"ჩემს მეტს მაინც აღარავის ახსოვს..."
08 დეკემბერი, 2011
1828
print

გახსოვთ ეს არც ისე დიდი ხნის წარსული? კარგად? სულაც არა?

დიახ, ჩვენს საზოგადოებაში უკვე არსებობს თაობა, რომელმაც ფაქტობრივად არაფერი იცის საბჭოთა წარსულის შესახებ, სხვებმა კი უბრალოდ მიივიწყეს...

თუმცა ისტორია ისტორიაა, რეალობა, რომელშიც ჩვენმა სამშობლომ თითქმის საუკუნე იცხოვრა და მისი დავიწყება, უგულებელყოფა შეუძლებელია, გაუმართლებელიც. პირიქით, ეს არის ეპოქა, რომელსაც სათანადოდ უნდა ვიკვლევდეთ, ვსწავლობდეთ და ვაკეთებდეთ შესაბამის დასკვნებს. ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყველაზე ცოტას ლაპარაკობენ საბჭოთა წარსულზე და სადაც არ ხდება ამ მემკვიდრეობის სათანადო შესწავლა და შეფასება.

გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტმა (dvv international) და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის წარმომადგენლობამ ამიერკავკასიაში ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყეს პროექტი სახელწოდებით "საქართველოს საბჭოთა ისტორიის გააზრება" (სტალინიზმი, ტოტალიტარიზმი, რეპრესიები). აღნიშნული პროექტი ემსახურება საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლას, საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებას. dvv international-ისა და ბიოლის ფონდის ხელშეწყობით 2010 წლის მარტში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია". საარქივო და საბიბლიოთეკო მასალებზე, მოგონებებზე და ზეპირ ისტორიებზე დაყრდნობით, რომელსაც ამ ხნის მანძილზე ეძიებს, აგროვებს და იკვლევს "ლაბორატორია", არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა: "წითელი ტერორის ტოპოგრაფია", რომლის ფარგლებშიც თბილისის ცენტრში (სოლოლაკი-მთაწმინდა) რეპრესიებისა და ტერორის მარშრუტი შემუშავდა, გამოიცა მარშრუტის რუკა და 2010 წლის კალენდარი - ტურში შესული ისტორიული შენობების მოკლე ისტორიებით; "ვირტუალური პლატფორმა - საბჭოთა წარსულის გააზრება" , რომელიც საქართველოს საბჭოთა ისტორიის შესახებ დისკუსიათა ციკლს ითვალისწინებს, აგრეთვე საბჭოთა რეპრესიებთან და ტერორთან დაკავშირებული ზეპირი ისტორიების მოძიებას და ჩაწერას; 2011 წლის თებერვლიდან კი "საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიამ" სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის dvv international - ის ფინანსური მხარდაჭერით კიდევ ერთი ახალი პროექტი - "საბჭოთა თბილისი" წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ორი ძირითადი პროდუქტი შეიქმნა: ახალი ვირტუალური ტური - მასში აღინუსხა თბილისის საბჭოთა ისტორიასთან დაკავშირებული შენობები, მოვლენები და ადამიანები და სხვადასხვა ავტორთა ესსების კრებული - "ტერორის ტოპოგრაფია - საბჭოთა თბილისი", რომლის პრეზენტაციაც გასულ კვირას გაიმართა.

პრეზენტაციას, რომელიც სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის dvv international-ის საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები, "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" და წიგნის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. ორგანიზაციის დაარსების და საქმიანობის შესახებ დამსწრეთ გამგეობის წევრმა გიორგი შაიშმელაშვილმა მოუთხრო, ხოლო უშუალოდ გამოცემის, მასში აღწერილი მასალის, მოვლენების შესახებ ისაუბრა წიგნის რედაქტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ, რომელიც "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" ერთ-ერთი დამაარსებელიც გახლავთ. მან ყურადღება გაამახვილა აგრეთვე ზოგადად ქვეყნის უახლესი წარსულის ცოდნის, შესწავლის, შეფასების მნიშვნელობაზე, რათა დღევანდელი და მომავალი თაობები უკეთ იცნობდნენ თავიანთი მამების, ბაბუების ეპოქას, მათ წარსულს და დასვან კითხვა, თუ რას აკეთებდნენ მისი წინაპრები სამშობლოსთვის ასეთი ძნელბედობის ჟამს. ლაშა ბაქრაძემ დარბაზიდან დასმულ კითხვებსაც უპასუხა, რომელიც ძირითადად ამ ტიპის ორგანიზაციათა არსებობს შეეხებოდა სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში და მათთან თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობებს. როგორც ჩანს, სხვა რესპუბლიკებში უფრო აქტიურად არიან დაკავებული საბჭოთა წარსულის შესწავლით, შეფასებით, რასაც არაერთი ორგანიზაცია ახორციელებს იქ და ერთ-ერთი მათ შორის საზოგადოება "მემორიალია".

პრეზენტაციაზე გამოცემის შემოქმედებით ჯგუფს (რედაქტორები: ნინო ლეჟავა, ლაშა ბაქრაძე, პროექტის კოორდინატორი - ანა მარგველაშვილი) კრებულის გამოსვლა მიულოცეს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის dvv international-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლალი სანთელაძემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების ხელმძღვანელმა, ისტორიკოსმა ოლივერ რაისნერმა და წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა ანა კორძაია-სამადაშვილმა, რომლის პუბლიკაციიდან ამონარიდითაც იხსნება წიგნი: "ჩემს მეტს მაინც აღარავის ახსოვს. მე იმას მოვყვები, რაც მახსოვს, მეტს ვერაფერს"... წიგნი, რომლის ავტორთა შორის არიან აკა მორჩილაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნიკა მახარაძე, მალხაზ ხარბედია, ირაკლი ხვადაგიანი, ნინო ზაალიშვილი, გვიამბობს ქალაქისა და მოქალაქეების იმ ნაწილზე, რომლებიც ქმნიდნენ საბჭოთა სისტემას, საზოგადოებას, მის სივრცესა და ისტორიას. აღწერილია ის ადგილებიც, სადაც ტოტალიტარული სისტემის წარმომადგენლები თუ მიმდევრები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. წიგნი განკუთვნილია მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის და საზოგადოების ყველა იმ წევრისთვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს უახლესი ისტორიით.

წიგნის პრეზენტაციის შენდეგ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის წარმომადგენლობამ (dvv international - Georgia) დაგეგმა ტრენინგების ციკლი ისტორიის მასწავლებლებისათვის თბილისსა და რეგიონებში. ტრენინგი, რომელშიც ასამდე პედაგოგი მონაწილეობს, მათ საბჭოთა პერიოდის ისტორიის სწავლების მეთოდების შემუშავებასა და გაკვეთილების დაგეგმვაში დაეხმარება.

ისევე, როგორც წიგნის "საბჭოთა თბილისი" პრეზენტაცია, აღნიშნული ტრენინგი ტარდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით.

რიტა ბაინდურაშვილი

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო