„სილმარილიონის“ ქართული ვერსია
27 მარტი, 2014
3458
print

 

„მიწაში იყო სორო, რომელშიც ჰობიტი ცხოვრობდა...“ - ასე იწყება ერთი პატარა ისტორია, რომელიც მოგვიანებით უამრავი რასით, სხვა და სხვა ენაზე მოლაპარაკე არსებებითა და თავგადასავლებით სავსე სამყაროდ იქცა. ასე იწყება ჯ. რ. რ. ტოლკინის „ჰობიტი“, უფრო კი მისი ქართულენოვანი ვერსია, რომლის ავტორიც ნიკა სამუშია გახლავთ. მისია „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიის თარგმანიც, ახლა კი საკუთარი ტრილოგიის შეკვრითაა დაკავებული - ნიკა „სილმარილიონს“ თარგმნის.

ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა: მესამე ეპოქის 3019 წლის 25 მარტს მუდმივად შეშინებულმა, შაირიდან მრავალი კილომეტრის გამოვლის შემდეგ დაუძლურებულმა და უიმედობით შეპყრობილმა ორმა ჰობიტმა ოროდრუინამდე მიაღწიეს და მთავარი ბეჭედი გაანადგურეს. ამრიგად, 25 მარტი ტოლკინის სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, ნიკა სამუშიასთან მკითხველის შეხვედრა და ნაწყვეტების კითხვაც ამ დღეს გაიმართა. შეხვედრას წიგნის მაღაზია „ბუქსითი“ მასპინძლობდა, შეკრებილთა შორის კი არავინ იყო ისეთი, რომელსაც, სულ მცირე, პიტერ ჯეკსონის სახელი მაინც რომ არ გაეგო.

არაფერი სჯობს საუბარს ადამიანთან, რომელმაც საყვარელი სამყარო მშობლიურ ენაზე გაგაცნო, რაც ავტომატურად იმასაც ნიშნავს, რომ ის აქაურობას საუკეთესოდ იცნობს, მეტიც, ისიც იცის, რის შესახებაც ჯერ მხოლოდ ერთეულებს (გნებავთ, რჩეულებს) გაუგიათ. მაგალითად, იცის „სილმარილიონის“ შესახებ, შეცდომის გარეშე შეუძლია აქ მოხსენიებული სახელების წარმოთქმა, ეპოქების დახასიათება, პერსონაჟებს შორის არსებულ კავშირებზე საუბარი და ასე შემდეგ.

შეიძლება ითქვას, რომ „სილმარილიონი“ ტოლკინის მიერ შექმნილი ფენტეზი-ისტორიის ერთგვარი ბიბლიაა. სწორედ აქ გახლავთ თავმოყრილი ყველა ის ისტორია, რომლებიც დაწვრილებით აღწერს იმ სამყაროს შექმნას, რომლის ნაწილსაც შუამიწეთიც წარმოადგენს. ასევე აღწერილია ადამიანების, ელფების, ჯუჯებისა და ჰობიტების წარმოშობა, ჯერ კიდევ ის პერიოდი, როდესაც პლანეტები ბრტყელი იყო...

ჯ. რ. რ. ტოლკინმა „სილმარილიონზე“ მუშაობა „ჰობიტის“ დაწერამდე, 10-იან წლებში დაიწყო. ჩანაწერების უმეტესობა ავტორმა პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ, ჰოსპიტალში რეაბილიტაციისას დაწერა. 1926 წელს ნაშრომმა პირველი დასრულებული სახე მიიღო, სახელად კი „მითოლოგიური ჩანაწერები“ (Sketch of the Mythology) ერქვა. ეს არ გახლდათ მოცულობითი ტექსტი, თუმცა ავტორი კარგად ხედავდა მასში არსებულ პოტენციალს, ამიტომ მუშაობას აქტიურად აგრძელებდა.

„სილმარილიონის“  წერა არც მაშინ შეუწყვიტავს, როდესაც „ჰობიტზე“ დაიწყო მუშაობა, 30-იანების ბოლოს კი ამ უკანაკსნელის წყალობით პირველ დიდ წარმატებასაც მიაღწია. ამით გათამამებულმა ტოლიკინმა გამომცემელს „სილმარილიონის“ დაბეჭდვაც შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ნაშრომი საკმაოდ რთულ ტექსტს წარმოადგენს, სავსეა უამრავი გეოგრაფული თუ პერსონაჟის სახელით, მითოლოგიური წიაღსვლებითა და ფილოსოფიური განსჯებით, ამიტომ ტოლკინის სამყაროთი მოუწამლავი მკიხველისთვის მისი წაკითხვა არც თუ ადვილი იქნება (ამას ნიკა სამუშიაც აღიარებს, თუმცა შეხვედრაზე მის მიერ წაკითხული ერთ-ერთი თავის თარგმანი საკმაოდ იმედის მომცემად ისმინებოდა).

წაკითხულიოთ გაბრუებულმა გამომცემელმა ტოლკინს „სილმარილიონი“ უკან მოუბრუნა და „ჰობიტის გაგრძელების“ დაწერა სთხოვა, შედეგად კი მკითხველმა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოები, „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგია მიიღო. „სილმარილიონს“ ავტორი მხოლოდ ტრილოგიის გამოცემის შემდეგ, 50-იანების ბოლოს მიუბრუნდა, მრავალი წლის განმავლობაში ამუშავებდა, ამატებდა, ასწორებდა, აფართოვებდა და ავსებდა, თუმცა მის გამოცემას ვერ მოესწრო -  „სილმარილიონი“ პირველად მხოლოდ 1977 წელს, ტოლკინის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ, მისი შვილის, კრისტოფერ ტოლკინის მიერ რედაქტირებული გამოვიდა. მკითხველი მას სწორედ ამ ფორმით იცნობს.

როგორც ნიკა სამუშია ამბობს, მუშაობას მომავალი ორი თვის განმავლობაში დაასრულებს, რის შემდეგაც თარგმანს რედაქტირებისა და წიგნად აკინძვის ეტაპი ელის. მკითხველი „სილმარილიონის“ ქართულ ვერსიას, სავარაუდოდ, თბილისის წიგნის ბაზრობის დღეებში მიიღებს. 

 

 

ია ვეკუა 

ia vekua
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული