ზრდასრულთა განათლების ფესტივალი რეგიონებში
08 დეკემბერი, 2011
1859
print

ზრდასრულთა განათლების ყოველწლიურ ფესტივალს, რომელსაც სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის dvv international-ის საქართველოს წარმომადგენლობა უკვე რამდენიმე წელიწადია ატარებს, ამჯერად რეგიონები მასპინძლობდნენ.

კოდის და ჯვარის სათემო განათლების ცენტრებში ფესტივალის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა შედგა, რომლებზეც, ძირითადად, ის შედეგები და სიახლეები წარმოჩინდა, ამ ერთი წლის განმავლობაში რომ დაგროვდა კოდის, შაუმიანის, ჯვარის და სენაკის სათემო ცენტრების ცხოვრებაში. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მრგვალი მაგიდა, შეხვედრები, დიკუსიები რეგიონების ხელმძღვანელებთან, ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საუბარი შეეხო მომავალი თანამშრომლობის გზებსა და პერსპექტივებს, ზრდასრულთა განათლების განვითარებას და მის ხელშეწყობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ. სწორედ ასეთი შეხვედრით გაიხსნა ზრდასრულთა განათლების 2011 წლის ფესტივალი კოდაში, რომლის პირველი დღე აღინიშნა კონფერენციით თემაზე: "ზრდასრულთა განათლება და ქვემო ქართლის რეგიონის განვითარება". მასში მონაწილეობდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი მესტვირიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი დაუშვილი, საერთაშორისო ორგანიზაცია CIDA-ს წარმომადგენელი რუსუდან მეტრეველი, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრიდან - ზაურ დარგალი, შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ხარაზიშვილი, კოდის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ხატია ცირამუა და სხვა რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენცია სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის dvv international-ის საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელმა ლალი სანთელაძემ გახსნა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ზრდასრულთა განათლების იდეასა და მის განხორციელებაში ჩართული სათემო ცენტრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მათი წარმატებით ფუნქციონირების ერთ-ერთ პირობად მან პარტნიორ ორგანიზაციებთან ეფექტური თანამშრომლობა მიიჩნია როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო თუ საზოგადოებრივი სექტორებიდან.

კონფერენციას dvv international-ის პროექტის კოორდინატორი გიორგი ჯიქია უძღვებოდა, რომელმაც ქვემო ქართლის რეგიონში მოღვაწე ორგანიზაციები წარუდგინა დამსწრეთ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, საერთაშორისო ორგანიზაცია CIDA, 2002 წლიდან მუშაობს საქართველოში და საერთაშორისო პროექტებს ახორციელებს შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. ორგანიზაციის მთავარი მისია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა და წახალისებაა, რისთვისაც იგი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. პრიორიტეტული მიმართულებების, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ კონფერენციაზე მოკლე პრეზენტაცია გააკეთა CIDA -ს რუსთავის ოფისის წარმომადგენელმა რუსუდან მეტრეველმა. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის სფეროდ მან აღნიშნულ რეგიონებში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, გრანტების დაფინანსება, დევნილთა ცენტრების დახმარება, ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება დაასახელა, სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და ერთობლივად განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა გამოკვეთა.

მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის შესახებ ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს ზაურ დარგალმა მიაწოდა. ცენტრის მიზანი რეგიონში ახალგაზრდული მოძრაობის განვითარება, ახალგაზრდების განათლების, დასაქმების ხელშეწყობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართვა, ინტეგრაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა. ორგანიზაცია ძირითადად საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებზე ორიენტირებულ პროგრამებს ახორციელებს მარნეულში, ბოლნისში, დმანისში და უცხო ენის, ქართული ენის (ეროვნული უმცირესობებისათვის), კომპიუტერის, ჟურნალისტიკის კურსებს სთავაზობს მსურველებს. ტარდება ტრენინგები, სემინარები, წარმატებებს აღწევენ სპორტში.

კოდის და შაუმიანის სათემო განათლების ცენტრების საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები ცენტრების ხელმძღვანელებმა ხატია ცირამუამ და მიხეილ ხარაზიშვილმა წარმოადგინეს. ორივე ცენტრი dvv international-ის საქართველოს ფილიალის ძალისხმევით შეიქმნა დევნილთა ინტეგრაციისა და განათლების პროექტის ფარგლებში და პროექტის დასრულების შემდეგაც აქტიურად ფუნქციონირებს. თანადაფინანსების პრინციპით ცენტრებში კვლავაც ხდება მსმენელთა მიღება სხვადასხვა სახელობო და პიროვნული განვითარების კურსებზე, ხოლო სამომავლოდ შრომის ბაზარზე ორიენტირებული და თემის საჭიროებებზე მორგებული ახალი პროგრამების დანერგვაც აქვთ განზრახული. მათი განხორციელების გზებზე და მნიშვნელობაზე ცენტრების ხელმძღვანელებმა საკუთარ პრეზენტაციებში ვრცლად და კონკრეტულად ისაუბრეს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი პრეზენტაციების მეშვეობით საქმიანობის ურთიერთგაცნობის და გაზიარების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. გიორგი მესტვირიშვილმა და გიორგი დაუშვილმა გამოხატეს მხარდაჭერა, მზადყოფნა იმ პრობლემების გადაწყვეტაში და პოზიტიური გეგმების განხორციელებაში, რომლებიც რეგიონის მოსახლეობას სასიკეთოდ წაადგება. ქვემო ქართლში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ შესთავაზეს გარკვეული რეკომენდაციები და წინადადებები, გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები, რაც თანამშრომლობის გაღრმავების იმედს იძლევა.

ფესტივალის მეორე დღე სხვა სახის ღონისძიებებს დაეთმო. კოდის კულტურის სახლში გაიმართა სათემო განათლების ცენტრების ბენეფიციართა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში - თეატრალიზებული წარმოდგენა და სპორტული თამაშები - ბავშვებისათვის. ზრდასრულთა განათლების თემაზე მოეწყო ფოტოგამოფენა და უჩვენეს ამ ფოტოებზე შექმნილი კოლაჟი -"კოდა - ჩემი სიყვარული". ადგილობრივი ძალების და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი, რომელიც კოდის და შაუმიანის წარმატებულ ბენეფიციართა დაჯილდოებით დასრულდა.

2011 წლის ზრდასრულთა განათლების ფესტივალს მასპინძლობდა ჯვარიც, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე - "სათემო განათლების როლი რეგიონის განვითარებაში". მას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ციმინტია, საკრებულოს წევრები, სენაკისა და ჯვარის სათემო ცენტრის ადმინისტრაცია და თემის წევრები ესწრებოდნენ. საუბარი სათემო განათლების ცენტრების საქმიანობას და რეგიონის მოსახლეობისათვის მათ პოზიტიურ მნიშვნელობას შეეხო, აგრეთვე პრობლემებს, რომელთა გადაჭრაში ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ითქვა მომავლის გეგმებზეც, წალენჯიხის საკრებულოდან იყო წინადადება -ცენტრში გაიხსნას გიდების გადამზადების კურსი, რომლის მიმართ ინტერესი რეგიონში ტურიზმის განვითარების ფონზე ბოლო ხანს საკმაოდ გაიზარდა.

შეხვედრის შემდეგ ჯვარის სათემო განათლების ცენტრშიც ჩატარდა კულტურული ღონისძიებები: სახელობო კურსების კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ინტერაქტიული თამაში - "რა? სად? როდის?" - ღია ამფითეატრის სცენაზე. ასევე ღია ცის ქვეშ ფესტივალის სტუმრებისათვის უჩვენებდნენ ცენტრის საქმიანობის ამსახველ ფოტომასალას. დღის ბოლოს ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი და სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ საუკეთესო ბენეფიციარები. ჯვარის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მაია ჭანტურიას თქმით, ფესტივალის მიზანი განვლილი მუშაობის, წარმატებების წარმოჩინება იყო, ზრდასრულთა განათლების იდეის პოპულარიზაცია, რაც, იმედია, დააინტერესებს და კიდევ უფრო გაზრდის ცენტრში სწავლის ყველა ასაკის მსურველთა რიცხვს.

რიტა ბაინდურაშვილი

 

ჩანართი გამოიცემა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო