მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატისთვის შვიდეულები ცნობილია
13 მარტი, 2013
1604
print

თბილისში ევროპის ჩემპიონატი მოდის. ბერძენ-რომაელები, თავისუფლები და ქალი მოჭიდავეები სპორტის სასახლეში შეიკრიბებიან.

47 ქვეყანა და 490 სპორტსმენი. არაფერს ვამბობთ ოფიციალურ პირებსა და მედიის წარმომადგენლებზე. 19-24 მარტს საჭიდაო ეპიცენტრი თბილისში იქნება. კონტინენტის პირველობისთვის ემზადებიან მასპინძლებიც, რომლებსაც, შინაური კედლების მიუხედავად, რთული გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი. ერთი მხრივ, ნაკრების წევრებს, მეორე მხრივ, ორგანიზატორებს.

ამასობაში ცნობილი გახდა თავისუფალთა თუ ბერძენ-რომაელთა ნაკრების რჩეული შვიდეულები. რევაზ მინდორაშვილი თავისუფლებს, ბეგი დარჩია კი ბერძენ-რომაელებს ბორჯომში აწრთობს. ცნობილია შემადგენლობებიც, რომელთა გულშემატკივრობაც მოგვიწევს.

ბეგი დარჩიამ აქცენტი იმ გუნდზე გააკეთა, რომელმაც ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა. საუბარია ლაშა გოგიტაძეზე (55 კგ.), რევაზ ლაშხზე (60კგ.), მანუჩარ ცხადაიაზე (66 კგ.), ზურაბ დათუნაშვილზე (74 კგ.), ვლადიმერ გეგეშიძეზე (84 კგ.), სოსო ჯაბიძესა (96 კგ.) და გურამ ფერსელიძეზე (120 კგ.). ლონდონის ოლიმპიურ ხალიჩაზე ლაშხმა ვერცხლის მედალი აიღო, ცხადაიამ - ბრინჯაო, ხოლო გეგეშიძემ და ფერსელიძემ მეხუთე ადგილები დაიკავეს. აშკარაა, რომ ბერძენ-რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა აქცენტი გააკეთა გამოცდილებზე, რაც, ერთი მხრივ, გასაგებიცაა - როგორც მასპინძელს, შედეგს უფრო „მკაცრად“ მოსთხოვენ. გასათვალისწინებელია ბერძენ-რომაელთა სამწვრთნელო შტაბში შესაძლო საკადრო ცვლილებებიც. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნაკრების გამოცდილი წევრების მხრიდან წარმატების მეტი შანსია, რაც ნაკრებში მისი დარჩენის შესაძლებლობას ზრდის.

დარჩიასგან განსხვავებით, მინდორაშვილმა თბილისის ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ჩემპიონებს - გიორგი ედიშერაშვილს (55 კგ.), ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (60 კგ.), კონსტანტინე ხაბალაშვილს (66 კგ.), დავით ხუციშვილს (74 კგ.), დავით მარსაგიშვილს (84 კგ.), ელიზბარ ოდიკაძესა (96 კგ.) და გენო პეტრიაშვილს (120 კგ.) მიანიჭა უპირატესობა.

თავისუფლები ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას ბორჯომის სპორტკომპლექს „ოლიმპში“ გადიან, რომელსაც 17 მარტს დაასრულებენ.

დასკვნით შეკრებას ბერძენ-რომაელებიც ბორჯომში შეუდგნენ.

სხვა სიახლეები
06 აგვისტო, 2013 სა­ლო­მე მე­ლია მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნია
27 ივნისი, 2013 ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბის ტრი­უმ­ფი მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პის თას­ზე
16 მაისი, 2013 ბე­ლა ხო­ტე­ნაშ­ვი­ლის გრან-პრი
19 თებერვალი, 2013 გარი კასპაროვი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა
22 ოქტომბერი, 2012 მსოფლიო გუნდური ჩემპიონატისთვის ნაკრები მზადაა
13 მარტი, 2012 ჭად­რაკს "დრეს კო­დი" და­უ­წე­სეს
30 ნოემბერი, 2011 არა­ბი­ძეს წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცეს
10 ნოემბერი, 2010 კას­პა­რო­ვის პრო­ტე­ჟეს სკან­და­ლუ­რი დე­მარ­ში
13 მაისი, 2010 ანანდმა ტიტული შეინარჩუნა
27 იანვარი, 2010 თბილისის 28 რჩეული