სკოლა და პოლიტიკა
11 აპრილი, 2014
3677
print

მიყვარს განათლებული, ნაკითხი ადამიანები, აი, ბევრიც რომ წაუკითხავთ, თან აზრიანად, მერე ამაზე სხვებსაც რომ ესაუბრებიან და ამ სხვებს წიგნის კითხვის სურვილს რომ უჩენენ. ასეთი ადამიანები არაჩვეულებრივი პედაგოგები არიან. ცხადია, მათ სხვა ასპარეზზე თავის გამოცდასაც ვერავინ აუკრძალავს, სხვა საკითხია, ამ სხვა ასპარეზზე რამდენად შორს წავლენ.

არ გაგიკვირდებათ და ლევან ბერძენიშვილზე ვლაპარაკობ. პოლიტიკოსმა ბერძენიშვილმა დღემდე ვერ შემაცვლევინა აზრი ლიტერატორ, გნებავთ პედაგოგ ბერძენიშვილზე. ვერც ერთი მისი არაადეკვატური პოლიტიკური გამოსვლა ვერ მაიძულებს არ ვურჩიო ჩემს შვილებს, უსმინონ ბერძენიშვილს, როდესაც ის ვაჟა ფშაველაზე საუბრობს.

 

გუშინ ლევან ბერძენიშვილმა, მართალია, რუსულად, მაგრამ მაინც საკუთარი, შესანიშნავი პედაგოგიური გამოცდილება გაცილებით მდარე პოლიტიკურთან შეათავსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რომელსაც რუსეთის დელეგაცია არ დაესწრო, მშვენიერი სიტყვით გამოვიდა:

 

"მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის, რას ნიშნავს რუსეთთან მეზობლობა. მე მოვისმინე მოსაზრებები, რომ ისინი აქ უნდა იყვნენ, რათა რაღაც ისწავლონ. ეს ძალიან საინტერესო აზრია, მე ეჭვი არ მეპარება PACE-ს და ევროპელი ლიდერების პედაგოგიურ შესაძლებლობებში, მაგრამ სწავლის პროცესს ორი მონაწილე სჭირდება - მასწავლებელი და მოსწავლე. ჩვენ აქ ველოდებოდით მომავალ მოსწავლეებს – ბატონ პუშკოვს, სლუცკის და სხვებს, მაგრამ ისინი არ არიან, არ უნდათ სწავლა. კარგია, რომ გვინდა, მათ ვასწავლოთ, მაგრამ მათ არ უნდათ, ისწავლონ," - განაცხადა ბერძენიშვილმა.

 

რაც იცის, იცის, ვერ წაართმევ. მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთობა ესმის ზედმიწევნით კარგად. სწორედ ამიტომ ზუსტად მას ვეკითხები: გუშინ 53-ე სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა რომ თქვა, ბავშვები ადვილად მართულები არიანო, ეთანხმება?

 

53-ე სკოლაში მთელი კვირაა, სასწავლო პროცესი შეჩერდა. განათლების სამინისტროს გენინსპექციამ ყოფილ დირექტორს დარღვევები აღმოუჩინა – ნათურების შესყიდვით დაზოგილი თანხით ბოქლომებიც შეუსყიდავს, ხელშეკრულების გარეშე. სკოლის კუთვნილი თანხის დაზოგვის გამო გათავისუფლებულმა დირექტორმა გუშინ სარჩელი სასამართლოში შეიტანა. 53-ე სკოლის მოსწავლეები კი დღესაც სკოლის მისადგომებთან დგანან და განათლების მინისტრის მიერ დანიშნულ დირექტორს შენობაში არ უშვებენ.

 

გუშინ განათლების სამინისტრომ, ოფიციალურ ვებგვერდზე სრული სისულელე გამოაქვეყნა: თითქოს, 53-ე სკოლის მოსწავლეთა აღშფოთებული მშობლები ურეკავენ. ამ ჩანაწერის აუთენტურობა კიდევ გასარკვევია.

 

განათლების მინისტრი, აქვე აღვნიშნოთ – ამჟამად საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დანიშნული, უკან არ იხევს, მეტიც, იმუქრება.…

 

ბავშვების კი, ამ შემთხვევაში სკოლის მოსწავლეების, მართვა რთულია, 53-ე სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლისგან განსხვავებით, ეს ჩვენც ვიცით და “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა სახემ – ლევან ბერძენიშვილმა მით უმეტეს.

 

იქცევა თუ არა 53-ე სკოლა პრემიერ-მინისტრის მიერ ნაკლებად შედეგიანად დასახელებული ერთ-ერთი მინისტრის გათავისუფლების მიზეზად, ამას მალე ვნახავთ.

 

თიკა გურული

 

 

P.S. საქართველოს დღევანდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას კარგად ახსოვს მისი ყოფილი კლასელების პროტესტი სკოლის დირექტორის მიმართ. მათ გაშლილ კარვებშიც არაერთხელ მისულა, მხარდასაჭერად. მისი მეგობრები მაშინ მართლები იყვნენ და სასურველსაც მიაღწიეს.

tika guruli
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი