უბრალო დამთხვევა თუ…
13 ოქტომბერი, 2009
1761
print

ორიოდე კვირის წინ ესპანურმა მედიამ გაავრცელა, ცოტა არ იყოს, უცნაური და სასაცილო ინფორმაცია. თურმე ნუ იტყვით და, ვიღაც ჯადოქარი კრიშტიანუ რონალდუს ემუქრება. გაზეთ "ასში" გავრცელებული ცნობის თანახმად, "რეალის" ოფისში მივიდა ამ მჩხიბავის წერილი, რომელშიც ეწერა, რომ კრიშტიანუ რონალდუს საფეხბურთო კარიერა საფრთხეშია. მჩხიბავის თქმით, ის იმდენს იზამს, რომ რონალდუ ტრავმების გამო კარიერას დაასრულებს. ცხადია, თავიდან ამას ყურადღება არავინ მიაქცია, მაგრამ მერე…

როგორც ვთქვით, მჩხიბავი დაახლოებით ორი კვირის წინ დაიმუქრა. ამას მოჰყვა "რეალისა" და "მარსელის" ჩემპიონთა ლიგის მატჩი, რომელშიც რონალდუმ ტრავმა მიიღო - 70-ე წუთზე ფეხბურთელი მოედნიდან გაიყვანეს. ამ ტრავმის შემდეგ ჯადოქარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი. ესპანურ მედიაში მისი სახელიც გამოჩნდა. მოკლედ, ვინმე პეპე მჩხიბავისთვის რონალდუს კარიერის დასამარება ერთ არაევროპელ ქალს დაუკვეთავს. "მე კაცი მჭირდებოდა და არა ბარბი", - უთქვამს ამ ქალს და მჩხიბავისთვის სოლიდური თანხა გადაუხდია. თავად პეპე აცხადებს, რონალდუს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, დაკვეთა მივიღე და, როგორც პროფესიონალი, ამ დაკვეთას შევასრულებო. იქვე პეპემ დაამატა, რომ "მარსელთან" მატჩში მიღებული ტრავმა მხოლოდ დასაწყისია.

რაღა თქმა უნდა, არც ამას მიექცა სერიოზული ყურადღება, რადგან ტრავმა უმნიშვნელო გამოდგა და რონალდუს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე შეეძლო მოედანზე გასვლა.

შაბათს პორტუგალიის ნაკრებმა შესარჩევი ციკლის მატჩი ჩაატარა. ამ თამაშში რონალდუმ ისევ მიიღო ტრავმა, გუშინ კი ექიმების ვერდიქტიც გახდა ცნობილი. "რეალის" პორტუგალიელ ვარსკვლავს მყესები დაეჭიმა და, სულ მცირე, ერთ თვეს ვერ ითამაშებს.

შესაძლოა ყველაფერი ეს დამთხვევა იყოს, თუმცა, ვინ იცის... იქნებ ის დროა, "რეალის" მესვეურებმა პეპეს ძიება დაიწყონ, რათა მან ჯადო მოუხსნას რონალდუს და პორტუგალიელში გადახდილი 94 მილიონი ევრო წყალში გადაყრილი არ გამოდგეს.


სხვა სიახლეები
17 სექტემბერი, 2015 Invitation to Participate in theSales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
17 მარტი, 2010 მეტი სტიმული მოძრავი ცხოვრებისათვის
06 ნოემბერი, 2009 მილიონები და ტიტულები
21 ოქტომბერი, 2009 სასარგებლო სიკვდილი
16 ოქტომბერი, 2009 შსს სრული სვლით
23 სექტემბერი, 2009 ქართველები ვერ გვახარებენ
22 სექტემბერი, 2009 მორიგი წარუმატებელი დღე
09 სექტემბერი, 2009 ტრადიციული, თუმცა ახალი