გუშინ ლინჩი, დღეს - ფამუქი
12 მარტი, 2014
2484
print

დევიდ ლინჩის სკაიპის ID ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ გუშინ ამ ადამიანე ვესაუბრე. უფრო სწორად, ვესაუბრეთ. ის იყო მარტო, კალიფორნიის რომელიღაც ქალაქის ერთ სახლში, ჩვენ ვიყავით თბილისში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოკლუბში, რომელიც დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენელ ეშლი დინს მასპინძლობდა. შეხვედრა-ლექცია კინოკლუბში მიმდინარეობდა, თუმცა კინოსთან ნაკლებ კავშირში იყო - ეშლი დინმა სულ სხვა დევიდ ლინჩი წარმოგვიდგინა.

 

David Lynch Foundation For Consciousness-Based Education and World Peace - ასეთი ვრცელი სახელწოდება აქვს ფონდს, რომელიც ტრანსცენდენტული მედიტაციის პოპულარიზაციასა და მის საგანმანათლებლო სექტორში დანერგვას ემსახურება. როგორც გაირკვა, აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს 500-მდე სკოლაშია დანერგილი, თუმცა ის ნებაყოფლობითია და ბავშვები მას მხოლოდ მშობლების ნებართვით ეცნობიან. ეშლი დინსი ამბობს, რომ ეს მეთოდი მოსწავლეს ან ნებისმიერი ასაკის ადამიანს საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და მედიტაციის გზით გონების გახსნაში, შემოქმედებითი უნარების გაძლიერებასა და პიროვნულ სრულყოფაში ეხმარება.

 

დინსი ამბობს, შემდეგ კი თავად დევიდ ლინჩიც ეთანხმება, რომელთან საუბარიც სულაც არ იწყება მედიტაციით - პირველი კითხვა კინოსთან დაკავშირებით ისმის.

 

2006 წელს გამოსული ”შინაგანი იმპერიის” შემდეგ ლინჩს სრულმეტრაჟიანი ფილმი არ გადაუღია, მხოლოდ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ან დოკუმენტური ფილმებით შემოიფარგლებოდა. 8 წელი საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ დაისვას კითხვა - როდის ვიხილავთ მის ახალ ნამუშევარს და ლინჩიც გვამშვიდებს: ”ვფიქრობ, წელს ახალი ფილმის გადაღებას დავიწყებ”. ეს მოკლე პასუხი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ლინჩისტები დამშვიდდნენ და ფილმს დაელოდონ, თანაც ისე, რომ არც კი დაინტერესდნენ, თუ ვის გადაიღებს ან რაზე იქნება. ზოგადად დევიდ ლინჩისთვის ამის კითხვა ცოტა უხერხულიცაა - რაზეა მისი ფილმები... რას გაიგებ.

 

მთავარ კითხვაზე პასუხი მიღებულია, ახლა კი ტრასცენდენტულ მედიტაციაში გარკვევის დრო დგება. დევიდ ლინჩი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ყველა ადამიანი გენისად იბადება, თუმცა არსებული განათლების სისტემის გამო მისი ნიჭისა და შესაძლებლობების თავისუფლად განვითარების საშუალება არ არსებობს. თანამედროვე მსოფლიოში განათლების მიღება მხოლოდ ინფორმაციის მიღებაზეა დამოკიდებული და არა ცნობიერებაზე, რომელიც გაცილებით მეტ ინფორმაციას გვაძლევს. ეს მეთოდი განსაკუთრებით საჭირო და შედეგის მომტანია ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, მათ შორის, ცხადია კინემატოგრაფისტებისთვის, რაშიც ძნელია დევიდს ლინჩს არ დაეთანხმო - მისი კინო ხომ მედიტაციისა და სხვა ფილოსოფიური წიაღსვლების საუკეთესო ილუსტრაიცაა.

 

დევიდ ლინჩი ტრანსცენდენტულ მედიტაციას 40 წელიწადზე დიდი ხანია მისდევს და პოპულარიზაციასაც პირადად ეწევა: დადის სხვა და სხვა ქვეყნებში, ხვდება ამ მეთოდით დაინტერესებულ ადამიანებს და, სურვილის შემთხვევაში, იქაურ საგანმანათლებლო სისტემაშიც ნერგავს. როგორც ეშლი დინსმა თქვა, პირველი ქართული სკოლა, რომელიც ამ მეთოდის მიღებას მოისურვებს, დევიდ ლინჩის ფონდის მიერ დაფინანსდება. ეს კარგი მოტივაციაა, მაგრამ ცოტა ძნელი წარმოსადგენია ქვეყანაში, სადაც ჰარი პოტერის ისტორიები სატანისტურ ლიტერატურად მიიჩნევა, თვითმფრინავის ილუმინატორზე გამოსახული ლაქა კი წმინდანი ჰგონიათ...

 

დევიდ ლინჩზე თბილისში მეორე დღესაც საუბრობდნენ. ამჯერად ორჰან ფამუკმა ახსენა - ნობელიანტმა მწერალმა, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით სამი დღით გვესტუმრა და მკითხველთან შეხვედრებიც გამართა. უბრალოდ დაგვაინტერესა, ეთანხმება თუ არა ლინჩის მოსაზრებას ხელოვნებაში მედიტაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რაზეც მწერალმა გვიპასუხა: ”დევიდ ლინჩის კინო ძალიან მიყვარს და, გარკვეულწილად ვეთანხმები კიდეც, რომ მედიტაციას გონების სულ სხვა მიმართულებით გახსნა შეუძლია, მაგრამ პირადად ჩემთვის საუკეთესო მედიტაცია ფურცლებთან, სიტყვებთან და მკითხველთან ურთიერთობაა. მე სწორედ ამით ვარ ბედნიერი. უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში სულ ვწერ. დილით, ვიდრე ყავას დავლევ, მანამდეც კი ვწერ. ამით ცხოვრობ, ამით ვიღებ სიამოვნებას. აქაც კი ვწერ, სასტუმროს ნომერში, უცხო გარემოში, რადგან ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.”

 

შემდეგ წერის საკუთარ რეცეპტს გვიმხელს. ამბობს, რომ ნაწარმოებს, როგორც არქიტექტურულ ობიექტს, ისე აგებს; ამბავს ისე ავსებს სიტყვებით, როგორც ხე იფარება ფოთლებით. არქიტექტურა კი ტყუილად არ უხსენებია - ფამუკის მამა ინჟინერი გახლდათ და შვილსაც მისი კვალის გაგრძელებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მან მწერლობა აირჩია. შესაძლოა, ასე იმიტომაც მოხდა, რომ სტამბოლელია, რადგან როგორც თავად ამბობს, პარიზში რომ დაბადებულიყო, მხატვარი გამოვიდოდა.

 

ორჰან ფამუკს დოსტოევსკი, ტოლსტოი, თომას მანი, პრუსტი და ბორხესი უყვარს, ძალიან უხარია, რომ მისი ლიტერატურა ასეთი პოპულარულია, რასაც, წლების წინ, თურმე ვერც კი წარმოიდგენდა, ძალიან მოსწონს ფიროსმანი, გიორგი შენგელაიას ფილმიც ნანახი ჰქონია - ახლა კი მხატვრის ნამუშევრებს უფრო ახლოდან გაეცნო. და რაც მთავარია - ფამუკი ისევ წერს და მისი ახალი რომანიც, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი, კვლავ სტამბოლში დაგვაბრუნებს...

 

 

ია ვეკუა

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული