რვა საუკეთესო .
20 მარტი, 2014
2085
print

წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გადამწყვეტ ეტაპზე გავიდა და ევროპაში რვა საუკეთესო კლუბი გამოვლინდა, რომლებიც საფეხბურთო ევროპის უმაღლესი საკლუბო ჯილდოსთვის ბრძოლას გააგრძელებენ. საყოველთაო აღიარებით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კონტინენტის მართლაც საუკეთესო კლუბებმა მოიყარეს თავი.

მერვედფინალების ბოლო დღეს უმთავრესი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედს" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ურთულესი ამოცანის გადაჭრა მოუხდა. დევიდ მოიესის გუნდს ბერძნული "ოლიმპიაკოსისგან" 2-ბურთიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა უნდა მოეხერხებინა. ეს მატჩი საბოლოოდ დაადასტურებდა, რამდენად ღრმა იყო მანჩესტერელთა კრიზისი წლევანდელ სეზონში.

"მანკუნიანელები" ინგლისის ორივე თასის (ლიგის და ფეხბურთის ასოციაციის თასი) გათამაშებას გამოეთიშნენ, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაც მათთვის პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა და ამასთან, მოიესის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი პირეოსში – 0:2 წააგო "ოლიმპიაკოსთან". შესაბამისად, მანჩესტერელთათვის, ერთადერთი საშუალება გაისად, კვლავ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის, სწორედ ამ ტურნირზე წარმატებული გამოსვლაა. ამ გამოსვლაზე იქნება დამოკიდებული დევიდ მოიესის ბედიც, რომლის გადაყენებაზე ექსპერტები სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ. კულუარებში კი მის სავარაუდო შემცვლელებზეც ალაპარაკდნენ.

სწორედ ამიტომ, "ოლიმპიაკოსთან" განმეორებით შეხვედრას უნდა დაემტკიცებინა, რამდენად ბრძოლისუნარიანი იყო "მანჩესტერ იუნაიტედი" მოიესის ხელში. აღსანიშნავია, რომ მოიესმა გადაწყვიტა ზაფხულში გუნდის რამდენიმე წამყვან მოთამაშეს დაემშვიდობოს. ამის შესახებ მატჩამდე ბრიტანული პრესა იტყობინებოდა. ამ ფეხბურთელთა ნუსხაში მოხვდნენ - რიო ფერდინანდი, პატრის ევრა, ლუის ანტონიო ვალენსია, რობინ ვან პერსი... სხვებიც, მაგრამ მე ჩამოვთვალე გვარები, ვის კისერზეც გადაიარა "ოლიმპიაკოსთან" გამარჯვების მთელმა სიმძიმემ.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სასურველ შედეგს მიაღწია და ბერძნები – 3:0 დაამარცხა. რობინ ვან პერსიმ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა. მოიესმა ამჯერად თანამდებობა შეინარჩუნა, მანკუნიანელები კი მეოთხედფინალში გავიდნენ. მანჩესტერმა მეტოქეს გახსნილი თამაში შესთავაზა. თვითონაც ითამაშა და ბერძნებსაც თამაშის საშუალება მისცა. ამან განაპირობა, რომ ორივე გუნდს გოლის გატანის ბევრი საშუალება მიეცა. ორ ეპიზოდში ხიმენესისა და დე ხეას კარი ძელმა გადაარჩინა, მაგრამ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" რომ დასჭირვებოდა გოლს კიდევ გაიტანდა.

მასპინძლებსა და სტუმრებს შორის განსხვავება ამ შეხვედრაში ის იყო, რომ მანჩესტერელებს გაცილებიც ძლიერი შემსრულებლები ჰყავდა. ამის ნათელი დასტურია რობინ ვან პერსი, რომელმაც სამჯერ დაარტყა ბერძენთა კარის მიმართულებით და სამივე გაიტანა. ამასთან, შეუცდომლად ითამაშა "იუნაიტედის" მეკარე დევიდ დე ხეამ, რომელმაც 4 სეივი განახორციელა. სწორედ მის ფანტასტიკურ თამაშზე გაამახვილა ყურადღება თამაშის შემდეგ "ოლიმპიაკოსის" მწვრთნელმა მიჩელმა: "უამრავი შეცდომა დავუშვით და ამისთვის დავისაჯეთ კიდეც. ასეთ მატჩებში არ შეიძლება ამდენი საგოლე მომენტის განიავება. უფრო მეტს მოველოდით, ამიტომ იმედგაცრუებული ვართ. "მანჩესტერ იუნაიტედი" შესანიშნავი გუნდია. მისი მეკარე დე ხეა კი უბრალოდ ფანტასტიკური. ის ჩვენი დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი გახდა."

დევიდ მოიესმა შვებით ამოისუნთქა. მას ქება-დიდება არ დაუკლია თავისი გუნდის ლიდერებისთვის. "იმედია "მანჩესტერ იუნაიტედი" წელს კიდევ ბევრს გაამწარებს. ჩვენ თუ საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე გამოვავლენთ, რაც სამწუხაროდ მიმდინარე სეზონში იშვიათად ხდება, ნებისმიერი მეტოქის დამარცხებას შევძლებთ."

მანჩესტერელთა მთავარი გმირი რობინ ვან პერსი იყო. ჰოლანდიელის ჰეთ-თრიქმა "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა. თუმცა, მატჩის ბოლო წუთზე ვან პერსიმ ტრავმა მიიღო. "არ მგონია ძალიან ცუდად იყოს საქმე. რობინმა მუხლში ძიერი დარტყმა მიიღო. მის მდგომარეობას დილით შევამოწმებთ. ვიმედოვნებთ, რომ არც ისე ცუდად იქნება საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ-თრიქის გაკეთება დიდი მიღწევაა. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი ახერხებს ამას და რობინი მათ შორის არის."

მოიესმა რობინ ვან პერსის გარდა ცალკე აღიარა 40 წლის რაიან გიგზის დამსახურება, რომელსაც დიდი ხანია არ უთამაშია, მაგრამ მანჩესტერელთა ორ გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა. "რაიანის ორმა გარღვევამ ორი გოლის გატანის საშუალება მოგვცა. მან მართლაც შესანიშნავად ითამაშა. ეს გამოწვევაა მის ასაკში. ის დიდი ფეხბურთელია. ის 40 წლისაა და მე მსურდა შემემოწმებინა ის ფეხბურთელები, ვიზეც გუნდის მომავალი აიგება. ტაქტიკური მონახაზიდან გამომდინარე გიგზი დღეს გვჭირდებოდა. მას გარკვეული როლი უნდა შეესრულებინა. რაიანმა ამოცანას თავი გაართვა და ორ გოლში მიიღო მონაწილეობა."

მოიესი უაღრესად ენაწყლიანი აღმოჩნდა და მას არც დე ხეას და დანი უელბეკის დამსახურება დავიწყნია. "ვფიქრობ, დე ხეას და უელბეკის გარჯაც ძალიან დიდი იყო. დღეს გუნდმა შესანიშნავი სპექტაკლი შემოგვთავაზა. არცერთი ფეხბურთელი თამაშის რიტმიდან არ ამოვარდნილა. ჩვენ რამდენიმე შესანიშნავი შეტევა განვახორციელეთ, ვთამაშობდით კარგ ტემპში, რაც ამ სეზონში სამწუხაროდ იშვიათად გამოგვდის" – დაასკვნა დევიდ მოიესმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ: "რეალი", "ბარსელონა", მადრიდის "ატლეტიკო", "ბაიერნი", დორტმუნდის "ბორუსია", "პარი სენ ჟერმენი", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი". მეოთხედფინალების კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში 21 მარტს გაიმართება.

lika andiashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი