dvv international - ის ათი წელი საქართველოში
15 მარტი, 2012
1852
print

ცოტა ხნის წინათ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის dvv intenational-ის საქართველოს წარმომადგენლობამ დაარსებიდან ათი წელი აღნიშნა.

საიუბილეო საღამო ახალ ოფისში, ყიფშიძის ქუჩაზე გაიმართა, სადაც მასთან ერთად ასოციაციის კავკასიის და თურქეთის ახლადგახსნილი რეგიონალური ოფისია განთავსებული. ოფიციალურ მიღებაზე მოწვეულ სტუმართა შორის ბრძანდებოდნენ: საქართველოში ევროკავშირის ელჩი ბატონი ფილიპ დიმიტროვი, ატაშე ოლივერ რაისნერი, გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები, ელჩის მოადგილე ქალბატონი ჰაიკე გაბრიელი და განვითარების თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ქალბატონი სილკე კლოვერი; ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე აზერბაიჯანისა და თურქეთის საელჩოების თანამშრომლები და საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო და dvv international - ის ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საზეიმო ცერემონია dvv intenational-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლალი სანთელაძემ გახსნა. მან მოკლედ გაიხსენა ათი წლის მანძილზე ქართული dvv- ს მიერ განვლილი გზა და ყველა ის ადამიანი, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ ორგანიზაციის საქმიანობას კავკასიაში, ვისი ღვაწლითა და ძალისხმევითაც მოვიდა იგი დღემდე. მადლობა გადაუხადა აგრეთვე პარტნიორ ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოში ზრდასრულთა განათლების განვითარებაში.

სტუმრებს მიესალმა კავკასიის და თურქეთის რეგიონალური ოფისის დირექტორი მათიას კლინგენბერგი, რომელმაც იუბილე მიულოცა ქართველ კოლეგებს და დამსწრე საზოგადოებას ბონის სათაო ოფისის დირექტორის მოადგილის უვე გართენშლეგერის მისასალმებელი სიტყვაც გააცნო. მასში განვლილი წლები დადებითად იყო შეფასებული და ხაზგასმული საქართველოს წარმომადგენლობის როლი ზრდასრულთა განათლების კუთხით რეგიონში.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა თავის გამოსვლაში dvv intenational-ის რეგიონში მოღვაწეობის მნიშვნელობასა და წარმატებებზე ისაუბრა და ევროკავშირის სახელით მხარდაჭერა და თანამშრომლობა ორგანიზაციას მომავალშიც აღუთქვა.

თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოხატა აგრეთვე საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელმა ჰაიკე გაბრიელმა.

ათი წლის იუბილე dvv intenational-ის საქართველოს ოფისს შუა აზიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსულმა კოლეგებმაც მიულოცეს. მათ სიამოვნებით გაიხსენეს ქართველ კოლეგებთან ერთობლივი მოღვაწეობის წარმატებული წლები და მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი და სურვილი კვლავაც გამოთქვეს.

ზეიმს ფონად საქართველოს სახელმწიფო ორკესტრის წევრთა მიერ შესრულებული კლასიკური მუსიკა გასდევდა. იყო სამახსოვრო საჩუქრები და გაიჭრა საიუბილეო ტორტი. სადღესაწაულო ფურშეტი მომავლის გეგმების, საქმიანი წინადადებების, კეთილი სურვილების და სასიამოვნო მოგონებების გაზიარების ასპარეზად იქცა. dvv intenational-ის ქართული ოფისის ღვაწლმოსილი თანამშრომლები სიყვარულით იხსენებდნენ წლებს, როდესაც ორგანიზაციის კავკასიის ოფისი პირველად გაიხსნა საქართველოში:

ლიკა კაციტაძე, dvv intenational-ის საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილე: პირველი საპილოტე პროექტი, რომელიც ზრდასრულთა განათლების კუთხით საქართველოში განხორციელდა, ფონდ ”ჰორიზონტს” ეკუთვნოდა და ზრდასრულთა განათლების მოკლევადიანი კურსების მხარდამჭერი გახლდათ. ამას წინ უძღვოდა ზრდასრულთა განათლების საკითხებში გერმანელი ექსპერტის ედუარდ შურეს ვიზიტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, რომელიც რეგიონში ზრდასრულთა განათლების პრობლემატიკის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესწავლას და რეკომენდაციების შემუშავებას ემსახურებოდა. კვლევის საფუძველზე 2002 წელს საქართველოში ლუდმილა კლოდცის ხელმძღვანელობით dvv intenational-ის (ყოფილი IIZ - DVV) კავკასიის ოფისი გაიხსნა, რომელსაც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებდნენ. განსაკუთრებით რთული, მაგრამ უაღრესად საინტერესო გახლდათ კავკასიის ოფისის მოღვაწეობის პირველი წლები. ეს იყო საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდი და შესაბამისად საკმაოდ აქტუალური იყო თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული კვალიფიკაციების შეძენა, ახალი ტექნოლოგიების ათვისება. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე საზოგადოებაში თანამედროვე მენტალიტეტის ჩამოყალიბება, ახალ ცნობიერებაზე გადასვლა, რაც განათლებისადმი ახლებურ მიდგომაში მდგომარეობდა. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით რეგიონში სიღარიბის დაძლევაზე მიმართული პირველი საპილოტე პროექტები საქართველოს განათლების სამინისტროსთან და პროფესიული განათლების მუშაკთა ასოციაცია ”პირამიდასთან” მჭიდრო თანამშრომლობით ჯერ საქართველოში, შემდეგ კი - სომხეთსა და აზერბაიჯანში ხორციელდებოდა. იქმნებოდა საბაზრო ეკონომიკაზე და კვალიფიკაციებზე მორგებული თანამედროვე სტანდარტები, ახალი საგანმანათლებლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, ხდებოდა პედაგოგთა და ტრენერთა გადამზადება. საპილოტე კურსებში სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ახალგაზრდები ჩამოგვყავდა რეგიონებიდანაც, საჭიროების შემთხვევაში ვაძლევდით სტიპენდიას. დატრენინგების შემდეგ ისინი რეგიონებს უბრუნდებოდნენ და ადგილებზე ქმნიდნენ მცირე საწარმოებს, ცოდნას და გამოცდილებას უზიარებდნენ სხვებს.

პირველი ღონისძიება კი, რომლის ორგანიზებაც უშუალოდ მე დამევალა, ზრდასრულთა განათლების პირველი ფესტივალი იყო. მაშინ წესიერად არც კი ვიცოდით, ვინ იყვნენ აქტიორები ზრდასრულთა განათლების სფეროში საქართველოში. მაგრამ მაინც შევძელით გარკვეულ კონტაქტებზე გავსულიყავით, შემოგვეკრიბა ზრდასრულთა განათლებაში ჩართული ადამიანები და ჩაგვეტარებინა მასშტაბური ფესტივალი, რომელშიც ჩვენი კოლეგებიც მონაწილეობდნენ სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, სტუმრები გვყავდა ევროკავშირიდანაც. არაჩვეულებრივად სანახაობითი და შინაარსობრივად დატვირთული ფესტივალი გამოვიდა და იგი აღმოჩნდა პირველი ნაბიჯი, როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელის შექმნის, ისე ადგილობრივ პროვაიდერთა გაერთიანებისათვის. მთელი ეს გზა dvv intenational-ის პირველ თაობასთან: ნიკო შაყულაშვილთან, ავთო ტაბაშიძესთან, ია გომელაურთან ერთად გავიარეთ, შემდეგ კი თეა გულუა და ლევან კვაჭაძე შემოგვიერთდნენ. თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში პირველი ოფისი ბოცვაძის ქუჩაზე - ვერანდითა და არაჩვეულებრივი ხედით - საქმიანი შეხვედრების, დისკუსიების, აზრთა გაცვლა-გამოცვლის და გვიან ღამემდე შრომის სასიამოვნო მოგონებაა ახლა...

პირველი სამწლიანი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ კავკასიის რეგიონალური ოფისი დამოუკიდებელ სუბიექტებად დაიშალა და შუა აზიის რეგიონალურ ოფისს დაექვემდებარა. dvv intenational-ის საქართველოს წარმომადგენლობა უკვე საკმაოდ დაგროვილი გამოცდილებით და საინტერესო პროექტებით განაგრძობდა მოღვაწეობას, ყოველწლიურად იმართებოდა ფესტივალები, ზრდასრულთა განათლების კვირეულები, გამოფენები, იწვევდნენ უცხოელ ექსპერტებს და უცხოეთში სასწავლებლად აგზავნიდნენ ქართველ ზრდსარულებს. 2004 წელს კი dvv intenational-ის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით შექმნილ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციასთან ერთად მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის და ზრდასრულთა განათლების იდეის პოპულარიზაციამ კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა.

შემდეგ dvv-ს საქართველოს ფილიალის ცხოვრებაში ევროკავშირის მსხვილბიუჯეტიანი პროექტებიც გაჩნდა. პირველი ასეთი 2006-2008 წლებში განხორციელებული პროექტი - ”ზრდასრულთა განათლების ცენტრები სამცხე-ჯავახეთში - ეროვნულ უმცირესობათა შანსი” გახლდათ, რომლის ფარგლებში დაარსდა კავკასიაში პირველი, ევროპულ მოდელზე დაფუძნებული ზრდასრულთა განათლების ცენტრები ახალქალაქსა და ახალციხეში. 2009 წელს კი dvv- ს საქართველოს ოფისმა ევროკავშირის კიდევ ერთი მსხვილბიუჯეტიანი პროექტი - ”დევნილთა ინტეგრაცია და განათლება ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში” მოიგო, რის შედეგადაც სათემო განათლების კიდევ ოთხი ცენტრი გაიხსნა კოდაში, შაუმიანში, სენაკსა და ჯვარში. ცენტრები დღესაც აქტიურად ფუნქციონირებენ.

არის სხვა პროექტებიც, არანაკლებ წარმატებული და საინტერესო, რომელთაგან ზოგიერთი უკვე დასრულდა, მაგ. -”მოწყენილობის, მტვრის და რღვევის მიღმა - მუზეუმები, როგორც სიცოცხლის მანძილზე სწავლის სივრცეები კულტურათაშორისი დიალოგისათვის”, რომელიც მუზეუმების, როგორც საგანმანათლებლო სივრცეების მნიშვნელობასა და განვითარებაზე იყო ორიენტირებული. 2009 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ”სოვლაბთან” ერთად, რომელიც საქართველოში საბჭოთა ეპოქის და სტალინიზმის სისხლიანი ტერორის შესწავლის და სათანადოდ გააზრების იდეას ემსახურება.

ასე გრძელდება დღემდე dvv- intenational-ის საქართველოს წარმომადგენლობის ყოველდღიურობა - დიდი და პატარა პროექტებით, საქმიანი შეხვედრებით, დისკუსიებით, აზრთა გაცვლა-გამოცვლით და გვიანობამდე სამუშაო დღით...

ამასობაში კი ათი წელი გავიდა.

კიდევ ბევრი ათი წელი, dvv !!!

რიტა ბაინდურაშვილი

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო