კავკასიისა და თურქეთის რეგიონალური ოფისი თბილისში
15 მარტი, 2012
1951
print

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის dvv international-ის ბონის სათაო ოფისის გადაწყვეტილებით კავკასიის რეგიონალური ოფისი, რომელიც ადრე უზბეკეთის დედაქალაქში, ტაშკენტში მდებარეობდა, მიმდინარე წლის იანვრიდან მოღვაწეობას თბილისში განაგრძობს და მას თურქეთის ახლად გახსნილი წარმომადგენლობაც შეუერთდა.

ამჟამად ასოციაციის კავკასიისა და თურქეთის რეგიონალური ოფისი dvv international-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად ყიფშიძის ქუჩაზეა განთავსებული და მას გერმანიის სათაო ოფისის თანამშრომელი მათიას კლინგენბერგი ხელმძღვანელობს. თუ რატომ გახდა აუცილებელი ასეთი სტრუქტურული ცვლილებები საერთაშორისო ორგანიზაციაში, რა რეგიონალურ პერსპექტივებზე და ამოცანებზეა გათვლილი იგი და რამდენად პოზიტიურად შეიძლება აისახოს რეფორმა ზრდასრულთა განათლების განვითარებაზე, გვესაუბრება სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის dvv international-ის კავკასიისა და თურქეთის რეგიონალური ოფისის დირექტორი მათიას კლინგენბერგი:

- ბატონო მათიას, თქვენ აქამდეც არაერთხელ ყოფილხართ საქართველოში, თუმცა ამჯერად თბილისს უკვე არა სტუმრის სტატუსით, არამედ უფრო ხანგრძლივად - სამუშაოდ და საცხოვრებლად ეწვიეთ. გვიამბეთ თქვენი ახლანდელი მისიის შესახებ...

- დიახ, როგორც dvv international-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, რეგიონში შემავალი ქვეყნების: შუა აზიის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს dvv international -ის წარმომადგენლობებს ვკურირებდი და ყველა ამ ქვეყანაში პერიოდულად მიხდებოდა სტუმრობა. შარშან კი ბონის სათაო ოფისის გადაწყვეტილებით რეგიონალური ოფისი შუა აზიის და კავკასიის ქვეყნების რეგიონალურ ბიუროებად დაიყო და დღეს ცალკე გვაქვს შუა აზიის რეგიონალური ოფისი, რომელსაც ჩემი კოლეგა რომი ლენსი ხელმძღვანელობს და ცალკე - კავკასიისა, რომელშიც სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლობებთან ერთად dvv international-ის თურქეთის ახლადგახსნილი წარმომადგენლობაც შევიდა. ამ რეფორმას, რა თქმა უნდა, გარკვეული მიზეზები ჰქონდა, რაც რამდენიმე წლიანმა სამუშაო პრაქტიკამ დაგვანახა. შუა აზია და კავკასია მენტალობით და განვითარების კურსით ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდებიან. კავკასია თავისი ორიენტაციით ევროპული, დასავლური მიმართულების რეგიონია და ევროკავშირის დამოკიდებულებაც მისდამი განსაკუთრებულია. თავისებურ მიდგომას საჭიროებს შუა აზიაც. ერთი რეგიონალური ოფისის ფარგლებში კი ეს რთული იყო. უკეთ კურირებისა და მეტი ადმინისტრაციული თუ ფინანსური მხარდაჭერის მიზნით dvv international-ის სათაო ოფისმა მათი განცალკევება გადაწყვიტა და თურქეთიც, როგორც ევროპული ღირებულებების ქვეყანა, ჩვენს რეგიონალურ ოფისს შეუერთდა. ბინა თბილისში დავიდეთ. საქართველო ყველა ამ ქვეყნისთვის ერთნაირად მისაღები, მეტ-ნაკლებად ლიბერალური, განვითარებული, ევროპაზე ორიენტირებული ქვეყანაა და სამუშაოდაც უკეთესი გარემოა. გარდა ამისა dvv international-ის საქართველოს წარმომადგენლობა თბილისში უკვე ათი წელია არსებობს, დაგროვილი აქვს მდიდარი გამოცდილება და წარმატებულად მოღვაწეობს როგორც ქვეყანაში, ისე მთელი რეგიონის მასშტაბით. დღეს წარმომადგენლობას ჰყავს პროფესიონალთა შესანიშნავი გუნდი, რომლისგანაც რეგიონალური ოფისის წევრ ქვეყნებს ბევრის მიღება, გაზიარება შეუძლიათ. მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად ვართ დღეს, გვაქვს საერთო ოფისი და ერთობლივი, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის საჭირო პირობები. მეც, როგორც რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი და ადამიანი, მეგობარი, თანადგომისა და დახმარებისთვის მზად ვარ.

- ჩვენ ვისაუბრეთ მიზეზებზე, თუ რატომ გახდა საჭირო შიდა სტრუქტურული რეფორმა dvv international-ის საქმიანობაში. მოდით, ახლა გვიამბეთ, რა გეგმები და პრიორიტეტები აქვს კავკასიისა და თურქეთის რეგიონალურ ოფისს სამომავლოდ

-კავკასია კონფლიქტების თვალსაზრისით ისტორიულად რთული რეგიონია და აქ არაერთი ასეთი კერაა - ძველიც და ახალიც: მაგალითად, ყარაბაღის კონფლიქტი, სომხურ -აზერბაიჯანული, თურქულ-სომხური, აგრეთვე კონფლიქტები საქართველოში. გერმანიის მთავრობა, რომლის მხარდაჭერითაც მე აქ ჩამოვედი, თვლის, რომ ასეთ კონფლიქტურ სიტუაციებში ადამიანების დასახმარებლად გასაკეთებელი და სამუშაო მართლაც ბევრია. ამიტომ ჩვენ არაერთი კონკრეტული ღონისძიება და პროექტი დავისახეთ, რომელთაგან ზოგიერთი დაწყებულია კიდეც. მათ შორისაა რეგიონალური პროექტი თურქულ-სომხური გენოციდის შესახებ, რომელიც უკვე სამი წელია ხორციელდება. ”ვესაუბროთ ერთმანეთს” - ასე ჰქვია პროექტს და მიზნად თურქი და სომეხი ხალხის შერიგებას ისახავს. თავისთავად კარგია, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული ქვეყანაა, მაგრამ მისი წინსვლა და განვითარება ბევრად არის დამოკიდებული კავკასიაში არსებულ ვითარებაზე. ამ ვითარების სასიკეთოდ წარმართვისთვის ბევრის გაკეთება შეუძლია. აქ არის საკმაოდ დიდი პოტენციალი და გამოცდილება რეგიონალური თანამშრომლობისა, რაც ზრდასრულთა განათლების სფეროშიც კარგად არის გამოხატული. რეგიონში შემავალი ქვეყნების ზრდასრულთა განათლების ასოციაციების მოღვაწეობა და მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ამიტომ შემდგომი ნაბიჯი არის რეგიონალური ასოციაციის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ზრდასრულთა განათლების განვითარებას კავკასიაში და საერთაშორისო დონეზეც უკეთ წარმოაჩენს მიღწევებს.

- რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, კავკასიისა და თურქეთის რეგიონალური ოფისი სულ ახლახანს გაიხსნა, მეც ცოტა ხნის წინ ჩამოვედი საქართველოში და ჯერჯერობით ძნელია, რაიმე ჩამონათვალის გაკეთება. თუმცა არის რამდენიმე ღონისძიება, რომლებიც უკვე დაგეგმილი გვაქვს და ვთვლი, რომ პოზიტურად აისახება ჩვენს მუშაობაზე. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ შეხვედრა თურქეთში, ართვინში, რომელიც მაისში ჩატარდება და იქ შავი ზღვის ქვეყნების ზრდასრულთა განამანათლებლები მოიყრიან თავს. წარმოდგენილი იქნება თურქულ-სომხური შერიგების პროექტი, აგრეთვე ”საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” პროექტი, რომელიც ორ წელიწადზე მეტია წარმატებით ხორციელდება საქართველოში. ამ პროექტით დაინტერესდნენ სომხები, რადგან ისინი ახლა იწყებენ დიდ პროექტს სტალინიზმის შესახებ და ”სოვლაბის” გამოცდილება ნამდვილად წაადგებათ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანელებიც, რომელთაც აქვთ აგრეთვე საინტერესო პროექტი ავღანეთის ომში მონაწილე აზერბაიჯანელი ვეტერანების შესახებ. ყველა ამ პროექტს გარკვეულწილად სწორედ რეგიონალური კონფლიქტები და პრობლემატიკა აერთიანებთ, ამიტომ შეხვედრის მონაწილეებს ერთმანეთისათვის გასაზიარებელი ბევრი ექნებათ.

- შემდეგი აქტივობა გახლავთ ე. წ. საზაფხულო აკადემია, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო შემოდგომაზე გაიმართება სვანეთში და რომელზეც ორი მიმართულებით ვიმუშავებთ. პირველი არის ზრდასრულთა განათლების ასოციაციების მოღვაწეობა და განვითარება, ხოლო მეორე - სათემო განათლების ცენტრების საქმიანობის ხელშეწყობა. აკადემიაში მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ოფისში შემავალი ყველა ქვეყნის ზრდასრულთა განათლების ასოციაცია, რომელთაც ცალ-ცალკე მეტ-ნაკლები გამოცდილება აქვთ და ამას ერთმანეთს გაუზიარებენ. შევეხებით პრობლემებსაც, მათ გამომწვევ მიზეზებს და ვიმსჯელებთ გადაჭრის გზებზე. ადგილობრივი ასოციაციების განვითარება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მისი ხელშეწყობისთვის უნდა ვიზრუნოთ.

- სათემო განათლების ცენტრების შემთხვევაში კი ქართველ კოლეგებს ცალსახად დიდი უპირატესობა და გამოცდილება აქვთ, რადგან საქართველოში უკვე რამდენიმე წელია არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს ექვსი ასეთი ცენტრი. სომხეთსა და აზერბაიჯანში ჯერ მხოლოდ თითო-თითოა. საერთოდ არ არის თურქეთში, რადგან, როგორც ვთქვით, იქ ჩვენი წარმომადგენლობა ახლახან გაიხსნა. ამდენად ქართველი კოლეგების ცოდნა და გამოცდილება მათთვის საინტერესო იქნება და ამის გაზიარება სწორედ საზაფხულო აკადემიის ფარგლებში მოხდება. გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ ცენტრები ქვეყნის შიგნითაც, რადგან საქართველოში არსებულ ამ ექვსი ცენტრიდან ყველა ერთნაირად წარმატებული როდია.

- კიდევ ერთი, რასაც სამომავლოდ ვგეგმავთ, არის პერიოდული რეგიონალური შეხვედრები წელიწადში ოთხჯერ, რათა ეტაპობრივად გავეცნოთ და შევაჯამოთ ჩვენი მუშაობა, განვიხილოთ პრობლემები, გავიზიაროთ მიღწევები. პირველი ასეთი შეხვედრა უკვე შედგა dvv international-ის საქართველოს წარმომადგენლობის ათი წლის იუბილეზე, რომელსაც კავკასიისა და თურქეთის რეგიონში შემავალი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ. იუბილეს მეორე დღე სამუშაოდ გამოვყავით. თბილისის ოფისში საქართველოს, სომხეთის, თურქეთის ოფისების ხელმძღვანელებთან და აზერბაიჯანის ზრდასრულთა განათლების ასოციაციის დირექტორთან ერთად მომავალი საქმიანობის დეტალებზე ვიმსჯელეთ და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. შემდეგ კი ყველა ერთად კოდის სათემო განათლების ცენტრს ვესტუმრეთ, გავეცანით ცენტრის მუშაობას და თვალი მივადევნეთ სასწავლო პროცესს. სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგებისათვის იქ ბევრი რამ საინტერესო სიახლე იყო, რომელსაც თავიანთ ცენტრებში გაიზიარებენ.

რიტა ბაინდურაშვილი

 

ჩანართი გამოიცემა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო