ტელევიზიის მეორე ოქროს ხანა
19 თებერვალი, 2014
9994
print

დავით ფორვე ლომია

"ტელევიზიის ოქროს ხანა" ტერმინია, რომლითაც სატელევიზიო შოუების გართობის დომინანტურ სფეროდ გარდაქმნის პერიოდს აღწერენ. გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ეს პერიოდი 40-იან წლებში დაიწყო და 50-იანების ბოლომდე გასტანა. ამ პერიოდის განმავლობაში სატელევიზიო დრამებმა იმხელა კონკურენცია გაუწია ჰოლივუდის კინოსტუდიებს, რომ ამ უკანასკნელთ მაყურებლის დაცლილ კინოთეატრებში დაბრუნება ისეთი ტექნიკური ინოვაციების დახმარებით მოუწია, როგორიც 3-D ფორმატი (რომელიც პირველად კინოთეატრებში 50-იანებში გამოჩნდა) და ფერადი გამოსახულება იყო. თუ სატელევიზიო ბაზრის დღევანდელ სიტუაციას გადავხედავთ, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ტელევიზიის მეორე ოქროს ხანის მოწმეები ვართ.

სერიალები - ოდესღაც ეს სიტყვა დაბალ ხარისხთან, ცუდ მსახიობებთან და კიდევ უფრო უარეს ისტორიებთან ასოცირდებოდა. ქართული მედიასივრცის კონტექსტში ეს შეფასება დღემდე უმეტესად სწორია, თუმცა იმ იღბლიანებმა, ვინც ინტერნეტით სარგებლობს და იცის, რომ მისი გამოყენება უფრო მეტისთვის შეიძლება, ვიდრე სურათების ვარსკვლავებით შეფასებაა, იციან, რომ რასაც ტელევიზორში ვხედავთ, აისბერგის მცირე და მახინჯი ნაწილია. სინამდვილეში, ბოლო ათწლეულია, სატელევიზიო მედიუმმა რადიკალური ცვლილებები განიცადა და საბოლოოდ ანგარიშგასაწევ არტ-ფორმად ჩამოყალიბდა. მართლაც, სულ რამოდენიმე მათგანს რომ გადავხედოთ - მაგალითად, Breaking Bad-ს, Game of thrones-ს და წლის მთავარი მოვლენას - True Detective-ს, აშკარა გახდება, რომ მედიუმი ისეთ ტრანსფორმაციას განიცდის, რომ მალე თავად მხატვრულ ფილმებსაც გაუწევს კონკურენციას, არა მხოლოდ მაყურებელთა რაოდენობით, არამედ ხარისხითაც. ნაწილობრივ ეს უკვე ასეცაა.

ხარისხიანი სატელევიზიო დრამების წარმოების სათავეები 90-იანების ბოლოს უნდა ვეძებოთ. ამ დროის ყველაზე ცნობილი სატელევიზიო პროდუქცია სიტკომებისგან შედგებოდა, ისეთმა შოუებმა, როგორიც იყო Friends და ცოტათი ადრე Seinfeld, მილიონობით მაყურებლის გული დაიპყრო და სიტკომებისთვის ახალი სტანდარტები დააწესა. სიტკომები დღესაც ინარჩუნებს პოპულარობას, ამის მშვენიერი მაგალითია How I met you mother (00-იან წლებს მორგებული, Friends-ის ერთგვარი რეინკარნაცია) და Big Bang Theory-ა (ნერდობის მეინსტრიმად გარდაქმნის შედეგი), მაგრამ მათ შეზღუდული ფორმატის (20 წუთიანი) და პოპულარულ კულტურაზე ზედმეტად დამოკიდებული იუმორის გამო წინსვლა ნაკლებად ეტყობათ.

ხარისხიანი დრამატული სერიალების პოპულარიზაციაში და მეინსტრიმად გარდაქმნაში ყველაზე დიდი წვლილი HBO-ს საკაბელო კომპანიას მიუძღვის. მისი პირველი (და სამწუხაროდ ნაკლებად წარმატებული) მცდელობა შეექმნა ჭეშმარიტად სანახაობრივი ტელეშოუ, იყო კრიმინალურად დაუფასებელი სერიალი OZ, რომლის პირველი სეზონი 1997 წელს გამოვიდა და ნაკლები პოპულარობის მიუხედავად 6 სეზონის განმავლობაში გაგრძელდა. შესაძლოა, საშუალო სტატისტიკურ მაყურებელს გაუჭირდა სიმპათია გასჩენოდა OZ-ის რომელიმე პერსონაჟის მიმართ - ბოლოს და ბოლოს მოქმედება ციხეში ვითარდება, სადაც პერსონაჟების უმეტესობა მძიმე დანაშაულისთვის მოხვდა და ცოდვების მონანიებას მაინც და მაინც არ ჩქარობენ. აქ ყველანაირ ნაგავს მოეყარა თავი: რასისტებს, შავკანიანთა კრიმინალური ბანდებს, იტალიური მაფიას და შედარებით პატარა მოთამაშეებსაც, რომლებიც ამ გიგანტების დაპირისპირების ფონზე გადარჩენისთვის იბრძვნიან. ამ სერიალში იყო ყველაფერი, რითაც HBO-მ შემდგომში მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა, უამრავი საინტერესო პერსონაჟი, უარის თქმა სამყაროს შავ-თეთრად დაყოფაზე, მორალური დილემები და ძალადობა. სიუჟეტის გამო შოუ ქალი პერსონაჟების ნაკლებობას კი განიცდიდა, თუმცა HBO რა HBO იქნებოდა, ამით სექსის დეფიციტი რომ გაემართლებინა.

ამ "წარუმატებელი" მცდელობის შემდეგ, HBO-მ სერიოზული გაკვეთილი მიიღო და შექმნა პროდუქტი, რომელსაც ბედმა წილად არგუნა, სამუდამოდ შეეცვალა სატელევიზიო შოუების ისტორია. Sopranos ანუ „სოპრანოს კლანი“, რომელიც ჩვენთანაც კი საქვეყნოდ არის ცნობილი, უბრალოდ "განწირული" იყო წარმატებისთვის. ერთი მხრივ მას ყველაფერი ჰქონდა, რაც ახალი სახის სატელევიზიო შოუებს გამოარჩევს - მშვენიერი მსახიობები, ბრწყინვალე სცენარისტები, ტექნიკური ბალანსი, მაგრამ, ამავე დროს, "ოზთან" შედარებით, გაგიკვირდებათ და, აქ ნაკლები ძალადობა იყო. სოპრანოები მაინც და მაინც დიდი მამა აბრამის ბატკნები არ იყვნენ, მაგრამ მათ, განსაკუთრებით კი ოჯახის უფროსის, აწ განსვენებული ჯეიმს განდოლფინის გმირის მიმართ, მაყურებელი თითქმის ყოველთვის სიმპათიით იყო განწყობილი. მიუხედავად მისი არც ისე ლეგალური საქმიანობისა და მორალურად გაუმართლებელი საქციელის გრძელი სიისა, ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელთანაც მაყურებელმა ბევრი საერთო გამონახა.

თუმცა HBO ამასაც არ დასჯერა და 2002 წელს („სოპრანოს“ ბოლო სეზონამდე დიდი ხნით ადრე) The Wire გაუშვა, რომელსაც მაყურებლის უმეტესობა დღემდე საუკეთესო სერიალად მიიჩნევს და ბარაკ ობამას საყვარელ საპნის ოპერადაც ითვლება. შეიძლება ითქვას, რომ ეს სერიალი პოპულარობისა და კრიტიკული აღიარების იდეალური სინთეზია. დღემდე The Wire ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურ სერიალად რჩება ამ მედიუმის ისტორიაში. ის ბალტიმორის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივზე მოგვითხრობს, რომელიც ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეზე მუშაობს. თუმცა, აქცენტი მხოლოდ მასზე არ არის გაკეთებული - მსგავს შეცდომას უკვე დიდი ხანია არც ერთი ღირებული სატელევიზიო შოუ არ უშვებს. ისევე, როგორც HBO-ს თითქმის ყველა პროდუქტში, აქაც მონეტის ორივე მხარეა ნაჩვენები; სავსებით შესაძლებელია ერთდროულად სამართალდამცავიც მოგწონდეს და ბოროტმოქმედიც - ორივე ერთად ან საერთოდ - არც ერთი. მისი ავთენტურობა კი იმაში გამოიხატება, რომ ბალტიმორის გეტოებში არსებული სიტუაცია, კრიმინალური დაჯგუფებები, მათი ჟარგონები, ქცევა, ფსიქოლოგია და სხვა მახასიათებლები ისეთი სიზუსტითაა გადმოცემული, დოკუმენტალისტსაც კი შეშურდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ "ქუჩის ენის" უცოდინრობის გამო სერიალის რუსულად ყურება მომიწია. The Wire დღემდე რჩება ხარისხიანი ტელევიზიის დეფინიციად.

აქედან მოყოლებული ცოტა ძნელია მხოლოდ HBO-ზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო სივრცეში ის კვლავინდებურად ინარჩუნებს მოწინავე ადგილს ისეთი პოპულარული შოუებით, როგორებიცაა Game of Throne და BoardWalk Empire. True Detective-ის პირველი რამდენიმე სერიიდან გამომდინარე კი ჩანს, რომ პირველობის დათმობას სამომავლოდაც არ აპირებს. ამავე დროს უნდა ვაღიაროთ, რომ მისმა კონკურენტებმაც შეიგნეს, რომ ხარისხიანი სატელევიზიო შოუების შექმნა ძვირადღირებული და სარისკო საქმეა, მაგრამ წარმატების შემთხვევაში - უაღრესად მოგებიანი. კონკურენტებს შორის, პირველ რიგში, გამოსარჩევია AMC, რომლის სამმა შესანიშნავმა შოუმ არა მხოლოდ კონკურენცია გაუწია HBO-ს, არამედ სამეფო ტახტიდან კი ჩამოაგდო (თუმცა, ჩემი აზრით, ცოტა ხნით). Mad Men, Walking Dead და სერიალთა მეფე (რომლის დასრულების გამოც კონკურენტები ღმერთს მადლს სწირავენ) Breaking Bad საკმარისი აღმოჩნდა, რომ AMC-ს ამ სფეროში თავი დაემკვიდრებინა. ამ სამიდან ერთი დასრულდა, მეორეს კი ერთი სეზონიღა დარჩა. რას აპირებს AMC მომავალში, უცნობია, თუმცა მათი CV-დან გამომდინარე, არანაკლებ საინტერესო შოუებს უნდა ველოდოთ. ეს ყველაფერი ტელე-შოუების მწარმოებელი ამერიკული გიგანტის მხოლოდ მცირედი ნაწილია, რადგან ყველა მეტ-ნაკლებად აღსანიშნავი სერიალის ჩამოთვლა ძალიან დიდ დროს და საკმაოდ გრძელი სიის შედგენას მოითხოვს (მით უმეტეს, თუ მასში ბრიტანული პროდუქციის შეყვანასაც დავიწყებთ. ბოლოს და ბოლოს Sherlock ცალკე მოვლენაა, Doctor Who-მ კი მთელი მსოფლიოს ნერდების გული მოიგო). იმის თქმაც საკმარისია, რომ მათი რაოდენობა წლიდან წლამდე მხოლოდ იზრდება. რა თქმა უნდა, ყოველი მათგანი შედევრი არ არის, უმეტესობა კი საერთოდაც მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში უძლებს კონკურენციას, მაგრამ ყოველ წელს გამოინახება ათამდე შოუ მაინც, რომლებიც მაყურებლის ტელევიზორთან დაბმას შეძლებს, ეს კი ტელეეკრანთან (ჩვენ შემთხვევაში, მონიტორთან) გატარებული ასობით საათია.

არც ისე მოკლე ისტორიული ექსკურსის შემდეგ, ლოგიკური იქნება დავსვათ კითხვა: რამ გამოიწვია ეს ცვლილებები, რატომ გახდა სერიალები, რომლებიც ყოველთვის მეორეხარისხოვან პროდუქტად მიიჩნეოდა, მასების მთავარი სალაპარაკო თემა, რამ გამოიწვია მათი ისეთი პოპულარობა, რომ History ჩენელმაც კი გადაწყვიტა საკუთარი მაღალბიუჯეტიანი სერიალის გადაღება (Vikings, რომელიც ხარისხით ასევე არ დაიწუნება), სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ. როგორ შეიცვალა მაყურებლის დამოკიდებულება ამ მედიუმის მიმართ.

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად საკმარისია გადავხედოთ თუ რას სთავაზობს მაყურებელს ჰოლივუდის მეინსტრიმი და რას სთავაზობს მას ხარისხიანი სატელევიზიო შოუები. ჰილივუდში თითქმის აღარ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა პატარა ან თუნდაც საშუალო ბიუჯეტის მქონე ფილმები. თითქმის ყველა პროექტი უზარმაზარ, გაბერილ, CGI ფესტივალს წარმოადგენს, რომლებიც ცნობილი A-ლისტ მსახიობებით და მაიკლ ბეის სტილის აფეთქებებითაა გაძეძგილი. ბოლო რამდენიმე წელია ამის ყველაზე კარგი მაგალითი "მარველის" კომიქსების ეკრანიზაციაა, რომელთა რაოდენობის შემცირებას უახლოეს მომავალში პირი არ უჩანს. პირიქით, მათ ახლა კონკურენციას DC კომიქსებიც უწევს. თუ ამ უკანასკნელის შემდეგი დიდი პროექტი, Batman vs Superman, წარმატებული აღმოჩნდა, დიდ ეკრანებზე კომიქსების ინდუსტრიის გიგანტების შერკინებას ვიხილავთ (ნოლანის ბეტმენის ტრილოგია ამ კატეგორიაში სპეციალურად არ გამყავს). ყოველი მეორე ფილმი სამყაროს გადარჩენის ისტორიის, გმირის მიერ საკუთარი ფარული ძალების აღმოჩენის, საბავშვო ბაღის დონის სასიყვარული ისტორიისა და მაღალი ხარისხის, მაგრამ სტერილური გრაფიკული ეფექტების კომბინაციას წარმოადგენს. ჰოლივუდის მთავარი ცოდვა ორიგინალურ იდეებზე და, შესაბამისად, რისკზე უარის თქმაა. ერთი მხრივ, ეს გასაგებია - მსგავსი ფილმების ბიუჯეტი თითქმის ყოველთვის 200 მილიონის გარშემო ტრიალებს და ერთი ჩავარდნაც კი საკმარისია, რომ საშუალო სიდიდის კინოკომპანია ჩაიძიროს. სწორედ ამიტომ პროდიუსერებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ ფილმი აუცილებლად მოიტანს მოგებას. შესაბამისად, ფილმების უდიდესი ნაწილი ან სიკველებია, ან რებუთები (იგივე სცენარის/იდეის თავიდან გადაღება, მაგ. ახალი ადამიანი ობობა) ან პრიკველებია. ასეთი მიდგომა გარანტიას იძლევა, რომ კინოს სანახავად გარკვეული სეგმენტი ყოველთვის მოვა და "ბიზნესმენი ბიძიები" ჩადებულ ფულს ამოიღებენ, მაგრამ მეორე მხრივ კინოს განვითარების ყველანაირ შანსს კლავს.

ახლა კი ავიღოთ სერიალები. მხატვრულ ფილმებთან შედარებით მათი ყველაზე დიდი ნაკლი, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის სიმცირეა. თუმცა იგივე Boardwalk Empire-ის პირველი ეპიზოდის გადაღება 20 მილიონი დოლარი დაჯდა. თანამედროვე სატელევიზიო შოუების კეთება იაფი სიამოვნება არ არის, თითო სეზონი სულ მცირე ათობით მილიონი დოლარი ჯდება და უფრო მეტიც, როდესაც საქმე Game of throne-ის მსგავს მასშტაბურ პროექტებთან გვაქვს. ტექნიკური მხარის მხრივ სერიალებსა და მხატვრულ ფილმებს შორის განსხვავება შემცირებულია. ეს განსხვავებები, რა თქმა უნდა, მთლიანად ვერასოდეს გაქრება, ორას მილიონად ღირებული 3 საათიანი ფილმის ვიზუალურ დონემდე ვერც ერთი სერიალი ვერ მივა, მაგრამ აქ უკვე სერიალების სხვა პლუსი იჩენს თავს: მხატვრული ფილმი რაც არ უნდა წარმატებული და დიდი ფრენჩაიზის ნაწილი იყოს, ვერასოდეს შესძლებს პერსონაჟებს ბოლომდე გახსნისთვის საჭირო საეკრანო დრო დაუთმოს, რასაც თუნდაც ერთსეზონიანი სატელევიზიო შოუ უპრობლემოდ ახერხებს. შესაბამისად, პერსონაჟებისა და ისტორიის განვითარების შესაძლებლობის მხრივ ამ ორთაბრძოლაში უპირობოდ სერიალები იმარჯვებს. ვინმეს წარმოგიდგენიათ, როგორც შეძლებდა ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი უოლტერ უაიტის სრული ტრანსფორმაციის ჩვენებას? ეს ტექნიკურად შეუძლებელი იქნებოდა. სატელევიზიო შოუების შემქნელებმა კარგად იციან, რომ მათი მთავარი კოზირი ზუსტად ეს არის. ამიტომაც აქცენტი არა ვიზუალურ მხარეზე არამედ პერსონაჟებზე და დახვეწილ ისტორიაზე კეთდება. როგორც აღმოჩნდა, ჰოლივუდისგან განსხვავებით სატელევიზიო სივრცე მაყურებლის ინტელექტის დონეს სათანადოდ აფასებს, მათ იციან, რომ ჩვენ გვჭირდება საინტერესო და ამავე დროს ადამიანური ისტორიები, რომელთანაც ემპათიის საშუალება გვექნება.

ზუსტად ასეთ ისტორიებზე თქვა უარი ჰოლივუდმა, როდესაც მთელი რესურსის კონცენტრირება ბლოკბასტერებზე გადაწყვიტა და საშუალო ბიუჯეტიანი ფილმების ფენომენი საერთოდ მოკლა. ამ ნიშას შევსება ჭირდებოდა, რაც სატელევიზიო შოუებმა იდეალურად შეძლეს.

თუმცა, შესაძლოა, სერიალები მალე თავისივე წარმატების მსხვერპლი გახდეს. კრიტიკული და ფინანსური წარმატების გამო, ეს მედიუმი სულ უფრო მეტი კომპანიის ყურადღებას იპყრობს, შესაბამისად, უფრო ხშირად ვიღებთ მაღალბიუჯეტიან სატელევიზიო შოუებს. რაოდენ სასაცილოდაც უნდა ჟღერდეს, დღესდღეობით იმდენი კარგი სერიალი იქმნება, რომ მათზე მაყურებელს დრო არ ყოფნის (ეს, რა თქმა უნდა, კანონმორჩილ მაყურებელს ეხება). შესაბამისად, მომხმარებლის რაოდენობაც, რის გამო კონკურენტი ტელევიზიები იბრძოლებენ, სულ უფრო მცირე იქნება. რაც უფრო მეტი მაღალი ხარისხის სატელევიზიო გადაცემები გამოვა, მათ ნახვას სულ უფრო ნაკლები მაყურებელი მოახერხებს. რა თქმა უნდა, ფილმის ჩაწერა, გადმოწერა ან მოგვიანებით სტრიმინგიც შეიძლება, მაგრამ ამერიკაში მაყურებელთა აბსოლუტური უმრავლესობა სატელევიზიო შოუებს ტრადიციული მეთოდით, ტელევიზორში უყურებს. შესაძლოა სატელევიზიო შოუები რაღაც მხრივ სამშენებლო ბიზნესის პირამიდას დაემსგავსოს, წარმოქმნას უზარმაზარი ბუშტი, რომელიც საბოლოო ჯამში გასკდება და საკუთარი თავის დევალვაციას გამოიწვევს. ამიტომ, შესაძლოა, ჩვენ უკვე ამ ოქროს ხანის დასასრულის თვითმხილველნი ვართ, თუმცა ეს ყველაზე ცუდ შემთხვევაში. სულ უფრო მეტი მაყურებელი საყვარელი შოუების სანსახავად ტელევიზორის ნაცვლად სტრიმინგს არჩევს. ამის ტენდენციები უკვე შეინიშნება. მაგალითად ნეტფლიქსს, ონლაინ სტრიმინგის ყველაზე პოპულარული ვებსაიტს, იმხელა მოგება აქვს, რომ მან უკვე საკუთარი სერიალების წარმოებაც დაიწყო. მათი სტრიმით ყურება მომხმარებლისთვის ბევრად უფრო კომფორტულია. მსგავსი საიტების პოპულარიზაციასთან ერთად კი სფეროს ტრადიციულ წარმომადგენლებს უფრო დიდი საფრთხე დაემუქრებათ. რაც უნდა მოხდეს, ახლანდელი სიტუაცია დიდხანს ვერ გასტანს. სატელევიზიო სივრცე ისე განვითარდა, რომ ამჟამინდელ ფორმატში არსებობა აღარ შეუძლია, აუცილებელია ცვლილებები, რომლებსაც უახლოესი წლების განმავლობაში ჩვენი თვალით ვიხილავთ. ამ პროცესის მოლოდინში დროის მოსაკლავად კი ხარისხიანი სატელევიზიო შოუები დაგვეხმარება.

სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი