვა, სულ მცირე, ესკიზის გაკეთება მაინც, რათა შედეგი ქაოტური, შეუკვრელი, უკონცეფციო და გაუგებარი არ გამოვიდეს.

გამოვიდა.

ვაკის პარკის გრაფიტი (თუ ეს სიტყვა შეგვიძლია ვიხმაროთ) ტექნიკური უხარისხობისა და თემატური აბსურდულობის შესანიშნავი ნაზავია, ბრწყინვალეა ფერთა უგემოვნო შეხამება, სხვა და სხვა პერსონაჟების შემოყვანით კი ავტორები უფრო მეტად უსვამენ ხაზს, რომ არც ბიონარკოტიკისა გაეგებათ რამე და არც თანამედროვე მუსიკის უახლესი წარსულისა, ხოლო ელემენტარული ტაქტისა და გარდაცვლილი ადამიანების მიმართ პატივისცემის შესახებ არაფერი სმენიათ.

ამ ფრესკაში (მომიტევეთ) ყველაზე არაეთიკური და გოიმური სწორედ რომ საკითხის პერსონიფიცირებაა: აქ შეხვდებით ჯიმ მორისონის, სავარაუდოდ ემი უაინჰაუზისა და ირაკლი ჩარკვიანის გამოსახულებებს. მორისონისა და უაინჰაუზის ოჯახებისთვის ამის შესახებ არასდროს გახდება ცნობილი და არც მათი მხრიდან რეაგირებას უნდა ველოდოთ, მაგრამ ჩარკვიანებთან დაკავშირებით დარწმუნებული არ ვარ...

ეს ნამუშევარი ზოგადად ბიონარკოტიკის საწინააღმდეგოდ წამოწყებული კამპანიის ხარისხის შესანიშნავი ილუსტრაციაა. სთხოვეთ ნებისმიერს ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული სამი სასაცილო ფრაზა გაიხსენოს და მერწმუნეთ, „ჭამე ნოდარისა“ და „ვეს ტაკოი იმპაზანტნის“ გვერდით აუცილებლად დაასახელებს ფრაზას „ესმით ხმა გადმოხტი და ხტებიან“. ეს შსს-ს ანტინარკოტიკური კამპანიის ვიდეომიმართვებიდან ყველაზე ცნობილი ფრაზაა, რომელიც პირველივე ჯერზე მისი კიდევ ერთხელ მოსმენისკენ კომპულსიურ ლტოლვას იწვევს, რასაც დაუსრულებელი ირონია და ქილიკი მოჰყვება.

თუმცა აქ მეორე საკითხი უფრო დამაფიქრებელი და შემაწუხებელია: მთლიანი კომპოზიციის დეტალურად შესწავლის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ სამხატვროს სტუდენტებმა, მარტივად, ხატვა არ იციან. ყველაზე მეტად მაინც თაღის მარცხენა კუთხეში მიხატული შავი ფიგურები მატყვევებს: სიკვდილი ნარკოდამოკიდებულს ცელავს, ხოლო ეს უკანაკნელი, უფრო კი მისი მარცხენა ხელი, ან სულაც მთელი სხეული... იქვე ანიმაციური პერსონაჟი მინიონი ხატია, რომელმაც მხოლოდ ის დააშავა, რომ ოვალურია, ყვითელია და ერთი თვალი აქვს; იქით ვიღაც დურბინდით გვიყურებს, მეორე ბოულინგს თამაშობს, ჯიმი თურმე ცოცხალი იქნებოდა...

მოკლედ, ვაკის პარკის კიბის მოხატვა ბოლო დროის ყველაზე დიდი ეპიკ ფეილია, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ: კედლებზე ხატვა არაა ჩვენი საქმე, კონცეპტუალური პროექტებისა არაფერი გაგვეგება და, რაც მთავარია, თბილისში გაჩნდა ადგილი, სადაც არავინ აგიკრძალავთ მოფსმას - აი, ამ კედელთან მოფსით.

 

 ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...